ქეთი ქურდოვანიძე: ისსა ქოაზოის ისტორიებს საერთო ტკივილი აერთიანებთ, ტკივილი, რომელიც თან ახლავს თავისუფლების დაკარგვას, რუსულ ოკუპაციასა და შემზარავ დეპორტაციას

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2024 წლის 31 იანვარს, 15:00 საათზე, 202-ე აუდიტორიაში (თსუ I კორპუსი), გამართავს ცნობილი ინგუში მწერლის, ბატონი ისსა ქოაზოის “თხზულებანის” წარდგენას.

News.ge – მ რამდენიმე კითხვით მიმართა ისსა ქოაზოის თხზულებების მთარგმნელს, ლიტერატურათმცოდნე ს.

ნინო ჩხეიძე: ქეთი, 31 იანვარს უნივერსიტეტის 202-ე აუდიტორიაში გაიმართება ინგუში მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ისსა ქოაზოის თხზულებების წარდგენა, რომლის თარგმანიც გეკუთვნით თქვენ… გულწრფელად მინდა გითხრათ, ცოტა დავიბენი. ფართო აუდიტორიისათვის ინგუში მწერალი ცნობილია ისა კოძოევის სახელითა და გვარით, რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილება

ქეთი ქურდოვანიძე: დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ ღონისძიებითა და ინგუში მწერლისა და დისიდენტის, ისსა ქოაზოის, ქართულენოვანი გამოცემით. როგორც აღნიშნეთ, მას ქართველი საზოგადოება აქამდე იცნობდა ისსა კოძოევის სახელითა და გვარით, რაც რუსულის გავლენაა, ისე, როგორც არაერთი მწერლისა გვარის ქართული თარგმანის შემთხვევაში. ამ ტიპის ბევრი უზუსტობა დროთა განმავლობაში გასწორდა, თუმცა ძნელია ერთი ხელის მოსმით მყარად დამკვიდრებული ფორმების საზოგადოებრივი მეხსიერებიდან ამოშლა. კავკასიოლოგიაში ამ მხრივ ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე. კავკასიურ ენებსა და მის ლიტერატურას საქართველოში ისეთი მოამაგე ჰყავს, როგორიცაა ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენათმეცნიერი მერაბ ჩუხუა, რომლმაც აქამდე დამკვიდრებული არაერთი უმართებულო ფორმა თუ რუსული კალკი ჩაასწორა და შეცვალა ქართული შესატყვისებით.

ნინო ჩხეიძე: რატომ შეარჩიეთ ინგუში მწერალი, რა ხიბლი აქვს მის ნაწარმოებებს ქართველი მკითხველისთვის?

ქეთი ქურდოვანიძე: ისსა ქოაზოის სახელი ჩემთვის ცნობილია 90-იანი წლებიდან, თუმცა მის შემოქმედებას პრაქტიკულად არ ვიცნობდი, ვიდრე ბატონმა მერაბ ჩუხუამ არ მირჩია, წამეკითხა მისი რამდენიმე მოთხრობა. ეს იყო მხატვრულ-ისტორიული პროზის შესანიშავი ნიმუშები. მოკლედ, სხარტად და ემოციურად დაწერილი ისტორიები კავკასიის ოკუპაციასა და კავკასიელი ხალხის ბედისწერაზე. როდესაც ინტერესი შემატყო, შემდეგ ბატონი ისსას წიგნის თარგმნაც შემომთვაზა. ასე ითარგმნა (თანამთარგმნელთან ერთად) და მერაბ ჩუხუას რედაქტორობით გამოიცა ისსა ქოაზოის პირველი კრებული „ჯურღმულთან“ ქართულ ენაზე. ამ კრებულის გამოცემიდან თითქმის 10 წელზე მეტი გავიდა, თუმცა კვლავ ბატონი მერაბის ძალისმევით, ახლა უკვე მეორე ქართული სიცოცხლე შეიძინა ინგუში მწერლის ტექსტებმა. ეს არის თავად ავტორის მიერ საგანგებოდ შერჩეული მოთხრობები მისი სხვადასხვა კრებულიდან. მართალია, ისინი განსხვავებულ ისტორიებს მოგვითხრობენ – სიყვარულზე, მეგობრობაზე, თავგანწირვასა და ერთგულებაზე, მაგრამ მათ საერთო ტკივილი აერთიანებთ, ტკივილი, რომელიც თან ახლავს თვისუფლების დაკარგვას, რუსულ ოკუპაციასა და შემზარავ დეპორტაციას. როგორც მთარგმნელს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისსა ქოაზოის ერთი შეხედვით მარტივი ტექსტები ურთულესი სათარგმნელია, რადგან მთარგმნელს ორი მთავარი საკითხის გათვალისწინება უწევს, ესენია: ტექსტის ემოციური გააზრება და ტექსტის სულისკვეთება. დამერწმუნეთ, ამ მწერლის შემოქმედების სრულყოფილად თარგმნა ძალიან გაუჭირდება იმას, ვისაც თვისუფლების ფასი მისი ძალადობით წართმევის წილ არ უგემია. რაც შეეხება ტექსტის სულისკვეთებას, ამ თარგმანს კავკასიური სული წიგნის რედაქტორმა და გამომცემელმა, ბატონმა მერაბ ჩუხუამ, შთაბერა.

ნინო ჩხეიძე: ქეთი, გაგვაცანით ისსა ქოაზოი არა როგორც მწერალი, არამედ როგორც ზვიად გამსახურდიას მეგობარი

ქეთი ქურდოვანიძე: როგორც აღვნიშნე ისსა ქოაზოის სახელი ეროვნული მოძრაობის დროს გავიგე. ის იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, დისიდენტი და ინგუშეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 5 წლის იყო, როდესაც ინგუშეთიდან გადაასახლეს მისი ოჯახი, მშობლები დეპორტაციაში დაეხოცა და ის ბავშვთა სახლში გაიზარდა. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას და დღემდე იბრძვის ინგუშეთის ავტონომიური უფლებებისთვის. იყო არაერთგზის რეპრესირებული და დასჯილი საბჭოთა რეჟიმის მიერ. 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენს ქვეყანას ეს დიდი გამარჯვება პირველმა სწორედ ბატონმა ისსამ მიულოცა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვით. მაშინ ის ისეთივე ბედნიერი იყო, როგორიც ჩვენ, ქართველები. არ შეიძლება არ აღვნიშნო მისი შესანიშნავი წერილი, რომელიც ზვიად გამსახურდიას 70 წლის იუბილეს მიუძღვნა, და რომელიც ერთი სქელტანიანი მონოგრაფიის ტოლფასია. ბატონ ისსას დღესაც მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან. ჩვენ მიერ გამოცემული კრებულისთვის მან საგანგებოდ დაწერა წინასიტყვაობა:

ბედნიერი ქვეყანაა საქართველო, სადაც აღიზარდა თაობა თავისუფლებისმოყვარე გოგო-ბიჭებისა.

ისინი მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თუ სხვებთან (ინგლისელებთან, გერმანელებთან, რუსებთან, არაბებთან, თურქებთან) ურთიერთობა მოუნდებათ, ხელს მოჰკიდებენ სასაუბროებს, ისწავლიან და პრობლემაც გადაჭრილია.

და ეს საფასურია – თავისუფლებისა! დაე, ალაჰი ფარავდეს მას განკითხვის დღემდე!

ქართველების უფროს თაობას ჩვენი, ღლიღვების, კარგად ესმის, რადგან ჩვენთან ერთად ისიც სხვისი ძალმომრეობის ქვეშ ცხოვრობდა. თქვენ – თავი დააღწიეთ და თავისუფლება მოიპოვეთ, ჩვენ კი…

ამ კრებულისთვის, რომელიც ქართულად გამოიცემა, შევარჩიე ჩემი სხვადასხვა წიგნიდან ამოკრებილი ის თავები, ისტორიები, რომელთა წაკითხვა საშუალებას მოგცემთ, წარმოიდგინოთ, რა გადავიტანეთ ჩვენ, ღლიღვებმა.

გადავწყვიტე, უპირველესად, ნათელი მომეფინა, ჩვენი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული – დეპორტაციის პერიოდისთვის, როდესაც ჩვენი ხალხი გარეკეს იმ მიწიდან, სადაც ის ჯერ კიდევ ნოეს დროიდან სახლობდა.

თქვენ, ახალგაზრდა ქართველებმა, უნდა გაიგოთ, რა გამოვიარეთ. ჩვენ კი, ღლიღვებმა, უნდა ვუწყოდეთ, რა განიცადეთ თქვენი ისტორიის განმავლობაში, დასაბამიდან.

ასე უკეთესად გავუგებთ ერთმანეთს.

წაიკითხეთ და იცოდეთ: ყველაფერი, რაც აქ წერია, ცხოვრებიდანაა აღებული – გამოგონილი არაფერია.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ისა ქოაზოი

 

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?