ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები ესწრებიან, სინდისის პატიმრი, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთევან ქერაშვილი სიტყვით გამოსვიდა.
“მე ვარ ქეთევან ქერაშვილი და დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც და, არამედ როგორც დედა, როგორც ძმა, როგორც ბებია, როგორც ბაბუა — როგორც ყველა იმ ოჯახის ხმა, ვისი საყვარელი ადამიანებიც დღეს საქართველოში ციხეში სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ თავიანთი ქვეყანა.
მოვედი, რომ მოგიყვეთ ჩვენი ცხოვრების ისტორიები — უბრალო ადამიანების, რომლებიც არიან ექიმები, მხატვრები, პოეტები, მწერლები, მუსიკოსები, სტუდენტები და მრავალი სხვა.
მე ვყვები თითოეული იმ ადამიანის ისტორიას, ვინც დღეს საქართველოს ციხეებშია და თავისუფლებისთვის იბრძვის.
უკვე თვეებია, რაც საქართველოში უწყვეტი პროტესტია. ამ წუთებშიც კი, ადამიანები დგანან ქუჩებში — დგანან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის, თავიანთი ხმის, უფლებების და მომავლის დასაცავად, რუსეთის მზარდი ოკუპაციის წინააღმდეგ.
საქართველოს ისტორიაში ჩვენ მრავალჯერ გადავიტანეთ ოკუპაცია. მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ლამაზი მთები და სოფლები. ისინი შევინახეთ როგორც საკუთარი თავთვის ისე მსოფლიოსთვის — რათა ყველამ იხილოს ჩვენი ქვეყნის სილამაზე. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ის დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენი წინაპრების სიმამაცით და დღეს გრძელდება ახალი თაობის მიერ — თაობის, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.
ნათქვამია, მეზობელს ვერ აირჩევო — და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს არაერთხელ გადაუტანია რუსული ოკუპაცია, და დღეს ჩვენ ჰიბრიდულ ომთან ვდგავართ პირისპირ. ეს ომი იჩენს თავს ე.წ. “მცოცავი ოკუპაციით”, დეზინფორმაციით, ძალადობითა და შიშის სისტემური გავრცელებით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების გაჩუმებასა და იზოლაციას.
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა, გამოაცხადა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდებოდა. ამან ხალხი გულწრფელად გააბრაზა და განარისხა. პასუხად, ხალხმა სპონტანურად მოიყარა თავი თბილისის გულში — იქ, სადაც დღესაც ცოცხლობს ჩვენი რესპუბლიკის სული. იქ ისინი დახვდნენ ძალადობას: სცემეს, მოწამლეს, თოვლში და ყინვაში წყლის ჭავლით დაშალეს, დააკავეს.
დღეს, საქართველოში 65 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის სამი ქალი.
ბოლო წლის განმავლობაში, პოლიციამ დააკავა თითქმის 700 ადამიანი, ვინც პროევროპულ დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. მათგან:
•ნოემბრიდან მარტამდე, დაპატიმრებულთა 60% გახდა ძალადობის მსხვერპლი;
•ზოგიერთ დღეს, დაკავებულთა 80%-დან 88%-მდე წერდა არაადამიანურ მოპყრობაზე;
•ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები, არასრულწლოვნები, შშმ პირები და ჟურნალისტები.
მათ შორისაა მზია ამაღლობელი — ჩვენი თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი დამცველი. ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები. ისინი არიან სტუდენტები, ექიმები, დედები, ვეტერანები, ხელოვანები. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სინდისი.
უნდა ითქვას: არც ერთი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადა, არ დასჯილა. არსებობს მმართველი ჯაჭვი, რომელიც სისტემურად არღვევს კანონებს და არღვევს ადამიანის უფლებებს — და არც ერთი პირი არ არის პასუხისმგებლობით დაკავებული. ეს არ არის სამართალდაცვა — ეს არის რეპრესია.
ჩვენ მოგმართავთ თქვენ — ევროპის ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს — თვალი ადევნოთ ჩვენს მდგომარეობას. გთხოვთ, დაიცვათ ეს სახელები, ეს სიცოცხლეები, ეს თავისუფლების დამცველები. რადგან როცა ისინი იცავენ საქართველოს, ისინი იცავენ ევროპასაც.
ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ქმედება. რადგან ეს ბრძოლა მხოლოდ საქართველოს არ ეხება — ის ეხება ევროპას. თუ საქართველო დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში — ეს ევროპის მომავალის ნაწილის დაკარგვა იქნება.
მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. უშიშრად გავაგრძელებთ ვიბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ვილაპარაკებთ, ვიმღერებთ, დავწერთ, გავაპროტესტებთ, ვიბრძოლებთ — და არ შევჩერდებით, სანამ ეს ბრძოლა არ იქნება მოგებული.
შემიძლია უამრავი ისტორია მოგიყვეთ მამაცი ქართველების შესახებ. მაგრამ დღეს, XXI საუკუნეში, ახალი თაობა წერს საქართველოს ისტორიას. ისინი უშიშარნი არიან, იმედით სავსენი და მზად არიან. ჩვენ მზად ვართ.
ერთ-ერთ წერილში, რომელიც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა, მან დაწერა:
„ჩვენ დავთმეთ საკუთარი თავისუფლება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის — და არასდროს დავიხევთ უკან.“
და ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ.
დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!
ერთად გავიმარჯვებთ სიბნელეზე,
და სინათლე უფრო ნათლად გაბრწყინდება, ვიდრე ოდესმე.
გმადლობთ!” – თქვა ქეთევან ქერაშვილმა სიტყვაში.