“მომილოცეთ!!!
როგორც იქნა, ჩამაბარეს განთავისუფლების ბრძანება!
ისტორია დაიწერა!!!
აღსრულდა, რაც სამიოდე კვირის წინ დავწერე – რომ მე, George Gotsiridze და ჩემი და Mzia Gigashvili აუცილებლად მოვხვდებოდით გასათავისუფლებელთა სიაში!
და რომ ამ სიაში კიდევ იქნებოდა რამდენიმე პროფესორი, რომელთა გვარებიც არ გავაჟღერე მათივე სურვილით.
დიახ, ისინიც – Nuciko Dekanozishvili Nino Dzamukashvili – განთავისუფლებულები არიან!
გუშინწინ ჩემი მამა ილია ჩიკვაიძე (mama ilia chikvaidze) მოვარდა ჩემთან სახლში ეკლესიიდან – ახლა გავიგე, რომ ეგ უვარგისები გიშვებენ და რა ხდება, ჭკვიდან ხომ არ შეიშალნენო!
ნერვიულობდა, გულზე ხელს იდებდა, ქოშინებდა, ბობოქრობდა, ადგილს ვერ პოულობდა!..
დავამშვიდე, დავაწყნარე.
გაოცებული მიყურებდა, რომ მე ვიცინოდი, ვმხიარულობდი, რომ ბრაზისა და სინანულისა არაფერი მეტყობოდა!
მე ვარ ბედნიერი! დიახ, მე ვარ ამაყი!
მე ზუსტად ვიცი, რომ თუ რამე მიმიღია წიგნებიდან და – მიმიღია ძალიან ბევრი – ყველაფერი დედის რძესავით შემისისხლხორცებია, რომ ყველაფერი, რასაც სამშობლოზე მასწავლიდნენ ოჯახში, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ყველაფერი გულის გულში გამიტარებია.
და რომ არა ეს ბრძოლა და მისი უკეთილშობილესი საზღაური, რაც ჩემს განთავისუფლებაში გამოიხატა, ამას ვერასოდეს შევიგრძნობდი!
როდესაც ჩვენი წინაპრების ჩანაწერებს – მე-19 საუკუნის მოღვაწეების პირად წერილებსა და დღიურებს – ვეცნობოდი, ან ლექციებზე სტუდენტებს მე-19 საუკუნის ენობრივ ცვლილებებზე ვესაუბრებოდი და ენობრივ ღონისძიებებს განვიხილავდი, ყოველთვის გულწრფელად მაინტერესებდა – სად ვიქნებოდი იმ დროს, როცა ჩემს ქვეყანას უჭირდა და რუსული კოლონიალიზმის მარწუხებში იგვემებოდა, ან ნებისმიერ სხვა დროს, როცა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებოდით ხოლმე?
და ამ დროს ეჭვი არ მასვენებდა – მქონდა კი მე მორალური უფლება, ამ თემებზე მესაუბრა სტუდენტებთან? ჩვენ ხომ ბოლომდე არ ვიცნობთ საკუთარ თავს და არ ვიცით, როგორ ქცევას გამოვავლენთ უცნობ კონტექსტებსა და სიტუაციებში!
მქონია!!!
და ამის შეგრძნება მას შემდეგ, რაც „რეორგანიზაცია“ დააანონსეს, იმხელა ნეტარებას მგვრიდა, ამის გაცნობიერება ისეთ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ყველაფერი ამად ღირდა!
როგორადაც არ უნდა გაგრძელდეს ჩემი პროფესიული ცხოვრება, მთელი გულწრფელობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ ახლა, როცა ხელში ჩემი ღირსების, 33 წლის მანძილზე ჩემი სწორად მუშაობის დამადასტურებელი საბუთი მიჭირავს!
ერთი შიში მქონდა მხოლოდ – როგორ მიიღებდა ამას დედაჩემი! ხომ არ გამინერვიულდებოდა?
და სამი კვირის წინ, როცა ღიმილით ვუთხარი – ძალიან კარგი ამბავი უნდა გითხრა, ყველას გვათავისუფლებენ-მეთქი და მიზეზიც ვუთხარი – რომ ქუჩაში ვდგავართ და რეჟიმს ვაპროტესტებთ, გულწრფელად გაეღიმა, მერე გაეცინა, მერე ერთად დავიწყეთ სიცილი და ასე….
ეს შიშიც მოხსნილი მქონდა და ახლა დიიიიიიდი ნეტარებით ჩავიბარე ბრძანება!
დღეიდან ოფიციალურად რეპრესირებული პროფესორი ვარ!, – წერს სოციალურ ქსელში ქეთევან გიგაშვილი.
