ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად, პირველ რიგში, საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და გამოსავალი მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკის და კანონმდებლობის შემუშავებისთვის, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სადაც მას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
ბაკარაძემ პრემიერს კითხვა დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების შესახებ დაუსვა.
„კითხვა არის შემდეგი: როგორი უნდა იყოს საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და რა უნდა გაკეთდეს ვითარება რომ გამოსწორდეს? ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად, პირველ რიგში საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და გამოსავალი მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკის და კანონმდებლობის შემუშავებისთვის.
თქვენ მზად ხართ, როგორც მთავრობის მეთაურმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აიღოთ ეს პასუხისმგებლობა და შეიმუშაოთ ღონისძიებათა სისტემა, რითაც სახელმწიფო შეძლებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქართული გენოფონდის გადარჩენისთვის, რომელიც თავისი არსით გულისხმობს შემდეგ ძირითად მიმართულებებს და ღონისძიებებს:
1) ოჯახის, როგორც ყველაზე ძლიერი ინსტიტუციის გამყარება რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდა წყვილებზე და მრავალშვილიან ოჯახებზე მორგებული ქმედითი სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება გახლავთ.
2) ყოველ დაბადებულ ბავშვზე სახელმწიფოს მხრიდან დაწესდეს მხარდაჭერა 1000 ლარის ოდენობით. მესამე და ყოველ მომდევნო ბავშვზე ერთჯერად გაიცეს 20 000.
3) ორ წლამდე გაიზარდოს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადა და დეკრეტული შვებულების პერიოდში სრულად იყოს შენარჩუნებული თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
4) მრავალშვილიან ოჯახებს შვილების სრულწლოვან ასაკამდე სამედიცინო მომსახურების მიღება სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში უნდა ჰქონდეთ სრულად ხელმისაწვდომი.
5) მაღალმთიან სოფლებში საცხოვრებლად დაბრუნებულ ახალგაზრდებს, ასევე მრავალშვილიან ოჯახებს სამი და მეტი შვილის მშობლებს მიეცეთ შეღავათები საკრედიტო მომსახურებაზე, დასაქმების კომპონენტში, სახელფასო დანამატები, შეღავათები საშემოსავლო და კომუნალურ გადასახადებზე.
6) სამი და მეტი მრავალშვილიან ოჯახებს შვილების უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში, შემდგომი დასაქმების ვალდებულებით სახელმწიფოს მხრიდან სრულად დაფინანსდეს სწავლის და სტუდენტური საცხოვრისის საფასური ისეთ სპეციალობებზე რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს დეფიციტურ სპეციალობებს.
მთელი სოციალური პაკეტია ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ შემუშავებული, რომ მოხდეს დემოგრაფიული კატასტროფის პრევენცია, რომ შეჩერდეს ჩვენი ქვეყნიდან ახალგაზრდების მასიური გადინება ემიგრაციაში!,“ – განაცხადა ბაკარაძემ.




