“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში კაცი დაჭრეს. როგორც რეგიონული გამოცემა წერს, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს.
“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხვა ვერაფერს გეტყვით,” – ამბობს ქედის კლინიკის დირექტორი “აჭარა თაიმსთან.”
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი ან დაიწყო თუ არა გამოძიება, ამ დროისთვის უცნობია. “მთავარი არხის” ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
განახლება (14:39): შსს-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.