ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, სასამართლოებში მობილური ტელეფონების აკრძალვით ჟურნალისტთა სამუშაო პირობები არ დაამძიმოს.
ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაციამ მობილური ტელეფონების შესანახი კარადების შესყიდვის შესახებ ჟურნალისტურ თემში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია — გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ კარადების დამონტაჟების შემდგომ ჟურნალისტებს სასამართლოში მუშაობა და პროცესების გაშუქება კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
„ჟურნალისტები დიდ ძალისხმევას იღებენ იმისთვის, რომ აუდიტორიამ მათ რეპორტაჟებში ფოტო და ვიდეო გამოსახულებისა და ხმის დანაკლისი ნაკლებად იგრძნოს. ამის გაკეთებას ჟურნალისტები სიზუსტის ასე ზედმიწევნით დაცვითა და ისეთი მაღალი ოპერატიულობით ვეღარ შეძლებენ, თუკი მათ სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ კალმისა და ფურცლის გამოყენების უფლებას დაუტოვებენ“, — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხაზს უსვამს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. ქარტია იმედოვნებს, რომ ამგვარი ზომების მიღებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავს შეიკავებს, ვინაიდან მსგავსი აკრძალვა არ შედის არც სასამართლოების და, რაც მთავარია, არც საზოგადოების ინტერესებში.
„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია მართლმსაჯულების აღსრულების პროცესზე მისთვის სანდო მედიასაშუალების დახმარებით“, — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 19 სასამართლოსთვის ავეჯი შეიძინა, რომელთა შორის მობილური მოწყობილობების შესანახი სათავსოებიცაა.
ივნისის მიწურულს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომების გაშუქება შეიზღუდა. სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
ინფორმაციის გამოტანის ალტერნატივად ტელემედიას სასამართლოს ეზოში შესასვლელთან სხდომებზე მონაწილე და დამსწრე პირების კომენტარების ჩაწერა დარჩა. სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შეძლებისდაგვარად დეტალური დოკუმენტირება ონლაინ-მედიამ ითავა. სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის ნეტგაზეთი, ჩაწერისა და გადაღების აკრძალვის შემდეგ, ლაივ-ბლოგებითა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან მაუწყებლობდნენ.
ნიშნავს თუ არა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოების მონტაჟი სასამართლოში იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხდომებზე მობილური ტელეფონების შეტანის ასაკრძალადაც ემზადება — ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადვოკატებს სასამართლოებში მობილურების შეტანა არ შეეზღუდებათ.




