“ქართუ ფონდმა” “ჯორჯიან მანგანეზის” ტრეიდერი კომპანიისგან ₾147 მილიონი ისესხა

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” 147 მილიონი ლარი ისესხა “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული კომპანია “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანისგან” – ამის შესახებ კომპანიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.
“სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანი” არის საქართველოდან მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზისა” და “საქნახშირის” მიერ წარმოებული პროდუქციით გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობს.
აღნიშნული კომპანია თავის მხრივ, ისევე “ჯორჯიან მანგანეზთან” არის დაკავშირებული. ჰყავს დაკავშირებული მენეჯმენტი და იგივე ოფისიდან საქმიანობს. 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიას 359 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2022 წლის შემოსავალზე 309 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შემოსავლების კლება მანგანუმის სექტორში ფასების მკვეთრი ვარდნით და ექსპორტის შემცირებით იყო განპირობებული. ასევე თუკი 2022 წელს კომპანიას 53 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, 2023 წელს მან 11.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, რაც მანგანუმის სექტორში არსებულ კრიზისს უკავშირდებოდა.
“სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” თანახმად, “ქართუ ფონდმა” მათთან საკრედიტო შეთანხმება 2022 წელს გააფორმა და სესხის დაფარვის თარიღად 2022 წლის 31 დეკემბერი იყო მითითებული. აღნიშნულ პერიოდში სესხის ზომა 138,742,222 ლარს შეადგენდა, თუმცა მისი დაფარვა არ მომხდარა, რის გამოც გადასახდელი თანხის მოცულობა გაიზარდა 146,860,446 ლარამდე 2023 წელს.
“ჯგუფს აქვს გასესხებული თანხა ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუზე”. პირველადი ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის ძირისა და მასზე დარიცხული პროცენტის ვადის ბოლოს დაფარვას და დაფარვის ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 31 დეკემბერი, თუმცა 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი”, – ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
BMG-იმ ამ სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ალექსანდრე ჩოჩიას, რომლის განცხადებითაც, ის კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში ჩართული არაა.