“ქართულ სამუშაო ძალასა და დამსაქმებელს შორის ნდობა შეირყა” – მედეა ტაბატაძე კადრების დეფიციტზე

“შეიძლება, ქვეყანას სჭირდებოდეს, რომ სხვა ქვეყნის გამოცდილება და ცოდნა შემოიყვანოს”,- ამის შესახებ “ანალიტიკას” ეთერში საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ განაცხადა.
მან მუშახელისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა.
“…[ქვეყანას შეიძლება სჭირდებოდეს], შექმნას და დატოვოს კომპეტენციები აქ, ან სამუშაო ძალის დეფიციტი აღმოფხვრას. სამუშაო ძალის დეფიციტი 2000-იანი წლებიდან ძალიან პოპულარულია სწორედ ამ მიზეზით, რომ ცოდნის დეფიციტია და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას ნაკლებად ძვირი სამუშაო ძალის შემოყვანა აწყობს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება კომპეტენციების და სამუშაო ძალის იმპორტზე”, – აღნიშნა მედეა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც ბაზარზე ადგილობრივი, ქართველი კადრების დასაქმების გამოწვევა ჩნდება, იმ ნდობის დაკარგვაა, რომელიც დასაქმების მსურველებსა და კომპანიებს შორის უნდა არსებობდეს. მედეა ტაბატაძის შეფასებით, ამას დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებისთვის არასათანადო პირობების შექმნის არაერთმა პრეცედენტმა დაუდო საფუძველი.
“IT-ის და ტექნოლოგიების მიმართულებით შესაძლებელია, სასურველი იყოს ახალი ცოდნისა და უნარების შემოტანა, იმიტომ რომ შემდეგ ეს მრავლდება, როდესაც ისინი აქ ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართულები. ამ თვალსაზრისით უცხოელების შრომითი მიგრაცია საინტერესოა.