ქართულ ოცნებას გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს

ქართულ ოცნებას 15 აპრილს მიღებულ ე.წ. გრანტების კანონში, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა, ცვლილებები შეაქვს.
ცვლილებების შედეგად, ამიერიდან ტექნიკური, საექსპერტო დახმარების თუ ცოდნის გაზიარებისთვის, ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობა იქნება საჭრო.
“პრაქტიკაში გამოიკვეთა დამატებითი საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს… კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის შესახებ ჩანაწერი. ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად“, – ოცნების პარლამენტის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით კანონში გაიწერება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება მთავრობამ გრანტად მიიჩნიოს.
“ასევე, გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც არის ტექნიკური დაზუსტებები, როგორიც უკავშირდება ჰუმანიტარულ სფეროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, ასევე, ზუსტდება გრანტების გამცემი სუბიექტებს ნუსხა. აქაც მკაფიოდ მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება იქნეს მიჩნეული გრანტად”, – განაცხადა ოცნების პარლამენტის წევრმა.
მან ასევე თქვა, რომ არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც “თავისი არსით, ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის”, შესაბამისად, შესაძლოა მათ განხორციელებაზე ივანიშვილის თანხმობა საჭირო არ გახდეს.
“იდენტიფიცირებულია იქნა რამდენიმე პროგრამა, რომლებიც, თავისი არსით, ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის და ამდენად, ისინი შეიძლება არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს”, – თქვა მან.