ქართულმა კომპანიამ ოკუპირებული დონეცკის რეჟიმთან წიაღისეულით ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა? – რას წერს მედია

19 მარტს ოკუპაციური დონეცკის მარიონეტული მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქართულ კომპანია George Oil Limited-თან ქვანახშირისა და მეტალების ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

შესაბამისი განცხადება ე.წ. დონეცკის მთავრობის ხელმძღვანელი ანდრეი ჩერტკოვის Telegram-არხზე გავრცლედა.

მისი თქმით, შეთანხმება ეხება იმ სექტორებს, რომლებიც “დონეცკის რესპუბლიკისთვის” საკვანძოდ მიიჩნევა – ეს არის ქვანახშირის მრეწველობა, მეტალურგია და ქიმიური წარმოება.

შეთანხმებას ხელი George Oil Limited-ის მხრიდან კომპანიის დირექტორმა, ვალერიანე ქოჩიაშვილმა და ე.წ. დონეცკის მთავრობის მხრიდან, ჩერტკოვმა მოაწერეს ხელი.

ჩერტკოვი ამტკიცებს, რომ ქართულ კომპანიას აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნა აქვს. თავის მხრივ, ოკუპაციური ადმინისტრაცია ხედავს შესაძლებლობას მათი რეგულარული მიწოდების ორგანიზებისთვის.

ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოამზადებენ კონკრეტულ საქონლის ჩამონათვალს, რომლის მიწოდებაც შესაძლებელი მუდმივ რეჟიმში იქნება.

“ეს ფაქტობრივად პირველი ნაბიჯია სრულფასოვანი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბებისკენ. ზოგადად, ამ შეთანხმებას ვიხილავთ როგორც შესაძლებლობას, გავაფართოოთ რეალიზაციის ბაზრები და გავაძლიეროთ ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკური პოზიციები” – განაცხადა ჩერტკოვმა.

“ძალიან კარგი შეთანხმება მაქვს, გადასარევი შეთანხმება მაქვს, ყველას რომ გაუხარდება, ისეთი შეთანხმებაა და წამოვიღებთ იქიდან რაც დაგვჭირდება საქართველოს – კამფეტებს, რუსულ პრიანიკებს, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ თქვენ.
ფულს, თუ მომცემენ, წავიღებ და წამოვიღებ, გავაფრთხილებთ “ქართულ ოცნებას”, რომ დაგვეხმარონ, თორემ მაგათ ყურებას დავაჭრი ყველას, ივანიშვილსაც ყურებს დავაჭრი. […]

რამდენი ქვანხშირი გაქვთ ტყიბულში? რა შახტები გაქვთ? ამერიკას ეყოფა?! მე ამერიკაში უნდა გადავაგზავნო იქიდან. ინგლისში უნდა გავაგზავნო და ამერიკაში, მე ხელშეკრულება მაქვს ამერიკასთან და ამერიკა ხომ არ არის ოკუპანტი?! პირადად ტრამპირდა ჩამოიტანე და შემოგატანინებო. [ტვირთს] დიდ მანქანას დავტვირთავ და წამოვიღებ და პატარასაც, ყველაფერს” – თქვა ქოჩიაშვილმა TV პირველთან.

რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, შალვა პაპუაშვილის თქმით, შეუძლებელია ოკუპურებულ დონეცკთან რაიმე ვაჭრობა მოხდეს.

“ჩვენ შეზღუდვები გვაქვს დაწესებული დონეცკისა  და სხვა ტერიტორიებიდან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ასე რომ, შეუძლებელია, რაიმე ვაჭრობა ხდებოდეს” – თქვა პაპუაშვილმა.

ცნობსითვის, ქოჩიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარმა გერმანიის ელჩის შეურაცხყოფისთვის.

tabula.ge