ქართული Arena Games-ი CryptoRank-ის ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სამეულში მოხვდა

ქართული ტექნოლოგიური , Arena Games-ი კრიპტოინდუსტრიის კვლევითი ორგანიზაციის, CryptoRank-ის ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სამეულში მოხვდა. აღნიშნული რეიტინგი კრიპტოპროექტების აქტიური მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით არის შედგენილი და სამეულში ადგილი Linea-ს ბლოკჩეინზე გაშვებულმა Arena Games-მა სწორედ ბოლო 30-დღიან პერიოდში 870,000 აქტიური მომხმარებლით დაიკავა.
როგორც Arena Games-ის თანადამფუძნებელმა, მარი გიორგობიანმა გვითხრა, კომპანიისთვის ეს დიდი აღიარებაა. “Arena Games-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პროექტის მიმართ ყურადღება და ბლოკჩეინზე დაფიქსირებული აქტივობა – ჩვენი პლატფორმის ვალიდაციას გვაძლევს. ამგვარი განვითარების წყალობით, Arena Games-ს შეუძლია საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან ბლოკჩეინ-გეიმინგ პლატფორმად იქცეს”, – განაცხადა მარი გიორგობიანმა BMG-სთან.
შეგახსენებთ, რომ Web3-ის სფეროში, Arena Games-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენციის, AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამასთან, Arena Games-ი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global-ის ქართული პროგრამის, 500 Georgia-ს კურსდამთავრებული და GITA-ს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის მფლობელია.

ასევე დაგაინტერესებთ