ლევილის ისტორიული მამული შთამბეჭდავი პირველი ორი საფესტივალო კვირის შემდეგ ღონისძიებების სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა.
8 ივნისის საფესტივალო პროგრამამ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გააერთიანა: „ჰოროლმა“ გამართა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა; საზოგადოების წინაშე წარდგა ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“; გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გამართა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟ. სოსო ნემსაძე); შეხვედრა გაიმართა ქართველ კარიკატურისტებთან – კემოსთან (ნიკო კემულარია) და ზალიკო სულაკაურთან; ნინო ბახუტაშვილმა და ელენე ბულაშვილმა მასტერკლასი მოაწყვეს ძაფის ბუნებრივი საღებავებით ღებვასა და ფარდაგების ქსოვაში; საზოგადოებას შეხვდა ლიტერატურული პრემიის „ანა“ ლაურეატი, პოეტი ირმა ბერიძე; დღე ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „ნართების“ (ქართული და ოსური ფოლკლორი) კონცერტით დასრულდა.
შეგახსენებთ, ფესტივალი, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება, ლევილის მამულში მეორედ იმართება.
ქართული ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები 24 მაისიდან 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, გაიმართება. მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.