„ქართული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის“ ბრალდებით ჯავის მკვიდრი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (КГБ) იუწყება, რომ დაკავებულია ჯავის რაიონის მკვიდრი, 1974 წელს დაბადებული კაცი, რომელიც „ეჭვმიტანილია ქართული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში“.
დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის“ საქმიანობა „აღიკვეთა“ ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა და „სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან“ თანამშრომლობის შედეგად.
დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. ირწმუნებიან, რომ ის იყო ერთ-ერთი „სახელმწიფო საწარმოს“ თანამშრომელი და „მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებსაც რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მათი გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთის შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას გადასცემდა“.
დაკავებულის წინააღმდეგ საქმე აღიძრა „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით. „მოცემულმა ფიგურანტმა აღიარა თავისი ბრალეულობა უკანონო ქმედებებში და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ე.წ კაგებე ირწმუნება, რომ „ გამოვლენილია სამხრეთ ოსეთის კიდევ ხუთი მოქალაქე, რომლებიც კონტაქტში იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ გადასცემდნენ ინფორმაციას, რომელიც არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას სამხრეთ ოსეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ“.
დე ფაქტო უწყება მიუთითებს „სისხლისსამართლებრივი დევნისთვის საჭირო საკმარისი მასალების არარსებობაზე“. ამასთან დაკავშირებით ხუთ პირს „მიეცა ოფიციალური გაფრთხილება იმ ქმედებების დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც ქმნიან პირობებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის“.
თბილისში ე.წ. კაგებეს განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება