ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023

ვახტანგ ძაბირაძე – “ზურაბიშვილმა უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, გადავიდეს ოპოზიციაში და ჩაუდგეს სათავეში მესამე ძალის ჩამოყალიბებას”
“უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის უკრაინიდან”, – რაზე მიანიშნებს ნატო-ს გენმდივნის პესიმისტური მოლოდინი
გიორგი გობრონიძე – “არ გაგიკვირდეთ, რომ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვული იარაღის მუქარით დაამთავროს”
“საქართველო ევროკავშირთან კომპრომისს ეძებს” – რა ჩაგვეთვლება ევროკავშირის საგარეო კურსთან თანხვედრის გაუმჯობესებად
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2023 წლის დეკემბრის N4 (288) ნომრის მიმოხილვა
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “ზურაბიშვილმა უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, გადავიდეს ოპოზიციაში და ჩაუდგეს სათავეში მესამე ძალის ჩამოყალიბებას”
“ჩემი აზრით, ჩვენი დელეგაცია ან არ უნდა წასულიყო მინისტერიალზე ისევე, როგორც არ წავიდნენ უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, ან ჩვენი მინისტრის გამოსვლა უნდა ყოფილიყო გაცილებით მწვავე და კრიტიკული. მას თავისი სიტყვა უნდა აეგო არა მანამდე მომზადებულ გზავნილებზე, არამედ ლავროვის გამოსვლის საპასუხოდ. მე არ ვამბობ, რომ უნდა ელაპარაკა 2008 წლის ომის დაწყებასა და სააკაშვილზე, არამედ უნდა ეთქვა, რომ რუსეთი არის ყოვლად არასანდო ქვეყანა, რომელიც დადებულ ხელშეკრულებებს არ ასრულებს… ცხადია, უკრაინაში აგრესიაც შეიძლებოდა უფრო მკვეთრად გაგვეკრიტიკებინა. დარჩიაშვილის გამოსვლა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ წამყვან მსოფლიო მედიასაშუალებებს სწორედ მასზე ლაპარაკით დაეწყოთ მინისტერიალის გაშუქება, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენდა”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეუთოს სკანდალური მინისტერიალი – “იყო თუ არა ქართული მხარე საკმარისად მკაცრი ლავროვის მიმართ?!”.
“სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ველოდებით და შესაბამისად, მმართველ პარტიაში ხვდებიან, რომ ამ ეტაპზე დასავლეთის გაკრიტიკება არ ივარგებს, ამან შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს. თანაც `ქართული ოცნება~ ყველანაირად ცდილობს სტატუსის მიღება მთლიანად საკუთარ თავზე მიიწეროს. შესაბამისად, ამით თავის მოწონება და თან დასავლეთის გაკრიტიკება აღარ გამოდის. ასე, ალბათ, სტატუსის მიღებამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, თუ დასჭირდებათ, ისევ გადავლენ დასავლეთის კრიტიკაზე. გარკვეულ ეტაპზე ეს აუცილებლად მოხდება, რადგან “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ შეეცდება შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს რადიკალურ ოპოზიციას. დარწმუნებული ვარ, ეს შინაარსი იქნება მნიშვნელოვანწილად “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პოლიტიკის განმსაზღვრელი და ამაზე იმუშავებს მათი პროპაგანდა თავისი ტროლ-ბოტებით. მათი მესიჯები იქნება იმგვარი, თითქოს დასავლეთი ებრძვის ”ქართულ ოცნებას” და არჩევნების გაყალბებას აბრალებს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” რაც ხდება, არ ჰგავს მთლად სააკაშვილის თავში და თავად “ნაციონალურ მოძრაობაში~ დაბადებულ იდეებს. საამისო მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ თუ გავაანალიზებთ იმ პროცესებს, რაც `ნაცმოძრაობაში~ მიმდინარეობს, ამგვარ დასკვნამდე მივალთ – გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილმა თავის დროზე თქვა, დავშლი “ნაციონალურ მოძრაობასო” და შლის ახლა… სააკაშვილის როლი არა მგონია, ამ პროცესებში გადამწყვეტი იყოს. მეტიც, როგორც ხაბეიშვილის, ისე მელიას ჯგუფი დღეს მის გამოყენებას ცდილობს. სააკაშვილის მცდელობა კი, რომ ეს ორი ფრთა გააერთიანოს, ვფიქრობ, განწირულია. `ნაციონალური მოძრაობა~ ერთიანი ვეღარ იქნება. ამ ორი ფრთიდან დათმობაზე წასვლა უკვე არც ერთს აღარ შეუძლია. კიდევ ერთი მომენტია – ს განცხადება, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს. სულ ზღაპარი მგონია ის ლაპარაკი, რომ ხაბეიშვილი უნდა გადადგეს და რომელიღაც ორგანომ უხელმძღვანელოს პარტიას. თუ ასე მოხდა, შეიძლება ისე წავიდეს საქმე, `ნაციონალურმა მოძრაობამ~ 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს. ანუ თუ ფორმალურ ერთიანობას შეინარჩუნებენ, ასეთ შემთხვევაში ერთმანეთის დაბლოკვას მოუნდებიან. რაც დროზე დასრულდება ეს პროცესი, “ნაც მოძრაობისთვისაც” კარგი იქნება, სააკაშვილისთვისაც და მელიასთვისაც”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება გვარამიას, არ მესმის, რა ელექტორალური მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს. ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს, ისევ და ისევ “ნაცმოძრაობის” ელექტორატის ნაწილია – ანუ გამოდის, ეს ელექტორატი შესაძლოა ორად კი არა, სამად გაიყოს. გვარამია ნიჭიერი კაცია, მაგრამ მას მძიმე წარსული აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე მედიაში საქმიანობიდან გამომდინარე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არავითარი პარტიული სტრუქტურა არა აქვს. თავის დროზე, როდესაც ის გათავისუფლდა პატიმრობიდან, და განაცხადა, რომ მედიაში აღარ დაბრუნდებოდა და პოლიტიკაში აპირებდა წასვლას, იმჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო “ნაციონალური მოძრაობის” 2 ფრთა შეერიგებინა და არჩევნებამდე მაინც ერთად მიეყვანა. მაშინ გვარამია ორივე მხარისთვის მისაღები ფიგურა იყო, მაგრამ დღეს ის უკვე არც ერთ მხარეს აღარ აწყობს. ამიტომ რა პლატფორმაზე ლაპარაკობს, მაგრამ გაუგებარია. ჩემი აზრით, ეს იქნება კიდევ ერთი 5%-მდე მხარდაჭერის მქონე პარტია და მეტი არაფერი”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთის დუმაში თუ რუსულ მედიაში საქართველოს შესახებ მოსალოდნელიც იყო. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ საქართველო წარმოაჩინოს “დაჭკვიანებულ” ქვეყნად და თავის მოსახლეობას კრემლის პოლიტიკის წარმატებად წარუდგინოს. რაც შეეხება აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე ლაპარაკს, ეს ცარიელი სიტყვებია და არაფერი შეიცვლება. პირიქით, ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთი ს ძალიან ინტენსიურ ათვისებას იწყებს. იქ შედის რუსული კაპიტალი, ლამის ყველაფრის ყიდვას ცდილობენ, რაც აფხაზების ნაწილის დიდ პროტესტს იწვევს. ნუ დაგვავიწყდება ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენებაც, რაც ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზებას უფრო პრობლემურს ხდის. ფაქტია, საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. საქართველოს მხრიდან რა და როგორ შეიცვალა, კი ვხედავთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმით განპირობებული, რომ მაინცდამაინც რუსეთის ორბიტაზე სურთ დაბრუნება. არა, ამგვარ პოლიტიკაში ძალაუფლების შენარჩუნების გზას ხედავენ. გაიძახიან, რომ მშვიდობა შეინარჩუნეს, მაგრამ ამაში მათი დამსახურება დიდი არაფერია… თუ ყველაფერზე თავს უხრი, თანხმდები და არაფერში ეწინააღმდეგები მტერს, ომს რისთვის დაიწყებს?! ხომ ფაქტია, რომ ჩვენს ხელისუფლებას რუსეთის წინაშე ლამის ყველა მიმართულებით კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს . მას შემდეგ, რაც მან ძალიან მკაფიოდ დაიკავა პროდასავლური პოზიცია და დაუპირისპირდა ხელისუფლებას, მისმა რეიტინგმა ზრდა დაიწყო და ის ნამდვილად ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცა. მას უკვე დიდი გავლენა აქვს არა მარტო პოლიტიკურ სპექტრზე, არამედ საზოგადოებაზეც. მან უკვე გააკეთა არაერთი სწორი სვლა. ამ პროცესში დადგა დრო, რომ ის დაჰპირისპირდებოდა “ქართული ოცნების” არა მარტო ფორმალურ ლიდერებს, არამედ არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილსაც. ამ ცოტა ხნის წინ ის პირველად ახსენა კრიტიკულ კონტექსტში. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ხელისუფლებას წერტილოვნად დაარტყას. ამას ემსახურებოდა მოსამართლეების თაობაზე მისი განცხადებები, რითაც უფრო გაანაწყენა “ქართული ოცნება”. თუმცა ვერ გავიგე, რატომ, რადგან სასამართლოს პრობლემა ყოველთვის იდგა და დგას დღესაც. ვიდრე ამ სისტემაში არიან მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვანი, რა რეფორმებიც არ უნდა გაატარონ, ჩვენი სასამართლო ხელისუფლება დისკრედიტირებული იქნება. ამაზე ვლაპარაკობთ წლებია და მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილისგან გაუკვირდათ სასამართლოზე გაკეთებული შეფასებები?”, – ამბობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება უნივერსიტეტებს, “ოცნება” ცდილობს შეაჩეროს სალომე ზურაბიშვილის რეიტინგის ზრდა. ხელმოწერები, პრეზიდენტი ევროპული კურსის მხარდასაჭერად რომ აგროვებს, შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, სწორედ მისი რეიტინგის ზრდას უწყობს ხელს. ამას ხვდებიან “ოცნებაშიც”, თან ჩვენ ხომ საბჭოეთიდან დიდად შორს არ წავსულვართ, რომელი უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ახლა დამოუკიდებელი?! რაც უთხრეს ზემოდან, ის გააკეთეს, ოღონდ ეს მეთოდები დიდად არ ჭირს, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ჭრიდა. როგორ გამოიყენებს ამ მზარდ პოლიტიკურ რეიტინგს სალომე ზურაბიშვილი, ჯერ რთული სათქმელია. თუ რეალურად შეეცდება ამ რეიტინგის გამოყენებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, მაშინ უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, გადავიდეს ოპოზიციაში და ჩაუდგეს სათავეში მესამე ძალის ჩამოყალიბებას, ეს იქნებოდა, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში მოხერხდება “ოცნებისა” და “მოძრაობის” თანაფარდი მესამე ძალის ჩამოყალიბება. თუ დარჩება პრეზიდენტის პოსტზე და ისე შეეცდება პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას, არ ვიცი, რა შედეგი ექნება. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, რაც დღეს ხდება ოპოზიციაში, მაშინ “ქართულ ოცნებას” დიდი უპირატესობით გამარჯვებისთვის არჩევნების გაყალბებაც არ დასჭირდება”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
“უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის უკრაინიდან”, – რაზე მიანიშნებს ნატო-ს გენმდივნის პესიმისტური მოლოდინი
“უკრაინაში შიდა პოლიტიკური ვითარებაც და ფრონტზე არსებული ვითარებაც ერთდროულად უარესდება. უკრაინის რადამ 2024 წელს ჩასატარებელი არჩევნები გაურკვეველი ვადით გადადო. პრეზიდენტ ს მკვეთრად დაუპირისპირდა ს მერი ვიტალი კლიჩკო. ექსპრეზიდენტ ს ქვეყნიდან არგაშვების გამო სერიოზული სკანდალია აგორებული, რაც შესაძლოა 15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე აისახოს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ომთან დაკავშრებით პესიმისტური მოლოდინი აქვს. რუსული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ დონეცკის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი მარიინკა აიღეს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ჯერჯერობით რთული სათქმელია რას ემყარება სტოლტენბერგის პროგნოზი. უკრაინაში შიდა დაძაბულობას კი, მათი აზრით, რაიმე ნეგატიური მოვლენები არ მოჰყვება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის უკრაინიდან”, – რაზე მიანიშნებს ნატო-ს გენმდივნის პესიმისტური მოლოდინი.
“ნოემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს, რისთვისაც მომზადებული აქვს დესტაბილიზაციის გეგმა “მაიდანი 3”. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ უკრაინაში ახალი მაიდანი გამორიცხულია რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში ხალხის უმეტესობას არ აწყობს ქვეყანაში ომის პარალელურად, დესტაბილიზაცია. გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დაგეგმილი აქვს საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა მთელი ფრონტისა და ასევე ბელარუსის და რუსეთის საზღვრების გასწვრივ, რაც პრაქტიკულად შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ უკრაინა თავდაცვაზე გადადის. რაც შეეხება რუსეთს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან რუსეთის არმიის რიცხოვნობა 170 ათასი კაცით უნდა გაიზარდოს. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსული ძალები გასულ დღე-ღამეში უკრაინას 6 მიმართულებით უტევდნენ, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა რუსული “ტელეგრამ” არხები უკვე წერენ, რომ დონეცკში სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქი მარიინკა აიღეს. თუმცა, სხვა წყაროების ცნობით, მარიინკის განაპირას რამდენიმე შენობის ნანგრევებში ჯერ კიდევ უკრაინელები არიან გამაგრებული”, – აღნიშნავს გამოცემა.
“კვირას ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ინტევიუში განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაცია კრიტიკულია და იქიდან “ცუდ ამბებს” უნდა ველოდოთ. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსმა ვერ შეძლო უკრაინისთვის იმ რაოდენობის იარაღი მიეწოდებინა, რასაც კიევი ითხოვდა. “ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის. კონფლიქტები ეტაპობრივად ვითარდება. მაგრამ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც ცუდ, ასევე კარგ დროს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა. გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს უკრაინის არმია ასეთ სიტუაციაში, სტოლტენბერგმა უპასუხა: “ამ კომპლექსური ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება უკრაინელებს და მათ სამხედრო ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია”. პრეზიდენტი ზელენსკი კი “ასოშეიტიდ პრესთან” იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კონტრშეტევა წარმატებული ვერ აღმოჩნდა. მისი თქმით, „უკრაინის ხელისუფლებას უფრო სწრაფი შედეგი სურდა”, თუმცა სასურველ შედეგზე ვერ მოხდა გასვლა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ დასავლეთმა არ უზრუნველყო ყველა საჭირო იარაღი შეტევისთვის”, – განაგრძობს გამოცემა.
“ზელენსკის უკრაინის ხელისუფლების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი უპირისპირდება – კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ “უკრაინა ავტორიტარისმიზკენ მიდის” მისი თქმით, “უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული”. კლიჩკო გერმანულ “შპიგელთან” ამბობს, რომ ომის პირველ თვეებში ქვეყანა აშკარა ქაოსში იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც ლიდერები და ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს. კლიჩკოს თქმით, დღეს პრეზიდენტის ოფისში, მერები განიხილებიან მხოლოდ დაბრკოლებად ქვეყანაში ძალაუფლების სტრუქტურების ცენტრალიზაციისთვის. კიევის მერის თქმით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არც ერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია პრეზიდენტ ზელენსკისთან… ამას წინ უძღოდა უკრაინის რადას გადაწყვეტილება მომავალ წელს გასამართი არჩევნების გადადების შესახებ. 30 ნოემბერს რადაში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულებიდან მინიმუმ ექვსი თვის შემდეგ ითვალისწინებს”, – დასძენს გამოცემა.
“1-ლ დეკემბერს კი უკრაინის ექს-პრეზიდენტ პ[ეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებით აგორდა ახალი სკანდალი. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მას უკრაინიდან გასვლის უფლება არ მისცა და პოლონეთის საზღვრიდან უკან გააბრუნა. თავად პოროშენკო აცხადებს, რომ მას რადას სპიკერის ნებართვა ჰქონდა ქვეყნის დატოვებაზე. უსაფრთხოები სამსახურმა საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მინისტრთა კაბინეტს და უმაღლეს რადას, რადამ კი პოროშენკოს ქვეყნის დატოვების ნებართვა გაუუქმა. მეტიც, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოროშენკო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან აპირებდა შეხვედრას და რომ “სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე პროვოკაციების მომზადების შესახებ. მტრის მთავარი მიზანია შეამციროს უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და შეეცადოს უკრაინული საზოგადოების შიგნიდან გახლეჩვას”. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს უკრაინაში ხშირად საუბრობენ მოსალოდნელ ახალ მაიდანზე პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლების წინააღმდეგ”, – წერს სტატიის ავტორი.
“თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას ხელს არ უწყობს, თუმცა არც ისე შეუძლის, რომ ევროკავშირის გაფართოების გეგმა შეაფერხოს. მისი თქმით, გრძელ და საშუალოვადიან პერსპექტივაში უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაცია კარგის არაფრის მომტანია. “15 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს, მაგრამ არც ის მგონია, რომ ამან პირდაპირ ხელი შეუშალოს, რადგან პასუხი მალე იქნება, თან ამ გადაწყვეტილების მიღებაში გეოპოლიტიკური როლი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე უკრაინის შიდა პოლიტიკური ვითარება. თუმცა, რა თქმა უნდა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცესი გავლენას მოახდენს. თუ უკრაინაში შიდა პოლიტიკური სტაბილიზაცია არ იქნა, ეს არა მხოლოდ ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე მოახდენს გავლენას, არამედ მის მომავალზეც ომის კონტექსტში”, – ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით. “აქცენტები, რომ ქვეყანა “ავტორიტარიზმისკენ მიდის”, სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს, თუმცა არსებობს ლეგიტიმური მოსაზრებები, თუ რამდენად შეძლებდა უკრაინა ამ ომის პირობებში ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას”, – დასძენს სტატის ავტორი.
“თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკური ძალების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინა ამ კრიზისის დაძლევას რამდენად მოახერხებს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრონტზეც რაიმე წინსვლა და გარდატეხა არაა. გასაგებია რომ ომია, თუმცა არჩევნების გადადება პოლიტიკური პროცესებს აფერხებს. სხვა პოლიტიკურ პარტიებში, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება და ტაქტიკა აქვთ, ბუნებრივია, ეს უკმაყოფილებას იწვევს, ისევე, როგორც დასავლეთის გარკვეულ წრეებშია. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინაში გარკვეული ცვლილებებია საჭირო და მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით სისტემური კორუფციის დასაძლევად. ახლა უკრაინას რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს ერთიანობაა, არა მგონია მაიდანის სცენარი მოხდეს, რადგან მდგომარეობას უფრო გააუარესებს…”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
გიორგი გობრონიძე – “არ გაგიკვირდეთ, რომ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვული იარაღის მუქარით დაამთავროს”
“ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთ-ერთ ინტერვიუში სწორად აღნიშნა, სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილი ჯერ იმას ამტკიცებდა, კიევი სამ დღეში დაეცემაო, ახლა კი იგივე ექსპერტები ამბობენ, რაღაცაშია საქმე, უკრაინა სამ დღეში რომ ვერ იბრუნებს ტერიტორიებსო. მოდი, შევხედოთ, რა გვაქვს რეალურად ბრძოლის ველზე _ უკრაინამ დაკავებული ტერიტორიების ნახევრის გათავისუფლება უკვე შეძლო, რაც კარგი შედეგია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ შეცვლილია მოცემულობა თუ აქამდე უკრაინელები იყვნენ თავდაცვით პოზიციაში, ახლა რუსები არიან. დასავლეთში ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც იფიქრეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბლიცკრიგი იმუშავებდა. ასეთივე შეცდომა დაუშვა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა – ეგონა, სწრაფი შეტევით შეძლებდა რუსეთის დაპყრობას. ნამდვილად არ არის იოლი რუსული არმიის მოგერიება”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ გაგიკვირდეთ, რომ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვული იარაღის მუქარით დაამთავროს”.
“დღეს უკრაინის ამოცანა რუსული ტერიტორიების დაკავება კი არა, საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებაა. დღეს რუსები დგანან თავდაცვაში, თავდაცვითი პოზიციიდან ბრძოლა კი გაცილებით იოლია, ვიდრე თავდასხმაში ყოფნა. რაც შეეხება დასავლეთის იმედგაცრუებას, ეს არასწორმა მოლოდინმა განაპირობა. სულაც არ ველოდი, რომ რუსულ თავდაცვის ზღუდეებს უკრაინელები ერთი შეტევით გაარღვევდნენ. ყველას გვინდა უკრაინამ სწრაფად გაათავისუფლოს საკუთარი ტერიტორიები, მაგრამ ეს იოლი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ რუსებს ძალიან დიდი ცოცხალი ძალა ჰყავთ და თავდაცვითი ფორტიფიკაციების შესაქმნელადაც საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. დიახ, ახლა რუსები ნამდვილად მომგებიან პოზიციაში არიან, მაგრამ საკითხავია, რამდენად მომგებიანია მათი მდგომარეობა ჯამში – რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლას აპირებდა, დღეს კი უკრაინელთა კონტრშეტევის მოგერიებაშია. დასავლეთს არა აქვს უკრაინისგან იმედგაცრუების რეალური საფუძველი. არ ვიცი, რა ოპერატიული გეგმა ჰქონდა უკრაინას, მაგრამ ამ მომენტში ამ ქვეყნის პოზიცია ცუდი არ არის, განსაკუთრებით იმ მოლოდინთან შედარებით, როგორიც ომის დაწყების პირველ დღეებში იყო”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“არც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ამ ზამთარს გარდატეხა მოხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ როგორც რუსული ჯარის უკან დახევას, ასევე უკრაინელების წინსვლას. ომი უკვე პოზიციური ბრძოლების ფაზაში შევიდა. ტერიტორიაც იძლევა ამის საშუალებას და ისიც, რომ რუსეთი უფრო სახმელეთო არმიის ქვეყანაა, დიდი ძალის კონცენტრირება შეუძლია ხმელეთის დიდ მასაზე. რაც დღეს ხდება, კანონზომიერია და არ მიუთითებს, რომ რუსებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს… უკრაინას 700 000 ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. ნამდვილად არ უჩივის ცოცხალი ძალის ნაკლებობას. კი, სტრატეგიული რეზერვების შექმნა და შევსება გაჭირდება, მაგრამ იგივე პრობლემა აქვს რუსეთის ფედერაციასაც. მართალია, რუსეთის მოსახლეობა უკრაინისაზე სამჯერ მეტია, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ რუსთა დიდი გადასახლების ორი ტალღა უკვე იყო. თუ პუტინი კიდევ გამოაცხადებს მობილიზაციას, ემიგრაციის მესამე ტალღაც იქნება. ორივე მხარეს უჭირს და ორივე მხარე იბრძვის გამოფიტვაზე”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“გავაანალიზოთ, გრძელ და საშუალო პერსპექტივაში რა ელის რუსეთის ეკონომიკას. ომის დაწყების პირველ დღეებში რუსეთს გაუყინეს ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი. საიდან და რითი გაიზარდა რუსეთის ეკონომიკა? აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დასავლურ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა რუსეთს პირდაპირ დამოკიდებულს ხდის აღმოსავლურ ბაზარზე, აღმოსავლურ ბაზარზე კი დომინანტი ჩინეთია. დიახ, შეიძლება რუსეთმა თავი გაართვას დასავლური სანქციებით შექმნილ სირთულეს, მაგრამ ამის ფასი ძალიან ძვირი იქნება – რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტად დამოკიდებული გახდება პარტნიორ ჩინეთზე და ეს რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე ნატო და ევროკავშირი. რუსეთი გრძელ და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცილებით ბევრს კარგავს, ვიდრე იღებს. თუმცა დასავლეთში ნამდვილად შეცდნენ, როდესაც იფიქრეს, რომ მოკლევადიან პერსპექტი­ვაში რუსეთის ეკონომიკა განადგურდებოდა… ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს დასავლეთში ხარჯავდნენ, ქონება დაუყადაღეს. შესაბამისად, მათ მხოლოდ გადარჩენილი კაპიტალის დაბანდება შეძლეს. გარდა ამისა, რაც არ უნდა ბევრი პროდუქტი აწარმოო, გასაღების ბაზრის გარეშე ეს რეცესიას გამოიწვევს. რუსეთისთვის დასავლეთის ბაზარი სასიცოცხლოდ აუცილებელია”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“დიახ, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან და დღემდე ყიდულობს რუსულ პროდუქტს. დიახ, დასავლეთი არ არის ერთსულოვანი, არის უნგრეთის, სა და ცალკეული ევროპელი ბიზნესოპერატორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ეს ყველაფერი გამოწვევაა, მაგრამ ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტიპის სანქციებზე შეთანხმდება დასავლეთი. ძველი სანქციები ვერ და არ იქნებოდა გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. აგერ ირანი რუსეთზე გაცილებით ნაკლებად იყო ინტეგრირებული დასავლურ ბაზარზე, მაგრამ 30-წლიანი სანქციების მიუხედავად მაინც ახერხებს არსებობას. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები არ მუშაობს. სანქციები რომ არა, ირანის ეკონომიკა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა. გასაგებია, რომ რუსეთის ეკონომიკა მინუსებში არ წავიდა, მაგრამ 40%-ის ნაცვლად 10%-ით რომ იზრდები, ესეც კლებაა”, – დაასკვნის გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე – “შეიძლება თუ არა დასავლური პოლიტიკა, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალოს?” – პასუხობს:
“ამერიკაში როგორიც არ უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას…”
“დემოკრატები მოვლენ ხელისუფლებაში თუ რესპუბლიკელები, ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის ბოლომდე მიყვანა. სიმართლე გითხრათ, არც კი შეინიშნება, რომ რომელიმე ამერიკულ პოლიტიკურ ძალას სურდეს ამ ომიდან გასვლა. საუბარია იმაზე, რომ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61 მილიარდი დოლარი უნდა გამოყონ. როგორც გაირკვა, საუბრები იმის შესახებ, რომ უკრაინა ამერიკული დახმარების გარეშე დარჩებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკის სტრატეგიული ამოცანაა ამ ომის რუსეთის დამარცხებით დასრულება. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ტრამპის განცხადებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან მალე დაასრულებს, მას არ უთქვამს,თუ როგორ დაამთავრებს. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ, რომ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვული იარაღის მუქარით დაამთავროს. სხვათა შორის, ტრამპის პრეზიდენტობა რუსეთისთვის ძალიან ცუდი იყო – დასავლეთის ქვეყნებმა ტრამპის ზეწოლით გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი, ტრამპი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელმაც საქართველოს ლეტალური იარაღი მიაწოდა, ის იყო ლიდერი, რომელმაც დაბომბა რუსული ბაზები სირიაში. დემოკრატების ფრთებქვეშ შეყუჟული მედია ტრამპის შესახებ ობიექტურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ტრამპი რომ ამბობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მინდაო, იქვე დასძენს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მექნება რუსეთთან კარგი ურთიერთობაო!” – დასძენს გობრონიძე.
“საქართველო ევროკავშირთან კომპრომისს ეძებს” – რა ჩაგვეთვლება ევროკავშირის საგარეო კურსთან თანხვედრის გაუმჯობესებად
“ევროკომისია თავის 9 დათქმაში ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოვოს. რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ამ მხრივ ევროკავშირი საქართველოსგან და რა შემთხვევაში ჩაგვეთვლება ეს პირობა შესრულებულად? ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ევროპასთან რაღაც კომპრომისული ფორმულის ძიებაშია, რომ ამ დათქმებით გათვალისწინებული ზოგიერთი კომპონენტი შეასრულოს, ზოგიერთთან დაკავშირებით კი ახლანდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “საქართველო ევროკავშირთან კომპრომისს ეძებს” – რა ჩაგვეთვლება ევროკავშირის საგარეო კურსთან თანხვედრის გაუმჯობესებად.
“მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალურად არის გაწერილი იმ 9 დამატებით ახალ რეკომენდაციაში, რაც ევროკომისიამ მოგვცა. ამას თვითონაც გვეუბნებიან, რომ თავსებადობა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მაჩვენებლებთან კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა. თუ არ ვცდები – 31%-ზე, მაშინ, როდესაც უნდა იყოს მინიმუმ 41% ან მეტი. მართალია, ამას ღიად არ აღიარებენ, მაგრამ ხანდახან გვესმის მათგან განცხადებები – რომ ჩვენ გვესმის საქართველოს პრობლემები და არ ვითხოვთ მათგან სანქციებთან სრულმასშტაბიან შეერთებას. მაგრამ რეალურად, მათი პოლიტიკა რომ გავითვალისწინოთ, მათი განცხადებები მოწმობს იმას, რომ ისინი საქართველოსგან სწორედ ამას ელოდებიან. და მეორე საკითხია უფრო აქტიური დახმარება უკრაინისთვის. არა მარტო საერთაშორისო მხარდამჭერ რეზოლუციებთან შეერთება, ლტოლვილების მიღება და მათი მოვლა, არამედ უფრო სხვა სახის დახმარების გაგზავნა და ა.შ. შესაბამისად, ეს არის, ჩემი აზრით, ამოსავალი წერტილი და მთავარი თემატური საკითხი სხვა საკითხებთან ერთად”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველომ ეს ნაბიჯები გადადგას? ეს არის შედარებით რთული საკითხი, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მე ისეთი განცდა მაქვს ჩემი ანალიზის საფუძველზე, ცდილობს ევროკავშირთან იპოვოს კომპრომისული ფორმულა იმისა, რომ საქართველო რაღაც პარამეტრებში უფრო მეტს გააკეთებს, მაგრამ რაღაც პარამეტრებში დარჩება იგივე პოზიციებზე. რეალურად ევროკავშირის დამოკიდებულება ცოტა არ იყოს „დაუნდობელია” – თითქოს მას ნაკლებად აინტერესებს საქართველოს მოქალაქეები რა პრობლემებს შეეჯახებიან რუსეთთან სანქციების დაწესების შემდეგ”, – განაგრძობს ანალიტიკოსი.
“მე თქვენ გაგახსენებთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის სიტყვებს – რომ ჩვენ უკრაინას დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და რუსეთს სანქციები დავუწესოთ მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემებს განიცდიან ჩვენი მოქალაქეები ამ სანქციების შედეგად. საკუთარი მოქალაქეების აზრსაც კი არ ითვალისწინებენ, იმდენად დიდია გეოპოლიტიკური წონით უკრაინა და საქართველოს მოქალაქეების აზრს გაითვალისწინებენ? გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის ევროპის მიდგომის გამოხატულება ამ საკითხის მიმართ”, – დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2023 წლის დეკემბრის N4 (288) ნომრის მიმოხილვა
ისრაელ – „ჰამასის“ ომი / სამხრეთ კავკასია ვის უჭერს მხარს – ისრაელს თუ პალესტინას? / სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადასცეს / „დელტა“ ქართველი მებრძოლების ჯავშანდაცვას უზრუნველყოფს / ჩრდილოკორეული რაკეტები დასავლეთის ფრონტზე / იაპონური უნივერსალური საზღვაო თვითმფრინავი / გერმანული ტანკები რუსულ არმიას უტევენ / რუსეთის არალეგალური დაზვერვა: მარცხი მარცხს მოსდევს / უკრაინის მიწაზე დაცემული ქართველი იუნკერი / ეროვნული გვარდია 33 წლისაა / ცხოვრება ოკუპირებულ მარიუპოლში / რას გეგმავენ რუსი ოკუპანტები ოჩამჩირის პორტში? / ქართული იარაღის მუზეუმი / გაისროლე? დაკეცე! – 9 მმ-იანი დასაკეცი კარაბინი “სმიტ-ვესონისგან”…
“7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციის ასეულობით მებრძოლმა შეაღწია და მასირებულ თავდასხმას 1200-ზე მეტი ებრაელი სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, 260-ზე მეტი ისრაელისა და სხვა ქვეყნის მოქალაქე ტერორისტებმა მძევლებად წაიყვანეს. ტერორისტთა თავდასხმას ისრაელის თავდაცვის არმიამ (“ცახალი”) ღაზის სექტორზე 27 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციით უპასუხა. პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს ორი უმთავრესი ამოცანა დაუსახა – “ჰამასის” სრული განადგურება და ტერორისტთა ტყვე მძევლების გათავისუფლება. ოპერაციას წინ უსწრებდა ისრაელის სამხედრო- საჰაერო ძალების მიერ ღაზის სექტორის სამხედრო ობიექტების მრავალდღიანი დაბომბვა. „ჰამასის“ სამხედრო პოტენციალის დასუსტების მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაციის სრული ლიკვიდაცია, რასაც ისრაელის სახელმწიფო მოითხოვს, მხოლოდ სახმელეთო ოპერაციითაა შესაძლებელი“,” – წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2023 წლის დეკემბრის N4 (288) ნომერში, სათაურით ისრაელ-„ჰამასის“ ომი.
„შეტევას „ჰამასი“ მომზადებული დახვდა. წინასწარ მომზადებულ ადგილებში, მათ შორის საავადმყოფოებში, საბავშვო დაწესებულებებში დასაწყობებული იყო ირანული, ჩრდილოკორეული, ჩინური, საბჭოურ-რუსული და ადგილობრივი წარმოების ნაირ-ნაირი შეიარაღების დიდი მარაგი. ისრაელელ სამხედროებზე მოულოდნელი თავდასხმისთვის ტერორისტებს მიწისქვეშა გვირაბების ფართო ქსელი ჰქონდათ მომზადებული. არაბული ქალაქებისთვის დამახასიათებელი მჭიდრო დასახლებები ვიწრო ქუჩების ლაბირინთებით „ცახალის“ მძიმე ჯავშანტექნიკას დამატებით სირთულეებს უქმნიდა. განვლილმა ომებმა აჩვენა, რომ შენობებში გამაგრებულ მებრძოლებს შეუძლიათ ჯავშანტექნიკას ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დამიზნებით, სხვადასხვა რაკურსით ახლო მანძილებიდან ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები ესროლონ, თანაც ჯავშანტექნიკისთვის ყველაზე სუსტად დაცულ გვერდით პროექციებსა და ზედა ნახევარსფეროში. „ცახალისთვის“ კიდევ ერთი საფრთხე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობებია“, – აღნიშნავს გამოცემა.
„2006 წელს სამხრეთ ლიბანში ჩატარებული ოპერაციის დროს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრის (CSIS) მონაცემებით, „ჰეზბოლას“ მიერ განადგურებული სხვადასხვა მოდიფიკაციის 20 „მერკავიდან“ 6 ნაღმზე აფეთქების შედეგი იყო. ტანკი Merkava და 60-ტონიანი მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი Namer-ი დაცვით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის აღიარებული, რადგან მის აღჭურვილობაში საიმედოობით გამორჩეული აქტიური დაცვის კომპლექსი Trophy შედის.”ტროფის” ეფექტურობა 2014 წლის ივლის-აგვისტოში ღაზის სექტორში ჩატარებულ ოპერაციაში გამოჩნდა – ისრაელელმა ტანკისტებმა “ტროფი” არანაკლებ 16-ჯერ გამოიყენეს და ჯავშანზე ჭურვის მოხვედრის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. საიმედოობისა და მაღალი ეფექტურობის მიუხედავად, “ტროფის” აქვს ე. წ. მკვდარი ზონები – ტანკის გარშემო დაახლოებით 200 მ-მდე რადიუსის სივრცე ანუ ტანკისკენ 50-150 მ-დან ტანკსაწინააღმდეგო საშუალების გამოყენების შემთხვევაში კომპლექსს რეაგირებისთვის დრო არ ჰყოფნის…” – განაგრძობს გამოცემა.
„ისრაელ-პალესტინის მორიგმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მსოფლიო ფაქტობრივად ორ ბანაკად გაყო – ისინი, ვინც ერთპიროვნულად ისრაელის მხარეს დგანან, და ისინი, ვინც პალესტინელებს თანაუგრძნობენ. ბევრი ქვეყნისთვის დიდად ასარჩევი არც არაფერი გახლდათ, რადგან თუნდაც აშშ ისრაელის ისტორიულ საიმედო პარტნიორად ითვლებოდა, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის რიგი მუსლიმანური ქვეყნები მუდმივად თვლიდნენ პალესტინას ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად. მაგრამ არიან ქვეყნებიც, რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როდესაც არც მწვადი სურთ დაწვან და არც შამფური. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანმა გამოიყენა ის სიტუაცია, რაც, წესით, საქართველოს უნდა წასდგომოდა სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გასაძლიერებლად“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით სამხრეთ კავკასია ვის უჭერს მხარს – ისრაელს თუ პალესტინას?“
„ამ საუკუნის პირველ წლებში საქართველომ დაიწყო ინტენსიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ისრაელთან. შევარდნაძის დროს ეს გამოიხატა თბილისის საავიაციო ქარხანაში ისრაელის ცნობილ ფირმა „ელბიტთან“ ერთად Су-25КМ „სკორპიონის“ მოდერნიზაციაში, სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში კი ისრაელის დრონების „ჰერმესების“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების LAR-160-ებისა და GRADLAR-ების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს SPIDER-ების შესყიდვასა და ქართული ტანკების T-72SIM1-ების დონემდე მოდერნიზაციაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე ისრაელმა შეწყვიტა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც რუსეთთან დაახლოებას ითვალისწინებდა, მათ შორის საქართველოს ინტერესების საზიანოდაც. თუმცა სამხრეთ კავკასიაში უკვე ფეხშემოდგმულ ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სასწრაფოდ გამოუჩნდა ახალი “მასპინძელი” აზერბაიჯანის სახით – პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სწორად განსაზღვრა ისრაელის სამხედრო პოტენციალის გამოყენება აზერბაიჯანის არმიის მნიშვნელოვნად გასაძლიერებლად”, – აღნიშნავს გამოცემა.
„2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის არმიის გადამწყვეტი გამარჯვება და 2023 წელს ყარაბაღის დაბრუნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ აღდგენის ჩათვლით მეტწილად სწორედ ისრაელში ნაყიდმა ახალი თაობის შეიარაღებამ და საბრძოლო მასალებმაც განაპირობა. სომხების რუსული ტანკების უმეტესობა აზერბაიჯანის არმიამ სწორედ ისრაელის წარმოების „ჰაროპის“ კამიკაძე-დრონების დარტყმით გაანადგურა, ხოლო ისრაელისგან ნაყიდი „სპაიკები“ არც ერთ სომხურ ჯავშანმანქანას არ „ახარებდნენ“. შესაბამისად, აზერბაიჯანსა და ისრაელს საუკეთესო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ წლების განმავლობაში, რითაც ორივე მხარე ძალიან მოგებული რჩებოდა – აზერბაიჯანმა ისრაელის იარაღით გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა სომხეთის მიერ ოკუპირებული მისი მიწების გათავისუფლებისას, ხოლო ისრაელი არა მარტო დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობდა, არამედ ოფიციალური ბაქოს სახით ის სტრატეგიული დონის მოკავშირედაც გაიჩინა, რომელიც გარკვეულწილად საშუალებას აძლევდა ისრაელის სპეცსამსახურებს აზერბაიჯანის სამხრეთიდან… ირანის ჩრდილოეთ ნაწილში „შეეჭვრიტათ“, მათ შორის თანამედროვე მძლავრი რადიოლოკაციური და ოპტიკური დაზვერვის ტექნიკური საშუალებებითაც…“ – განაგრძობს გამოცემა.
„თბილისში მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა დასრულებულია. კომპლექსი შვიდსართულიან 39 კორპუსსა და 1092 ბინას აერთიანებს. ახალი ბინები სამხედრო მოსამსახურეებს ლოტოტრონის საშუალებით გადაეცათ, ხოლო საცხოვრებელი ფართობის კვადრატულობა სულადობის პრინციპით განაწილდა. ჯარისკაცებმა უპროცენტო შიდა განვადებითაც ისარგებლეს და კვადრატულ მეტრში მინიმალური თანხა გადაიხადეს. პროექტი, რომლის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა, მომავალშიც გაგრძელდება. მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი პრემიერ-მინისტრ ს ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამშენებლო კომპანიამ ძალიან სწრაფი ტემპით იმუშავა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადასცეს / „ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება“ – პრემიერ-მინისტრი.
„ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია კიდევ ხუთი ასეთი პროექტი. ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს სამხედროებს შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩემი მინისტრობის დროს გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის. ამიტომაც დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება, იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია თუ აღჭურვილობის შეძენა. რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი სწორედ ჯარის ქალაქის რეალიზება იყო. სამხედროების სამსახური ფასდაუდებელია და ყველანი, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებული ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ თქვენთვის, რათა დაფასდეს თქვენი სამსახური, თავდადება, გმირობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე… მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ეგიდით განხორციელდა. ბინები სამხედრო ლოტოტრონის საფუძველზე განაწილდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„სამხედროებმა ბინები უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით მიიღეს – კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა, საიდანაც სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდამ მოუწიათ. ამ თანხის დასაფარავად მათ საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ. პროექტი გაგრძელდება, რისთვისაც თავდაცვის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინით დაკმაყოფილდება, რაც იქნება სამხედროების დაფასების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. „არც ერთ დროში სამხედრო მოსამსახურე ისეთი დაფასებული არ ყოფილა, როგორც ჩვენი ხელისუფლების დროსაა. მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ – Army City-ის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მიხედვით. ეს არის თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებული პროექტი, რომლის ორიენტირია „ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა ღირსეული სამხედრო სამსახურის წინა პირობაა“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე…
„მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საომარ კონფლიქტებში მაღალტექნოლოგიური სარაკეტო შეიარაღებისა თუ დრონების პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ვითარდება ქვეითი მებრძოლის ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის სისტემები. მაღალი ხარისხის ინდივიდუალური ეკიპირების ელემენტებს თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებში უდიდესი ტაქტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მებრძოლის პირადი აღჭურვილობის ორი უმთავრესი კომპონენტი სწორედ ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტია. მათი დანიშნულება ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის ჭურვის ნამსხვრევების, ტყვიებისა და სხვადასხვა დამაზიანებელი ელემენტისგან დაცვაა. თითქმის ყველა დამხმარე ტაქტიკური დანიშნულების აქსესუარს სწორედ ჯავშანჟილეტისა და ჩაფხუტის გათვალისწინებით აწყობენ. ამასთანავე, თანამედროვე ჯავშანჟილეტები ითავსებენ განტვირთვის სისტემის ფუნქციასაც“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „დელტა“ ქართველი მებრძოლების ჯავშანდაცვას უზრუნველყოფს / „დელტაში“ წარმოებული განტვირთვისა და ჯავშანდაცვის თანამედროვე სისტემები საარმიო და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მებრძოლებისთვის…
„ჯავშანჟილეტის თუ ჩაფხუტის ტიპის და ტექნიკური მონაცემების შერჩევა ამა თუ იმ ქვედანაყოფის სახეობისა და მათ წინაშე დასმული ამოცანების მიხედვით ხდება. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მსოფლიო ბაზარზე ასეულობით სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა სქემატური კონსტრუქციის ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტია წარმოდგენილი, მათი განვითარების ტენდენციებს კი თანამედროვე არმიების საჯარისო და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მიერ მასშტაბურ ომებში თუ ლოკალურ ოპერაციებში მათი აქტიური ექსპლუატაციისას მიღებული შედეგები განსაზღვრავს. ამ მხრივ დღეს წამყვანი პოზიცია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს უკავიათ, სადაც მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მუშავდება და უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში გამოიცდება სხვადასხვა ტიპის ინტეგრირებული ჯავშანდაცვისა და განტვირთვის სისტემები. შეიძლება ითქვას, ინდივიდუალური დაცვის სისტემების და ეკიპირების ელემენტების განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა 2001 წელს ავღანეთსა და 2003 წლიდან ერაყში დაწყებულმა საომარმა კამპანიებმა. სწორედ აქ გამოვლინდა NATO-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნების ჯარებში არსებული კონცეპტუალურად და კონსტრუქციულად მოძველებული საჯავშნე სისტემების უარყოფითი მხარეები. ამან ბიძგი მისცა მწარმოებელი კომპანიების სრულიად ახალი მიდგომების ინიცირებას”, – აღნიშნავს გამოცემა.
„შეიქმნა ჯავშანდაცვისა და განტვირთვის ჰიბრიდული უნივერსალური სისტემების, ფილის მატარებელი პლატფორმების, სამხრე-საქამრე განტვირთვის სისტემებისა და საბრძოლო ქამრების ასეულობით ახალი მოდელი. დღეისათვის მსოფლიოში არსებული ტენდენციები მიმართულია იმისკენ, რომ მებრძოლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მაქსიმალურად შემსუბუქდეს, გახდეს ერგონომიკულ-მულტიფუნქციური, ეს კი მოდულური კონსტრუქციითა და აქსესუარების თავსებადობის სტანდარტიზაციით მიიღწევა. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ადგილობრივი წარმოების ჯავშანდაცვისა და განტვირთვის სისტემებით მომარაგება ყოველთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ამ მიმართულების განვითარებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სპეციალური ჯგუფიც ჩამოყალიბდა, რომელიც კონკრეტულად ჯავშანჟილეტების, ჯავშანფილებისა და ჩაფხუტების ექსპერიმენტული ნიმუშების შექმნასა და მათი სერიული წარმოებისთვის მუშაობს.ქართული ჯარის სამამულო წარმოების ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მუდმივად მომარაგება 2014-2015 წლებიდან დაიწყო“, – განაგრძობს გამოცემა.
„ჯავშანჟილეტებთან ერთად, მებრძოლების აღჭურვილობაში შევიდა სერიულად წარმოებული ქართული საარმიო ჯავშანჩაფხუტი DH MK-I-იც. შემდგომში „დელტას“ წარმოებული DH MK-III ტიპის სპეციალური დანიშნულების ჩაფხუტები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების აღჭურვილობაშიც შევიდა. საზოგადოდ, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სამხედრო მოდიფიკაციების შემუშავებისას ერგონომიკასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა საჯავშნე მასალების ხარისხსა და დაცულობის დონეს. ქართული საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტები IV დონის დაცვას უზრუნველყოფს, რაც თანამედროვე ომებში ყველაზე გავრცელებული 5.45X39 მმ, 5.56 X 45 მმ, 7.62 X 39 მმ, 7.62X51 მმ და 7.62X54 მმ ტყვიებისგან დაცვას განაპირობებს, საარმიო ჯავშანჩაფხუტები კი როგორც ნამსხვრევების, ასევე 7,62X25 მმ თთ-სა და 9X19 მმ Lუგერ-ის ტყვიების შეჩერებაზეა გათვლილი. თუმცა ამ სფეროში მიდგომები, ტექნოლოგიები და პროდუქცია წლიდან წლამდე ვითარდება. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ცენტრ „დელტაში“ ამ მიმართულების სპეციალისტები ქართული წარმოების ჯავშანჟილეტების, ტაქტიკური ჩაფხუტებისა და განტვირთვის სისტემების უახლესი მოდელების შემუშავება-დახვეწისთვის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობენ“, – დასძენს გამოცემა.
„შედეგად, 2023 წლის 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები პირველად იყვნენ წარმოდგენილნი „დელტაში“ შემუშავებული და წარმოებული თანამედროვე ტიპის ქვეითი მებრძოლის ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის უნივერსალური მოდულური სისტემებით, რომლებიც საჯავშნე ელემენტებისა და განტვირთვის სისტემების ერთიანი ჰიბრიდული, მრავალფუნქციური კომპლექსია. უნიფიცირებული მოდულური სისტემა საშუალებას იძლევა ჯარების სხვადასხვა სახეობასა და გვარეობაში შემავალმა სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ქვედანაყოფებმა ააწყონ და მოირგონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე გათვლილი ეკიპირების კონფიგურაცია. ამის საშუალებას სწორედ მოდულური გაუმჯობესებული ფუნქციონალური დიზაინი იძლევა. სისტემა ბრძოლის ველზე უზრუნველყოფს მებრძოლის მაღალ ჯავშანდაცულობას, კლასიკური კონფიგურაციის ჯავშანჟილეტებთან შედარებით ბევრად მაღალ ერგონომიკულობას, მობილურობასა და ავტონომიურობას. სისტემა ორი მთავარი ნაწილისგან შედგება. ესენია: ფილის მატარებელი პლატფორმა MK-7 mod1 და სამხრე-საქამრე სისტემა WB MK2”, – წერს სტატიის ავტორი.
„მოდულური ფილის მატარებელი – პლატფორმა MK-7 mod1 – საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის შემუშავებული მოდულური ფილის მატარებელი პლატფორმაა საჯარისო და საარმიო სპეცდანიშნულების დანაყოფებისთვის. შედგება წინა და უკანა პანელებისგან, რომლებშიც თავსდება ბალისტიკური რბილი ჯავშანპანელი და III ან IV დონის ჯავშანფილები. შესაბამისად, ჯავშანჟილეტი მებრძოლის სხეულის კრიტიკულად სასიცოცხლო ადგილებს 7.62X51 და 7.62X54 მმ კალიბრის ტყვიებისგან იცავს. პანელებზე დატანილია 360°-იანი MOLLE-ს (Modular Lightweight Load-carrying Equipment) ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა სხვადასხვა აქსესუარის დასამონტაჟებლად. წინა და უკანა მხარე ერთმანეთთან დაკავშირებულია გადასაწყობი მზი-დი სამხრეებითა და გვერდულა მაფიქსირებელი ქამერბანდებით, რომლებიც ჩონჩხისებური კონსტრუქციისაა და მათზე MOLLE-ის სისტემით მაგრდება გვერდულა ჯავშანპანელი. ქამერბანდის გამოყენება შესაძლებელია მინიმალისტურ კონფიგურაციაშიც, რა დროსაც მას ეხსნება საჯავშნე პანელი. ქამერბანდები უკანა პანელზე ფიქსირდება წელვადი რეზინის დინამიკური ზონრით, ჟილეტის ჩაცმის შემდეგ სუნთქვის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად. ჯავშანჟილეტს წინა მხარეს აქვს ინტეგრირებული სამჭიდეები, რომელშიც M-4 ტიპის შაშხანის 3 მჭიდი თავსდება”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
„საპოლიციო დანიშნულების მოდიფიცირებული ფილის მატარებელი – პლატფორმა MK-7 mod2 – თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გარდა, “დელტაში” შემუშავებულია და იწარმოება თანამედროვე მოდულური ფილის მატარებელი პლატფორმა, სპეციალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მებრძოლებისთვისაც. ჯავშანჟილეტის ეს მოდიფიკაცია გამოირჩევა მაღალი ერგონომიკულობითა და გადასაწყობი კონსტრუქციით სტანდარტულ, მინიმალისტურ და ულტრამინიმალისტურ კონფიგურაციებში. ჟილეტი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სწრაფი გახსნის ტუბებით, რისი საშუალებითაც ავარიულ რეჟიმში ჯავშანჟილეტის გახდას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ჟილეტის კონსტრუქციასთან ადაპტირებულია ყელის, კისრის, მხრებისა და საზარდული დამცავი ნამსხვრევსაწინააღმდეგო ჯავშანპანელებიც. ჟილეტთან ერთად შსს-ს სპეცდანიშნულების მებრძოლებისთვის აწარმოებენ საშუალო პროფილის საბრძოლო ქამრებსაც ეკიპირების ელემენტების წელზე გადანაწილებისთვის”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
„საშუალო პროფილის სამხრე-საქამრე – სისტემა WB MK2 – სამხრე-საქამრე სისტემა WB MK2- წარმოადგენს საშუალო პროფილის მრავალფუნქციური საბრძოლო ქამრისა და ტაქტიკური აჭიმების (იოკი) ერთობლიობას, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა ინდივიდუალური აღჭურვილობის ელემენტების ქამარზე გადანაწილება, რითიც წონის დატვირთვა წელსა და მხრებზე ნაწილდება. ქამრის გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად და ასევე ჯავშანჟილეტთან ერთად. ქამარზე დატანილია MOLLE -ის ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა, რომელზეც აქსესუარებისა და სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის ჩანთების დამაგრებაა შესაძლებელი. კონკრეტული მებრძოლის საჭიროებიდან გამომდინარე, ქამარი სხვადასხვა კონფიგურაციაში შესაძლებელია დაკომპლექტდეს მძიმე საექსპედიციო და მსუბუქ საიერიშო ვარიანტებად. ქამრის შიდა ნაწილში ჩატანებულია ნამსხვრევსაწინააღმდეგო რბილი ბალისტიკური ჯავშანპანელი, რომელიც მებრძოლის წელის არეს ჭურვის ნამსხვრევებისა და პისტოლეტის ტყვიის მოხვედრისგან იცავს. ქამრის მზიდი კორპუსის წელზე დასაფიქსირებლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შიდა ქამარი. შიდა ქამარზე პისტოლეტის ბუდის ან ფეხის ჩანთის დასამაგრებლად ორივე მხარეს დატანილია სპეციალური რკალისებრი ჭრილები. ტაქტიკური დინამიკური აჭიმები ქამარზე მაგრდება ოთხ წერტილში ქამრის კორპუსზე MOLLE სისტემაში ამოტარებით, რითაც წელსა და მხრებზე წონის თანაბარი გადანაწილება მიიღწევა“, – დასძენს სტატიის ავტორი.
„“მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთში ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვიზიტმა ბევრი კითხვა დაბადა. ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებულმა ომმა მკვეთრად ეკონომიკური ხასიათი მიიღო. არც ერთ მხარეს არა აქვს საკმარისი პოტენციალი და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი სამხედრო მოქმედებებში რადიკალური გარდატეხის შესატანად. მიუხედავად იმისა, რომ კიევს ზურგს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მისი მოკავშირეები უმაგრებენ, თანამედროვე შეიარაღება უკრაინას ნელი ტემპით მიეწოდება. მისგან განსხვავებით, ოფიციალურად მოსკოვს მხარს მხოლოდ თეირანი უჭერს და კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატებს დღემდე საკმარისად აწვდის. დიდი ალბათობით, მოსკოვის მოკავშირეთა რიგებს სულ მალე (უკვე თუ არა) ფხენიანიც შეუერთდება“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ჩრდილოკორეული რაკეტები დასავლეთის ფრონტზე.
„ნახევარ წელზე მეტია, რაც რუსებს 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების დეფიციტი აქვთ. მარაგის შევსებას კრემლი სწორედ კომუნისტური კორეის დახმარებით შეეცდება, რომელსაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იარაღის და საზოგადოდ, სამხედრო პროდუქციის წარმოება, ალბათ, წუთით არ შეუჩერებია. რა თქმა უნდა, ფრონტზე კორეული ჭურვების გამოჩენა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე გავლენას იქონიებს და სამწუხაროდ, რუსების სასარგებლოდ. არსებული ცნობებით, სამხედრო სფეროში მოსკოვ-ფხენიანის თანამშრომლობა საარტილერიო და სარაკეტო („გრადების“ 122 მმ-იანი რაკეტები) ჭურვებით როდი შემოიფარგლება. სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-სადაზვერვო უწყებები, განსაკუთრებით ბრიტანული MI-6, შეშფოთებული არიან რუსების განკარგულებაში კორეული რაკეტების (როგორც მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები) გამოჩენის შესაძლებლობით. ფხენიანის სარაკეტო ფარი 1960-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ისგან მიღებული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს 2К6 Луна-ების მიღებიდან იღებს სათავეს. მოგვიანებით, 1969 წელს, ჩრდილო კორეამ შედარებით თანამედროვე და გაუმჯობესებული Луна-M-ების პარტია იყიდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„უმართავი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით განპირობებული ორივე კომპლექსის დაბალი სიზუსტე კორეელებს არ აკმაყოფილებდა. ამიტომაც საბჭოთა კავშირისგან უარის მიღების შემდეგ, ახალი, P-17 (SCUD-B) ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები, ეგვიპტეში შეიძინეს. იმ დროს პრეზიდენტი ანვარ სადათი საბჭოურ შეიარაღებას ჩუმ-ჩუმად ყიდდა. 1976-1981 წლებში მიღებული რაკეტების საფუძველზე კორეელებმა საკუთარი კომპლექსი, “ხვანსონ-5” შექმნეს. შემდგომ წლებში მისი წარმოება იმდენად კარგად აითვისეს, რომ ტაქტიკური კომპლექსი ექსპორტზეც კი გაიტანეს ირანში (ვარიანტი „შაჰაბ-1“), ვიეტნამში, ეგვიპტესა და იემენში. პირველი წარმატებით შთაგონებულმა ჩრდილოკორეელმა სპეციალისტებმა კომპლექსის გაუმჯობესებაზე დაიწყეს მუშაობა. რაკეტის კორპუსის დაგრძელებისა და საბრძოლო ქობინის წონის შემცირებით ახალი „ხვანსონ-6“ უკვე 500 კმ-ზე მიფრინავდა (ირანში გაიყიდა, სახელწოდებით „შაჰაბ-2“). საგულისხმოა, რომ ერთსაფეხურიან რაკეტებთან ერთად, ჩრდილო კორეამ მათი თვითმავალი გამშვებების (9П117М) წარმოებაც შეძლო…“ – განაგძობს გამოცემა.
„იაპონია აშშ-თან წყნარ ოკეანეში ომის მზადებისას აქცენტს სახაზო ხომალდებსა და ავიამზიდებზე აკეთებდა. პერლ-ჰარბორზე 1941 წლის 7 დეკემბერს თავდასხმის წინ აშშ-ს წყნარ ოკეანეში 8 სახაზო ხომალდი და 2 მძიმე ავიამზიდი ჰყავდა, როცა იაპონიის საიმპერატორო ფლოტის განკარგულებაში 10 სახაზო ხომალდი და ამდენივე სხვადასხვა კლასის ავიამზიდი იყო. 1941 წლის 10 ივლისს კობეში Kawasaki აწასაკი-ს გემთსაშენი მძიმე ავიამზიდის კლასის ავიამზიდ Taiho-ს აგებას შეუდგა. წინა პროექტების ავიამზიდებისგან განსხვავებით, ახალი ხომალდის მთავარი სიახლე დაჯავშნული საფრენოსნო გემბანი იყო, რის გამოც სახომალდო ავიაჯგუფი 126 თვითმფრინავიდან 53-მდე შემცირდა. სამაგიეროდ, „ტაიჰოს“ ანგარები და ლიფტები უფრო მძიმე, დიდ თვითმფრინავებს იტევდა ანუ თვითმფრინავს წონა 7.5 ტ-მდე, სიგრძე 11.5-მდე, ხოლო ფრთების გაქანი 14 მ-მდე შეიძლება ჰქონოდა. იაპონია Taiho-ს მსგავსი კიდევ ოთხი ხომალდის აგებას გეგმავდა, მაგრამ ომმა ამომავალი მზის ქვეყანას ამის საშუალება არ მისცა, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით იაპონური უნივერსალური საზღვაო თვითმფრინავი.
„1941 წლის ზაფხულში საიმპერატორო ფლოტის საჰაერო სამსახურის ტექნიკური სამმართველო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არსებული საგემბანო დამრტყმელი თვითმფრინავების მოპიკირე და ტორპედმზიდებად დაყოფა ხელსაყრელი არ იყო. ბევრად უკეთესი იქნებოდა უნივერსალური დამრტყმელი თვითმფრინავი, რომელიც ტორპედოების გასროლასა და პიკირებისას ბომბების ჩამოყრას შეძლებდა. ეს მიდგომა გახდა ახალი საზღვაო საგემბანო თვითმფრინავის ტექნიკური დავალების მომზადების საფუძველი. კონკურსი არ გამოცხადდა და პროექტირების დავალება პირდაპირ ფირმა Aichi Kokuki-ს მისცეს. ტექნიკური დავალების თანახმად, თვითმფრინავს უნდა ეტარებინა ორი 250 კგ-იანი ან ექვსი 60 კგ-იანი ბომბი, ან საავიაციო ტორპედო; თავდაცვითი შეიარაღება ფრთებში დაყენებული ორი 20 მმ-იანი ქვემეხითა და უკანა კაბინის ტყვიამფრქვევით განისაზღვრა; მოთხოვნილი იყო მაქსიმალური სიჩქარე 550 კმ/სთ-ში, ფრენის სიშორე 1 800-დან 3 300 კმ-მდე; მანევრულობა საგემბანო გამანადგურებელ Micubishi A6M Zero-Sen-ზე არანაკლები უნდა ჰქონოდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
„ძრავად შერჩეულ იქნა 1 820 ცხ. ძალის 18-ცილინდრიანი რადიალური NakaJima NK9 Homare 11, რომელიც იმ დროს საგამოცდო ციკლს გადიოდა. საიმპერატორო ფლოტი სამომავლოდ ახალი თვითმფრინავით მოპიკირე Yokosuka D4Y Suisei-სა და ტორპედმზიდ NakaJima B6N Tenzan-ი შეცვლას აპირებდა. პროექტის მთავარმა კონსტრუქტორმა ტოსიო ოძაკიმ ფიუზელაჟის მიმართ ფრთების შუაპლანი განლაგება ამჯობინა, ხოლო მაღალი აეროდინამიკური მახასიათებლების მისაღწევად ბომბნაკვეთური ფიუზელაჟში გადაიტანა. ბომბნაკვეთური საკმაოდ მოცულობითი გამოვიდა და ტანდემურად ორ 250 კგ-იან ან სპეციალურ საკიდებზე ორ რიგად ექვს 60 კგ-იან, ან თითო 500 კგ-იან და 800 კგ-იან ბომბს იტევდა. ტორპედმზიდად გამოყენებისას თვითმფრინავს ფიუზელაჟის ქვევით ორიგინალური საკიდი ჰქონდა სტანდარტულ Type 91 Kai 2 ტიპის ტორპედოს სატარებლად, დამატებით კი ფრთისქვეშა კვანძებზე ოთხ 60 კგ-იან ბომბს იმატებდა. ანგარსა და ლიფზე თვითმფრინავის მოსათავსებლად ფრთების კონსოლებზე დაყენებული ჰიდრავლიკური ამძრავით ფრთები იკეცებოდა და ფრთების გაქანი 14.4 მ-დან 7.5 მ-მდე მცირდებოდა. ეკიპაჟი ორი მფრინავისგან შედგებოდა, როცა ტორპედმზიდებს სამკაციანი ჰყავდათ“, – განაგრძობს გამოცემა.
„უკრაინის ომი უზარმაზარ საცდელ პოლიგონად არის გადაქცეული, ჰაერში, ხმელეთსა თუ წყალზე რუსული და დასავლური სამხედრო ტექნიკა ბრძოლის ველზე ერთმანეთს ეჯიბრება. მთავარი ბატალიები ხმელეთზე ვითარდება – უკრაინის არმიას ავიაციის, არტილერიის, უპილოტოების, ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის არმიის გასაყრელად მძიმე ბრძოლები აქვს. შეტევებში უკრაინელები უკვე იყენებენ დასავლურ ტანკებს – გერმანულ „ლეოპარდებს“, ბრიტანულ „ჩელენჯერებს“ და მალე რუსებს ამერიკული „აბრამსებით“ შეუტევენ. უკრაინაში გამორიცხულია დიდი სატანკო ბრძოლები ასეულობით ტანკის მონაწილეობით, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომში, 1943 წლის 12 ივლისს რუსეთში სადგურ პროხოროვკასთან, ან არაბეთ-ისრაელის ომში 1973 წლის 15-18 ოქტომბერს სუეცის არხის ჩრდილო დაბოლოებაზე, „ჩინურ ფერმასთან“. სამაგიეროდ, ორივე მხრიდან მცირერიცხოვანი სატანკო დანაყოფები აქტიურად არიან ჩართული ქვეითების საცეცხლე მხარდაჭერაში, შეტევებში გამაგრებულ პოზიციებზე და სხვ. ასეთი სახის ბრძოლებში რამდენიმე ტანკს შორის პატარა სატანკო დუელებიც შესაძლებელია“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით გერმანული ტანკები რუსულ არმიას უტევენ.
„ომმა უკრაინის არმიის სატანკო პარკი მნიშვნელოვნად შეათხელა. რადგან აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრი ქვეყნების არმიებმა ამოწურეს საბჭოთა პერიოდის ტანკების მარაგები, ამიტომ უკრაინისთვის საჭირო შეიქმნა დასავლური ტანკების მიწოდება. 2023 წლის იანვარში პირველად პოლონეთი გამოვიდა კიევისთვის “ლეოპარდების” გადაცემის ინიციატივით. იმავე თვეში გერმანიის მთავრობამ განცხადება გააკეთა, რომ სხვა ქვეყნებს “ლეოპარდების” რეექსპორტზე თანხმობას მისცემდა. ასე გაჩნდა სატანკო ქვეყნების კოალიცია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, ნორვეგია, კანადა, ესპანეთი, შვეცია, , ნიდერლანდები, ფინეთი), რომელსაც შეიარაღებაში ჰყავს სხვადასხვა მოდიფიკაციის Leopard-ის, AMX-10RC-ის, Challenger 2-სა და M1 Abrams-ის ტიპის ტანკები. ჯერჯერობით, უკრაინას ყველაზე მეტი გერმანული “ლეოპარდი” გადასცეს. არსებული მონაცემებით, კიევმა უკვე მიიღო Leopard და 2A4/2A5/2A6 მოდიფიკაციების 71 ტანკი და კიდევ 14-ს ელის. ამის გარდა, გერმანია Leopard 1A5 მოდიფიკაციის 178, ხოლო იტალია დამატებით ამავე მოდიფიკაციის 96 ტანკს გაიღებს – ანუ უკრაინას სულ 359 „ლეოპარდს“ გადასცემენ“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ჯავშანდაცულობის ასამაღლებლად გერმანული ტანკები ფრონტზე გაგზავნის წინ მცირე მოდერნიზაციას გადიან. კერძოდ, ბორტებს უკეთდება ანტიკუმულაციური ცხაურიანი ეკრანები, ხოლო სავალი ნაწილის დასაცავ ფალშბორტებს დამცავი ეკრანები ემატება. დასავლურ ტანკებს ფრონტზე რუსი სამხედროები მოუთმენლად ელოდნენ და ამისათვის წინასწარ სპეციალური ჯგუფების მომზადება დაიწყეს, ერთმა რუსმა ტანკისტმა ოფიცერმა კი დაიკვეხა, რომ მეორე მსოფლიო ომში მისი ბაბუა T-34-ებით როგორც Pz.VI Tiger-ებს ანადგურებდა, ის თავისი T-80-ით გერმანულ “ლეოპარდს” მსგავსად გაუსწორდება. დაწესდა ფულადი პრიზები განადგურებულ ან ალაფად წამოყვანილ დასავლურ ტანკზე და ა. შ. ბრძოლებში განადგურებულ ორ “ლეოპარდზე” რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სერტიფიკატი 1 მლნ რუბლზე უკვე გასცა. ერთ-ერთი სერტიფიკატი რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის (ნამდვილი გვარი ლეფსვერიძეა) სახელით გაიცა. განვლილმა ბრძოლებმა აჩვენა, რომ “ლეოპარდი” არც ისე მარტივი გასანადგურებელია, როგორც რუს ოფიცერს ჰქონდა წარმოდგენილი…” – განაგრძობს გამოცემა.
„თუ არტილერია ოდითგან „ომის ღმერთად“ ითვლებოდა, არალეგალური დაზვერვა ყოველთვის იყო სპეცსამსახურების საქმიანობის „უმაღლესი პილოტაჟი“. უცხო ქვეყანაში დიპლომატის მუნდირით დაცული და თბილ კაბინეტში მოკალათებული მზვერავის რისკთან ახლოსაც ვერ მივა არალეგალი აგენტის ყოველდღიურ სტრესსა და სხვის გვარს ამოფარებულ მრავალწლიან ფარულ ცხოვრებასთან. მას ხომ ყველაფერი (გვარ-სახელი, ბიოგრაფია, წარმატება თუ პრობლემები) მოპარული აქვს და უცხო ქვეყანაში გამოაშკარავების მუდმივი შიშით ცხოვრობს, რადგანაც დაპატიმრების შემთხვევაში მძიმე სასჯელი ელის. არალეგალური პოზიციებიდან დაზვერვა ურთულესი პროცესია და მოითხოვს ყველა წვრილმანის შესწავლასა და გათვალისწინებას. საბჭოთა „არალეგალები“ მრავალწლიანი ფარული აგენტურული მუშაობის დაწყების წინ სამი თვიდან ორ წლამდე სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთის არალეგალური დაზვერვა: მარცხი მარცხს მოსდევს.
„მომზადება ორ ეტაპს მოიცავდა: პირველზე დაწვრილებით სწავლობდნენ იმ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, არქიტექტურას, წეს-ჩვეულებებს და ა. შ., სადაც ფარულად უნდა ეცხოვრათ; მეორე ეტაპზე ოპერატიული ტექნიკის გამოყენებას ასწავლიდნენ. პარალელურად დაძაბულ რეჟიმში მუშაობდა კა-გე-ბეს „ს“ (არალეგალური დაზვერვის) სამმართველო. მისი მე-2, დოკუმენტაციისა და ლეგენდირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომლები მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნის სასაფლაოებსა და საეკლესიო წიგნებში ეძებდნენ ბავშვობაში გარდაცვლილების გვარებს. ამის საფუძველზე ქმნიდნენ ხელოვნურ ბიოგრაფიებსა და ლეგენდებს (რაც შემდეგ არალეგალ მზვერავს ზეპირად უნდა სცოდნოდა), ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და ა. შ. „არალეგალების“ მთავარი ამოცანა იყო: აგენტების გადაბირება, საიდუმლო დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება, საბჭოთა აგენტებს შორის ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფა, პოლიტიკური მკვლელობებისა და დივერსიების მომზადება-ჩატარება და სხვ. თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებამ არალეგალური მზვერავებისგან კერპები შექმნა და ისინი გმირებად შერაცხა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ ცოლ-ქმარი კროგერების (კოენები), რუდოლფ აბელის (უილიამ ფიშერი), გორდონ ლონსდეილისა (კონონ მოლოდი) და სხვათა შესახებ იღებდნენ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს (თუნდაც მხატვრული ფილმი „მკვდარი სეზონი“ გავიხსენოთ, რომელიც კონონ მოლოდის სადაზვერვო საქმიანობას ასახავს), წერდნენ წიგნებსა და დახურულ დისერტაციებს და ა. შ. დღეს რუსეთის კა-გე-ბეშნიკი ხელისუფლება ცდილობს გააგრძელოს ეს „გმირული ეპოპეა“, თუმცა ფაქტია, რომ მარცხი მარცხს მოსდევს. 2010 წლის 28 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ახალი საერთაშორისო დონის ჯაშუშური სკანდალის დასაწყისად იქცა: მაშინ იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი პირის დაკავების შესახებ. კერძოდ, გაირკვა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (გფბ) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ათი ეჭვმიტანილი დააკავა. მხოლოდ ერთმა, „კრისტოფერ მეთსოსმა“ შეძლო მიმალვა. გფბ-ის სპეცინფორმაციით, „მეთსოსი“ აგენტთა ჯგუფის მთავარი მეკავშირე იყო და კვიპროსიდან რუსეთის დაზვერვამ გაიყვანა (სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სეპარატისტული ტერიტორიიდან)…“ – განაგრძობს გამოცემა.
„ნოემბერი მეტად სასტიკი აღმოჩნდა უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. თითქმის ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ ირაკლი ქურციკიძე, ლევან ლობჟანიძე, რამაზ ფეტელავა, ბექა ლომაშვილი, ნიკა გელენიძე… სამშობლო მალე დაიბრუნებს ბიჭებს. ბიჭებს, რომლებიც უკრაინაშიც საქართველოსთვის იბრძოდნენ. მათ ასე სწამდათ, ეს შეგნება აძლიერებდათ და აძლევდათ იმედს, თუ რუსეთი დამარცხდებოდა უკრაინაში, ის უკან დაიხევდა საქართველოშიც. მათ რწმენასა და უკრაინელ მოხალისეთა ბატალიონ „უნა უნსოს“ („არგო“) მეომრების სიტყვებს შორის, თუ რუსებს ვერ დავამარცხებთ მდინარე გუმისთასთან, მაშინ მათი დამარცხება მდინარე დნეპრთან მოგვიწევსო, ისტორიული ბმა ნამდვილად არსებობს. ირაკლი ქურციკიძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ მტერს უნდა ებრძოლო ყველგან, რათა ძალ-ღონე გამოაცალო. თუმცა რეალობამ დაგვანახვა, რომ რუსეთი ცხრათავიანი დევივითაა და ყოველ მოჭრილ თავზე ახალ ძალას იკრებს და უკრაინის დასაჩოქებლად მიმართავს. სწორედ ამიტომ უწვავს გულს ქართველ მეომრებს ჩვენს ბედში მყოფი ქვეყნის მდგომარეობა და მისი სიდიდის მიუხედავად, მიდიან ამ პატარა საქართველოდან და მხარში უდგებიან“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით უკრაინის მიწაზე დაცემული ქართველი იუნკერი.
„მათ სიკვდილზე არც ერთს არ უფიქრია, არც ირაკლის… პირიქით, ჩემს სამშობლოს იქიდან უფრო გამოვადგებიო, ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც ახლობლებს გაუმხილა და წავიდა. აკადემიის შემდეგ საინჟინრო ბატალიონში ასეულის მეთაურის მოადგილედ მსახურობდა. არ იყო ადვილი ოფიცრის ათწლიანი კონტრაქტის გაწყვეტა და ქართულ ჯართან დამშვიდობება, მაგრამ შეძლო იმ იმედით, რომ საკუთარი ქვეყნის თადაცვის ძალებს მეტი ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდებოდა. ირაკლი ქურციკიძე 1998 წლის 29 აპრილს დაიბადა ქალაქ რუსთავში. 2016 წელს დაამთავრა რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სწავლითა და ლიდერის თვისებებით სკოლაშიც გამოირჩეოდა და აკადემიაშიც, საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობდა. წარჩინებულიც იყო და წარმატებულიც, რისთვისაც უწყებრივი მედლებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გენერალი მაზნიაშვილითაა“ დაჯილდოებული. უკრაინაში გასული წლის ივნისში ჩავიდა. პროფესიონალი ქართველი ოფიცერი ბრძოლებში ჩაბმიდან ხუთ თვეში, 12 ნოემბერს, დონეცკის ოლქში, ქალაქ გორლოვკასთან, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე“, – აღნიშნავს გამოცემა.
„უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი გმირი ქართველი ახალგაზრდა, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. ირაკლი სიმტკიცის, პატრიოტიზმისა და სიმამაცის სიმბოლო იყო. მიმძიმს მასზე საუბარი, მიმძიმს, რადგან ირაკლი საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის, ის ჩემი იმედი იყო, ჩვენი იმედი, ის საქართველოს მომავალი იყო. პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ეს, პირველ რიგში, ახლის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და საუკეთესო პროფესიონალი იყო, ის ყოველივე ახალს სწავლობდა და იყენებდა საბრძოლო მოქმედებებში. შვიდი დაჭრილი გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან, ერთი 2 კმ ზურგით ატარა და თან „შენ ხარ ვენახს“ ღიღინებდა.არც კი ვიცი, როგორ დაგემშვიდობო, ირაკლი, მხოლოდ ერთი ვიცი, რომ გმირები გვაძლიერებენ. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“ – ასე გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი ლაშა შერგელაშვილი ქართველი ოფიცრის დაღუპვის საზარელ ამბავს საკუთარ ფეისბუკგვერდზე“… – განაგრძობს გამოცემა.
„1989 წელს საქართველოში აგორებულმა არნახული ძალის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებით ქვეყნის სათავეში პატრიოტული ძალები მოიყვანა. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო 1990 წლის 15 ნოემბრის კანონი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამსახურისთვის გაწვევის შეჩერებაზე. დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის გზაზე საბჭოთა სისტემის დემონტაჟთან ერთად რუსეთის ხელშეწყობა-წაქეზებით ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სეპარატისტული ძალები აქტიურობდნენ. ცხადი იყო, რომ საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, წესრიგსა და კანონიერებას მხოლოდ მილიცია ვერ დაიცავდა. საქართველოს საკუთარი სამხედრო ფორმირებები სჭირდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, თანაც მოქმედებდა სსრკ-ის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის 1990 წლის 25 ივლისის ბრძანებულება სსრ კავშირის ტერიტორიაზე ყველა სახის შეიარაღებული ფორმირების აკრძალვაზე, რომელსაც სსრ კავშირის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ეროვნული გვარდია 33 წლისაა.
„საბჭოთა სადამსჯელო მექანიზმების არსებობის მიუხედავად, ქვეყანაში მოქმედი ზოგიერთი პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარი ინიციატივით სამხედრო საქმით დაინტერესებული მოხალისეების თავის გარშემო შემოკრებას მაინც ახერხებდა. ასე გაჩნდა სახალხო ფრონტის „იმედი“, „ქართველ შევარდენთა ლეგიონი“, „თეთრი გიორგი“, „რაინდი“ და სხვ. შემდგომში ყველა ეს ფორმირება ეროვნულ გვარდიაში გაერთიანდა. შედარებით ორგანიზებულად მიმდინარეობდა თბილისში, გლდანში მდებარე საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში სამხედრო საქმის მცოდნე ოფიცრების გელა ლანჩავას, ავთანდილ კუპრაშვილისა და გია უჩავას თავკაცობით ასეულის ჩამოყალიბება. მილიციის სკოლის მახლობლად მდებარე პროფტექნიკუმში თადარიგის პოლკოვნიკი ტარიელ აბუაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების სპორტულ ორგანიზაცია „რაინდში“ გაერთიანებულ მოხალისეებს სამხედრო მომზადებას უტარებდა. ეროვნული სამხედრო ძალის შექმნისთვის ნიადაგი შემზადდა და 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ“. საბჭოთა კავშირი არსებობას განაგრძობდა, ამიტომ ახალი ფორმირება საქართველოს რესპუბლიკის შს სამინისტროსთან შეიქმნა და მოსკოვისთვის თვალის ასახვევად ორმაგ დასახელებას ატარებდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„20 დეკემბრის კანონის თანახმად, შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია იცავდა სამშობლოს ინტერესებს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და სხვ. მონაწილეობდა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენაში, თუკი წესრიგის დარღვევები მასობრივ ხასიათს ატარებდა და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იწვევდა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის დეზორგანიზაციას; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს გამოცხადებულ საგანგებო წესების შესრულებაში; საგანგებო ვითარების შედეგთა ლიკვიდაციაში; გამოყენება კი მხოლოდ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე იყო შესაძლებელი. ამრიგად, შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის დანიშნულება ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნება იყო, რაც, ფაქტობრივად, საბჭოთა შინაგანი ჯარების ფუნქციათა ერთ ნაწილს შეადგენდა. კანონის ამოქმედებამ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში გვარდიის დანაყოფების ფორმირებას მისცა ბიძგი. აფხაზეთში, კერძოდ, გალში, ოჩამჩირეში, სოხუმსა და გაგრაში გვარდიის ასეულები ჩამოყალიბდა. გამონაკლისი იყო აჭარა, სადაც ასლან აბაშიძემ გვარდიის დანაყოფების ჩამოყალიბება აკრძალა. ამის მიუხედავად, 9 აჭარელი ახალგაზრდა სამშობლოს სამსახურისთვის თბილისში ჩამოვიდა და გვარდიას შეუერთდა“… – განაგრძობს გამოცემა.
„მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ოკუპირებულ მარიუპოლში დროებითი მმართველობა დაამყარა და ადმინისტრაცია შექმნა, თავიანთი კანონებიც შემოიღო. უკრაინელები, რომლებიც უმძიმეს რამდენიმეთვიან ბრძოლებს განერიდნენ, თავიანთ ნასახლარებს დაუბრუნდნენ – ზოგს საცხოვრებელი მიწასთან გასწორებული დახვდა, ზოგსაც სახურავახდილი და კედლებჩამონგრეული, მაგრამ სხვაგან წასვლაზე მაინც არ უფიქრიათ. სერგეი ანტიპენკო (გვარი შეცვლილია) ქალაქიდან არ გასულა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ტრანსპორტით დიდი ხანია გადაადგილება არ შეეძლო, ამის მიუხედავად, რამდენიმე მოხალისესთან ერთად ქალაქში დარჩენილ თანამოქალაქეებს, რომლებიც სარდაფებიდან ვერ გამოდიოდნენ, პურს, წყალსა და მედიკამენტებს უზიდავდა. არაერთხელ მოჰყვა პირდაპირ ცეცხლში, დაუჭრეს თანმხლები პირებიც, მაგრამ გაჩერება არ უფიქრია, რადგან ქალაქი ბლოკადაში იყო, სარდაფში კი მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ცხოვრება ოკუპირებულ მარიუპოლში.
„დედაჩემმა მოხუცი დედა ვერ დატოვა, მაგრამ როდესაც მარიუპოლი დაეცა, მაინც გავიყვანე ორივე ყირიმის მხრიდან. მე ვერ დავტოვე დეიდა, რომლის შვილიც, ანუ ჩემი დეიდაშვილი, იბრძოდა. დედაჩემს კი იმედი ჰქონდა, რომ რუსი ოკუპანტები მხოლოდ მცირე დროით იყვნენ შემოსული და მალე წასვლა მოუწევდათ. თუმცა წავიდნენ კი არა, ჩრდილოკავკასიელები, კაზაკები და უზბეკები ჩამოასახლეს. საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც გაარემონტეს, რუსეთიდან ჩამოყვანილი ხალხი შეასახლეს. ქუჩებზე ასფალტი დააგეს და ფასადები შეღებეს. პუტინს ელოდებოდნენ და რამდენიმე ქუჩა უცებ მოაწესრიგეს…პირველი რამდენიმე თვე თითქმის ყველა ნაგავს ვეზიდებოდით. ეს იყო დანგრეული შენობების, ჭურვების, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვების შედეგად ნანგრევებად ქცეული სახლები, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი, შენობა-ნაგებობები. დიდი ნაწილი მძიმე ტექნიკით გაიტანეს, შემდეგ კი ხელით ვეზიდებოდით. დღიურად გვიხდიდნენ. ზოგჯერ ფულის ნაცვლად, ზეთს, შაქარსა და ბურღულეულს გვირიგებდნენ. რამდენიმე თვე დენი და გაზი არ გვქონდა, დალეწილი კარ-ფანჯრებითა და სხვა ნივთებით ვანთებდით ცეცხლს და ისე ვთბებოდით“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგეი ანტიპენკო.
„უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. გვეგონა, ვერ გა­დავრჩებოდით. შემდეგ ტრანსპორტი გამოჩნდა, გზე­ბი დააგეს, შემოსახლებულების გარდა, ჩვენებსაც ფანჯრები ჩაუსვეს, სახლები გადახურეს. ქალაქის დიდი ნაწილი, დასახლებული პუნქტები დღემდე დანგრეულია, თუმცა, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა, მაინც დარჩა. რაც შეეხება ახლანდელ სამუშაოს, მოსახლეობის უმეტესობა მშენებლობაზე მუშაობს, მაგრამ ჩვენებს ნაკლებს უხდიან, ვიდრე ჩამოსულებს. ხალხმა გამოსავალი იპოვა, ჯართს აგროვებს და ბელგოროდსა და ბელარუსში გააქვთ. რამდენჯერმე ისეთ დანაღმულ ადგილებში მოხვდნენ ზოგმა ხელ-ფეხი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, ზოგმაც სიცოცხლე, მაგრამ ხალხი მაინც მიდის და ეძებს, ხელის ურიკებით, კერძო მანქანებით დატვირთულ ადამიანებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით, ზოგს ტომრებითაც მოაქვს, შემდეგ ჩამოივლის სატვირთო მანქანა და ჯართს იყიდის. ზოგი გარევაჭრობით ირჩენს თავს, ზოგიც ტაქსაობს. ვაჭარი და მიკროავტობუსის მძღოლი ერთად მიდიან და ყირიმიდან მოაქვთ სხვადასხვა მსხვილმანი თუ წვრილმანი საქონელი: პროდუქტი, სურსათი, ტანსაცმელი და ყიდიან…” – განაგრძობს რესპონდენტი.
„უკრაინის არმიის სარაკეტო, საჰაერო და საზღვაო დრონების რეგულარულმა დარტყმებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლში იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ხომალდების ნოვოროსიისკში, ტუაფსესა და სხვა პორტებში გადანაწილება გახდა საჭირო. მაგრამ 4 აგვისტოს უკრაინული წყალქვეშა დრონების შეტევა ნოვოროსიისკზე და დიდი სადესანტო ხომალდ `ოლენოგორსკი გორნიაკის~ დაზიანება რუსეთისთვის ერთგვარი გაფრთხილება იყო, რომ არც ნოვოროსიისკია უსაფრთხო. რუსებმა კავკასიის სანაპიროზე კიდევ უფრო ქვევით ჩამოიწიეს და ოკუპირებულ აფხაზეთს 5 ოქტომბერს ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნის შესახებ. 1937 წლის იანვარში საბჭოთა საქართველოს პრესა იუწყებოდა, რომ ოჩამჩირეში ახალი პორტის მშენებლობა დასრულდა და წყლის ტრანსპორტის სახალხო კომისარიატმა ტვირთების მიღებისთვის ღიად გამოაცხადა. ახალი პორტიდან გემებს უნდა გაეტანათ ტყვარჩელის ქვანახშირი, ხეტყე, თამბაქო, ხილი და სხვ.ოჩამჩირეს 1923 წლის დეკემბრიდან საბჭოთა საზღვაო-სასაზღვრო ძალები სადარაჯო კატარღების რაზმისთვის ბაზირების პუნქტად იყენებდნენ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რას გეგმავენ რუსი ოკუპანტები ოჩამჩირის პორტში?
„რიგ ორგანიზაციულ-საშტატო ცვლილებათა შემდეგ 1967 წლის მარტიდან ოჩამჩირეში განთავსდა საბჭოთა სასაზღვრო ჯარების მე-6 ცალკეული სადარაჯო ხომალდების ბრიგადა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სპეციალური სამსახურის ხომალდებისა და კატარღების ჯგუფი ანუ სამთავრობო დივიზიონი, რომლის დანიშნულება სოჭსა და ში ჩასული საბჭოთა კავშირის უმაღლესი პარტიული, სახელმწიფო და სამხედრო პირებისა და მათი ოჯახების ზღვაზე სეირნობა-დროს ტარებისა და დაცვის უზრუნველყოფა იყო. საბჭოთა ელიტას ემსახურებოდა სამთავრობო იახტები „მერკური“ და „კავკაზი“, ასევე სხვა მცურავი საშუალებები. ბრიგადაში 1972 წელს კუბელი მეზღვაურების „გრიფის“ პროექტის კატარღებზე მოსამზადებლად სასწავლო კატარღების ჯგუფი ჩამოყალიბდა. 1980 წელს ბრიგადას „ანტარესის“ პროექტის წყალქვეშა ფრთებიანი საპატრულო კატარღა ПСКР-102 „ოჩამჩირე“ დაემატა. აფხაზეთის ომის დროს ბრიგადა არარსებული ქვეყნის, საბჭოთა კავშირის საზღვაო საზღვრების დაცვით იყო დაკავებული და ოფიციალურად „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„იყო შემთხვევები, როცა რუსმა საზღვაო მესაზღვრეებმა თურქულ გემებს აფხაზ სეპარატისტთა საზღვაო პუნქტებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს, მაგრამ არ აღკვეთეს ქართულ მშვიდობიან გემებზე აფხაზი მეკობრეების არაერთი თავდასხმა. ბრიგადის პირადი შემადგენლობიდან მიჩმანები რაულ ნანბა და საქო კირაკოსიანი აფხაზ სეპარატისტთა ფლოტის სამსახურში ჩადგნენ. 1991 წლის ბოლოსთვის ბრიგადას საქართველოს სანაპიროსთან სამსახურისთვის შემორჩა 4 „ანტარესის“ (პ. 133), 10 „ტარანტულისა“ (პ. 205П) და 5 „გრიფის“ (პ. 1400М) პროექტების სასაზღვრო ხომალდი და კატარღა, სარეიდო სამსახურისთვის 9 პატარა კატარღა და ამდენივე ნიჩბებიან-იალქნიანი ნავი. ბრიგადის განკარგულებაში იყო გემთშემკეთებელი სახელოსნოც. 1998 წელს პორტი მე-6 ბრიგადის ბოლო სასაზღვრო კატარღამ დატოვა და გასვლისას რუსებმა სასწავლო ჯგუფის „გრიფის“ პროექტის 3 კატარღა სეპარატისტებს დაუტოვეს. 1999 წლის 27 ნოემბერს პორტი ე. წ. აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს გადაეცა და, ფაქტობრივად, სავაჭრო და სამხედრო დანიშნულებას ერთდროულად ასრულებდა. პორტს ასევე აფხაზური, თურქული და რუსული სეინერები იყენებდნენ…“ – განაგრძობს გამოცემა.
“გაისროლე-დაივიწყე” პრინციპით მოქმედი საბრძოლო იარაღი, მაგალითად იგივე საზენიტო “სტინგერი” დიდი ხანია გამოიყენება ომებში, მაგრამ “გაისროლე-დაკეცე” სქემის ცეცხლსასროლ იარაღს კი თავისი მომხიბვლელობა გააჩნია…ლეგენდარულმა ამერიკულმა საიარაღო კონცერნმა Smith @ Wesson-მა 2023 წელს წარმოადგინა თავისი ახალი კარაბინი FPC-ი, რომელიც 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ვაზნებზეა გათვლილი. “ლუგერის” ვაზნებიანი კარაბინები არახალი ხილია მონადირეებისთვის ან სულაც სროლის მოყვარულებისთვის, მაგრამ ამჯერად მათ ძალზე საინტერესო სიახლე ელოდათ – Smith @ Wesson FPC -ი ამასთან…დასაკეციც აღმოჩნდა… ანუ სროლით გულისჯერების შემდეგ 77,2 სმ სიგრძის ამ კარაბინს შუაში…უბრალოდ მოკეცავ და ხელში მხოლოდ 41.9 სმ სიგრძის არასაბრძოლო მდგომარეობაში მყოფი იარაღი შეგრჩება, რომელსაც უფრო ადვილად მოათავსებ ზურგჩანთაში…” – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით გაისროლე? დაკეცე! – 9 მმ-იანი დასაკეცი კარაბინი “სმიტ-ვესონისგან”…
„აქ არის ერთი ძალზე საინტერესო ნიუანსი – როგორც წესი, სამოქალაქო იარაღს, მათ შორის სანადირო კარაბინებს, ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, აქვთ ერთი შეზღუდვა – ისინი გარკვეულ სიგრძეზე ნაკლები არ უნდა იყვნენ, რომ პოტენციურმა დამნაშავეებმა ვერ შეძლონ მათი საბრძოლო მდგომარეობაში ფარულად ტარება. ამიტომაც იმ სამოქალაქო გრძელლულიან იარაღს, რომელსაც კონდახი ეკეცება, უყენდება შემზღუდველი მექანიზმი, რომელიც დაკეცილკონდახიან მდგომარეობაში გასროლის საშუალებას არ იძლევა. რაც შეეხება Smith @ Wesson FPC-ს, მას მთლიანად ლულა ეკეცება, რაც ბუნებრივია გამორიცხავს სროლის საშუალებას და აღარ საჭიროებს დამატებითი შემზღუდველი მექანიზმის დამონტაჟებას“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ამასთან, საგულისხმოა, რომ Smith @ Wesson FPC-ს ლულა იკეცება გვერდით, მარცხენა მხარეს, რაც პრობლემას არ უქმნის იარაღის ლულის თავზე „პიკანტინის“ მიმმართველზე დაყენებულ საიარაღო აქსესუარს – ოპტიკურ სამიზნესა თუ ტაქტიკურ ფარანს, მაშინ, როდესაც ასევე არანაკლებ ცნობილი Kel-Tec SUB2000 კარაბინში ლულა ზემოთ იკეცება, რაც უკვე ტექნიკურად შეუძლებელი ხდება იარაღზე ზემოდან დაყენებული ოპტიკური სამიზნის შემთხვევაში და დაკეცვამდე ჯერ მისი მოხსნაა საჭირო. ძალზე ორიგინალურადაა გადაწყვეტილი სათადარიგო მჭიდეების შენახვის პრობლემა. ორი მჭიდი (თითოეულ მათგანში 23 ცალი 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ვაზნა ჩადის) განთავსებულია კარაბინის კონდახში და მათი სწრაფად შეცვლა მსროლელს არ უნდა გაუჭირდეს. აშშ-ის საიარაღო მაღაზიებისთვის Smith @ Wesson FPC-ის გასაყიდი სარეკომენდაციო ფასი 659 დოლარია, რაშიც შედის თავად კარაბინის, ერთი 17-ვაზნიანი და ორი 23-ვაზნიანი მჭიდისა და სპეციალური, გადასატანი ჩანთის ღირებულება“, – დასძენს გამოცემა.