ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023

გია ხუხაშვილი – “მესამე ცენტრის” შექმნის ყველაზე მეტი შანსი გახარიას და “ლელოს” აქვთ, მაგრამ…”
უბიძებს თუ არა დასავლეთი ზელენსკის მოლაპარაკებისაკენ – უკრაინის მიმართ პესიმისტური განწყობები ძლიერდება
დავით ზურაბიშვილი – “პრინციპულად მნიშვნელოვანია მესამე დიდი გაერთიანების შექმნა”
როგორ შესრულდება ევროკომისიის 9 დათქმა – ხელისუფლებას მის სამოქმედო გეგმაში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს
ბადრი ჯაფარიძე – “ჩვენ ბევრად დიდი ამბიცია გვაქვს, ვიდრე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა”
* * *
გია ხუხაშვილი – “მესამე ცენტრის” შექმნის ყველაზე მეტი შანსი გახარიას და “ლელოს” აქვთ, მაგრამ…”
“მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ლიდერები რას ამბობენ, არამედ ის, თუ რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში” ელექტორალური თვალსაზრისით. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია უკვე გახლეჩილია და თან უკვე დიდი ხანია. დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, რა რიტორიკა აქვთ. პარტიაში აშკარად ჩრდილოვანი მმართველობაა. ეს არის პრობლემა, რომლის გამოც “ქართულ ოცნებას” ვაკრიტიკებთ, მაგრამ იგივე ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. კიდევ უარესი, ამ პარტიაში ორმაგი ჩრდილოვანი მმართველობაა. ერთია მიხეილ სააკაშვილი – არაინსტიტუციური ბელადი, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი იყოს, და მეორე არის ფული, ანუ კეზერაშვილი. ეს ვითარება პარტიაში ბევრს აწუხებს, აწუხებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მნიშვნელოვან ნაწილსაც”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მესამე ცენტრის” შექმნის ყველაზე მეტი შანსი გახარიას და “ლელოს” აქვთ, მაგრამ…”.
“რაც შეეხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს, ჩემი აზრით, მისი მთავარი ამოცანა დღეს პარტიის შენარჩუნებაა. ის მშვენივრად ხვდება, პარტიაში გადაულახავი წინააღმდეგობებია და მანევრებს მიმართავს. ერთი მხრივ, მას ესმის, რომ ფულის წყალობით პარტიაზე კეზერაშვილის კონტროლი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დაუპირისპირდება, პარტია შეიძლება საერთოდ ჩამოეშალოს. მეორე მხრივ, არ უნდა იმ აქტივის დაკარგვაც, რომელიც ამ ყველაფრით უკმაყოფილოა. მისი ეს უცნაური რიტორიკა სწორედ ამით არის განპირობებული. გაგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ მან მიიჩნია, რომ მელიასთვის თავისი ადგილი უნდა მიეჩინა და სამაგალითოდ დაესაჯა. შესაბამისად, ზუგდიდში დანიშნული შეხვედრის წინ შეუტია, ფაქტობრივად, უთხრა, თუ რამე არ მოგწონს, წადი პარტიიდანო, მაგრამ მეორე დღეს ნახა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, საკმაოდ მასშტაბური შეკრება ზუგდიდში მაინც გაიმართა, რამაც დაანახა სულ სხვა რეალობა და მეორე დღეს ისევ მოეფერა მელიას. ამით მეორე მხარე გაღიზიანდა და სააკაშვილს უკვე ულტიმატუმით დაუწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ მას მოუწია არჩევანის გაკეთებამ არსებული მენეჯმენტის სასარგებლოდ, მაგრამ ახლა მელიას იზოლირებას ცდილობს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მელია ხომ მარტო არ მიდის პარტიიდან, მასთან სერიოზული ჯგუფია, და სააკაშვილი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ეს ჯგუფი რამენაირად შეინარჩუნოს – პოლიტსაბჭოში ხალხის მიწვევა სწორედ ამას ემსახურებოდა. ამით ფიქრობს მელია მარტო დატოვოს. ეს მანევრები ბანალური და თეთრი ძაფით ნაკერია, მაგრამ გაყოფა გარდაუვალია. ელექტორალურად პარტია უკვე გაყოფილია, ახლა ეს ტექნიკურად როგორ გაფორმდება, ვინ რა პოზიციაზე დარჩება, ამისთვის მიდის ბრძოლა. მელია პარტიიდან წასვლისთვის საუკეთესო მომენტს არჩევს, რათა ელექტორატის ნაწილი მას გაჰყვეს. ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ დაუპირისპირდება, მშვენივრად ესმის, რომ მისი ფაქტორი მის ელექტორატშიც მნიშვნელოვანია და ამას ანგარიშს გაუწევს. უახლოეს პერიოდში უკვე ვნახავთ ამ საკმაოდ ბანალური ისტორიის დასასრულს, რაც პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის ცუდი ნამდვილად არ არის – საქმე ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა მნიშვნელოვანი იქნება იმ მთავარი პრობლემის მოგვარებისთვის, რასაც ჰქვია ქართული პოლიტიკის ყოვლად მანკიერი ორპოლუსიანობა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არც კეზერაშვილის ფრთას აქვს მანევრისთვის დიდი სივრცე. მშვენივრად ესმით, რომ სააკაშვილი თუ გავიდა თამაშიდან, მათი პარტიული პერსპექტივა ბუნდოვანი გახდება. “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის დიდი ნაწილი ემოციურად მაინც სააკაშვილზეა ორიენტირებული. კეზერაშვილ-მერაბიშვილს სურთ ფასადურად შეინარჩუნონ სააკაშვილის ფაქტორი, მაგრამ რეალური პოლიტიკური კონტროლი მათ ხელში იყოს. მიშას ეს კარგად ესმის. მოკლედ, ამ შიდაპარტიულ ბრძოლას რამდენიმე განზომილება აქვს: ერთია მელიას პრობლემა, მეორე – კეზერაშვილ-მერაბიშვილისა და სააკაშვილის ურთიერთობა. ახლა მიდის მანევრირება იმისთვის, რომ დალაგდეს, ვის რა დოზით ექნება გავლენა პარტიაზე. მოკლედ, პარტიაში დაპირისპირების კერები მრავლად არის. რაც შეეხება ხაბეიშვილს, ის ამ თამი არ მონაწილეობს. ის სტატისტის როლშია, თუმცა ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და ისე წარმოადგენენ, თითქოს ხაბეიშვილს რაღაც ეკითხება, ისევე, როგორც მმართველ პარტიაში ღარიბაშვილს”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ეს ორი პარტია კი არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, მაგრამ სიამის ტყუპივით ჰგვანან ერთმანეთს მმართველობის სისტემის ისეთი უცნაური ფორმებით, როდესაც ძალის ცენტრები ინსტიტუციური ცენტრებისგან სრულიად დაშორებულია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. ეს ორი პარტია აგრძელებს იმ სიმბიოზურ არსებობას, რომლის დროსაც ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და არა სახელმწიფოს განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. მათი მთავარი ფასეულობა ერთ შემთხვევაში არის ძალაუფლების შენარჩუნება, მეორე შემთხვევაში კი ძალაუფლების დაბრუნება გარკვეული რევანშისტული განწყობებით, რაც, ბუნებრივია, ქვეყანას ტოვებს ნეგატიურ პოლიტიკურ ველში და ეს, ჩემი აზრით, ფიტავს და ანგრევს მოვლენების განვითარების სწორ დინამიკას. ამიტომაც რაც მეტი პრობლემა იქნება “ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს მხოლოდ წაადგება პოლიტიკურ პროცესს”, – თვლის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე “დიდი რეზონანსი მოჰყვა “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის გზავნილს, “შუა უნდა შეიკრიბოს…” – პასუხობს:
“ეს გზავნილი ვიწრო რაკურსით არ უნდა დავინახოთ… მიმაჩნია, რომ მისი გაგება მხოლოდ ორი პოლუსისგან დისტანცირებული პარტიების გაერთიანების თვალსაზრისით არასწორია და სრულად არ ასახავს ამ მოწოდების მნიშვნელობას. მე ამ გზავნილის შინაარსში უპირველესად დავინახე ფორმულა, რომელიც მოიაზრებს საზოგადოების კონსოლიდაციას პოზიტიურ ამოცანებსა და დღის წესრიგზე”.
“საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკური პროცესი მთლიანად აგებულია “შუა უნდა გაიკრიფოს” ნეგატიურ დაპირისპირებაზე, შუღლსა და სიძულვილზე დაფუძნებულ პრინციპზე ანუ ორპოლუსიანობის ფორმირებაზე. როგორც უკვე არაერთგზის მითქვამს, ეს პოლუსები ქმნიან ერთგვარ ანტაგონისტურ სიმბიოზს. ერთმანეთს ურთიერთსიძულვილით კვებავენ, პარალელურად კი აძლიერებენ და ამით გზას უკეტავენ სახელმწიფოებრივი განვითარების პოზიტიური, წინსვლაზე ორიენტირებული დღის წესრიგის ფორმირებას. ყოფენ და აპირისპირებენ მთლიანად საზოგადოებას. “შუის შეკრება” ამ ნეგატიური ფორმულის გარღვევის მცდელობაა, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა და პარტიებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფოს აქვს გრძელვადიანი ამოცანები, რომელიც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიღმაა და საზოგადოებას ამ თემების ირგვლივ სჭირდება გაერთიანება. ეს გზავნილი, გარკვეულწილად, პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანის ცდაა. დარწმუნებული ვარ, პარტიების გაერთიანებაზე ბევრად მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის – საზოგადოების გაერთიანება გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი მიზნებისა და ამოცანების გარშემო”, – დაასკვნის რესპონდენტი.
“სწორედ ამ გზავნილის გაგება და რაც მთავარია, მიღება, დაასრულებს ყბადაღებულ პოლარიზაციას, რაზეც ამდენს ვსაუბრობთ და ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს. ისმის კითხვა, როგორ? ძალიან მარტივად – უნდა ვუთხრათ “არა!” ნეგატივზე აგებული ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მთავარ აქტორებს, რომლებიც მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის არჩევანს გვაჩეჩებენ გაუთავებლად, აგრესიულად და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას გვიხერგავენ. მათ მხოლოდ ურთიერთსიძულვილი კვებავს და გვარწმუნებენ, რომ მთავარი ამოცანა ერთმანეთის დამარცხებაა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დამთავრდება და მხოლოდ ფიტავს და ანადგურებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. თუ გვინდა რეალური განვითარება, პროცესს უნდა შევუცვალოთ პოლუსი, მინუსი უნდა ვაქციოთ პლუსად და ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა არა ვიღაცის დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. ზუსტად ამიტომ არის “შუის შეკრების” გზავნილი მნიშვნელოვანი. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს მომავალი ზუსტად აქ, შუაშია”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“ჩვენ ვიცით, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი ელექტორატში ძალიან მაღალია, მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდეს ძალის ცენტრი, რომელიც ამ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, ამგვარი ცენტრის ჩამოყალიბების ყველაზე მეტი შანსი “ლელოსა” და გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეიძლება ჰქონდეთ გაერთიანების შემთხვევაში, თუმცა მათ რაღაც არ ეტყობათ, რომ შეუძლიათ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, მეტიც, ხშირად იცლიან ერთმანეთის კრიტიკისთვის… მე ამ ორი პარტიის გაერთიანების თეორიულ შანსს ვხედავ, თუმცა არც ის მგონია ტრაგედია, თუ არ გაერთიანდებიან. როდესაც ვლაპარაკობთ ორი პოლუსისგან თანაბრად დისტანცირებულ ცენტრზე, არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც ერთი ცენტრი იყოს, შეიძლება ასეთი 2-3 გაჩნდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ეს მესამე ძალა მეტად კონსოლიდირებული იყოს. ამომრჩეველი მხოლოდ იმ მოსაზრებით არ აკეთებს არჩევანს, ვინ მოსწონს და ვინ არა, ამომრჩეველი ძალასაც უნდა ხედავდეს. ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის ფავორიტს მხოლოდ კეთილი სურვილები კი არა აქვს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის უნარიც შესწევს, თუ მოხერხდა და ჩამოყალიბდა 2-3 ძალა, რომლებიც მოახერხებენ ბარიერის დაძლევას, ნამდვილად არ იქნება ურიგო”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
“გახარიას პარტიისა და “ლელოს” გაერთიანება გარკვეულ სინერგიას შექმნიდა. პოლიტიკაში უბრალო არითმეტიკით არ ხდება ყველაფერი. შეიძლება ორ პარტიას 2-2% ჰქონდეს, მაგრამ თუ გაერთიანდებიან, ჯამში არა 2, არამედ 10 და 15% მიიღონ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებაში გაჩნდება რწმენა. თქვენ სწორად გაიხსენეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი. შესაბამისად, პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, მე არ მომწონს ეს იდეა. 5%-ზე დაბალი მხარდაჭერა ლეგიტიმაციას უკარგავს პარტიებს და უბიძგებს, რომ პოსტსაარჩევნოდ იაფად გაიყიდონ… რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა. თუნდაც, როდესაც ლაპარაკია პროდასავლური ფლანგის კონსოლიდაციაზე, ამ ფლანგზე პრეზიდენტი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა. როგორ შეიქმნა ეს ფიგურა, სხვა თემაა – ამას ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შეუწყო ხელი. როგორც ვატყობ, ის სერიოზულ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. გასაგებია, მას კონსტიტუცია უზღუდავს პირდაპირ პარტიულ და შიდაპოლიტიკურ პროცესში თავით გადაშვებას, მაგრამ მას, როგორც ინსტიტუციურ ლიდერს, შეუძლია სწორი გზავნილებით გაამაგროს პრინციპი “შუა უნდა შეიკრიბოს”, – ვარაუდობს რესპონდენტი.
“ტექნიკურად ამას როგორ გააკეთებს ისე, რომ ისევ კონსტიტუციის დარღვევა არ დააბრალონ, ცალკე საკითხია, მაგრამ მე შესაძლებლად მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი თან დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ თავისი მოქმედებით შეუწყოს ხელი სწორედ “შუის შეკრებას”, და იქცეს სერიოზულ პოლიტიკური ცენტრების ორთქლმავლად, არა ერთი, არამედ ყველა ასეთი ცენტრის. ჩვენ ძალიან სერიოზული პროცესი გველოდება, რაც, ალბათ, თებერვლიდან დაიწყება, მანამდე ამ მიმართულებით აქტიურობას არ ველი. თუ მოხერხდება ისე, რომ ამ შუაში ჩამოყალიბებული ცენტრი თუ ცენტრები ჯამურად 15-20%-ს მოაგროვებენ, ეს სრულიად საკმარისი იქნება, რომ ორი ძალა ექსკლუზიურად ვეღარ მოვიდეს ხელისუფლებაში და გაჩნდეს პოსტსაარჩევნო კოალიციის შექმნის აუცილებლობა. შესაბამისად, ძალაუფლების უზურპატორები აღარ გვეყოლება და ხელისუფლებაში შიდაპოლიტიკური ბალანსი გაჩნდება. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, არა ისეთი, როგორც დღეს მუშაობენ პარტიები. პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ტელევიზიით “ბრძნულ” აზრებს რომ დააფრქვევენ, ეს საკმარისია. ოპოზიციას სჭირდება მუშაობა, ხალხთან დიალოგი, სოფელ-სოფელ სიარული. ჩემი აზრით, ამას აგვიანებენ, ეს კი მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც კონფიგურაციების ჩამოყალიბება. კონფიგურაცია როგორიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ხალხის მხარდაჭერა არ გექნება, რა მნიშვნელობა აქვს? ხალხთან ხიდი უნდა გაიდოს!”, – დასძენს გია ხუხაშვილი.
უბიძებს თუ არა დასავლეთი ზელენსკის მოლაპარაკებისაკენ – უკრაინის მიმართ პესიმისტური განწყობები ძლიერდება
“დასავლურ მედიაში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად განიხილება ში ომის დასრულების სცენარი, რომლის მიხედვითაც ოფიციალური შესაძლოა იძლებული გახდეს გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ სამშიდობო შეთანხმების გაფორმებს დათანხმდეს. რატომ გაძლიერდა ამგვარი პესიმისტური განწყობები და ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს? ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთი ტენდენციის გაჩენას, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, დასავლეთს თანდათან ეწურება უკრაინის დახმარების რესურსები და გარკვეულწილად იცვლება მიდგომა უკრაინის კონფლიქტისადმი. ეს ჩანს თუნდაც იმაში, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონკრესის წინააღმდეგობის გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვერ ახერხებს უკრაინისათვის დახმარების გამოყოფას. გარდა ამისა, ვერ სრულდება ევროპელთა დაპირება, რომ უკრაინას გაზაფხულამდე მილიონ ჭურვს მიაწვდიან, რის გამოც უკვე გაჩნდა ფრონტზე “ჭურვების შიმშილის” საფრთხე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უბიძებს თუ არა დასავლეთი ზელენსკის მოლაპარაკებისაკენ – უკრაინის მიმართ პესიმისტური განწყობები ძლიერდება.
“მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბერს დაწყებულმა -“ჰამასის”კონფლიქტმა, რის გამოც დასავლეთის ყურადღება თითქმის მთლიანად ახლო აღმოსავლეთზე გადაერთო და უკრაინის საკითხმა ძველებული აქტუალურობა დაკარგა. ამას ემატება არჩევნების თემაც. მაგალითად, სლოვაკეთსა და ნიდერლანდებში ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მემარჯვენე ძალები მოვიდნენ, რომლებიც უკრაინის დახმარებას ღიად ეწინააღმდეგებიან. ზოგადად, ევროპაში მემარჯვენეების გაძლიერებას თავისი მიზეზები აქვს, ეს ტენდენცია კი შესაძლოა 2024 წელ დაგეგმილ სხვა არჩევნებზეც გაგრძელდეს და საბოლოოდ უკრაინაზეც აისახოს. გარდა ამისა, აშშ-შიც უკვე იწყება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება. 2024 წელს ასევე გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნებიც. რაც შეეხება თავად უკრაინაში არსებულ განწყობებს, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ორი დღის წინ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება არ გამორიცხა… ამ ყველაფერთან ერთად, ანალიტიკოსთა შეფასებით, პეისმისტურ განწყობებს აძლიერებს უშალოდ ფრონტზე მიმდინარე მოვლენების დინამიკაც. უკრაინის გაზაფხულის კონტრშეტევის ჩავარდნის შემდეგ, რუსული არმია ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე თანდათან იბრუნებს ინიციატივას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ აშშ და გერმანია აპირებენ აიძულონ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ პირდაპირ არ სთხოვონ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გამოცემა იუწყება, რომ ეს ინფორმაცია მათ ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. “გერმანულ-ამერიკული გეგმა ასეთია: მიაწოდოს კიევს ზუსტად ის იარაღი და ზუსტად იმ რაოდენობით, რომ უკრაინის არმია ამჟამინდელი ფრონტის შენარჩუნება შეძლოს, მაგრამ ვერ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების ბრძოლით უკან დაბრუნება”, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში. მათივე აზრით, ამის შედეგად ზელენსკი დამოუკიდებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ გააუმჯობესონ თავიანთი პოზიციები ფრონტის ხაზზე და ამიტომ კონფლიქტის გაგრძელებას უკრაინისთვის აზრი აღარ ექნება. როგორც გამოცემასთან ანონიმი თანამოსაუბრე ამბობს, ამ გეგმის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას აქვთ გარკვეული გეგმა “ბ”, რომელიც გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთ-უკრაინას შრის ერთგვარი კვაზი-საზღვრის გავლებას, ხოლო მხარეები არ მოაწერენ ხელს არანაირ შეთანხმებას. ამერიკული “ბლუბმერგის” ინფორმაციით კი, უკრაინაში იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ემხრობიან რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ტერიტორიების დათმობების სანაცვლოდ. თუმცა, გამოცემა აქვე წერს, რომ ისინი უმცირესობაში არიან”, – განაგრძობს გამოცემა.
“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პესიმისტური განწყობები ძირითადად ევროპაში შეიმჩნევა და ამისი რამდენიმე მიზეზია. “მსგავსი განწყობები ძირითადად ევროპულ გამოცემებში შეიმჩნევა, მიზეზი კი რამდენიმეა. პირველ რიგში, ევროპის სახელმწიფოებს უკრაინის დახმარების რესურსი ამოეწურათ. ასევე მიზეზი ისიცაა, რომ გარკვეულ ქვეყნებში არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალები დაწინაურდნენ. ასევე უკრაინის მიერ დაანონსებული შეტევისგან უფრო ბევრს ელოდნენ და მოლოდინები არ გამართლდა. ამასთანავე, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში სხვადასხვა პოზიციებია, ერთ დროს ერთი გუნდის წევრები ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან – არესტოვიჩი ზელენსკის გადაუდგა და ბევრი რაღაც ისაუბრა და ესეც გარკვეულ ეჭვებს ბადებს დასავლეთში. კორუფციის თემაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. საკმაოდ მძიმე ზამთარი მოდის და ევროკავშირს ენერგოუსაფრთხოების პრობლემა აქვს. თხევადი გაზის მიწოდებამაც მაინცდამაინც ვერ გაამართლა”, – ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “ისინი, სამწუხაროდ, ისევ რუსულ გაზზე არიან დამოკიდებული”, – დასძენს გამოცემა.
“აქვე ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ აღმოსავლეთში ისრაელსა და პალესტინას შორის სიტუაცია დაძაბულია. ამან კიდევ უფრო გაართულა თხევადი გაზის ტრანსპორტირების საკითხი კატარიდან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან და ბუნებრივია, რომ ევროპის პოზიცია საკუთარი უსაფრთოების კონტექსტიდან გამომდინარეა. აშშ-ს რაც შეეხება, უკრაინასა და ისრაელს რომ დახმარება შეუჩერეს, ალბათ ეს საკითხი დეკემბრის 15-მდე თუ არ მოგვარდა (აშშ-ის საფინანსო მექანიზმის პროცედურა ითვალისწინებს მოცემულ ვადას), ამან შესაძლოა საკმაოდ მძიმე სიტუაცია შექმნას. ეს ისრაელს ნაკლებად ეხება. დასავლეთიდან რამდენიმე განცხადება იყო, რომ უკრაინის დამარცხება მათი დამარცხებაა. თუმცა ახლა სიტუაცია უპროგნოზოა და რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი, ჯერჯერობით უცნობია. თან ახლა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ზოგადად, 2024 წელი არჩევნების წელია. რუსეთსა და დასავლეთს შორი გაქანებული ჰიბრიული ომია და თუ უკრაინამ მშვიდობის სანაცვლოდ რაღაც დათმო, მაშინ გათამამდება და შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც გადასწვდეს. ეს კი დასავლეთისთვის პირდაპირი საფრთხეა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი კამპანია ნიადაგის მოსინჯვაა. “ესაა ფორის მოსინჯვა იმისთვის, რომ დროებითი ე.წ. ზავი ჩამოვარდეს, რადგან რეალურად უკვე დასავლეთსაც რესურსების შემცირება უწევს, რომლითაც უკრაინას ეხმარებოდა. ყველა ელოდა, რომ ზაფხულის უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული გამოდგებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამიტომ, შესაძლოა, დასავლეთს დახმარების გაგრძელება აღარც სურს და აღარც შეუძლია. ამას ისრაელის ფაქტორიც დაემატა – დახმარებას ისიც ითხოვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთის ის პოლიტიკა, რასაც აქამდე აწარმოებდა უკრაინის არმიის დოზირებულად დახმარებისთვის, იმაში გამოიხატებოდა, რომ მივცეთ უკრაინის არმიას იმდენი იარაღი, რომ მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ არ მივცეთ იმდენი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების გეგმები ჩაფუშოს, რომ მერე პუტინმა საკუთარი არმიის მარცხის გამო, ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. ეს შიში დასავლეთში სულ იყო და ამიტომაც იარაღს დოზირებულად აძლევდნენ”, – განმარტავს ალადაშვილი, რომლის თქმით “რეალურად დახმარება არასაკმარისი აღმოჩდა და ბევრი – ძალიან დაგვიანებული”, – წერს სტატიის ავტორი.
“უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობა გასაზღვრა არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ხელმძღვაბნეობის შეცდომებმა, არამედ დასავლეთის სამხედრო დახმარების ამ დოზირებულმა პოლიტიკამაც, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალებს მეტი დრო მიეცათ თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად. ფრონტზე ორივე მხრიდან დიდი შეტევები გამოირიცხა, მაგრამ ეტყობა, რომ რუსები ყველა ძალით შეეცდებიან ავდეევკა როგორმე აიღონ. საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის 17 მარტს რუსეთში პრეზიდენტის არჩევნებია, რა თქმა უნდა პუტინი გაიმარჯვებს და მანამდე უნდათ, რომ უკრაინაში ახალი ქალაქები დაიპყრონ და განსაკუთრებით კრამატორსკი და სლავიანსკი, რომ მთლიანად დონეცკის ოლქი ოკუპირებული ჰქონდეთ, ამისკენ იღწვიან. სხვა ცხელი წერტილებია ჩრდილოეთიდან კრემენნოე, სადაც რუსები უტევენ. ბახმუტში ორივე მხარე უტევს. ხერსონში შეტევაზე უკრაინელები არიან გადასული და პლაცდარმის შექმნას ცდილობენ, თუმცა იქაც კაცმა არ იცის რა მოხდება, რადგან რთული სიტუცაიაა”, – დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
დავით ზურაბიშვილი – “პრინციპულად მნიშვნელოვანია მესამე დიდი გაერთიანების შექმნა”
“მეორდება ის, რაც ადრეც იყო – ვიღაცები სულ ცდილობდნენ თავი მიეჩნიათ მესამე ძალად და შეექმნათ რაღაც განსხვავებული ერთობა, რაც ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა. მეორე მხრივ, სააკაშვილი და `ნაცმოძრაობა~ ყოველთვის ცდილობდნენ, თვითონ ყოფილიყვნენ ერთობის დროშით გამოსული და გარშემო შემოეკრიბათ დარჩენილი ოპოზიციაც. სინამდვილეში კი ამით “ნაცმოძრაობა” მსხვილდებოდა და მეტი არაფერი. დღესაც იგივე ხდება, შესაძლოა მოთამაშეები არიან, მაგრამ ზოგჯერ იგივეც, მაგალითად, “ლელო” თავიდანვე ასე იყო – 2020 წელსაც ამ ეგიდით გამოდიოდა და მაშინაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ მესამე ძალა იქნებოდა და მეტს აიღებდა, მაგრამ ვერ აიღო. ჩვენს ოპოზიციას ერთი მთავარი პრობლემა აქვს – ერთია ზოგადი ლაპარაკი, რომ სურთ მესამე ძალის შექმნა, მეორეა შინაარსი, თუ რა იგულისხმება ამ მესამე ძალაში, ვინ რა პოზიციით იქნება ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, ეს მესამე ძალა მხოლოდ დეკლარირებულ განცხადებად დარჩება”, აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრინციპულად მნიშვნელოვანია მესამე დიდი გაერთიანების შექმნა”.
“ძალიან მაცდურია საკმაოდ დიდი მასა იმ ხალხისა, ვისაც არც “ნაცმოძრაობა” უნდა და არც “ოცნება”, მაგრამ ეს მასა არ არის ერთგვაროვანი, მისი შეკრება არ არის ადვილი. რაც შეეხება “ლელოს”, მე მაინც მგონია, აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხაზარაძე უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი, პოლიტიკასაც ბიზნესმენის თვალით უყურებს. ჰგონია, რომ როგორც ბაზარზე შეიძლება ვიღაცის შევიწროებით წარმატების წართმევა, პოლიტიკაშიც იმავეს გააკეთებს, მაგრამ პოლიტიკა სხვა ტიპის სისტემაა, ხოლო ბიზნესი – სხვა. მაგალითად, ნარატივს ვერ ჩამოართმევ სხვას. ეს შეუძლებელია და მით უმეტეს, ვერ ჩამოართმევ “ნაცმოძრაობას”, რომელიც დიდი პარტიაა და პლუს საინფორმაციო საშუალებების დეფიციტიც არა აქვს. ის ნარატივი, რომელიც მას აქვს უკვე ათი წელია, რანაირად შეიძლება წაართვა ერთ-ორ თვეში ან თუნდაც წელში? ეს პრინციპულად გამორიცხულია. ამას თუ გააცნობიერებ, მერე მიხვდები, რომ სხვა გზას უნდა დაადგე, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ამას ვინმე აცნობიერებდეს. შევეცდები ძალიან მარტივი სქემით გაჩვენოთ, რატომ არ გამართლდება ოპოზიციის მოლოდინი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ე.წ. შუაშისტები შეიძლება სამ ნაწილად გავყოთ: ის, ვისთვისაც “ნაცმოძრაობა” უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე ხელისუფლება. მათ “ნაცმოძრაობა” არ მოსწონთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მასთან თანამშრომლობა შეიძლება, რადგან ხელისუფლებაში რომც მოვიდეს, ეს უფრო პატარა უბედურება იქნება, ვიდრე “ოცნების” დარჩენა; არის მეორე ნაწილი, რომელიც აბსოლუტურად პირიქით ფიქრობს, რომ “ნაცმოძრაობის” მოსვლა უფრო დიდი უბედურება იქნება და “ოცნებას” უყურებს როგორც ნაკლებ ბოროტებას; და მესამე ნაწილი, რომელიც ორივეს თანაბარ ბოროტებად აღიქვამს. შეიძლება ითქვას, ეს მეორე და მესამე დაახლოებით ერთი და იგივეა და ერთნაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, თუ შენ გამოდიხარ “ნაცმოძრაობის” მსგავსი მესიჯბოქსითა და ნარატივებით, მათთვის მაშინვე მიუღებელი ხდები. სხვა მესიჯბოქსით კი პირველი ნაწილისთვის ხდები მიუღებელი. პრობლემა ამ ამომრჩევლის საერთო ნიადაგზე გაერთიანებაა. თუ შენ იტყვი, მე შევალ პარლამენტში და მერე “ნაცმოძრაობასთან” ერთად შევქმნი კოალიციასო, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა მეორე და მესამე ნაწილი მთლიანად დაკარგე. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ოცნება” მთელი ძალით ჩართავს პროპაგანდას და შეეცდება ყველა “ნაცად” გამოიყვანოს. ამას ვერ აცნობიერებენ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“უკეთ უღებს ალღოს ამ ვითარებას გახარიას პარტია, მაგრამ მას სხვა ნაკლი აქვს. ჯერ ერთი, თვითონ არ არის იმდენად თვითკმარი, რომ ალტერნატივად გამოჩნდეს, 15-20%-ის ამღებად. ასეთ ალტერნატივად არც ერთ კვლევაში არ ჩანს. თუმცა ფაქტია, შედარებით სწორი მესიჯბოქსით ფიგურირებს. მისი მეორე და ყველაზე სერიოზული ნაკლია, რომ არა აქვს კარგი ურთიერთობა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც დაახლოებით იმავე ამომრჩევლებზე არიან გასული, ვისთანაც თვითონ. ვგულისხმობ, მაგალითად, ალეკო ელისაშვილს და ს. როდესაც ამ პარტიების მიმართ ავლენ უარყოფით დამოკიდებულებას, ამით ამომრჩეველი არ გემატება, პირიქით. ეს სოციოლოგიის კანონია – ჯობს ერთნაირი ტიპის პარტიები შეიწოვო, ვიდრე მათი ჩაძირვა სცადო, ეს შენც გაზარალებს. თუ გახარიას პარტია გააგრძელებს ისეთ პოზიციონირებას, როგორიც ახლა აქვს, ცხადია, 5%-იანი ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში შესვლის უფრო დიდი შანსი აქვს და, ალბათ, მოხვდება კიდეც, ვიდრე, სავარაუდოდ, “ლელოს” გარშემო გაერთიანებული ძალიან ჭრელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არა მგონია, ისეთ სერიოზულ მესიჯბოქსზე ჩამოყალიბდეს, რომ ყველასთვის იყოს მისაღები”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“პრინციპში დაეშვებიან “ნაცმოძრაობაზე” ორიენტირებულ შუაშისტების დონემდე, ვისთვისაც “ნაცმოძრაობა” უფრო ნაკლები ბოროტებაა. არ უნდა მოტყუვდნენ იმით, რომ ეს ხალხი, ვისთვისაც “ნაცმოძრაობა” ნაკლები ბოროტებაა, შეადგენს დღევანდელი სამოქალაქო აქტივისტების ლამის 90%-ს. შესაძლოა მათ ისინი უქმნიან ილუზიას, რომ ეს კატეგორია დიდია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. “ლელოს” მხარდამჭერების გაზრდა შესაძლებელია მოხერხდეს “ნაცმოძრაობაზე” ორიენტირებული შუაშისტების ხარჯზე – მაგალითად, თუ იმ სამოქალაქო აქტივისტებსა და იმ ოპოზიციურ პარტიებს გაიერთიანებს, რომელთათვისაც მიუღებელია “ქართული ოცნება”, მაგრამ სამომავლოდ მაინც განიხილავენ თანამშრომლობას “ნაცმოძრაობასთან”. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თუ გინდა ისეთი­ დიდი გაერთიანება, რისი ამბიციაც აქვს “ლელოს”. მაშინ ამაზე კი არა, იმაზე უნდა იფიქრო, რომ იყო შემკვრელი ფიგურა, რომლის გარეშეც დიდი გაერთიანება არ იქმნება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ამ დიდ გაერთიანებაში უნდა იყოს გახარიას პარტიაც. თუ ასეთი დიდი გაერთიანება შეიქმნება და ვიღაც იტყვის, მე არ მინდა აქო და დაუპირისპირდება, მაშინ ის განულდება”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე – “ლელოს”აქვს პოტენციალი, რომ ამ გამაერთიანებლის როლი შეასრულოს, თუნდაც მესიჯბოქსი შეცვალოს?” – პასუხობს:
“არა. სხვათა შორის, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში ახალი შემოსულია – მე მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები – მაგრამ მან ცოტა ხნის წინ დაწერა და აბსოლუტურად სწორი აზრია, რომ თუ ორივესგან არა ხარ გამიჯნული, ნებისმიერ ვარიანტში ხარ რომელიმესთან. ოპოზიციამ ეს ვერაფრით ვერ გაიგო. ამ სწორ მესიჯბოქსზე რამდენად შეძლებს სალომე ზურაბიშვილი დიდი ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებას, არ ვიცი, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია. ისიც შესაძლებელია, რომ ეს გაერთიანება ყველაზე რეიტინგული გამოდგეს”.
“რაც შეეხება გამაერთიანებლის როლში სალომე ზურაბიშვილს, ვინც მას იცნობს, ძალიან რთულია იწინასწარმეტყველორას გააკეთებს. მე მის ადგილას რომ ვიყო, და ის შესაძლებლობები და თუნდაც ის ინსტიტუციური რეიტინგი მქონდეს, რაც მას აქვს, ამას ნამდვილად გავაკეთებდი, მეტიც, ამისთვის უკვე მუშაობაც მექნებოდა დაწყებული. თუ ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, დანარჩენები, ასე ვთქვათ, ცუგცვანგის პოზიციაში აღმოჩნდებიან – თუ უარს იტყვი, ეს ნიშნავს, რომ შენ პრაქტიკულად დიდ ბლოკზე თქვი უარი და ამით ხელისუფლებას შეუწყვე ხელი. ასეთ შემთხვევაში, არც გახარია და არც “ლელო” ამაზე უარს არ იტყვიან. არ იტყვიან კი არა, ვერ იტყვიან. ცხადია, მერე რთული იქნება იმის დაწყობა, ვის მეტი და ვის ნაკლები ერგება, მაგრამ ეს მაინც ტექნიკური საკითხებია და შეიძლება დალაგება. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ გახარიმაც და “ლელომაც” მეტი მანდატი აიღონ, ვიდრე ცალკე გასვლის შემთხვევაში შეძლებენ აღებას – ანუ თუ ეს გაერთიანება შედგება, ერთნაირად დისტანცირებული იქნება “ოცნებისგანაც” და “ნაცმოძრაობისგანაც” და საერთოდ განსხვავებულ პლატფორმაზე იქნება, შესაძლოა იმხელა რეიტინგი ჰქონდეს, რომ მართლა გარდატეხა შეიტანოს ვითარებაში. თუ ასე არ გამოვიდა, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის შანსი მცირეა”, – დაასკვნის რესპონდენტი.
“სალომე ზურაბიშვილის ეგიდით თუ მოხდება გაერთიანება, ამის შანსი ძალიან დიდია და შესაძლოა უფრო მეტისაც. თუ არადა, მეეჭვება, გახარიას, “ლელოსა” და სხვებს თუნდაც ჯამში 15% ჰქონდეთ. კიდევ ერთი მომენტია ის, რომ პოლარიზებულ ძალებს აწყობთ სიტუაციის გამწვავება, რადგან მით უფრო პოლუსებისკენ მიიდრიკება ამომრჩეველი. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია მესამე დიდი გაერთიანების შექმნა, თუ ვიღაცებს მართლაც სურთ რაღაცების შეცვლა ქვეყანაში… “ლელო” ძალიან ჩამოუყალიბებელი პარტიაა ნარატივებისა და მესიჯბოქსების მხრივ – თქვეს, თუ ახლა არ შევცვალეთ ხელისუფლება, აღმოვჩნდებით რუსეთის იმპერიაშიო. ეს არის პირდაპირი გამეორება იმისა, რასაც ამბობს “ნაცმოძრაობა”. დღევანდელი მოცემულობით, “ლელო” პირველ რიგში გახარიასთან გაერთიანებას უნდა ცდილობდეს. თუ ვიანგარიშებთ, რომ ალბათ გამოეყოფა “ნაცმოძრაობას” და თავის გუნდთან ერთად გაერთიანდება “ლელოსთან”, ხელისუფლებას მეტი საშუალება მიეცემა თქვას, ეგენი “ნაცები” არიანო. მაგრამ თუ ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის ფრთის ქვეშ, სადაც “ლელოც” იქნება, გახარიაც, ხატია დეკანოიძეც, ც და სხვებიც, მაშინ ეს იარლიყი ვეღარ მიეკერება. დღეს ამ დიდი გაერთიანების შემკვრელი სალომეს გარდა, სხვა ვერ იქნება”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“ესაა ის შანსი, რომელიც თავის დროზე, 2016 წელს, გაუშვა ხელიდან გიორგი მარგველაშვილმა და შედეგიც ვნახეთ. 2020 წელს ამის შანსი “ლელოს” ჰქონდა, მაშინ ხაზარაძე ახალი იყო, მაგრამ მან თავიდანვე კატასტროფული შეცდომები დაუშვა მესიჯბოქსებში და მისი მარცხი კანონზომიერიც იყო. 2021 წელს ეს შანსი გახარიას მიეცა, მაგრამ გახარიას 20 ივნისი მაინც აწევს ცოდვად. მას შეეძლო “ოცნებაზე” იმედგაცრუებული ბევრი ხალხი წამოეყვანა, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლამ ვითარება რადიკალურად შეცვალა და ყველაზე მეტად გახარია აზარალა, რომელიც, ალბათ, გაცილებით მეტს აიღებდა…. ვფიქრობ, “ოცნებაში” თუკი დაინახეს, რომ მესამე დიდი ძალა იქმნება და მაღალი რეიტინგი აქვს, შეეცდებიან ისევ ბარიერის დაწევაზე წავიდნენ, რათა ამით პატარა პარტიებს ცალკე გასვლის ილუზია შეუქმნან და ჩაშალონ ამ პოტენციური მესამე ძალის შექმნა. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე პარლამენტში ოპოზიციის თანხმობა დასჭირდება. ოპოზიცია კი ამას დათანხმდება თუ არა, ეგეც საკითხავია. ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებას შეეშინდა. ამიტომ “ოცნება” თავიდანვე შეეცდება, რომ ასეთი ალიანსი არ დაუშვას, რადგან ეს მისთვის მართლაც რეალური საფრთხეა”, – დასძენს დავით ზურაბიშვილი.
როგორ შესრულდება ევროკომისიის 9 დათქმა – ხელისუფლებას მის სამოქმედო გეგმაში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს
დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, მაგრამ 9 პირობით. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარმოადგენს. თუმცა, “ოცნებას” ეჭვი ეპარება, რომ ამ პროცესში ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა ახალი რეკომენდაციების შესრულებაში? 9 ევროპული დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმაში შემუშავებული იქნებვს ის ფორმატები, რაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს, მაგრამ “ქართულ ოცნებას” სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობაზე გარანტია კვლავ არ აქვს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შესრულდება ევროკომისიის 9 დათქმა – ხელისუფლება სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარმოადგენს, თუმცა მასში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს.
“პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა, რომ 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში რადიკალური ოპოზიციის ჩართვის იმედი არ აქვთ. “ბოიკოტირებენ, რადგან მავნებლები არიან. მათ აქვთ მხოლოდ ერთი სურვილი – რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღის. იგივე იქნება 9 დათქმის შემთხვევაშიც. პროცესი დაწყებულია, ძალიან ფართოდ გაღებული კარით დაიწყო და ამით პროცესი გახსნილია. ეს მუშა პროცესი მუდმივად ტრანსპარენტული იქნება ოპოზიციისთვის, რაშიც მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა”, თქვა მან. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ამ პროცესში ოპოზიციის ჩართვას. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომნ ოპოზიცია ყველა საჭირო პროცედურაში ჩაერთვება, “ოცნება” კი კვლავ ეცდება მის დისკრეტიტირებას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ასეთი განცხადების შემდეგ უფრო საეჭვო გახდა, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობს. მხოლოდ ევროპელების განცხადებს რომ ყოფილიყო, უფრო მეტი შანსი იყო, ახლა კი ეს ორი მხარე ერთმანეთის ჯიბრით მოქმედებს და შეიძლება ჯიბრიანობის გამო არც მიიღოს ოპოზიციამ ასეთ პროცესი მონაწილეობა. მით უმეტეს, რომ თითქმის ყველასთვის ცხადი გახდა, რომ კანდიდატის სტატუსის მირება თითქმის გადაწყვეტილია. ასე რომ, ზედმეტ ძალისხმევაზე შეიძლება ოპოზიცია აღარ წავიდეს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ბექა ოდიშარიას სურვილი იყო, ხაზი გაესვა, რომ ოპოზიცია არის მავნებელი. საკომიტეტო მოსმენა იქნება თუ პლენარული სხდომები, ოპოზიცია ჩვეულებრივად მონაწილეობას მიიღებს და სხვადასხვა საკითხი, რომელიც ეხება ამ 9 ნაბიჯს 12 რეკომენდაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, განხილული იქნება ოპოზიციასთან ერთად”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
ბადრი ჯაფარიძე – “ჩვენ ბევრად დიდი ამბიცია გვაქვს, ვიდრე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა”.
“შუა უნდა შეიკრიბოს” გულისხმობს საზოგადოების გაერთიანებას, ივანიშვილის სტრატეგიის საწინააღმდეგო ქმედებას, ორპოლუსიანობის აღმოფხვრას და ქვეყანაში დემოკრატიის, მრავალპარტიულობის დაბრუნებას. ეს ნამდვილად არ ნიშნავს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას. ამ ეტაპისთვის რაიმე პოლიტიკურ-პარტიული კომუნიკაცია პარტიებთან არ მიმდინარეობს, არც უახლოეს მომავალში იგეგმება. ძირითადად, სტრუქტურულად ვძლიერდებით… ეს კვლევები ახლახან ჩატარდა, მაშინ, როცა არჩევნებამდე 11 თვეა დარჩენილი. დღეს 2023 წლის ნოემბერია, ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის ოქტომბერზე. დღეს ადამიანებს სულ სხვა საფიქრალი და სადარდებელი აქვთ. თუ გაიხსენებთ გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებს, ერთი წლით ადრე ჩატარებული კვლევები დრამატულად განსხვავდება შედეგებისგან. ასეა მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც. რაც შეეხება 5%-იან ბარიერს, “ქართულ ოცნებას” რომ გადარჩენის გზა ჰგონია, სინამდვილეში მისი დამარცხების რეცეპტია”, – აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ ბევრად დიდი ამბიცია გვაქვს, ვიდრე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა”.
“მმართველი გუნდის ლიდერებს გაუნაწილებელი ხმების იმედი აქვთ, მაგრამ სულ ტყუილად. დაველოდოთ, ვნახოთ, რა მოხდება. მგონი, ბევრს გაუცრუვდება იმედი. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “ქართული ოცნება” ვერ წაიღებს გაუნაწილებელ ხმებს. ჩვენი კვლევებისა და გამოთვლების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენის პერსპექტივა არ აქვს. არჩევნების წინა პერიოდში ეს სურათი უფრო ნათელი და გასაგები გახდება. “ქართული ოცნება” 5%-იანი ბარიერის პირობებშიც დამარცხდება. ჩვენ ბევრად დიდი ამბიცია გვაქვს, ვიდრე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა. ძალიან ბევრს ვშრომობთ იმ შედეგების მისაღწევად, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მოქალაქეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პრორუსული ხელისუფლება პროდასავლური კოალიციური მმართველობით ჩანაცვლდება. დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ მოქალაქეებს ჩვენი ხედვები და პროგრამები გავაცნოთ. ახლა იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ ბოლომდე გამოვკვეთოთ, როგორია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და პრობლემები. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური გეგმა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.
“რაც შეეხება ჩვენს პროექტს “საქართველოს დაცვის აქტს” ის გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს: სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, რუსული ფონდების საქმიანობისა და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და სხვა ზომებს, რათა რუსეთისგან მომდინარე ძალიან სერიოზული საფრთხეები შევაკავოთ. ნაცვლად იმისა, ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამდეს ნაბიჯებს, მთელი 11 წლის განმავლობაში მხოლოდ იმას გაიძახის, მძიმე მემკვიდრეობა გვერგოო. ქვეყნის დეოკუპაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე თქვეს, ეს ქვეყნის ღალატის გეგმააო. ეს არის ზუსტად ისეთი პასუხი, როგორიც უნდა ჰქონდეს რუსეთის მსახურებაში მყოფ “ოცნებას”. არც ვიცი, რა უნდა ვუპასუხო ამ მავნებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას, ისევ შევთავაზებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებს და კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებისგან დაცვას ემსახურება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩვენი რეზოლუცია არის პასუხი თამაზ გინტურის ვერაგულ მკვლელობაზე, ოჩამჩირეში ახალი საზღვაო ბაზის აშენებასა და საქართველოში საომარი მოქმედებების რისკის გადმოტანაზე, საოკუპაციო ზოლზე ახალი საგუშაგოების განლაგებაზე და ა.შ. როგორც კი ხელისუფლებას მოღალატე “ქართული ოცნება” ჩამოშორდება, მაშინვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა რუსული გავლენის შეჩერებასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე. რუსული ძალის მსახურებაში მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომ ვაშინგტონში საკუთარი ქვეყნის დასაბეზღებლად ჩავედით, მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელი აბსურდია?! ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე. ვაშინგტონში პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისა და ემიგრანტების ქვეყნის ცხოვრებაში გააქტიურებისთვის იყო. საუბარი იყო იმაზეც, თუ როგორ უნდა იყოს ამერიკა წარმოდგენილი ხანგრძლივვადიან დამკვირვებლებად საქართველოში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი “ქართულ ოცნებას”, რომ არჩევნები არჩევნებამდე არ გააყალბოს. ჩვენ შეხვედრა გვქონდა შეერთებული შტატების ახალდანიშნულ ელჩთანაც და საკმაოდ საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა. რაც არ უნდა თქვას პაპუაშვილმა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამერიკელებსა და ევროპელებთან თანამშრომლობას, მას კი შეუძლია გოსდუმის დეპუტატებს შეხვდეს”, – დასძენს ბადრი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა – ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა