ცესკოს ლეგიტიმაციის საკითხი – რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რისთვის ამზადებს ამით საფუძველს
შუაშისტების მიმხრობის ფორმულა – ვისკენ გადაიხრება ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” მოსწონს და არც ენმ
რა შეაჩერებს აფხაზეთში რუსების მიერ უძრავი ქონების მიტაცებას – ოპოზიცია პარლამენტში დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს
* * *
ცესკოს ლეგიტიმაციის საკითხი – რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რისთვის ამზადებს ამით საფუძველს
“ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ლეგიტიმაციას კითხვის იშნის ქვეშ აყენებს და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ვენეციის კომისიის დასკვნა მოჰყავს. კალანდარიშვილის ოპოზიციონერი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველმა პარტია თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა კანონმდებლობა, რადგან სხვა შემთხვევაში დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწორედ ის იქნებოდა. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტები, უნდა ველოდოთ თუ არა არჩევნებამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევას და რისთვის ამზადებს საფუძველს ოპოზიცია დღეს ცესკო არალეგიტიმურობაზე საუბრით? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ გიორგი კალანდარიშვილი კანონის მიხედვითაა თანამდებობაზე და თუ ოპოზიციას კანონთან აქვს პრობლემები, მაშინ კანონი უნდა გააპროტესტონ და არა კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარედ ყოფნა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ცესკოს ლეგიტიმაციის საკითხი – რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რისთვის ამზადებს ამით საფუძველს.
“მათ არ აქვთ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლის მოლოდინი, რადგან ამ მხრივ რამდენიმე გადაულახავი პრობლემაა, პირველ რიგში კი კონსენსუსის არარსებობა პოლიტიკურ ძალებს შორის და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. რაც შეეხება ყოველივე ამაში პრეზიდენტის როლს, გასულ წელს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, მიღებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიცია დღეს იმიტომ საუბრობს ცესკოს თავმჯდომარის არალეგიტიმურობაზე, რათა შექმნას იმის საფუძველი, რომ შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების შედეგები არ ცნონ. სამშაბათს ცესკოს თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დახურულს კარს მიღმა გამართული შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მისი ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების მიზანი მანიპულაციები და სპეკულაციებია. თქვა, რომ საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს აქვს სრული უფლებამოსილება, ვიდრე არ მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, ძველი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებლად ახლა იგი უნდა იყოს, სანამ ახალ თავმჯდომარეს აირჩევდნენ, თუმცა “ოცნებამ” წესი შეცვალა და მოქმედ თავმჯდომარეს მომდევნო თავმჯდომარის არჩევნებამდე ვადა გაუხანგრძლივა. “ოცნებამ” წესი შეცვალა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ არ აირჩა, მაშინ მოქმედ თავმჯდომარეს უხანგრძლივდება ვადა მომდევნოს არჩევამდე. მათ მომდევნოს არჩევა გაწელეს უკვე ორი წელია, რაც არის არაკონსტიტუციური ნორმა. ეს რომ ჩაწერეს, ისინი აპელირებდნენ, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ, მეთაურის გარეშე ვერ დავტოვებთ საარჩევნო ადმინისტრაციასო, მაშინ, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის თანამდებობა სწორედ ამიტომ იყო შემოღებული, რომ თუ არ არის ცესკოს თავმჯდომარე, ის უნდა ასრულებდეს მის მოვალეობას”, – აღნიშნა სიორიძემ, რომლის თქმით, “ასე იყო შარლ მიშელის სულისკვეთება და ასე წერია ჯერ კიდევ კოდექსში, რომ თუ თავმჯდომარე არ არის, მის მოვალეობას, პირველ რიგში, ოპოზიციონერი მოადგილე ასრულებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ივლისში პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას ეხება, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო. წინა რედაქციით, “დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის (ცესკოს წევრების) კანდიდატთა შესარჩევ კომისიას”. შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა. ცვლილებების შემდეგ, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლება. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. არჩევა კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ კალანდარიშვილის თანამდებონბაზე ყოფნა ლეგიტიმურია, ოპოზიცია კი ცდილობს ეს თემა ხელზე დაიხვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს”, – დასძენს გამოცემა.
“ვინ დაამტკიცა, რომ ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურია? ოპოზიცია შეიძლება ამბობს, მაგრამ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ ის არალეგიტიმურია? რამდენადაც ვიცი, არავის თავის დასკვნაში და შეფასებაში არ უთქვამს, რომ კალანდარიშვილი თავის ჩანამდებობას არალეგიტიმურად იკავებს. ოპოზიციის წარმოდგენებში კალანდარიშვილი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და რადგანაც ის ოპოზიციის დაკრულზე არ ცეკვავს და ოპოზიციას სავარაუდოდ უნდა, რომ ცესკოს ისეთი თავმჯდომარე ჰყავდეს, რომელიც უფრო მათკენ იქნება გადახრილი და მათ ინტერესებს გაითვალისწინებს – გასაგებია მათი დამოკიდებულება ამჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ. ამით ისინი არა მარტო კალანდარიშვილის, არამედ ზოგადად საარჩევნო სისტემის და არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობენ, რადგან, თუკი არჩევნებში ის შედეგები ვერ მიიღეს, რასაც გეგმავდნენ, ხელზე რაღაც ხომ უნდა დაიხვიონ… ამ შემთხვევაში ვეყრდნობი ვენეციის კომისიის დასკვნას, სადაც არის რეკომენდაცია, რაც ფაქტიურად არის იგივე შარლ მიშელის 19 აპრილის შთანხმების რეკომენდაციის გადამეორება – რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსენსუსის საფუძველზე იქნეს არჩეული”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“მაგრამ ორწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და იმის გათვალისწინებით, რომ გადაულახავი პოლარიზაციაა, ვერ ხერხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა კონსენსუსის პრინციპით. ოპოზიციის სასურველი კანდიდატი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ხელისუფლების კი – ოპოზიციისთვის. ეს პრინციპი რომ მოქმედებს, ამიტომაცაა, რომ ჩვენ ჯერჯერობით სრულფასოვანი, 5-წლიანი ვადით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე არ გვყავს. მმართვლმა პარტიამ კი ეს საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ იმიტომ განახორციელა, რომ ამ პრაქტიკას წერტილი დაესვას. არჩევნებამდე ახალი თავმჯდომარის არჩევა მოსწრებით მოსწრებადია, უბრალოდ ამას ალბათ პოლიტკური ნება სჭირდება, იგივე კონსენსუსის მიღწევის სურვილი ორივე მხრიდან და მე პირადად ასეთ ნება-სურვილს ვერ ვხედავ. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებაზე ზემოწმედება დაიწყონ, რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსენსუსის გზით იქნას არჩეული”, – დაასკვნის ანჯაფარიძე.
“მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ხელისუფლება ამაზე წავა, ეს სადამდე მიგვიყვანს, დღეს ამის პროგნოზირება რთულია. იგი მიიჩნევს, რომ `ეს პრაქტიკულად შეუსრულებელი ამოცანაა”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირძე ასევე აცხადებს, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე ლეგიტიმურია და თუ ოპოზიციას პრეტენზია კანონთან აქვს, კანონი გააპროტესტოს. “რამდენადად ვიცი, პარლამენტმა კანონი მიიღო და ამის შესაბამისად მოხდა კალანდარიშვილის არჩევა. შესაძლოა ენდობოდე, ან არა, ან შესაძლოა კითხვის ნიშნები გქინდეს, მაგრამ ლეგიტიმაცია სხვა რამეა”, – ამბობს ძაბირაძე, რომლის განმარტებით, “არალეგიტიმური იქნებოდა. თუ ის კანონდარღვევით იქნებოდა მიღებული ან თუ ოპოზიციას კანონთან აქვს პრობლემები, მაშინ კანონი უნდა გააპროტესტონ და არა კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარედ ყოფნა”, – წერს სტატიის ავტორი.
“არა მგონია, რომ არჩევმებამდე ამ მიმართულებით ახალი და დიდი ცვლილება მოხდეს, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და თუ კალანდარიშვილის გადადგომაზეა საუბარი, მაშინ ოპიზიციამ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა უნდა დაიწყოს, რისი რესურსიც ამჟამად არ გააჩნია. ვისაც რა უნდა ის შეუძლია თქვას, მაგრამ არჩევნების შედეგების არცნობა ერთია, მაგრამ მეორეა საზოგადოება ამას რამდენად გაიზიარებს. ოპოზიციას აქვს კი იმის გარანტია, რომ არჩევნების არცნობის შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობა დაიწყება და თუ დაიწყეს, რაიმე შედეგს მოუტანს? მარტო ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიების გამოთქმა საკმარისი არაა. აუცილებელია, რომ საზოგადოება თავად დარწმუნდეს ყველაფერში”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
შუაშისტების მიმხრობის ფორმულა – ვისკენ გადაიხრება ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” მოსწონს და არც ენმ
“ვის და როგორ შეუძლია ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობა, რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც “ქართული ოცნება”, ისე “ნაციონალური მოძრაობა”? ანალიტიკოსთა შეფასებით, არჩევნებამდე დარჩენი 10 თვეში ახალი ე.წ. მესამე ძალის ფორმირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას, სავარაუდოდ, ოპოზიციაშიც აცნობიერებენ. მოქმედ პარტიებში კი, მათივე შეფასებით, არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ფიგურა, რომელიც, საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შუაშისტებისათვის შეიძლება მიმზიდველი იყოს. რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ “შუაშისტების” მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვონ არჩევნებზე? ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამის მზა რეცეპტი არ არებობს, თუმცა, პირველ რიგში, ასეთი პარტია არ უნდა ასოცირდებოდეს არც ენმ-სთან და არც “ქართულ ოცნებასთან”. ასევე მას უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული საარჩევნო კამპანია და გეგმა და უნდა იყოს ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურებით დაკომპლექტებული”, – წერს გაზეტი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შუაშისტების მიმხრობის ფორმულა – ვისკენ გადაიხრება ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” მოსწონს და არც ენმ.
“გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ნდობა და რეპუტაცია, რათა ამომრჩეველში ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად იქნას აღქმული. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით საქართველოში ე.წ. მესამე ძალა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, რომლის შედეგადაც შესაძლოა ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა წარმოიქმნას. მისი თქმით, თუკი “ლელო” და მელია-გვარამიას ახალი პარტია ერთად იქნებიან, 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავენ, მაგრამ ზრდის პერსპექტივა რამდენად ექნებათ, რთული სათქმელია, რადგან ეს ამომრჩეველი უფრო გახარიასკენ შესაძლოა გადაიხაროს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ამ ეტაპზე იმის შანსი, რომ ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალად ჩამოყალიბდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მელია-გვარამია და “ლელო” თუკი ერთად გამოჩნდებიან, მათ ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობის ყველაზე ნაკლები შანსი ექნებათ. გარდა ამისა, აბაშიძეს ამ მხრივ ექსპრემიერ გახარიას პარტიის პერსპექტივასაც ეჭვით უყურებს და მიიჩნევს, რომ შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობის შანსი არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუკი ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“შუაშისტური არის ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ სურს. ამიტომ ეს ამომრჩეველი ცოტა პრეტენზიული და დაკვირვებულია. შეიქმნება თუ არა ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრი, ჯერ არ ვიცით, რადგან ენმ-ის გაყოფის თუ გაჩეხვის პროცესი არ დასრულებულა. უფრო სწორი იქნება ვიფიქროთ იმაზე, თუ მელიას გუნდის შემადენელი ნაწილი ვინ იქნება. არ მგონია, რომ შუაშისტი ამომრჩევლისთვის ნიკა გვარამია, მელია და ენმ-ის სხვა ყოფილი წევრები მისაღები იყოს მათი წარსულისა და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე. მართალია, “ლელოც” ცდილობს ამ შუაშისტურ ამომრჩეველზე იმუშაოს, მაგრამ მის მიმართ ნდობა ამ ამომრჩეველს დაკარგული აქვს. ამის მიზეზი კი გვახსოვს, 2020 წლის არჩევნებია. მეორეს მხრივ კი, ამ პარტიამ შეიფარა ყოფილი “ნაცები”. ასევე მათი ნარატივი და განცხადებები თითქოს ენმ-ის დღის წესრიგის მსგავსია. ამიტომ “ლელოს” ნაკლები შანსი აქვს, რომ ეს ამომრჩეველი მიიმხროს. ამის პარალელურად შუაშისტ ამომრჩეველზე მუშაობს გიორგი გახარიაც. ამ ორს შორის ამ ამომრჩევლის დაინტერესების უფრო მეტი პერსპექტივა აქვს გახარიას. გახარია ერთდროულად ხელისუფლების და ენმ-ის მხრიდანაც დარტყმის ობიქქტია. ამიტომ შუაშისტი ამომრჩევლისთვის ის უფრო საინტერესო ფიგურა იქნება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საპარლამენტო ჯგუფი. არ ვგულისხმობ გოცირიძე-დეკანოიძეს, რომლებიც ალბათ მელიას გუნდში იქნებიან. ვგულისხმობ, “გირჩს”, ელისაშვილს და კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატს. არსებობს კიდევ ანა დოლიძე, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია. ამიტომ შესაძლოა ამ საპარლამენტო ოპოზიციამაც თუ გაერთიანება მოხდება, შუაშისტური ამომრჩევლის ხმები წაიღოს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ამ ამომრჩევლის გადაბირება. თუ გვარამია, “ლელო” და მელია ერთად იქნებიან, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობა 2”-ად წარმოაჩინოს. ამიტომ შუაშისტი ამომრჩეველი დააკვირდება პარტიების ყველა განცხადებას და მოქმედებას. შუაშისტი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია დისტანცირებული იყოს ხელისუფლებისგანაც და ენმ-ისგანაც”, – დაასკვნის ძაბირაძე.
“ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე იმდენად არის გაკოტრებული, რომ რა ამომრჩეველიც ჰყავდათ, ისიც დაკარგეს და ახალი ელექტორატის მოძიების ხომ არანაირი შანსი არ აქვთ. “ლელო”, რომელსაც ე.წ. მესამე ძალის ამბიცია ჰქონდა, ისე დაემსგავსა ენმ-ს, რომ 2%-ის გარშემო ტრიალებს. რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს – გვარამია და მელიას, ისინიც რეპუტაციულად იმდენად გაკოტრებულები არიან, ალბათ ენმ-ის ელექტორატზე თუ იმუშავებენ და იმის რაღაც პროცენტს წაიღებენ, თორემ სხვა ამომრჩევლის დაინტერესების შანსი მათ არ აქვთ. არც იმას ვფიქრობ, რომ გიორგი გახარია შეძლებს ამ კატეგორიის ამომრჩევლის მიმხრობას. ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში იყო გაუჩინარებული, ხოლო როცა გამოჩნდება, იმდენად აბსურდულად საუბრობს, რომ საერთოდ არ გამოჩნდეს ის სჯობს. ზურაბიშვილთან ერთად თუ რაიმე ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, ურეიტინგო ზურაბიშვილის ვის მიმხრობას და დაინტერესებას შეძლებს?! ესეც გამორიცხულია, რადგან ის საკუთარ ამომრჩეველს დაუპირისპირდა და “ოცნების” მეშვეობით ვინც მხარს უჭერდა, ისინიც კი გადაიმტერა”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისა გია აბაშიძე.
რა შეაჩერებს აფხაზეთში რუსების მიერ უძრავი ქონების მიტაცებას – ოპოზიცია პარლამენტში დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს
“აპირებს თუ არა პარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე რეზოლუციის მიღებას? ამ წინადადებით ოთხშაბათს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოვიდა და შესაბამისი კომისიის სხდომის მოწვევა მოითხოვა, რაზეც მმართველი პარტიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია. თავად აფხაზურ საზოგადოებაში კი სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება და შეშფოთება უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისა და სახლემწიფო სტრუქტურებისათვის გადაცემის გამო. ამ მხრივ ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა იყო ბიჭვინთის აგარაკების რუსებისათვის 49-წლიანი იჯარით გადაცემის ე.წ. შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც დე ფაქტო პარლამენტმა, მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მიუხედავად, 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს მიჰყიდა პანსიონატი “შიცკვარა”, რამაც აფხაზეთში გააჩინა განცდა, რომ ბიჭვინთის შემთხვევა მხოლოდ დასაწყისია და რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის ტენდენცია უკვე შეუქცევადი გახდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეაჩერებს აფხაზეთში რუსების მიერ უძრავი ქონების მიტაცებას – ოპოზიცია პარლამენტში დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს.
“აფხაზური საზოგადოების ასევე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. კანონპროექტი აპარტ-ოტელების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაშიც აფხაზეთის მასშტაბით იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა 60-დან 100 ათასამდე რუსეთის მოქალაქისთვის. გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ სოხუმის აეროპორტი უკვე გადაეცა რუს ინვესტორს, რომელიც მის აღდგენაზე მუშაობს. ოჩამჩირეში კი რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი განთავსების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს. ყოველივე ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის ფორმატში მსჯელობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკის მიმართა. “დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე დუმილი, მით უფრო მაშინ, როცა “ოცნების” პირობებში აქამდე პარლამენტში ამ საკითხზე შესაბამისი რეზოლუციების მიღება შესაძლებელი იყო კონსენსუსის გზით”, – განაცხადა აქუბარდიამ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ შესაბამისი კომისია რეგულარულად უნდა მუშაობდეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მთელი პრობლემა ისაა, რომ ეს საკითხები არ განიხილება ქართული ხელისუფლების მიერ და რუსეთს ეპატიება ყველაფერი. ესაა დამაფიქრებელი. როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში და იყო მრავალპარტიული სისტემა და, ასე ვთქვათ, კოალიციური მთავრობა, მაშინ ერთ-ერთი პირველი ეფექტური რეზოლუცია მივიღეთ. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ერთობლივი რეზოლუცია და ყველა ვიყავით ბედნიერები, მათ შორის ჩემი პოზიცია დაფიქსირდა და ა.შ. მას შემდეგ, უკრაინის ომამდე, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ღებულობდა მეტ-ნაკლებად პრინციპულ, მაგრამ რაღაც ანგარიშგასაწევ რეზოლუციას, სადაც ჩანდა, რომ საქართველო არ ეგუება ანექსიას. ახლა კი მთავარი ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ ვდუმვართ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“იმ ფონზე, რომ ყოველ წელს რეზოლუციას ვწერდით, 2021 წლის აგვისტოში იყო საქართველოს პარლამენტის ძალიან კარგი რეზოლუცია. მაგრამ 2022 წელს, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, ისეთი რეზოლუცია მიიღეს, სადაც ვერ გაიგებდი რომელი სახელმწიფო დაესხა თავს უკრაინას. ვერ გაიგებდი რომელი სახელმწიფოს პარლამენტი აკეთებდა ამ განცხადებას. თითქოს ვიღაც “მარსელები” დაესხნენ უკრაინას… უსამარცხვინოესი განცხადება იყო იმ ფონზე, როცა იმის წინა წელს პარლამენტმა ძალიან კარგი განცხადება მიიღო. ამავე დროს საქართველო წყვეტს აბსოლუტურად საუბარს საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, რომ მოხდეს რეაგირება ასეთ პროცესებზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. პოლიტიკაში მთავარი არის ქმედება, მაგრამ განცხადებები ქმედების ნაწილია. წარმოიდგინეთ აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რომ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაგმობა და გაჩუმდნენ. ხმას არ იღებენ, გავიდა 1 წელი 2, 3, 4, 5 წელი…”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ზოგჯერ ვამბობთ, რა გახდა ეს ტერიტორიული მთლიანობაო, მაგრამ, აბა, წარმოვიდგინოთ – არავინ არ გააკეთა განცხადება 5 წლის განმავლობაში, ეს უკვე სულ სხვა პოლიტიკის ნაწილია. ესე იგი, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია რეზოლუციის მიღება საკუთარი თავის დასაცავად – უკრაინაზე კი არაა ლაპარაკი, საკუთარი თავი რომ დაიცვას, ამაზე ვამბობ – რა თქმა უნდა, ეს არის შეტყობინება დასავლეთისათვის. დასავლეთი გვხვდება ჩვენ. ჩვენი პრობლემები გვაქვს უკრაინასთან. აგერ ისრაელი-პალესტინის პრობლემები წამოვიდა წინ. აგერ ტვირთები ჩერდება წითელ ზღვაში… უამრავი პრობლემაა, საქართველო კი ხმას არ იღებს და ხომ არ ჩავყვებით სამარეში – დაახლოებით ეს დამოკიდებულებაა დასავლეთის მხრიდან. აქუბარდიას უნდა, რომ დაქოქოს ეს გაფუჭებული მანქანა, რასაც ჰქვია პარლამენტი, რაღაც თუხთუხი მაინც რომ იყოს, ჩანდეს, რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს. მე მივესალმები ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს. ისე კი, შესაბამისი კომისია ამაზე რელულარულად უნდა მსჯელობდეს”, – დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.