ქართული პრესის მიმოხილვა 28.12.2023

არსებობს თუ არა კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი დღეს არსებული ძალთა ბალანსიდან გამომდინარე
რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში ბიჭვინთის აგარაკის სთვის გადაცემის რატიფიცირებას და როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში
რა მოჰყვა აფხაზი სეპარატისტი მინისტრის ზუგდიდში გასაიდუმლოებულ ვიზიტს?
* * *
არსებობს თუ არა კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი დღეს არსებული ძალთა ბალანსიდან გამომდინარე
“ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შექმის პერსპექტივაზე ალაპარაკდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს – დღეს არსებული ძალთა ბალანსის პირობებში რეალურად არსებობს თუ არა მოვლენების ამ მიმართულებთ განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტების შეფასებით, შანსი არსებობს, მაგრამ, საეჭვოა, რომ ცალკეულმა პარტიებმა თავიანთი იდენტობა დაკარგონ და ასეთ კოალიციაში შევიდნენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის საკითხზე პრესასთან საუბრისას განაცხადა: “ღიად ვაცხადებთ, რომ ვემზადებით, რათა მომავალი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა გაკეთდეს – ხელს გაწვდილს ვტოვებთ”… ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დღეს კოალიციურ მთავრობაზე მსჯელობა ნაადრევად მიაჩნია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არსებობს თუ არა კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი დღეს არსებული ძალთა ბალანსიდან გამომდინარე.
“დღეს, ახლა, როდესაც საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, რეალურად როდესაც არ ვიცით ახალი გამოკითხვის შედეგები, არ ვიცით რომელი პარტია ვისთან გაერთიანდება, როგორ გადაჯგუფდებიან ძალები, ასეთ პროგნოზი – იქნება თუ არა კოალიციური მთავრობა, რთული გასაკეთებელია. ეს გამოჩნდება როდესაც გვექნება მკაფიო სურათი, რა ძალები გავლენ არჩევნებზე 2024 წელს, როცა ეს გვექნება, ამის შემდეგ შეიძლება პერსპექტივებზე ვისაუბროთ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე. ხოლო პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა არ არის, რადგან “ოცნებას” თავისუფლად შეუძლია მოვიდეს უმრავლესობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის რესურსი არ არსებობს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ “ოცნებას” თუ ექნება ხმათა უმრავლესობა, მან უნდა შექმნას კოალიცია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩემი შეფასებით, დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე “ქართული ოცნება” მოიგებს ამ არჩევნებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ამიტომ, არანაირი პერსპექტივა ამ ეტაპზე, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, არ არსებობს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის რესურსი არ არსებობს. ახლა ყველაფერი დამოკიდებული არის ოპოზიციაზე, შეძლებს ოპოზიცია საკუთარი ამბიციები მოთოკოს და წინ ქვეყნის ინტერესები დააყენოს – არ ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”. მაშინ ამის პერსპექტივა არსებობს – არა მარტო კოალიციურის, არამედ სერიოზული განაცხადის გაკეთებაც შეიძლება. თუ ყველა “მე ვარ და ჩემი ნაბადის” პრინციპით იმოქმედებს, მაშინ ყველა წააგებს და “ქართული ოცნება” მოვა უმრავლესობაში” – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“დღეს არსებულ ძალთა ბალანსში, მმართველ პარტიას აქვს, სულ მცირე 35%-ზე მეტი. ამასთანავე, ბევრი პარტიაა ძალიან მცირე მხარდამჭერებით, ისინი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. მცირე პარტიების ხმები პროპორციულად დაემატება გადამლახველ პარტიებს. ამით “ოცნება” აიღებს ხმების ნახევარზე მეტს და კოალიციის შექმნა მას არ დასჭირდება. დავუშვათ, რომ ნახევარზე მეტი ვერ აიღო, ხმების უმრავლესობა თუ მას ექნება, მან უნდა შექმნას კოალიცია, ანუ აირჩიოს პარტნიორი ოპოზიციური პარტიები” – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირებას და როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში
“ოთხშაბათს ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება საპროტესტო აქციების ფონზე მოახდინა, – ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 “დეპუტატია”, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდეს. ასლან ბჟანიას ხელმოწერით ე.წ. კანონი “აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის რატიფიკაციის შესახებ” ძალაში შევიდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირებას და როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში.
“კანონი” ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო ტერიტორიების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს. ასევე, დოკუმენტში მითითებული იმ შენობებისა და ნაგებობის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. მესამე პირებზე ობიექტების გადაცემის აკრძალვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც მოქმედებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული “კანონის” თანახმად, რომელიმე მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, დენონსაციასა და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას გულისხმობს”. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას უკანონო ქმედებას უწოდებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს რუსეთის ეს ნაბიჯი სათანადოდ შეაფასოს, ხოლო ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”,- ნათქვამია განცხადებაში”, – განაგრძობს გამოცემა.
“ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირების უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. “აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ ამ უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ და ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას ბათილად ვაცხადებთ. ეს მას შემდეგ გამოსწორდება, როცა საქართველო აფხაზეთზე თავის იურისდიქციას აღადგენს”, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე. საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გამო, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. მისი განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას”, – დასძენს გამოცემა.
“აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი”, – წერს სტატიის ავტორი.
“საქართველოს პრეზიდენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას “ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ” მოუწოდებს. პრეზიდენტი “რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას” გმობს. “მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ”, – აცხადებს პრეზიდენტი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში საკმაო საპროტესტო მუხტია, ოღონდ როდის იფეთქებს დანამდვილებით ამის თქმა რთულია. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი აცხადებს, რომ საზოგადოება ბრალს სდებს აფხაზეთის მთავრობას რატიფიცირებასთან დაკავშირებით”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“ახლა ახალი წლის დღეებია, აშკარად ჩანს, ცდილობდნენ, რომ საზოგადოებრივი ტემპერატურა რაც შეიძლება დაეწიათ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით სიტუაცია მთავრდება – გაუცხოება რუსეთის და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ გაგრძელდება, ფაქტია, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები – აშკარად ჩანს, რომ ასეთ ვერაგობას არ ელოდა აფხაზი საზოგადოება. მათ ეგონათ წესით დადგენილ ფორმებში იქნებოდა ამ რატიფიკაციის საკითხის განხილვა და ასე არ მოხდა. დილის 6 საათზე მოხდა რატიფიკაცია. ამით პარლამენტმა გამოავლინა, რომ ეშინია საზოგადოების, საზოგადოება მიხვდა, რომ მისი ეშინია ხელისუფლებას და ალბათ დაიწყება საპროტესტო აქციები. საზოგადოების უნდობლობა იზრდება, შეიძლება ახლავე დაიწყოს გამოსვლები, შეიძლება მოგვიანებით, ან გაზაფხულზე. აფხაზეთისთვის მიუღებელია არა მარტო ბიჭვინთის თემა, არამედ საერთოდ, რუსული პოლიტიკა და ეს გადაიზრდება სხვადასხვა ქმედებებში”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“პროგნოზირება არის საკმაოდ რთული. საქმე იმაშია, რომ რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში ამ მუხტის დემონსტრირება ისე რომ ხელისუფლება დაამხონ, ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სვლას, აქედან გამომდინარე, შეიძლება ლაპარაკი ბევრი იყოს, მაგრამ აქტიურ ქმედებებს არ ველი – პარლამენტში შევარდნა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა – ცოტა ეჭვი მეპარება მსგავსი მოვლენები განვითარდეს. ოპოზიციის მოაზროვნე ნაწილმა, რომელიც უფრო საზოგადოებრივი ოპოზიციაა, აირჩია ასეთი გზა – ისინი არ ამტყუნებენ რუსეთს და ამბობენ, რომ მათი ხელისუფლებაა ამ კონტექსტში დამნაშავე. ხელისუფლებას ამ პროექტის რეალიზაცია მისი “ჩაჯიბვისთვის” უნდა და იმიტომ კი არა, რომ მოსკოვი აყენებს ასეთ კატეგორიულ მოთხოვნას, არამედ ხელისუფლებას ფულის შოვნა უნდა სწრაფად. თუ ამ იდეამ მოიცვა საზოგადოებრივი აზრი და დომინანტური თუ გახდა, მაშინ კიდევ შეიძლება მოხდეს დიდი საპროტესტო აქციები, რომელიც გადაიზრდება ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. მიმაჩნია, რომ ბევრი იქნება ლაპარაკი, მაგრამ, შედეგი ამას მაინც არ მოჰყვება. რადგან ხელშეკრულებას ხელი მოწერილი აქვს წელიწადნახევრის წინ, ეს იყო რატიფიცირება, ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე ლაპარაკობენ და შედეგი ვერ მიიღეს”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
რა მოჰყვა აფხაზი სეპარატისტი მინისტრის ზუგდიდში გასაიდუმლოებულ ვიზიტს?
“ზამთარი დადგა და ოკუპირებული აფხაზეთი ელექტრომომარაგების მწვავე პრობლემის წინაშეა. როგორც ჩანს, რუსეთმა სეპარატისტებს დენის მიწოდებაზე უარი უთხრა, რის ალტერნატივასაც აფხაზური მხარე კვლავ საქართველოში ეძებს. სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ვიზიტი ზუგდიდში, რომელიც ”ენგურჰესის” წარმომადგენლებს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მხარეებმა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. “ენგურჰესის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფხაზეთს მიაწვდიან ელექტროენერგიის მცირე რაოდენობას, რის საშუალებასაც ჰესი მისცემს. ის, რომ ელექტროენერგია შეიძინონ და ამით მომარაგდეს აფხაზეთი, ამ ნაბიჯის გადადგმას, როგორც ჩანს, ქართული მხარე არ აპირებს, თუმცა გალისა და ოჩამჩირის ელექტროენერგიით მომარაგებას შეზღუდული რესურსით გააგრძელებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოჰყვა აფხაზი სეპარატისტი მინისტრის ზუგდიდში გასაიდუმლოებულ ვიზიტს? / საქართველო აფხაზეთისთვის დენს არ იყიდის, მაგრამ ენგურჰესიდან მიწოდებას შეზღუდული რაოდენობით მაინც გააგრძელებს.
“რეალობა კი ოკუპირებული რეგიონისთვის რთულია, ვინაიდან ენგურჰესში წყლის დეფიციტია და შესაბამისად, ახლა უნდათ, საქართველომ შეუძინოს ელექტროენერგია და კვლავ უფასოდ მოამარაგოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა “სპუტნიკ აბხაზიასთან” დაადასტურა, რომ ზუგდიდში “ენგურჰესის” წარმომადგენლებს შეხვდა. “2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განვიხილეთ, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ოზგანმა. მან ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ. “ენგურჰესის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ კი აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამომგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ. “ენგურჰესის” ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ დაადასტურა, რომ პრობლემა არსებობს და საქართველო კვლავ გააგრძელებს აფხაზეთის ენერგომომარაგებას, მაგრამ შეზღუდული რესურსით, რის შესაძლებლობასაც ჰესი მისცემთ. ხოლო ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის შესყიდვა და იმპორტით დანაკარგის შევსება არ იგეგმება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ოზგანის ვიზიტთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული არ ხდება, იგი ხშირად სტუმრობს ზუგდიდს, ამას ასეთი რეაგირება და ხმაური არასდროს მოჰყოლია. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვადასტურებ, რომ არ ვცვლით პოლიტიკას და გავაგრძელებთ ელექტროენერგიის მიწოდებას აფხაზეთისთვის. ამ ეტაპზე წყალსაცავი დაცლილი გვაქვს და მიწოდების მხრივ ნამდვილად არის პრობლემაა. მხოლოდ გალსა და ოჩამჩირეს ვაწვდით, დანარჩენს რუსეთი მიაწოდებს, უბრალოდ, უნდა გადაიხადონ აფხაზებმა, რეალურად ეს გარემოებაა. ყიდვით ჩვენ ვერ შევუძენთ დენს აფხაზეთს, მაგრამ მოვალეობას შევასრულებთ, რის შესაძლებლობასაც მოგვცემს ჰესი. მომარაგებას გავაგრძელებთ შეზღუდული რესურსით, ამაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებთ”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუბუა.
“ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტს საქართველო ისედაც ყოველწლიურად განიცდის, რის გამოც ცივ თვეებში ყოველთვის იმპორტის საჭიროებაა. გვიანი შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს მთავარი ელექტროსადგური რეალურად მხოლოდ სეპარატისტებისთვის მუშაობს. “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული დენი აფხაზებს, წლებია მთლიანად მიაქვთ და ისიც არ ჰყოფნით, საქართველო კი საჭირო ელექტროენერგიის დიდ წლის იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ენერგეტიკოსები აფხაზეთთან ენერგოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით მთავრობას ზედმეტად ლოიალური მიდგომა აქვს, რითაც ისევ ქართული მხარე ზარალდება”, – წერს სტატიის ავტორი.
“აფხაზეთს მიაქვს იმდენი დენი, რამდენიც დასჭირდება. ამ დროს ვიცით, რომ იქ კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით კატასტროფული სიტუაციაა, საქართველოს მთავარი ჰესის მიერ გამომუშავებულიო დენის უდიდესი ნაწილი ამ პროცესს ხმარდება და ეს იქცა ტრადიციად. ამ დროს განვიცდით ელექტროენერგიის დეფიციტს, ასეთ მდგომარეობაში განაწილება აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას, რასაც რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არა აქვს. ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭიჭინაძე.
“უნდა მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რომ მუდმივად საქართველოს ინტერესები არ ზარალდებოდეს. ყველაზე კარგი გამოსავალია, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკად. პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი. არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები, რადგან ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება”, – დასძენს თემურ ჭიჭინაძე.

ასევე დაგაინტერესებთ