დიპლომატიური ცივი შხაპი – რატომ არ შეხვდა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს
ივანიშვილი ელჩს უნდა შეხვედროდა, ურთიერთობის დალაგების შანსი დავკარგეთ – იგორ კვესელავა
ნატო-რუსეთის ღია შეჯახების რისკი იზრდება და ეს უკრაინაში არ მოხდება – რომელი ქვეყანაა მთავარი სამიზნე?
* * *
დიპლომატიური ცივი შხაპი – რატომ არ შეხვდა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს
“დონალდ ტრამპის წერილით გამოწვეული აჟიოტაჟის პარალელურად, ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ამერიკის ელჩ დანიგანს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უთხოვია, რაზეც უარი მიიღო. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს არ სურს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება, ივანიშვილი კი აცხადებს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხევდრა არასწორად მიიჩნია. “უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას. იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიპლომატიური ცივი შხაპი – რატომ არ შეხვდა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრისთვის აშშ-ს საელჩომ არასწორი ადრესატი შეარჩია და უარი სწორედ ამით აიხსნება. “ჩემი პირადი შთაბეჭდილებით, უპრიანი იქნებოდა, ასეთი შეხვედრა დანიშნულიყო აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან, ან საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადგან მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ის პარტიის საპატიო ხელმძღვანელია და არა აღმასრულებელი ხელისუფლების თავკაცი. შესაბამისად, ვფიქრობ, ამერიკელმა დიპლომატებმა სხვა ჩინოსანი უნდა შეარჩიონ მსგავსი შეხვედრებისთვის. ოფიციალური თბილისის მხრიდან კარები ამ ტიპის დიალოგისთვის ღიაა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ. ასე რომ, ეს პოლიტიკური გზავნილიც დისონანსშია ტრამპის ცნობილ მოსალოც წერილთან, სადაც გამოთქმულია ღრმა თანამშრომლობის სურვილები”, – განაცხადა აბაშიძემ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის უარის მიზეზი მოსალოდნელ კრიტიკაზე შიში იყო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პირველ რიგში, აშშ-ს, შეერთებულ შტატებს, ექნება დამატებით საფუძველი თქვას, რომ ეცადა დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას – შესთავაზა შეხვედრა. მეორე მხრივ, რაც შეეხება ივანიშვილს, პირადად მე მიმაჩნია, რომ მას არანაირი პასუხი არ აქვს და ამას ემატება, რომ ეშინია ამ შეხვედრის – ეშინია შენიშვნების, კრიტიკის, რომელიც პირადად მის მიმართ და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ გამოითქმება. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი. არც რუსეთისგან ინსტრუქციის მიღებაა გამორიცხული, რომ არ მისულიყო შეხვედრაზე. ივანიშვილი, ერთი მხრივ, შესაძლოა, ადეკვატურად ვერ აცნობიერებს ამას, ან მეორე მხრივ, ურჩევნია, იყოს დასანქცირებული (თუმცა არ სურს), შეინარჩუნოს ძალაუფლება და ციხეში არ აღმოჩნდეს. თუმცა, თუ დათმობაზე წავიდა, შეხვდა აშშ-ს ელჩს, დანიშნა თავისუფალი არჩევნები – ბუნებრივია, “ოცნება” დაკარგავს ძალაუფლებას და ფულსაც. ამიტომ არჩია, რომ არ მისულიყო შეხვედრაზე. პირველი, შენიშვნების მიღება არ სურს, და მეორე, ურჩევნია, დასანქცირდეს, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება “გადატვირთვაზე”, ბოლომდე ებღაუჭებიან ძალაუფლებას – სანამ სანქციების სიმწარეს არ იგრძნობენ, იბრძვიან. საერთო ჯამში, აშშ-ის მხრიდან სანქციების მიღებას ივანიშვილის გუნდი დააჩქარებს – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რეალურად აშშ-სთან ურთიერთობის დალაგება არ სურს. “ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება. ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ. კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს.ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო. არანაირი სხვა გზა “ქოცებს” არ გააჩნიათ”, – წერს დეკანოიძე ფეისბუქში. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ “ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე”. სხვაგვარად საუბრობენ “ოცნებაში”. უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შესაბამისი უწყებები, სადაც აშშ-ს ინფორმაციების გაზიარება შეუძლია. “ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს”, – განაცხადა ზარქუამ. მისივე თქმით, “ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს ურთიერთობები და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ”, – განაგრძობს გამოცემა.
“საინტერესო იყო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გუშინდელი ინტერვიუ. პირველი არხის ეთერში მან თქვა, რომ “ოცნება” ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადაა, თუმცა დიპ სტეიტის ამერიკასთან საქართველოს “არაფერი ესაქმება”. “დიფ სტეიტმა, თუ უნდა, მართოს აშშ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც”, – განაცხადა კობახიძემ. საინტერესო დეტალია, რომ ელჩი დანიგანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძებას არ ესწრებოდა, ირაკლი კობახიძემ ივარაუდა, რომ ამ შემთხვევაშიც დიპ სტეიტი გააქტიურდა. როგორც კობახიძემ თქვა, “აქაც ჩაერია დიფ სტეიტის ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ”, – დასძენს გამოცემა.
ივანიშვილი ელჩს უნდა შეხვედროდა, ურთიერთობის დალაგების შანსი დავკარგეთ – იგორ კვესელავა
“ბიძინა ივანიშვილი არასწორად მოიქცა, როცა ამერიკის ელჩს არ შეხვდა, რადგან შეიძლებოდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში რაღაც დადებითი მომხდარიყო, – აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა. ამასთან, იმედოვნებს, რომ პრემიერ კობახიძეს მართლაც სურს ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება და სუფთა ფურცლიდან დაწყება, რაზეც მას ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მიანიშნებს. კვესელავა მიიჩნევს, რომ ამერიკას სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესები გააჩნია. ასევე, საქართველოს დაინტერესება აქვს ამერიკის მიმართ იმიტომ, რომ სტრატეგიულ თანამშრობლობაზე შეთანხმება ადრე გაფორმდა. ეს ორივე ქვეყანას ავალდებულებს, ერთმანეთს მოუსმინონ, გაიზიარონ ერთმანეთის აზრები და თუ დახმარება დასჭირდეთ, განიხილონ. ამიტომ ბუნებრივია, ამერიკის ელჩი ქვეყნის რეალურმა ლიდერმა უნდა მიიღოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ივანიშვილი ელჩს უნდა შეხვედროდა, ურთიერთობის დალაგების შანსი დავკარგეთ – იგორ კვესელავა.
“რასაკვირველია, ამერიკის ელჩი აშშ-ის სახეა და ის ემორჩილება ოფოციალურ ვაშინგტონს, საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტზე. ის ასეთი შეხვედრების საკითხს თვითონ ვერ წყვეტს და რა თქმა უნდა, თანხმდება უმაღლეს დონეზე. ასე რომ, თვითონ ელჩი არაფერ შუაშია. ქვეყნებს შორის გაუარესებულ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ის წერილი ვერ ავსებს, რაც ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს გამოუგზავნა. სხვათა შორის, ამ წერილის რეალურობაზე ეჭვი გაჩნდა. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი არ შეხვდა ელჩს, რათა არ გარკვეულიყო ეს ამბავიც. საელჩოს განცხადება მე აბსოლუტურად ზომიერად და სწორად მიმაჩნია. ის, რაც ბიძინამ განაცხადა, არასწორი დიპლომატიური ნაბიჯია. ეს ურთიერთობების დალაგება კი არა, მისი გაუარესებაა, რადგან შეიძლება შეხვედრაზე დალაგებულიყო რაღაც სიტუაციები. როცა ვიძახით, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ასეთი რაღაცები “ოცნებამ” არ უნდა გააკეთოს. საერთოდ უნდა თქვას ხელისუფლებამ, საბოლოოდ რას აპირებს, რა უნდათ აშშ-სთან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“რაც შეეხება ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობის დატოვებას, ირაკლი კობახიძე ყველგან თავის ხალხს ნიშნავს. ეს ახალი არაა. ბევრ მთავრობას მოვესწარი და ვიცი, რომ როცა ადამიანი ხელისუფლებაში მოდის, პასუხისმგებლობას იღებს. რამდენად იღებს ამ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძე, ან რამდენად შესწევს მას უნარი მთავრობის თამჯდომარე იყოს, ეს სხვა საკითხია. თუმცა რადგან ის მოიყვანეს, მან თავისი გუნდი სურს გვერდით. ეს ყველგან ხდება. გომელაური და სხვები უნდა წასულიყვნენ და მიდიან კიდეც. როგორ მიდიან, ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ეს გადაყვეტილება სწორია და უფრო ადრეც უნდა ექნა ირაკლი კობახიძეს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მეორე, პრემიერმა საკმაოდ ეშმაკური სვლა გააკეთა, როცა შავი და ცუდი საქმე ამ ხალხს გააკეთებინა. ასე რომ, ახლა ის ფიქრობს სუფთა ფურცლიდან, ახალი გარემოდან დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა. გასაგებია, რომ მას ყველგან თავისი ხალხი მიჰყავს. ბუნებრივია, ეს საკადრო ცვლილებები რადგან დაიწყო, ერთ დღეში არ დასრულდება და გაგრძელდება. მე კობახიძეს ერთ რჩევას მივცემ, რომ როცა განათლების და მეცნიერების სისტემაზეა საუბარი, აქ აუცილებელია ამ სფეროებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეთ. ამიტომ ვურჩევ, მოძებნოს ამ სფეროსთან დაკავშირებული კადრები, რადგან გვაქვს ამის მაგალითები და ეს არის თეა წულუკიანი, რომელმაც კულტურის სფეროში ვერ გაამართლა… ასევე მე ვფიქრობ, რომ კობახიძეს გარკვეულწილად იმედი აქვს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებისა. შეიძლება უკვე თქვას, რომ აშშ-სთან ახალ ურთიერთობას იწყებს ახალი კადრებით”, – დასძენს იგორ კვესელავა.
ნატო-რუსეთის ღია შეჯახების რისკი იზრდება და ეს უკრაინაში არ მოხდება – რომელი ქვეყანაა მთავარი სამიზნე?
“მზარდი საფრთხის ჩრდილში: სუვალკის დერეფანში პანიკა მატულობს, მოსახლეობის ნაწილი რეგიონის დატოვებას იწყებს – რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა რეალურ საფრთხედ რჩება, დასავლელი ანალიტიკოსები კი სრულმასშტაბიანი ომის სცენარებზე საუბრობენ. ამის შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცემები წერენ. პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარე ეს ვიწრო ზოლი – დაახლოებით 65 კმ – რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს ჰყოფს, ერთ-ერთ დაუცველ წერტილად მიიჩნევა. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ორი მხრიდან შეუძლიათ დარტყმის განხორციელება. რუსული არტილერია მთელ დერეფანს ფარავს. მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება ბალტიის ქვეყნების ევროპის დანარჩენი ნაწილისგან მოწყვეტა, წერენ ევროპული გამოცემები. “ჩვენ არ გვინდა, რომ დარტყმის ქვეშ პირველები აღმოვჩნდეთ”, – ამბობენ რეგიონის მცხოვრებლები. გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და ეროვნული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე სტანისლავ კოჟეი, კვლავ ავრცელებს შიშისმომგვრელ განცხადებებს. ფიქრობს, რომ რუსები სუვალკის დერეფანში შევლენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატო-რუსეთის ღია შეჯახების რისკი იზრდება და ეს უკრაინაში არ მოხდება – რომელი ქვეყანაა მთავარი სამიზნე?
“აღსანიშნავია, რომ ლიეტუვა, რომლის ტერიტორიაზეც გადის დერეფანი, მის გაძლიერებასა და მოდერნიზებას გეგმავს. ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თომას გოდლიაუსკასმა განაცხადა. გარდა ამისა, როგორც გერმანული გამოცემები წერენ, სატელიტური გამოსახულებები ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო ძალებს სუვალკის დერეფნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც აძლიერებს ნატოს შეშფოთებას რეგიონში შესაძლო კონფლიქტის გამო. შეგახსენებთ, სუვალკის დერეფანი დიდი ხანია ნატოს აქილევსის ქუსლად ითვლება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის მთავრობები ამ საფრთხეს უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე ოდესმე. ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წასვლა ხაზს უსვამს რეალურ და არსებულ შიშს, რომ ეს ვიწრო სახმელეთო ხიდი შეიძლება უფრო ფართო კონფლიქტის ფრონტის ხაზად იქცეს. ახალი ომის შიში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა პუტინი “ცეცხლთან თამაშში” დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა: “პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ნამდვილად ცუდი რამ დაემართებოდა და ვგულისხმობ ძალიან ცუდს. ის ცეცხლთან თამაშობს!”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია “რობერტ ლენსიგის” ინსტიტუტმა 27 მაისს სტატია გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: “სუვალკის დერეფნის წინააღმდეგ რუსეთის შეტევა ნატოს ტერიტორიაზე პირდაპირი თავდასხმა იქნება, რაც ნატოს მე-5 მუხლს აამოქმედებს, ეს კი შესაძლოა, რუსეთსა და ალიანსს შორის სრულმასშტაბიან ომის დაწყების მიზეზი გახდეს”. კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ საფრთხე რეალურია და განიხილავს რუსეთის თავდასხმის შესაძლო სცენარებსა და დროს. “რუსეთის მხრიდან სავარაუდოა უკრაინის ფრონტიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. რუსეთის სავარაუდო მიზნები არის ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოს დანარჩენი წევრებისგან გამოყოფა, ნატოს შემდგომი გაფართოების ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეკავება, მოლაპარაკებებისთვის ბერკეტების მოპოვება და კონტროლირებადი ბუფერული ზონის შექმნა”, – წერია სტატიაში, სადაც ნათქვამია, რომ “ნატოს “შეკავების პოლიტიკა” რეგიონში უმჯობესდება, მაგრამ ის კვლავ დაუცველია მოულოდნელი ჰიბრიდული ან მოკლევადიანი გაფრთხილების კინეტიკური თავდასხმის მიმართ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ომის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა ნატოს ჯარების განლაგება, საჰაერო ძალების მზადყოფნა, პოლონეთ-ლიეტუვის კოორდინაციისა და ბალტიისპირეთის თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება”, – აღნიშნულია სტატიაში. კვლევითი ორგანიზაცია წერს გეოპოლიტიკურ შედეგებზეც და ნატოს წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციასაც აძლევს: “ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრებათ დაპყრობის ან იზოლაციის რისკი, თუ ნატოს ძალები არ იქნება განლაგებულნი უფრო დიდი რაოდენობით. პოლონეთი გახდება ფრონტის ხაზზე მყოფი სახელმწიფო, რაც პოტენციურად ბელორუსს პირდაპირ ომში ჩაითრევს… სუვალკის გარშემო სრულმასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვევს სწრაფ მილიტარიზაციას მთელ ევროპაში, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას და ევროკავშირში სტრატეგიული ავტონომიის შესახებ დებატების გამწვავებას… დაუყოვნებლივ შექმენით მრავალეროვნული ბრიგადა, რომელსაც სპეციალურად დაევალება სუვალკის ოლქის დაცვა. გარდა ამისა, უნდა გაფართოვდეს საჰაერო თავდაცვის და სისტემები პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ ლიეტუვაში, დაიწყოს ნატოს წვრთნები, რომლებიც ფოკუსირებულია სუვალკის დერეფანზე”, – დასძენს გამოცემა.
