თენგიზ ფხალაძე – “ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში”
ივანიშვილის “მძიმე არტილერია” სტრასბურგში – რა გავლენას მოახდენს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე წულუკიანის ფაქტორი
მირიან მირიანაშვილი – “ტრამპი მისი ყურადღების საქართველოსკენ მოტრიალების პირველივე დღიდან საშიში იქნება “ქართული ოცნებისთვის”
* * *
თენგიზ ფხალაძე – “ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში”
“ტრამპი იმ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ძალიან პატარა სივრცეს ტოვებს ბუნდოვანებისთვის. შესაბამისად, მისი ნაბიჯები იქნება უფრო მკვეთრი, ზოგ შემთხვევაში უფრო ხისტიც, ვიდრე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ცხადია, გაძლიერდება კონსერვატიზმი, რაც უპირველესად შეეხება როგორც სოციალურ, ისე მიგრაციულ პოლიტიკას. ჩვენთვის საინტერესოა, რომ მან უკვე წარმოაჩინა, რა დამოკიდებულება აქვს ჩინეთსა და რუსეთთან. მას სურს ისტორიაში შევიდეს პრეზიდენტად, რომელიც კიდევ უფრო ძლიერ ამერიკას დატოვებს. ტრამპი გეგმავს ომების დასრულებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზად არის დაასრულოს ნებისმიერი პირობით – მას სურს ომი დასრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და ამასთანავე, დაცული ამერიკის და საზოგადოდ, დასავლური სამყაროს ინტერესები”, – აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპის დღის წესრიგში საქართველო პირველი არ არის, მაგრამ…”
“მნიშვნელოვანი იყო მისი პირველი გზავნილები კრემლისა და პუტინისთვის, რაც ვფიქრობ ქართველი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა. ის, რომ ტრამპს პირველი კომუნიკაცია არა რუსეთის, არამედ ჩინეთის ლიდერთან ჰქონდა, მიანიშნებს, თუ რა ადგილი უკავია მის იერარქიაში ჩინეთს და რა – რუსეთს. მან განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის ჩინეთმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს რუსეთზე. ტრამპის პირდაპირი გზავნილი კი პუტინისთვის იყო, ბოლომდე არ დაანგრიო და მოსპო რუსეთის სახელმწიფოო. ტრამპი იქნება კიდევ უფრო მომთხოვნი უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის პარტნიორებთანაც. ცხადია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი უფრო წინ წამოიწევს. ამაზე პირველი პრეზიდენტობის დროსაც ლაპარაკობდა, მოუწოდებდა პარტნიორებს, რომ შეესრულებინათ ნატოს სტანდარტი და მშპ-ს 2% მიემართათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ. დღეს გაზრდილი საფრთხეების ფონზე, ცხადია, 2% საკმარისი არ იქნება და ის პარტნიორებისგან უფრო მეტს მოითხოვს. მას მიაჩნია, რომ ევროპამ უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა გაიღოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“მისთვის ასევე პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთი, ის უფრო გააძლიერებს ისრაელთან ურთიერთობას. ის ბრძოლა, რომელიც მან გამოუცხადა საერთაშორისო დანაშაულებრივ და ნარკოკარტელებს, მათი ტერორისტულ ორგანიზაციებთან გათანაბრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ასევე მოსალოდნელია ე.წ. არადემოკრატიულ-არამეგობრულ მეზობელ ქვეყნებზე წნეხის გაძლიერება. ყოველივე ეს სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და ამ თვალსაზრისით ტრამპი ხისტი და შეუვალი იქნება. ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, თუ რა მოთხოვნები ექნება რუსეთთან. საინტერესოა რუსეთის რიტორიკის ტრანსფორმაციაც. თავიდან ჩვენ გვესმოდა პესკოვის, მედვედევის აგდებული განცხადებები, რომ ტრამპის აზრი არ აინტერესებდათ, თუმცა ინაუგურაციის პარალელურად პუტინმა დანიშნა უშიშროების საბჭო, რომელზეც თქვა, რომ მზად არის დიალოგისთვის, ანუ აშკარად შეიცვალა მათი ლაპარაკის ტონი. სი ძინპინთან ლაპარაკის შემდეგ პუტინის ტონი კიდევ უფრო შერბილდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოუწოდა, არ დაანგრიოს რუსული სახელმწიფო, ილაპარაკა ახალი სანქციების შესაძლებლობასა და ნავთობის ფასის მიზანმიმართულ შემცირებაზე, პასუხად კრემლისგან კვლავ მოვისმინეთ, რომ დიალოგისთვის მზად არიან”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მეტიც, პუტინმა ტრამპის ქებაც არ დაიშურა. ცხადია, ყოველივე ეს პოზიციების მოსინჯვაა, რაც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებების გაცვლა-გამოცვლით. ცხადია, პუტინი შეეცდება ზეწოლა გააძლიეროს უკრაინაზე, რათა მოლაპარაკებისას უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. იმავდროულად, ტრამპიც ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს, რისი დამსახურებაც არის, მაგალითად, ის, რომ ორბანი, რომელიც აქამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის გამო რუსეთის სანქცირებას, დღეს იცვლის პოზიციას. ასე რომ, პუტინისთვის არ იქნება ადვილი ტრამპთან ლაპარაკი. კიდევ ერთი საინტერესო საკითხიც – ჩვენ, ძირითადად, ვლაპარაკობთ ტრამპის განცხადებებზე, მაგრამ ამერიკა არ არის ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანა. როცა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, სენატისა და კონგრესის განცხადებებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება”, – განმარტავს ექსპერტი.
“ასევე ძალიან საინტერესო იყო მარკო რუბიოს პოზიცია სენატში, როდესაც მას სახელმწიფო მდივნად ამტკიცებდნენ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. მან თქვა, ცეცხლის შეწყვეტა კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია იმგვარი მშვიდობის უზრუნველყოფა, რომ ახალი ომი აღარ დაიწყოსო. ეს დამაფიქრებელია და გვაძლევს იმედს, რომ ახალი ადმინისტრაციის ძალიან საინტერესო ნაბიჯებს ვნახავთ იმ პოლიტიკის გასატარებლად, რაზეც ლაპარაკობს ტრამპი და ქვეყნის პოლიტიკური ელიტა. ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ძალიან საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, ამერიკის ინტერესებს ყოველთვის უპირველეს ადგილას დავაყენებო. შავი ზღვის რეგიონი გეოგრაფიულად შეიძლება შორს არის შტატებიდან, მაგრამ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ცდილობს შავი ზღვა იყოს ერთგვარი წყალგამყოფი, რომელზეც ახალი რკინის ფარდა დაეშვება და კრემლი, ასე ვთქვათ, თავისი გავლენის სფეროებს მოიზომავს, რისი დაშვებაც პრინციპულად მიუღებელია ამერიკისთვის. დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გაძლიერება ნიშნავს მომავალში დიდ საფრთხეს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო უარესი შედეგები მოიტანოს, რადგან შავი ზღვის რეგიონს გავლენა აქვს ევროპაზეც, აზიაზეც და ახლო აღმოსავლეთზეც”, – დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.
“მართალია, საქართველო ტრამპის დღის წესრიგში პირველი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს ჩვენი საკითხის წამოწევა. ერთი არის რეგიონული კონტექსტი, უკვე ვილაპარაკეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, რომელსაც უკავშირდება უსაფრთხოების თემა, უკრაინის ომი, რომელიც ბევრ რამეზე ახდენს გავლენას და ა.შ.; მეორე არის ინტერესი იმ შუა დერეფნის მიმართ, რომელზეც საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობენ რუსეთიც და ჩინეთიც. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯებმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ირანის, ჩინეთის თუ რუსეთისკენ, შესაძლოა განაპირობოს საქართველოს საკითხის აქტუალიზება ტრამპის ადმინისტრაციაში. კიდევ ერთი საკითხია საქართველოში მიმდინარე პროცესები. რაც არ უნდა ილაპარაკოს “ქართულმა ოცნებამ”, ამერიკისთვის დემოკრატია ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია…” – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ის პროცესი, რაც ახლა მიდის კონგრესსა და სენატში საქართველოს საკითხზე, თან პროცესი ძლიერი პოზიციების მქონე რესპუბლიკელებს მიჰყავთ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში. იქ იმაზე კარგად იციან ქართული რეალობა, ვიდრე თბილისში ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ასეთია მარკო რუბიო, ასევე ტრამპის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ახალი ადმინისტრაციის რეაქცია იქნება უფრო მძიმე და ხისტი, ვიდრე ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციისას, ტრამპი გაცილებით მტკიცედ და მკაფიოდ მოქმედებს. შეხედეთ, როგორი განაცხადი გააკეთა რუსეთზე, თუ არ დამთანხმდებით ომის დასრულებას, მაშინ მე გადავდგამ ისეთ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება თქვენთვისო. პირდაპირ ილაპარაკა ნავთობის ფასის დაწევაზე, უკრაინისთვის გაყინული აქტივების გადაცემაზე და ა.შ. თუ ის რუსეთთან არ ერიდება ასეთ განცხადებებს, რატომ მოერიდება ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”?! – დასძენს ფხალაძე და შეკითხვაზე – “მაგრამ თუ არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, არამედ ქვეყანაც მოექცა მძიმე სანქციების ქვეშ, რა ელის საქართველოს?” – პასუხობს:
“ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელისუფლებაში იმ ძალის ყოფნა, რომელთანაც პარტნიორებს ურთიერთობა არა აქვთ, უკვე პრობლემურია, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლის რესურსებიც ძალიან შეზღუდულია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოებისაც. როდესაც ვართ ამ უზარმაზარი გამოწვევებით სავსე რეგიონში, უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც ამერიკა და ევროკავშირია. გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იმავე ჩინეთისთვის, საქართველო საინტერესო იყო, რადგან მას ჰქონდა დასავლური ინსტიტუტების დიდი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს მხარდაჭერა ჩანაცვლდება სანქციებით, მაშინ ჩვენ ვერც იმის იმედად ვიქნებით, რომ დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობას რამენაირად დააბალანსებს “ოცნება” სხვასთან ურთიერთობით… ეს პირდაპირ დაგვაყენებს იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია რუსეთის პირისპირ დარჩენა. რა მოელის ასეთ შემთხვევაში საქართველოს, არა მგონია, არ გვესმოდეს. ამიტომაც არის ასეთი საშიში ეს კრიზისი და ის ნაბიჯები, რასაც “ოცნება” ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებისკენ დგამს”.
ივანიშვილის “მძიმე არტილერია” სტრასბურგში – რა გავლენას მოახდენს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე წულუკიანის ფაქტორი
“27 იანვარს სტარასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება, სადაც საქართველოს დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. “ქართულ ოცნებაში” ელიან, რომ სესიის დროს იქნება ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს შეიძლება გამოიხატოს საქართველოს დელეგაციისათვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, თუმცა ფიქრობენ, რომ ამაზე, შესაძლოა, წულუკიანის ფაქტორმა იქონიოს გავლენა, რომელსაც გარკვეული კონტაქტები აქვს სტრასბურგში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზამთრის სესიას ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია წელსაც ჩვეულებრივ დაესწრება და შესაძლებელია, განიხილონ ქართული ოპოზიციის “ექსტრემისტული ტონით გაგზავნილი წერილიც ევროსაბჭოში”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” სტრასბურგში თავის “მძიმე არტილერიას” გზავნის – რა გავლენას მოახდენს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე წულუკიანის ფაქტორი.
“მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები. ჩვენ ახლაც, დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია, და რა თქმა უნდა, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. “ოცნების” დეპუტატი, გივი მიქანაძე ვარაუდობს, რომ იქნება მცდელობა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება ევროსაბჭოში შეუზღუდონ. “როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, იქნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ. ფაქტია, “დიფ სთეითისთვის” მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა და ყველა მიმართულებით ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები გააქტიუროს”, – განაცხადა მედიასთან მიქანაძემ. ოპოზიციაში კი ხაზგასმით, ამბობენ, რომ სტრასბურგში კიდევ ერთხელ გაჟღერდება, თუ როგორი სისატიკით ექცევა ივანიშვილი საკუთარ ხალხს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ქართული ოპოზიციის ლიდერები მიწვეულები არიან სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასამბლეის ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. შეხვედრები იქნება დიდ ფორმატში – საპარლამენტო ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში. ასევე ცალკეული ქვეყნის დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტულია და არ შეეგუებიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას”, – თქვა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ორშაბათის სესიაზე საპარლამენტო ანსამბლეამ შესაძლოა შეუზღუდოს ხმის მიცემა საქართველოს დელეგაციას”, – განაგრძობს გამოცემა.
“არ არის გამორიცხული საქართველოს დელეგაცია შემდეგ სესიებზე არც მიიწვიონ. დიდი ალბათობით, ხმის მიცემას შეუზღუდავენ. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მას აქვს ევროსასამართლოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამიტომ შესაძლებელია ძველი კონტაქტები ჰქონდეს შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდი ხანია დაბრუნდა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, ის ცდილობდეს ამ კონტაქტების გამოყენებას, რათა ევრსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმე არ იყოს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ გადაწყვეტილებას იღებენ არა მხოლოდ კონკრეტული სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორიცაა გენერალური სამდივნო, მინისტრთა კომიტეტი, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტარები, მათი უმრავლესობა კი დემოკრატიული ქვეყანაა. ვფიქრობ, ხმის მიცემის საკითხს დროებით მაინც შეუზღუდავენ. ასეთი პრაქტიკაც არსებობს ევროპის საბჭოში. მაგალითად, თავის დროზე რუსეთს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება და დღეს ის ევროსაბჭოს წევრიც აღარაა. თუმცა, არ მგონია დღეს საქართველოს აქედან გარიცხვა ემუქრებოდეს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“საქართველოს დელეგაციისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას არ გამორიცხავს რამაზ საყვარელიზეც. “არის იმის შანსი, რომ ხმის მიცემა შეგვიზღუდონ. თუმცა, ვფიქრობ, თეა წულუკიანი ბოლომდე იბრძოლებს და შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს. ასე რომ, ბრძოლის საკითხზეა ყველაფერი დამოკიდებული. შეიძლება იქაურმა პოლიტიკურმა ელიტამ ხმის ჩამორთმევა განიხილოს, როგორც სანქცია და გადადგან მკაცრი ნაბიჯები, მაგრამ, აღვნიშნავ, რომ ქართული დელეგაციაც საკმაოდ მომზადებული იქნება. ვფიქრობ, თუკი გამართლდა ოპოზიციის ვარაუდები და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მათ სურთ (თუმცა, ამას გამოვრიცხავ), ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში დააბრუნონ საპროტესტო მუხტი”, – ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით “თუმცა ეს არაფრის მომცემი იქნება და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაც მიმდინარე პროცესებზე დიდად გავლენას ვერ მოახდენს”, – დასძენს გამოცემა.
მირიან მირიანაშვილი – “ტრამპი მისი ყურადღების საქართველოსკენ მოტრიალების პირველივე დღიდან საშიში იქნება “ქართული ოცნებისთვის”
“მმართველი კლანის წევრების განწყობები არანაირ ამინდს არ ქმნის. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთადერთი პირის მოლოდინი და ის ივანიშვილია. დიახ, ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს იმედი, მაგრამ მისი მოლოდინი მცდარია. პროცესში ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი და უკან მარტივად ვეღარ დაიხევს. ისიც ფაქტია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური გადატვირთვა მიუღწეველია. აქტივისტების, მსახიობებისა და ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრებებით ის აშშ-ს მიანიშნებს, რომ უკან არ დაიხევს. მას ეგონა, რომ ტრამპი ლოიალური იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული ლიდერების მიმართ. გარკვეულწილად, სწორიც არის ეს მოლოდინი _ ამერიკელები მართლაც აღარ იქნებიან უწინდებურად კრიტიკული, მაგალითად, ალიევისა და ფაშინიანის მიმართ. მეტიც, ავტორიტარებმა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არა, მთელ მსოფლიოში ამოისუნთქეს, მაგრამ ამ ბონუსს ივანიშვილი არ მიიღებს”, – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ილუზიაა იმის მოლოდინი, თითქოს ამერიკა რუსეთს დაუთმობს პოსტსაბჭოთა სივრცეს”.
“ამერიკელები მას მხოლოდ ავტორიტარიზმის გამო კი არა, პრორუსული პოლიტიკური კურსისთვის აკრიტიკებენ და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან შეღავათი არ იქნება. ივანიშვილის მცდარი მოლოდინი კი დიდ საფრთხეს შეუქმნის მასაც და მის პოლიტიკურ გუნდსაც. ამის უტყუარი დასტურია ის, რომ ამერიკულ-შვეიცარიულმა ბანკმა ჟულიუს Bაერ-მა ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. ივანიშვილმა დიდი თანხა გადაიტანა ამ ბანკში ჩრედიტ შუისსე-იდან და სხვა ბანკებიდან. ხომ საინტერესოა, რატომ გადაიტანა თავისი ქონება ამერიკულ ელიტასთან ყველაზე დაახლოებულ ბანკში? იმიტომ, რომ სანქციებს აღარ ელოდა. სანქციები ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს. საქართველოში პოლიტიკური პროცესების ორგანიზებისთვის დიდი ფული სჭირდება, განსაკუთრებით პროტესტის ჩახშობისთვის. ძალიან ბევრი სუბიექტის ლოიალურობის ყიდვა სჭირდება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ივანიშვილს ძალიან ხშირად მოსდის სტრატეგიული შეცდომები, მაგრამ ტაქტიკური ჯადოქარია – ზუსტად შეუძლია ადამიანის ამოცნობა. ყოველთვის კარგად ხვდება, ვინ რაში გამოადგება, ვინ რაზეა წამსვლელი და ვისი გამოყენება შეიძლება. ყველა საკვანძო ფიგურა ადეკვატური ლოიალურობის ინდექსით ჰყავს შერჩეული. მხოლოდ ამიტომ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება ამდენ ხანს. თუმცა მისი სტრატეგიული პრობლემები მის ტაქტიკურ შესაძლებლობებთან დისონანსში მოდის, რაც დიდი პრობლემაა მისი ხელისუფლებისთვის. “ქართულ ოცნებაში” რღვევას არ ველი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მალე სხვა ტიპის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება – რეპრესიებისა და სისასტიკის ის დონე, რასაც ახლა მიმართავს, ცოტა ხანში საკმარისი აღარ იქნება, სისასტიკისა და რეპრესიების დონის ამაღლების შემთხვევაში კი შესაძლოა ფინანსები აღარ ეყოს სუბიექტების ლოიალურობის საყიდლად”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ტრამპის ადმინისტრაცია ამგვარად დალაგდა – ჩამოყალიბდა საქართველოს გულშემატკივართა გუნდი: ლინდსი გრემი, მარკო რუბიო, ტედ კრუზი… ეს არის ცნობილი გავლენიანი წრე, რომელსაც ამერიკელებმა საქართველოს “ქეისი” მიანდვეს. სხვათა შორის, ამ დაჯგუფებამ შეძლო და მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასვა. ტრამპის პრიორიტეტი საქართველო ნამდვილად არ არის, მას ამერიკისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს, მაგრამ როგორც კი ლინდსი გრემი და მარკო რუბიო საქართველოს საკითხის აქტუალიზებას შეძლებენ, მაშინ დაქოქილი ტრამპის გაჩერება შეუძლებელი გახდება. ის არ არის ბაიდენი, მოზომილად და რბილი ძალით რომ იმოქმედოს, ტრამპი მოქმედებას პირდაპირ ხისტი ნაბიჯებით იწყებს. შესაბამისად, მისი ყურადღების მოტრიალება პირველივე დღიდან საშიში იქნება “ქართული ოცნებისთვის”. ბაიდენმა არც არჩევნები აღიარა და არც ხელისუფლებას მისცა ლეგიტიმაცია, მაგრამ შემდეგ სანქციების დაწესებამდე ოპერატიული პაუზა აიღო. ტრამპი ასე არ მოიქცევა. ის პირველს მეორეს მოაყოლებს და დაიწყება სანქციების კასკადი. სხვათა შორის, რუბიოს გარემოცვისთვის აღარც არის საჭირო მიტინგების გაგრძელება, ქართველებმა უკვე აჩვენეს, რომ არსებულ რეალობასთან შეგუებას არ აპირებენ და ეს სრულებით საკმარისია. ამერიკელები “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციას აღარ მისცემენ – გამორიცხულია!” – დაასკვნის ექსპერტი.
“რუბიო ბიძინა ივანიშვილს კარს ღიას დაუტოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ძველმა ხელისუფლებამ ახალს გადასცეს ესტაფეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ეუთო/ოდირის დასკვნას დაეყრდნობოდნენ, სადაც წერია, რომ არჩევნებში მთელი რიგი გადაცდომები იყო, მაგრამ არა ფატალურ მასშტაბამდე, და გვეტყოდნენ, ევროპელებმა ასე გვითხრეს, ამიტომ მოდით, “ქართულ ოცნებას” გამოსაცდელი ვადა მივცეთო. რაკი ეს არ თქვეს, ნავარაუდევია თვისებრივად სხვა რეალობის შექმნა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი არ უნდა ჰქონდეს და კონფრონტაციისთვის უნდა გაემზადოს. თუ როგორ, ცოტა მოგვიანებით გავიგებთ”, – დასძენს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე – “შეიძლება ტრამპი მართლა იყოს საქმის კურსში ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტის შესახებ, როგორც ოპოზიციონერებისა და ანალიტიკოსების ნაწილი ირწმუნება?” – პასუხობს:
“საქართველოში ძალიან აზვიადებენ კობახიძის ირანში ვიზიტის მნიშვნელობას. ალბათ, არ იციან, რომ ამერიკასა და ირანს შორის კულუარული ურთიერთობაა. არავის ეგონოს, რომ ტრამპი ირანს ომს დაუწყებს, ვაშინგტონში ნამდვილად არის ანტიირანული ფრთა, მაგრამ თეთრი სახლი ძალიან სერიოზულად უყურებს ირანის რეგიონულ როლს კავკასიაში, როგორც თურქეთის შემაკავებელს, შუა აზიაში კი, როგორც ჩინეთის შემაკავებელს, განსაკუთრებით თურქმენეთსა და ტაჯიკეთში. შესაძლებელია ამერიკამ ირანის შემაკავებელი ღონისძიებები გაატაროს, მაგრამ ირანის, როგორც სახელმწიფოს დაქცევაზე, აქცენტს არასოდეს გააკეთებს”.