დიდი გარიგების მთავარი დეტალები და პუტინის საიდუმლო შეთავაზება ტრამპს – რატომ ჩაიშალა ლონდონის შეხვედრა
რას უკავშირდება აფხაზური “დიპლომატიის” გააქტიურება თბილისისა და მოსკოვის მიმართულებით
უცხოელებისთვის კანონი მკაცრდება – საქართველოში შემოსვლის 3-წლამდე აკრძალვა ან ფულადი ჯარიმა
* * *
დიდი გარიგების მთავარი დეტალები და პუტინის საიდუმლო შეთავაზება ტრამპს – რატომ ჩაიშალა ლონდონის შეხვედრა
“უკრაინა–რუსეთის ომის დასრულებაზე პოზიციების დაახლოება კვლავ ვერ ხერხდება, 23 აპრილს მინისტრების დონეზე ლონდონში დადგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. მანამდე, ცნობილი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვიდპუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და ყირიმის აღიარებას და არანაირ კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის. დასავლური მედიიის ცნობით, სწორედ ტრამპის ეს დოკუმენტი იქნებოდა განხილული 23 აპრილს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი მიიღებდნენ მონაწილეობას. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ლონდონში ასევე ჩავიდოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, თუმცა, მათი ვიზიტი გაუქმდა. ცნობილია, რომ სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში აპირებს ჩასვლას. ინფორმაციას კრემლში ადასტურებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი გარიგების მთავარი დეტალები და პუტინის საიდუმლო შეთავაზება ტრამპს – რატომ ჩაიშალა ლონდონის შეხვედრა.
“ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ანალიტიკოსთა შეფასებით, პუტინს დღეს ამ მოცემულობით ომის დასრულება არ აწყობს და თუ მაინცდამაინც დათანხმდა და სანაცვლოდ რამე მიიღო, ის ამაზე არ გაჩერდება, ან უკრაინას შეუტევს განმეორებით, ან ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს შეუქმნის საფრთხეს, ეს კი უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ინტერესებს და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება. თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს არ შეამცირებს, ამ მოცემულობით, სამშვიდობო შეთანხმება არ გამოვა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ დღეს რაიმე სახის შეთანხმების პერსპექტივა არ არსებობს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა პუტინს ომის დასრულება არ აწყობს, უკრაინა კი პუტინის გეგმებს არც განიხილავს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სწრაფი შეთანხმება არ გამოდის, აქ იმდენად განსხვავებული ქვეყნები მონაწილეობენ და იმდენად განსხავებული პოზიციები აქვთ, რომ ეს ასე მარტივად არ გამოვა. ჯერ არაა მომწიფებული შეთანხმება, ლონდონის შეხვედრა ალბათ ამიტომაც გადაიდო, ამას მხარეების შემზადება სჭირდება. თუ რუსეთი ამ თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს არ შეამცირებს, ეს ხელშეკრულება არ გამოვა. გუშინ ერთ-ერთმა დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა, რომ რუსეთი თითქოს თანახმაა რაღაცეებზე უარი თქვას – მაგალითად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე თანახმაა, ნატოზე – არა. თითქოს რაღაც შეარბილა, მაგრამ ეს არ კმარა, რადგან სამაგიეროდ უნდა ამერიკამ ყირიმი და ოთხი რეგიონი აღიაროს, რაც უკრაინისთვის და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. პუტინი რუსეთში შიდა ზეწოლას ვერ გრძნობს, ამიტომ შეუძლია ომი გააგრძელოს. ძალიან ბევრი რამ აშშ-ზეა დამოკიდებული, რადგან ზეწოლა მხოლოდ უკრაინაზე კი არ უნდა მოახდინოს, არამედ რუსეთზეც, ტრამპის ადმინისტრაცია კი რუსეთზე ზეწოლას არ ახდენს… არავითარი გარანტიები არაა და განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი და გაურკვეველია, ევროპული ძალები რომ იქნებიან, მერე რა ხდება და უკრაინას როგორ დაიცავენ, ეს დღემდე გაურკვეველია და მე მგონი, ამ და სხვა ბევრი საკითხების გამო გადაიდო ეს შეხვედრა, რუსეთი მთლად წინააღმდეგია ევროპული ძალების უკრაინაში განლაგების”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი კვლავ გამართლდა, ალბათ შემოდგომამდე სიტუაცია ასე გაგრძელდება. რუსეთი კვლავ ცდილობს, რომ საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს და მას ომის დასრულება არ აწყობს. ცდილობენ არ დათმონ ის ტემპი, რომელიც ტაქტიკურ დონეზე ხელში ჩაიგდეს, მათთვის ამის შეჩერება წამგებიანი ვარიანტია, რადგან პუტინს საკუთარ ხალხთან თავისი ვალდებულებები აქვს. პუტინი ამბობდა, რომ ოთხი რეგიონი რუსეთის კონსტიტუციის ქვეშ მოაქცია და არც ერთი რეგიონი არაა სრულად ოკუპირებული. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი თუნდაც სამშვიდობო შეთანხმება, ან ზავის დადება, ეს ფაქტიურად კაპიტულაციას ნიშნავს. ისე გამოვა, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე ვერც ერთი ოპერატიულ-სტრატეგიული დონის მიზნები და ამოცანები ვერ შეასრულა, ეს საკმაოდ გამოკვეთილად ჩანს კიდეც და პუტინისთვის ყოველგვარი ასეთი ტიპის ქმედება პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. ამ ეტაპზე ფრონტის ხაზის გაყინვა პუტინს ვერაფერს სარგებელს ვერ მოუტანს – ფაქტიურად გამოვა, რომ მისი სამხედრო ავანტიურა ჩავარდნილია”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ამასთან, პუტინმა ქვეყანაში ომის ეკონომიკა ააწყო, მაგრამ თუ უკრაინაში ომი შეჩერდა, გადაიტანს თუნდაც ნატოს მიმართულებით, ანუ საფრთხეს შეუქმნის ბალტიისპირეთს, პოლონეთს, ფინეთს, ყველა შემთხვევაში მას ომის წარმოება აწყობს და გამონახავს რამეს. პუტინმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა, ყირიმს მიიჩნევს რუსეთის შიდა ტერიტორიად და ამასთან 4 რეგიონს ითხოვს, ასევე ითხოვს უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ნატოს წევრობა დაივიწყოს, შემდეგი მოთხოვნაა უკრაინის დემილიტარიზაცია – უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა 100 ათასი ადამიანი გახდეს და განიარაღდეს. რა თქმა უნდა ეს გეგმა არარეალისტურია, უკრაინა არც აპირებს უკან გადადგას ნაბიჯი, მით უმეტეს, რომ სამი წელია სისხლს ღვრიან. ორივე მხარეს სამობილიზაციო რესურსები ფაქტობრივად ეწურება, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალები კარგად არიან მობილიზებულები და ადაპტირებულები თანამედროვე საომარი მოქმედებების ხელოვნებას, ისინი წინ წავიდნენ ნატოს წევრი ქვეყნებთან შედარებთაც კი, თუმცა უკრაინელებს შეტევითი პოტენციალი ჯერ გამოკვეთილი არ აქვთ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსები ნელა მიდიან წინ, რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, დივიზიის წინ წაწევის ნორმაა 20 კმ დღეში, ამ დროს უკრაინაში მოქმედი ჯგუფების წინ წაწევა არ აღემატება 200-300 მეტრს და ადვილი წარმოსადგენია როგორ მდგომარეობაშია რუსეთის არმია. პუტინმა თამასა, რომლის ჩამოგდება მას უკვე აღარ ძალუძს ისე ასწია, რომ საკუთარი პოლიტიკის ტყვე აღმოჩნდა. ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და მოსახლეობაც არავითარ შემთხვევაში არ წავლენ პუტინის გეგმაზე, მაგრამ თუ ჰიპოტეტურად ეს ოთხი რეგიონი გადაიფორმა, შეიძლება დროებით გააფორმოს ზავი და ცოტა ხანში ისევ გაიმეოროს ქართული მაგალითი და შეეცდება ჰიბრიდული ომის მეშვეობით გააფართოვოს ოკუპირებული ადგილები. ამასთან, შეიძლება პუტინი სერიოზულად მოემზადოს უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეორე გრძელვადიანი ომის კამპანიისთვის, რათა უფრო წარმატებულად განახორციელოს მიზნები. ლონდინის სამიტიც ალბათ ამიტომაც არ შედგა, ყველას თავისი წითელი ხაზებით იყო წარმოდგენილი, ამიტომ შეთანხმება ახლა გამორიცხულია. ამასთან, პუტინის პოზიციაც საკმაოდ მყიფეა, ეს პრიგოჟინის ოპერაციამაც თავის დროზე აჩვენა და თუ ის ამ ომს ისე დაამთავრებს, რომ საკუთარ გეგმებს არ შეასრულებს, არაა გამორიცხული, რომ მას დაუპირისპირდნენ კლანის წევრები”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, აღარ შედგება და გადაიდო. მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ ის მედიისთვის დახურული იქნება. გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილისთვის დაგეგმილ შეხვედრას აღარ დაესწრებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მის ნაცვლად ლონდონში კიტ კელოგი ჩავიდოდა… “ფაინენშელ თაიმსი” წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. მათივე ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია. “ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყვებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად”, – წერს გაზეთი”, განაგრძობს გამოცემა.
“პუტინის სიტყვებმა იქამდე მიიყვანეს, რომ აშშ-მა “მშვიდობიანი დარეგულირების” წინადადება წარმოადგინა, რომლის ცალკეული დეტალები მედიაში მოხვდა. ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას – მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა. “ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს”, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. “ფრანსინფოსთან” საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში თავიანთი “წითელი ხაზები” წარუდგინეს. “ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაღელვებს, ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის შესრულება, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, თუ რას არ დავთმობთ”, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა”, – დასძენს გამოცემა.
“დეილი ტელეგრაფი” წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა შვიდპუნქტიანია: 1. დაუყოვნებლივი ზავი; 2. უკრაინასა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება; 3. უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუმცა შესაძლებლობა, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანდეს; მეოთხე და მეხუთე პუნქტები მოიცავს ტერიტორიებს, კერძოდ, აშშ დე იურე აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მხარეები გაყინავენ ფრონტის ხაზს. დოკუმენტი არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ოლქების რუსეთის ტერიტორიად ფორმალურ აღიარებას, თუმცა მოიცავს ამ ტერიტორებზე რუსეთის კონტროლის ფაქტობრივ აღიარებას. უკრაინის ტერიტორიის ნაწილი (ხერსონის ოლქში) უნდა დაუბრუნდეს კიევს, ხოლო აშშ გააკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. 6. უკრაინა ხელს მოაწერს შეთანხმებას აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ; 7. აშშ და რუსეთი შეძლებენ ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებას სანქციების სრულად გაუქმებისა და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაწყების პირობებში. გამოცემა წერს, რომ კიევს გაუჭირდება ამერიკული წინადადების მიღება, რადგანაც ის გულისხმობს ტერიტორიულ დანაკარგებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმის გარეშე”, – წერს სტატიის ავტორი.
რას უკავშირდება აფხაზური “დიპლომატიის” გააქტიურება თბილისისა და მოსკოვის მიმართულებით
“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი ითხოვს, საქართველომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს”. პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა. “ბარციცი ახალი დანიშნულია და ხალხს აჩვენებს, რომ მუშაობს, თორე ვინ კითხავს მას… ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საკითხები, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის უთანხმოებას იწვევდა, დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია და ახლა თავიდან დაიწყება აფხაზეთში ამის გამო ნერვიულობა”, – განაცხადა კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. რუსულ მედიასთან ბარციცმა თქვა, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უკავშირდება აფხაზური “დიპლომატიის” გააქტიურება თბილისისა და მოსკოვის მიმართულებით.
“საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ, ჩვენს ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ საჭიროა ამის პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები. ჩემი აზრით, რამდენიმე ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამისთვის, მათ შორის, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის” გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკასა და ვერც დროის გამოცდას უძლებს. ჩვენ დღეს არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ამაზე კოლეგების ყურადღებას გავამახვილებთ, არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შემდეგ სხვა საკითხების შესახებ საუბარი შეგვიძლია”, – აღნიშნა ბარციცმა. ამის პარალელურად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის ელჩზე, ალხას კვიცინიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თქმითაც, ბადრა გუნბამ მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მიიღო. მამუკა არეშიძის შეფასებით, ახლა აფხაზეთში ერთგვარი პაუზაა, თუმცა, როგორც კი, გააქტიურდება დროებით გადადებული საკითხები, აფხაზეთში ნერვიულობა თავიდან დაიწყება. “რომ ვთქვა აფხაზური მხარის რაიმე განსაკუთრებული გააქტიურებაა, არა. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ბარციცი ახალი დანიშნულია და ხალხს აჩვენებს, რომ მუშაობს, თორე ვინ კითხავს მას. აქ კი არა, თვითონ აფხაზეთში უჭირს ჯერ თავისი პოზიციის გატანა. რაც შეეხება გუნბას, ის დაპატიჟებულია მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავად, რომელიც დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად მოხდა. მაგალითად, ცხინვალის ხელმძღვანელობა არ არის დაპატიჟებული და მგონი არც მიიწვევენ, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინიფორმაცია მოდის იქიდან. მოსკოვს ხომ სჩვევია ეს? სიტუაციას როგორც სჭირდება, ისე იქცევა”, – აცხადებს არეშიძე, რომლის თქმით, რუსეთს “თუ უნდა ამ პატარა ერის წარმომადგენელს აღაზევებს და თუ უნდა გაანადგურებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ახლა აფხაზეთში არავითარი აქტიურობა არ არის, პირიქით, ერთგვარი პაუზაა. რადგან ლაგდება ეს “ახალი ხელისუფლება”, ასევე, ე.წ. ოპოზიციასაც გარკვეული პაუზა აქვს აღებული. ყველა ელოდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საკითხები, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის უთანხმოებას იწვევდა, დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია – არც აპარტ-ოტელების, არც ბიჭვინთის და არც სხვა თემები. ესენი კიდევ დღის წესრიგშია, ოღონდ სხვა ფორმით იქნება გამოტანილი და ახლა თავიდან დაიწყება აფხაზეთში ამის გამო ნერვიულობა”, – დასძენს მამუკა არეშიძე.
უცხოელებისთვის კანონი მკაცრდება – საქართველოში შემოსვლის 3-წლამდე აკრძალვა ან ფულადი ჯარიმა
“პარლამენტში 23 აპრილს ახალი საკანონმდებლო პროექტი დაინიცირდა, დაგეგმილი ცვლილებებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ზომები მკაცრდება: წვრილმანი ხულიგნობა, საზღვრის უკანონოდ გადმოკევთა, სახელმწიფო-პოლიტიკური პირების მიმართ შეურაცხყოფა, იმ დანაშაულებების ნაწილია, რაც საქართველოში შემოსვლის 3 წლამდე აკრძალვას ან ფულად ჯარიმებს გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ცვლილება 18 კანონში შედის. შს სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა. საყურადღებოა, რომ 3-წლამდე სახელმწიფოში შემოსვლის აკრძალვის ზომა უცხოელის მიმართ იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ის შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უცხოელებისთვის კანონი მკაცრდება – საქართველოში შემოსვლის 3-წლამდე აკრძალვა ან ფულადი ჯარიმა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, შემოდის სახდელის ორი ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. სახდელები უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენება. ფულად სანქციასთან ერთად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. ცნობისთვის, საქართველოდან გაძევება ან უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა კანონმდებლობაში გამოყენებული არასდროს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ, სანქციები იზრდება მათ მიერ ცალკეული დარღვევებისთვის. კერძოდ, უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. (ცნობისთვის, 3 თვეზე მეტ ხანს ყოფნა იწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით). ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით”, – აღნიშნავს გამოცემა.
“წარმოდგენილი პროექტით განსხვავებული სანქციები განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის. უფრო კონკრეტულად, ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1 წელზე მეტ ხანს – 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით. პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის. ამასთან, სანქციის სახით 100 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა, მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისათვის”, – დასძენს გამოცემა.
