ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024

– “რთულია, მაგრამ არჩევნებამდე როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ…”
მოსმენა კონგრესში და კანონპროექტი საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე – რა პროცესი იწყება -ში საქართველოსთან დაკავშირებით
მირიან მირიანაშვილი – “ქუჩაში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან”
* * *
გია ხუხაშვილი – “რთულია, მაგრამ არჩევნებამდე როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ…”
“ამ კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვის დაწყება აზრს მოკლებული, ძალიან არასწორი და გარკვეულწილად ხელისუფლების ვირეშმაკული თამაშის ნაწილია. ამ კანონში, გამომდინარე მისი სახიფათო სულისკვეთებისა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ეწერება. შეუძლიათ ჩაწერონ, რომ მათ, ვისაც აგენტებად გამოაცხადებენ, დავხვრეტთო, და კიდევ ათასი აბსურდი. ამის მიუხედავად, ეს “მალულად ჩამატებული მუხლები” კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე ვითარებაა საპარლამენტო ოპოზიციაში. სწორედ მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შენიშნეს ეს ჩამატებული მუხლები. ეს ჩანაწერი გაკეთდა და ხმაური გამოიწვიეს იმ მარტივი მიზნით, რომ გაითამაშონ, თითქოს მოლაპარაკებებისთვის სივრცეს ტოვებენ, ცდილობენ მეორე მხარე ჩაითრიონ რაღაც მოლაპარაკებებში და შემდეგ ვითომ კომპრომისზე წავიდნენ ამ მუხლის დათმობით”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რთულია, მაგრამ არჩევნებამდე როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ…”
“ეს არის წმინდა ტექნოლოგიური თემა, როდესაც თუ გინდა რაღაც გააძვრინო, იმაზე უარესზე იწყებ ლაპარაკს, რათა ამაზე გადაიტანო აქცენტები, შემდეგ კი მასზე უარის თქმით დათმობა გაითამაშო. ეს ვაჭრობის ერთგვარი ტექნოლოგიაა. ჩვენ ამ ვირეშმაკულ თამაშში ხელისუფლებას არ უნდა ავყვეთ! ლაპარაკი არ უნდა იყოს შინაარსობრივ განხილვაზე. აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის პოზიცია, მან კარგად გაშიფრა “ქართული ოცნების” თამაშები. თავიდანვე განაცხადა, მე რომ ახლა შინაარსობრივ განხილვაში შევიდე, ეს უკვე ამ კანონის ირიბ ლეგიტიმაციას ახდენსო. ის მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს კანონი არ ექვემდებარება ცვლილებებს. ამ კანონის ფუნდამენტური პრობლემაა ის, რომ ხელისუფლება თავისი სამოქალაქო ოპონენტების სტიგმატიზაციას ახდენს. არა აქვს მნიშვნელობა, კანონში რა ჯარიმას ჩაწერენ, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც შენ კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ ამას აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გაცხადებენ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ფაქტობრივად, სამოქალაქო საზოგადოების სანდოობის დაკარგვაზეა გათვლილი ეს ყველაფერი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ეს თვითონ პრეამბულაშია ჩადებული, რომ თუ დაფინანსებას უცხო ქვეყნიდან იღებ, სხვის ინტერესს ატარებ. მაგალითად, მე რეპატრირებულ ქართველებს ვასწავლი ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას, რათა შეძლონ ისტორიულ სამშობლოში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ხვალ რომ ამისთვის უცხოეთიდან გრანტი მივიღო, იმისთვის, რომ საქართველოში ქართველებს ქართულს ვასწავლი, შუბლზე უნდა დამაწერონ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ვატარებ. მეორე საკითხია, რომ ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული ჩვენი გრძელვადიანი განვითარების ვექტორი – ეს არის ევროატლანტიკური გზა და დღეს ყველა დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, ჩვენთვის ეს გზა დაიკეტება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს გასულია კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებიდან, არღვევს საკუთარ მანდატს და შესაბამისად, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს. ქართველი ახალგაზრდობა კი ცდილობს ის დააბრუნოს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში და ჩვენმა სახელმწიფომ გააგრძელოს სტაბილური განვითარება იმ მიმართულებით, რაც დიდი ხნის წინ აქვს არჩეული. ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სხვებს აბრალებს, არადა, თვითონ არის მთავარი გადამტრიალებელი”, – განმარტავს რესპონდენტი.
“მოკლედ, სრულად ვეთანხმები პრეზიდენტს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ კანონის შინაარსზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, ის მთლიანად გასაუქმებელია. თუ მაინცდამაინც სურთ ჰქონდეთ ამგვარი კანონი, აუცილებლად უნდა დაერთოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც ნამდვილად მტრული ინტერესები აქვთ საქართველოში და ეს ქვეყანა უპირველეს ყოვლისა არის . ასეთ შემთხვევაში ეს თემა გადავა უსაფრთხოების განზომილებაში, მაგრამ ეს არ უნდათ. დღეის მდგომარეობით საქართველოში რუსეთიდან შემოსულია მილიარდობით თანხა; როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტები ქართულ ბანკებში 2 მილიარდ დოლარამდეა. ეს ფული ისე შემოატანინეს და დაადებინეს ანგარიშებზე, რომ არავის არაფერი შეუმოწმებია. რუსეთის მოქალაქეებს ფული ჩემოდნებით შემოჰქონდათ. ფულის გათეთრების მასობრივ ოპერაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ამ კანონის მოქმედების არეალში ეს ფული საერთოდ არ ხვდება. არადა, ამ მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ რუსეთის, მტრული ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ეს ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამის ჩაკეტვაზე ან მონიტორინგზე არავინ ზრუნავს”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“სამაგიეროდ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ჩვენივე სასარგებლოდ სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო მიზნებით და სრულიად გამჭვირვალედ შემოსული თანხების პრობლემა აქვთ. ანგარიშიდან ანგარიშზე ირიცხება ეს თანხა, ჩემოდნებით კი არავის ჩამოაქვს რუსებივით. ყველაფერზე დაკვირვების და მონიტორინგისთვის ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, ეროვნულმა ბანკმა ყველა თეთრის მოძრაობა იცის. შესაბამისად, ამ კანონის სათაურში გატანილი გამჭვირვალობა შირმაა, რათა რეალური, მზაკვრული მიზნები დაფარონ. ეს ყველასთვის ცხადია, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს. რეალური მიზნები კი არის იგივე, რაც იყო თავის დროზე რუსეთში – სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ხელისუფლების დამბალანსებელი ბოლო ინსტიტუტის განადგურება. დღეს საქართველო გზაჯვარედინზე დგას და ორი გზა აქვს ასარჩევად – ან უნდა წავიდეთ დასავლეთისკენ, ანუ ცივილიზებული სამყაროსკენ, ან დავბრუნდეთ რუსეთის იმპერიაშია, მესამე არჩევანი არა გვაქვს”, – დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“დღეს მიმდინარეობს დიდი გლობალური დაპირისპირება, ფრონტის ხაზი გატარებულია. ამ შტორმის დროს დამოუკიდებელ ნავიგაციაზე ფიქრი მხოლოდ ილუზიაა. ვინც ლაპარაკობს ნეიტრალიტეტსა და მესამე არჩევანზე, გატყუებთ, ეს იგივე რუსული არჩევანია. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, მათი პროპაგანდისტული ნარატივი პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ გეზი ავიღეთ რუსეთისკენ… რაც შეეხება ამერიკელ მაღალჩინოსანს, ბრძანეთ, გაკვირვებული იყოო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჯიმ ო‘ბრაიენი შოკირებულს უფრო ჰგავდა. ერთია სანქციების თემა, მაგრამ მან თქვა ივანიშვილზე ერთი ფრაზა, რაც თავიდან არ ამომდის, ასეთი გავლენიანი ადამიანი თავის პირად ინტერესებს აყენებს კონსტიტუციასა და სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლაო. ხომ ნახეთ, წინა პირობა რა იყო, დამიბრუნეთ ჩემი ფული და მერე დაგელაპარაკებითო. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მზად არის თავისი კეთილდღეობისთვის გაყიდოს სახელმწიფოს ინტერესი. კი ბატონო, შეიძლება უსამართლოდ იჩაგრები, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობ და შენს პირად პრობლემას კონკრეტულ ბანკთან, ქვეყნის ინტერესებთან აკავშირებ და ამერიკას, რომელიც ბანკთან არაფერ შუაშია, ულტიმატუმს უყენებ, ეს რას ნიშნავს?” – ამბობს რესპონდენტი.
“აი, ამით იყო ო‘ბრაიენი შოკირებული, თან ეს იყო შეფუთული შეთქმულების თეორიით ”გლობალური ომის პარტიაზე”. შეიძლება რაღაც ვიფიქროთ, პარანოიდული აზრები გვქონდეს, შეთქმულების თეორიებიც განვავითაროთ, მაგრამ როდესაც თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოს პირველი პირები იწყებენ ომის პარტიაზე ლაპარაკს, თან ღრმააზროვანი სახით გეუბნებიან, რომ მხოლოდ 20%-ს ამხელენ, ეს, დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მენტალური პრობლემის ნიშანია. ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს პირები, რომლებმაც ამგვარი შეთქმულების თეორიების განვითარებით შეიძლება გადაწვან მთელი ქვეყანა. ნერონის სული ტრიალებს “ქართულ ოცნებაში”. ჩვენი ხელისუფლება აქამდეც ატარებდა რუსულ პოლიტიკას და ეფარებოდა ევროკავშირის დროშას, ახლაც იმავეს ცდილობს. 17 მაისს ხომ ნახეთ, ოჯახის სიწმინდის დღე ლამის პარტიულ ღონისძიებად გამოაცხადეს და თითქმის ეკლესიის ნაწილად განიხილავენ თავს. ასეა, ხან ეკლესიას ეფარებიან, ხან ს, ხან დავითგარეჯს… სულ რაღაც თემაზე პარაზიტობენ და ასე ცდილობენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გამოურეცხონ ტვინი. თურმე მხოლოდ მათ აინტერესებთ დავითგარეჯი და სხვას არავის, მხოლოდ მათ უყვართ კვარაცხელია და ჩვენ არა, ილია ჭავჭავაძე კი ლამის საკუთრებად გამოაცხადონ”, – განაგრძობს ექსპერტი.
“არადა, ამის საპირისპიროდ ჩანს, რომ საოცარი თაობა წამოგვეწია, ან როგორი გამართული ქართულით ლაპარაკობენ, ან როგორ ცეკვავენ და მღერიან… მათ ჩვენზე მეტი სიბრძნეც გამოავლინეს, დაპირისპირებაში არ შედიან, მაგალითად, ინსტრუქციებსაც კი წერენ, რომ სპეცრაზმთან 5-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან და ა.შ. ყველაფერს სწორად აკეთებენ. 17 მაისსაც იგრძნეს, რომ ხელისუფლება ოჯახის სიწმინდის დღეს მზად იყო პროვოკაციისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს, დაუთმეს ცენტრალური ქუჩები მსვლელობას. ერთი ინციდენტიც არ ყოფილა. ჩვენ ვართ საოცარ ისტორიულ პროცესში. ახლა ჩვენი შვილები ატარებენ მასობრივი ეგზორციზმის აქტს ჩვენში არსებული ჰომოსოვეტიკუსის განსადევნად.…მათში ქართულმა სულმა გაიღვიძა, ამ პროცესში მათ გამოკვეთეს თავიანთი თაობის მისია. არადა, ხელისუფლება ცდილობს დაპირისპირებაში ჩაითრიოს ეს ბავშვები, რადგან კუნთების გარდა აღარაფერი დარჩა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით მივიდეთ არჩევნებამდე. ჩვენ არ უნდა ავიდეთ დაპირისპირების ტატამზე, რაზეც ეს ხელისუფლება ოცნებობს”, – მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
“ხელისუფლება დღეს გალიაში გამომწყვდეული, მშიერი, შეშინებული მხეცის მდგომარეობაშია, საკბილოს ეძებს. არ უნდა მივცეთ ეს საკბილო და უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა. რთულია, მაგრამ უნდა გვეყოს იმის სიბრძნე და ნერვები, რომ ეს ავიტანოთ, უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჭირი მოვიშოროთ. არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ უნდა წავიდეთ. ეს არის ერთადერთი გზა”, დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე – “ერთი შეხედვით გზავნილები აშშ-დან გაცილებით მკაფიოა, ვიდრე ევროკავშირისგან. ევროპარლამენტარების კრიტიკის სამიზნეში მოხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც კი იმ პოსტის გამო, რომელშიც ამბობდა, საქართველოში ორივე მხარეს დავეხმარებით პრობლემების მოგვარებაშიო…” – პასუხობს:
“ეს არის ერთგვარი მანევრები, ევროპაც არ არის მარტივ მდგომარეობაში. უყურებენ კვლევებს და ჩვენი მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირში გაწევრება სურს, ხელისუფლება კი სხვაგან მიდის. გარდა ამისა, ევროპაში ბიუროკრატია უფრო მოუქნელი და ფრთხილია, ვიდრე აშშ – კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრ გარემოებას ითვალისწინებენ, ევროკავშირში ბევრი მოთამაშეც არის. თუ დააკვირდებით, სხვა სახელმწიფოების შემთხვევაშიც სანქციები აშშ-დან იწყება ხოლმე და მიჰყვება მერე ევროპა. შარლ მიშელი ახლა ფრთხილობს, ტოვებს სარკმელს იმ იმედით, რომ ხელისუფლება შეიძლება გონს მოეგოს. ევროპა შეეცდება ეს ვითარება როგორმე მივიდეს არჩევნებამდე და ეს პოზიცია მისაღებია. ვიცით, ვინ არიან საქართველოს ლობისტები ევროკავშირში: გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მათი პოზიციები დღეს ძალზე ცალსახაა. უნგრეთსა და სლოვაკეთს რაც შეეხება, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ისინი ჩვენი ხელისუფლების დაცვით თავს არ მოიკლავენ. იმავე კონსერვატორული მანტიით შემოსილი ორბანი საბოლოოდ ყველაფერს ეთანხმება, რაზეც თითქოს თავიდან პრობლემას ქმნის ხოლმე, მერე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ივაჭრებს და საბოლოოდ ხელს ყველაფერზე აწერ”…
მოსმენა კონგრესში და კანონპროექტი საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე – რა პროცესი იწყება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით
“4 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში მოსმენაა დანიშნული. გარდა ამისა, მზადდება კანონპროქეტი, რომლითაც სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარუდგინოს. რას ნიშნავს აშშ-ში ასეთი პროცესების დაწყება და რა გაგრძელება ექნება ამას საქართველოსათვის? საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენა 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული სტილის “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის ამჟამინდელი მიღება “ქართული ოცნების” მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსმენა კონგრესში და კანონპროექტი საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე – რა პროცესი იწყება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით.
“რუსული სტილის “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის ამჟამინდელი მიღება “ქართული ოცნების” მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. “ქართული ოცნების” მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს”, – აღნიშნულია განცხადებაში. ასევე ნათქვამია, რომ მოსმენაზე მომხსენებლები იქნებიან “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და “ჩეთემ ჰაუსის” უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და “რენდის კორპორაციის” უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ. კონგრესმენი, ჯო უილსონი კი ამზადებს კანონპროექტს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს ანგარიში საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც შესაძლო სანქციებსაც ითვალისწინებდეს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. “უცხოური აგენტების შესახებ კანონსა” და დემოკრატიაზე განხორციელებულ უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ. “კანონპროექტი საქართველოს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირები გააძლიეროს, თუ ის კურსს შეიცვლის. ეს შეიძლება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტი იყოს, მაშინ როცა მისი მოსახლეობა ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის შეჩერებას ცდილობს”, – ნათქვამია “უოლ სტრით ჯორნალის” სტატიაში”, – განაგრძობს გამოცემა.
“როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, ამერიკელებს საქართველოში შექმნილ სიტუაციაში გარკვევა რომ მოუნდათ, ეს მისასალმებელია, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არიან მომხსნებებლები. მისივე თქმით, ეს მომხსნებლები ხელისუფლების ოპონენტები არიან და შესაძლებელია, მათ კონგრესმენები შეცდომაში შეიყვანონ. ხოლო რაც შეეხება სანქციებს, ანჯაფარიძის აზრით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ამ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა შეწყდება და ამერიკელები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. “ყველანი ხელისუფლების ოპონენტებია და სავსებით გასაგებია, თუ რა კონტექსტში და რა ჭრილში მიაწვდიან ისინი ინფორმაციას იქ დამსწრე კონგრესმენებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მცირეა იმის იმედი, რომ ჩვენ ობიექტურ მსჯელობებს და დასკვნებს უნდა ველოდოთ. სამწუხაროა, რომ ისეთ ადამიანებს იწვევენ, რომლებიც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში არიან”, – ამბობს ანჯაფარიძე, რომლის აზრით, მმართველი პარტია კომისიის ორგანიზატორებთან კონტაქტზე უნდა გავიდეს და უთხრას, რომ თუ მოსმენა იქნება, ამ მომხსენებლებს შორის ალტერნატიული პოზიციის მქონე მომხსნებლებიც იყვნენ. ეს იქნებოდა სამართლიანი”, – დასძენს გამოცემა.
“ჯო უილსონის წამოწყებულ ინიციტივას რამდენად ექნება შედეგი, რთულია წინასწარ განჭვრეტა. მისი ინიციატივა ის არის, რასაც ხელისუფლება აშშ-ს სთავაზობდა და სთავაზობს დღემდე. პარტნიონული ურთიერთობა და სტრატეგიული მოკავშირეობა, რომელიც ქაღალდზე გაფორმებული გვაქვს, უნდა გადაიზარდოს უფრო კონკრეტული და შინაარსობრივ თანამშრომლობაში. იმ კუთხით, რომ ჩვენ მოგვეცეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, დაიწყოს პირდაპირი მიმოსვლები, შემსუბუქდეს სავიზო რეჟიმი და ა.შ. და თუ ამას კიდევ დაემატება თანამშრომლობის სხვა ფორმები, რასაკვირველია, ეს კარგი იქნება და ორმხრივ ურთიერთობას წაადგება, თუმცა ეს რამდენად რეალურია, არ ვიცი. სანქციების დაწესება ძალიან სენსიტიური საკითხია, რადგან თუ ამერიკელებმა საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს, იქნება ეს პარლმანეტარები თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას საერთოდ შეწყდება. ამიტომ არ მგონია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ასეთ ხისტ ნაბიჯებზე წავიდეს. მათი ეს განცხადებებიც არ მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელები მზად არიან ეს უკიდურესი გადაწყვეტილება მიიღონ”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ მოსმენები საკმაოდ დეტალური იქნება და ყველაფერი დამოკიდებულია “ოცნების” მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ სადავო კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აშშ სანქციებს დაუწესებს როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე საქართველოსაც. “მოსმენები იქნება საკმაოდ დეტალური და ყველაფერი დამოკიდებულია “ოცნებაზე”, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იქამდე პრეზიდენტის ვეტო დადებული იქნება და გაირკვევა მიიღებენ თუ არა კანონს. ანგარიშის შემდეგ სანქციები აუცილებლად იქნება. პირველ რიგში შეერთებული შტატები კონკრეტულ პირებზე დააწესებს. ალბათ ეს ბიძინა ივანიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათ საქართველოს სახელმწიფოს დახმარება შეუჩერონ, ყოველ შემთხვევაში რაღაც დარგებში დაფინანსება მნიშვნელოვნად შეამცირონ. ანგარიშში ალბათ მინიშნებული იქნება, თუ რა შემთხვევაში უნდა დაუწესდეს მთავრობას და საქართველოს, როგორც ქვეყანას, სანქციები”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, რომლის განმარტებით, სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ნახავენ ეს პირობები დადგა თუ არა და ამის მიხედვით იმოქმედებენ”, – წერს სტატიიის ავტორი.
მირიან მირიანაშვილი – “ქუჩაში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან”
“დღეს თბილისის ქუჩებში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან. შეიძლება ითქვას, ჩვენ ახლა ტესტის ჩაბარება გვიწევს – ისე უნდა გადავლახოთ ეს სახიფათო ზონა, რომ დაზარალებულები კი არა, მოგებული დავრჩეთ. ქართულ პოლიტიკურ ელიტას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, ექსპერტთა საზოგადოებას და პოლიტიზებული სოციუმის დიდ ნაწილს არ ეგონა, თუ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის მდორე ტემპი ასე აჩქარდებოდა და დასკვნით ფაზაში გადავიდოდა. ჩვენი პოლიტელიტა მზად არ აღმოჩნდა ამისთვის ფეხის ასაწყობად. ოპოზიციამაც ვერ გამოძებნა სწორი ნარატივი. დასავლეთს რუსეთის ფაქტორს სწორად ვერ უხსნის. პრობლემა ისაა, რომ ქართული სოციუმი კეკლუცობს, როდესაც ალალად ებრძვის რუსეთს – იმიტომ, რომ უამრავი ქართველი მყარი თოკით არის მიბმული რუსეთთან და მათი მყისიერი ჩაწყვეტა ადვილი არ არის”, – ახადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქუჩაში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან”.
“ჩვენ დასავლეთთან ინტეგრაციის პრობლემა კი არ გვაქვს, რუსეთის გასტუმრება გვიჭირს. დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში ისე ჩავერთეთ, რუსეთის გასტუმრების მოდელის შექმნა გადაგვავიწყდა. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გაიმართოს დისკუსია, თუ როგორ დავიხსნათ თავი რუსეთისგან კატაკლიზმების გარეშე. რუსეთს ისეთ მომენტში უნდა გამოვეხსნათ, რომ ჩვენი უკან მიბრუნების რესურსი აღარ ჰქონდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას რუსეთი ყოველთვის შეუშლის ხელს, ევროკავშირში რომ შევალთ, იქაც შეგვიქმნის პრობლემებს. მოსკოვში საქართველოს ევროკავშირში შესვლას ვერაფრით ვერ მოინელებენ, ეს რუსეთისთვის კავკასიაში ბატონობის დასასრული იქნება. მხოლოდ სამხრეთ კავკასიას კი არა, ჩრდილოეთ კავკასიასაც კარგავს… ჩემი წარმოდგენით, რუსეთს რესურსი ყველაზე მეტად დღეს აქვს დამცრობილი. როგორც კი მოსკოვი სთან ომს მოითავებს, წარმატებული თუ წარუმატებელი შედეგით, მაშინვე დაიწყებს საქართველოსთვის ბარიერების გაზრდას ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ დღევანდელი მომენტი ყველაზე ოპტიმალურია. ამაზე უკეთესი მომენტი საქართველოს არც ამ დრომდე ჰქონია და არც მომავალში ექნება. ამიტომ, როგორ რისკიანადაც უნდა მოგვეჩვენოს, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“რაც უფრო მეტად ჯიუტობს “ქართული ოცნება”, მით უფრო მეტად იზრდება ფსონი საქართველოზე. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის გზაზე ფეხის ათრევის გამო შეიძლება დასავლეთმა კიდევ მეტად ხელსაყრელი შემოთავაზებები გაგვიკეთოს. “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის გზას კი არ გვიკეტავს, რუსეთის დასუსტების შეცნობის რესურსი არ აღმოაჩნდა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვას ვერ ამჩნევს. ტყუილია, რაც არ უნდა მოინდომო, ვერანაირი ბოიკოტირებით ვერ ჩაშლი ევროინტეგრაციის პროცესს. რუსებმა კარგად იციან მიზეზ-შედეგობრივი გარემოებები და ხვდებიან, რომ სამხედრო ჩარევის გარეშე საქართველოში გავლენას ვერ დაიბრუნებენ”, – განაგრძობს რესპონდენტი.“დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრციდან ათეულობით ქვეყანა წაიყვანა. მათ შორის არაერთ ქვეყანას ჰყავდა პრობლემური ხელისუფლება. მაგალითისთვის დაგისახელებთ ბულგარეთს, რომლის პოლიტიკური ელიტა ათჯერ პრორუსული იყო, ვიდრე ჩვენი, მაგრამ ამერიკამ მათი ამბიციების მოთოკვა მარტივად მოახერხა. სინამდვილეში, პრობლემა სულაც არ არის “ქართული ოცნების” ფეხის ათრევა ევროინტეგრაციის გზაზე. დასავლეთს ძალიან ძლიერი დიპლომატია ჰყავს და ძალიან კარგად იციან, რა უნდა შეიმჩნიონ და რა არა, ხომ არ გგონიათ, რამეს არ ხედავენ?! არ იმჩნევენ იმას, რაც არ სურთ: არ სურთ სამაგიეროს გადახდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ამით ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობა კიდევ უფრო დასუსტდება. დასავლეთში ფიქრობენ, რომ “ოცნების” “ანტიდასავლური რიტორიკის მიზანი დასავლეთის მიერ ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიების დაწყებაა, რომელიც უპირველესად ქვეყანას დააზიანებს”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“ამერიკულ პოლიტიკაში ოთხი დაჯგუფებაა, რესპუბლიკურ პარტიაში ორი – ტრამპისტები და რეიგანისტები, და ორიც დემოკრატიულ პარტიაში – ცენტრისტები და მემარცხენეები. ერთმანეთთან ვერაფერზე შეთანხმდნენ, გარდა ერთისა, რომ საქართველოში გამოეგზავნათ საპროტესტო ნოტა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ. ეს იცით რას ნიშნავს? თუ “ქართულმა ოცნებამ” რეალურად მოახდინა დასავლური კურსის საბოტირება, ამერიკული ელიტიდან დიდ პრობლემებს წააწყდება. ეჭვი მეპარება, ბიძინა ივანიშვილი ამისთვის მზად იყოს. რუსეთს რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპზე აქვს ფსონი დადებული, მაგრამ როგორც ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი წერილით ირკვევა, “ქართულ ოცნებას” ტრამპის იმედიც არ უნდა ჰქონდეს – ანუ ტრამპისტებიც კი საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრების მოსურნეები არიან. შესაბამისად, “ქართული ოცნება” საგარეო ასპარეზზე მხარდაჭერას ვერავისგან ვერ მიიღებს ორბანისა და ს პრეზიდენტის გარდა, რაც დასავლეთთან დაპირისპირებაში სასაცილოდ არასაკმარისია”, – მიიჩნევს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე – “სამაგიეროდ, ჩინეთთან აძლიერებენ ურთიერთობას…” – პასუხობს:
“მსოფლიო ეკონომიკას დასავლეთი აძლიერებს. ჩინეთს არანაირი ბერკეტი და სურვილი არა აქვს, საქართველოს ეკონომიკას შეეხიდოს დასავლეთიდან ტოტალური ეკონომიკური ბოიკოტის შემთხვევაში. საქართველოს ეკონომიკა ერთ დღესაც ვერ გაუძლებს დასავლეთის ზეწოლას. ხშირად ერთმანეთში ვურევთ დასავლეთის ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტს. მაგალითად, პოლიტიკური ელიტის დასანქცირება არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ეკონომიკასთან და თუ დასავლეთი ამის საჭიროებას დაინახავს, გამოიყენებს კიდეც. ვფიქრობ, ეს იცის ივანიშვილმაც და როგორც კი საფრთხეს დაინახავს დასავლეთიდან, წინააღმდეგობას შეასუსტებს”.
“დასავლელ პოლიტიკოსებს შორის ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, თუ ვინ შეერჩიათ კომუნიკატორად. ეს პიროვნება შეირჩა მაკრონის შუამდგომლობით და ის ა. შარშან შემოდგომით, როდესაც ზურაბიშვილი სალივანს შეხვდა, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს. ამერიკული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილს პირობა ჩამოართვეს, რომ მის პიროვნულ როლზე საუბარი არ იქნებოდა და ის მხოლოდ გარდამავალი ფიგურა იქნებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამერიკელების ძირითადი პრეტენზია ივანიშვილთან იმაში მდგომარეობს, რომ თავად სურთ საკუთარი მომხრეების ბანაკი ააწყონ. ივანიშვილმა პოლიტიკურ ორბიტაზე თავად დატოვა “ნაცმოძრაობა”, მერე დაშალა და ნაწილ-ნაწილ შეაძლია ამერიკელებს. ამაზე რომ არ დათანხმდნენ, მერე სხვა პოლიტიკურ კონსტრუქციებს სთავაზობდნენ. ეს ეპოქა დასრულდა, ახლა ამერიკელებს თავად სურთ ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი მხარდამჭერების შეცნობა”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
“ევროინტეგრაციის ფინალურ ეტაპზე პოლიტიკური პარტიების პაკეტიც უნდა განახლდეს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა. ამ პარტიების აღარავის სჯერა. ახლა ვის დააჯერებ, რომ ფე-ეს-ბეს ოფიცერი სააკაშვილი ნამდვილად ებრძოდა რუსეთს საქართველოში. მოსკოვის დიპლომატიური სასწავლებლების კურსდამთავრებულებით არის სავსე ოპოზიციური სპექტრი. შესაბამისად, დასავლეთი მათგან პოლიტიკური სპექტრის გასუფთავებას ისევე გეგმავს, როგორც პოლონეთში მოხდა თავის დროზე. სინამდვილეში ოპოზიციაში მყოფ ზოგიერთ პოლიტიკოსს ისევე არ უნდა დასავლეთში ინტეგრაცია, როგორც ხელისუფლებაში მყოფ რუსეთუმეებ… ივანიშვილის პოლიტიკური როლი ძალიან საინტერესოა გარდამავალ პერიოდში, ამერიკელებს უნდოდათ კიდეც მისი დარჩენა და ეს ივანიშვილმა თავადაც იცის. მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ის 2 მილიარდის გამო დეპრესიაშია და ვერ აცნობიერებს სანქციები დაწესებული აქვს თუ არა. არანაირი სანქციები არა აქვს დაწესებული და ამის გარკვევა მარტივია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს საიტზე. იქ არ არის ივანიშვილის გვარი, რაც ნიშნავს, რომ ის შემონახულია გარკვეული პოლიტიკური ფუნქციისთვის და გამოიყენებენ გარდამავალ პერიოდში. ე.ი. ამერიკელები მთელი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის სათავეში ზურაბიშვილს, ხოლო ხელისუფლებაში ივანიშვილს მოიაზრებდნენ. ამიტომაც დათანხმდნენ მის პოლიტიკაში დაბრუნებას. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას ივანიშვილის კარდინალური მიუღებლობა არა აქვს”, – დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.