მირიან მირიანაშვილი – “დიდი კვანძი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე უნდა გაიხსნას”
“აბა, ომი გინდათ?!” – შეეძლო თუ არა ოპოზიციას “ოცნების” მთავარი მესიჯის გადაფარვა და რას შეცვლიდა ეს
რისთვის ემზადება “ქართული ოცნება”?! – ვახტანგ ძაბირაძე
* * *
მირიან მირიანაშვილი – “დიდი კვანძი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე უნდა გაიხსნას”
“შევთანხმდეთ, რომ ვილაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილსა და მის ნებაზე, რადგან “ქართული ოცნების” ე.წ. ლიდერები თუ ხელისუფლების უმაღლეს პოსტებზე მყოფი პირები არაფერს წყვეტენ და მათ პოზიციაზე საუბარში დროის დაკარგვა არ ღირს. დაახლოებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ივანიშვილი ატარებს ანტიდასავლურ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ამ ეტაპზე გამოჩნდა. მას პოლიტიკური კურსიც არ ჰქვია, ეს არის ანტიდასავლური ნარატივების ერთობლიობა, რომელიც თანდათან უფრო მასშტაბური ხდებოდა. ივანიშვილი ცდილობს ამერიკულ-რუსული მოლაპარაკების ნაწილში გარკვეული რეალობის ბენეფიციარი გახდეს. ის, როგორც რუსეთის პრივილეგირებული ქვეშევრდომი, ცდილობს დასავლეთის წინაშე საქართველოში არსებული რეალობა ისე წარმოადგინოს, თითქოს პოლიტიკური თუ ბიზნესელიტა მის მხარეს არის, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეპაექრება. ჩემი აზრით, ივანიშვილი ელოდება რუსულ-ამერიკული ურთიერთობის გადალაგებას და სამხრეთ კავკასიაში იმგვარი ვითარების ჩამოყალიბებას, რომელშიც ამერიკა საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებს და ამის სჯერა”, – აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიდი კვანძი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე უნდა გაიხსნას”.
“მას სურს მისი გრძელვადიანი პოლიტიკური უფლებები, როგორც რუსეთის პარტნიორისა, დასავლეთმა აღიაროს და ელის, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს მოხდება. ვიდრე ეს სჯერა, კურსის ცვლილების იმედი არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არავის არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს გულის სიღრმეში მართლა სჯერა, რომ აშშ რუსეთს დაუთმობს სამხრეთ კავკასიას თუ ახლო მომავალში არა, შორეულში მაინც. ვიდრე საბოლოოდ არ გაცამტვერდება ამის იმედი, ის იმავე პოლიტიკას გააგრძელებს. რას გააკეთებს, როდესაც დარწმუნდება, რომ აშშ საქართველოზე რუსეთის უფლებებს არ აღიარებს, ეს არის ყველაზე საინტერესო… აბსურდული აზრი, რომ თითქოს აშშ ტოვებს კავკასიას და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს, ფეხმოკიდებული ილუზიაა რუსულ სამხედრო, პოლიტიკურ და უშიშროების წრეებში. ამ საინფორმაციო ნარატივის მოსმენა სურთ მათ ქვეყანაში და აფინანსებენ ამის გავრცელებას ქვეყნის გარეთაც, მათ შორის საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს ამ ნარატივების გავლენაში, მისი წარსულიდან, ბიზნესურთიერთობებიდან და კავშირებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გასაკვირი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“გადახედეთ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებს, ისინი გამუდმებით ლაპარაკობენ რუსეთის გამარჯვებაზე და ავითარებენ მოსაზრებებს, რისი მოსმენაც ბიძინა ივანიშვილს სიამოვნებს და სურს. არადა, რეალობა სრულიად სხვაა და პროპაგანდა კიდევ 180 გრადუსით განსხვავებული. ამიტომ ამ სიტუაციაში ნებისმიერი რუსეთუმე არის აპრიორი ფუნდამენტური ილუზიების ტყვეობაში. შესაბამისად, ამ ნარატივების ზეგავლენაში რომ იყოს ბიძინა ივანიშვილიც, გასაკვირი არ არის. ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები რეალობასთან ფუნდამენტურ დისონანსში გვაქვს, ანუ საქართველოს ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად აღიქვამს რეალობას. რაც შეეხება “ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას, ეს არის რუსული იმპერიების პროპაგანდის ქართული ვერსია. ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ტრამპმა უნდა გაანადგუროს აშშ-ის მმართველი ელიტა, რომლის პროდუქტიც თვითონ არის, ცოტა არ იყოს, სასაცილოა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“როგორც ჩანს, ივანიშვილი დროდადრო რუსეთის წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს და ამით კრემლი დაამშვიდოს, ამ გადამწყვეტ ვითარებაში ჩვენ არსად წავალთ, არ გიღალატებთო. ამ ტიპის განცხადებების ერთადერთი არსი რუსეთისთვის ლოიალურობის დამტკიცებაა, მას სხვა ადრესატი არა ჰყავს. დღეს რუსეთის ელიტას ფუნდამენტური აუცილებლობა უდგას, რომ დასავლეთთან დაპირისპირება წარმოაჩინოს როგორც რუსეთის გამარჯვება. რუსეთი დაპყრობილი ერების ციხეა და ნებისმიერი საგარეო მარცხი დაპყრობილი და დაჩაგრული ერების აჯანყებით მთავრდება ხოლმე. შესაბამისად, რუსეთის ელიტას პროპაგანდაში დამარცხების აღიარების უფლება არა აქვს. ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის მოტივაცია კი ასეთია: შეაერთოს პროპაგანდისტულ ნარატივში ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ – ქართველი ერის ევროინტეგრაციის სურვილი და “ქართული ოცნების” ცდა, რუსულ ელიტას გაუგოროს კოჭი”, – განმარტავს ექსპერტი.
“პოლიტსაბჭოს განცხადებაც ამის ნიმუშია. არადა, ეს ორი თეზა ერთმანეთის გამომრიცხავია, მხოლოდ ქაღალდზე შეიძლება თანაარსებობდნენ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე სჭირდება, მაგრამ რეალურად პოლიტიკაში პროდასავლური კურსის რეალიზებაც და რუსეთის ხელისუფლების ქვეშევრდომობაც ვერ მოხერხდება. ამიტომაც “ქართულ ოცნებას” ძალიან მალე დაუდგება პერიოდი, როდესაც მოუწევს არჩევანის გაკეთება – მან ან უნდა გააგრძელოს კრემლის პოლიტიკური მაამებლობა, ან მიუბრუნდეს ქართველი ერის პროდასავლური მისწრაფებების რეალიზების პოლიტიკას. ამ მხრივ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაიმართება, ბიძინა ივანიშვილისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება… რაც შეეხება “ქართული კოშმარის არაღიარების” აქტს, ამერიკულ სასანქციო პოლიტიკას არ ახასიათებს ერთბაშად ყველას დასანქცირება. კი, ცდილობს ხოლმე იზოლაციაში მოაქციოს ის სახელისუფლებო წრეები, რომლებიც ანტიამერიკული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან ბიძინა ივანიშვილს მოწინააღმდეგეები გაუმრავლონ და არა პირიქით… უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე მოსკოვიდან არის ძლიერი ზეწოლაც. ქართველი ხალხის მისწრაფებებზე მეტად, ის ამ ზეწოლის ფაქტორს ითვალისწინებს. თუ მან არ დაინახა, რომ მას დასავლეთი გაცილებით სერიოზულად ელაპარაკება, არ დაინახა სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ანტიდასავლურ კურსს გაატარებს”, – დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“ქვეყანაში პროტესტმა უკვე ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება აიძულა უარი ეთქვათ უფრო რადიკალურ ანტიდასავლურ ნაბიჯებზე. პროცესების ლოგიკით, დასავლეთთან დაპირისპირება კიდევ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ პროტესტმა ბიძინა ივანიშვილი შეაკავა და, ჩემი აზრით, ის გადაარჩინა კიდეც. როგორც უკვე ვთქვი, ამ პროცესმა ის აიძულა რადიკალურ ზომებზე ეთქვა უარი, შესაბამისად, მნიშვნელოვანწილად გადარჩა ამგვარ ნაბიჯებზე დასავლეთისგან ადეკვატურ პასუხსაც. მოკლედ, ამ პროტესტის ერთ-ერთი ბენეფიციარი ბიძინა ივანიშვილიც არის. მთავარი ფუნდამენტური მონაპოვარი კი გახლავთ ის, რომ ქართველმა ერმა დასავლეთს დაანახა, ის რუსული გავლენის სამყაროში დარჩენას არა გეგმავს და მზად არის ამისთვის იბრძოლოს. ყველას, ვისაც დასავლეთში აქვს სურვილი საქართველოზე დადოს ფსონი, მის ევროინტეგრაციას შეუწყოს ხელი, სერიოზული არგუმენტები მიეცათ ამის გასაკეთებლად თავ-თავიანთ ქვეყნებში”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“დღეს დასავლურმა პროპაგანდამ ისე დაამუშავა დასავლელი ობივატელი, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ძნელად თუ გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველო ევროპა არ არის და მისი ევროინტეგრაცია დაუშვებელია, რადგან ასე საკუთარ პოლიტიკურ კარიერას შეუქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროინტეგრაცია უალტერნატივოა. ეს ერთსულოვნება არ ჩამოყალიბებულა ერთ დღეში, ის დიდი შრომისა და ინვესტიციების შედეგია და გამორიცხულია რამე შეიცვალოს. ეს საზოგადოებრივი აზრი დასავლელ პოლიტელიტას საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური პაუზის გაკეთების საშუალებას არ მისცემს. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი – დასავლელი საზოგადოების ინტერესი, მათი ელიტები და ქართველი ხალხის ენერგეტიკა, რისი განულების საფრთხეც არც ერთი მხრიდან არ ჩანს. იმის იმედი, რომ ტრამპი ევროპელების აზრს ფეხებზე დაიკიდებს და პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთს აჩუქებს, სრულიად საფუძველმოკლებული და განუხორციელებელი რამ არის. თუ ამერიკა ევროპას რუსეთთან კონფლიქტში ჩაეხსნება, მაშინ ევროპა ჩაეხსნება ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში. ამიტომ ტრამპის მიმართ ივანიშვილის იმედი სრულიად ილუზიურია. სტრატეგიული დაპირისპირების ფრონტის ხაზი დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის საქართველოზეც გადის და უკან არავინ დაიხევს”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“ამის ნათელი ილუსტრაციაა ევროპის ახალი მმართველობითი ინსტიტუტების რუსოფობებით დაკომპლექტება. ვერავინ წარმოიდგენდა კალასსა და კუბილიუსს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე. ევროპელებმა რადიკალური რუსოფობები წინა პლანზე რომ წამოსწიეს, ეს მნიშვნელოვანწილად საქართველოს ფაქტორის გათვალისწინებითაც მოხდა. მოკლედ, დიდი კვანძი უნდა გაიხსნას ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე. ივანიშვილისთვის ეს იქნება ზღვარი დასავლეთთან აღმავალი დაპირისპირების კურსში. ჩემი აზრით, ამის ზევით ის თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვეღარ წავა. ველი, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებას ვეღარ გაბედავს. ბაიდენის რბილი ძალის პოლიტიკის ნაცვლად, ტრამპი, ფაქტობრივად, ძალიან ხისტი პოლიტიკისთვის არის მოსული. დიახ, მისი ხელისუფლებაში მოყვანა არის პოლიტიკური ელიტის შეგნებული ნაბიჯი საგარეო ასპარეზზე ხისტი პოლიტიკის გასატარებლად. ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება იმდენად ირაციონალური მგონია, ივანიშვილისგან ამ ნაბიჯს აღარ ველი. ასეთ შემთხვევაში რისკები კვადრატსა და კუბში ავა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პირადად მისთვისაც”, – დასძენს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე – “ორიოდე სიტყვით შევეხოთ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც აპირებს ტრამპის ინაუგურაციაზე წასვლას…” – პასუხობს:
“პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის და რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების რა გზასაც აირჩევს ტრამპის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის როლიც იმ დისკურსის შესაბამისი იქნება. სალომე ზურაბიშვილი ავანტიურისტი არ არის, ის არასდროს ყოფილა შემჩნეული ისეთ ნაბიჯებში, რაც დასავლეთსა და სერიოზულ მოთამაშეებთან არ იყო ხოლმე შეთანხმებული. ის სწორად მოიქცა, როდესაც პრეზიდენტის სასახლე დატოვა. კარგად გათვალა, რომ მისი იქ დარჩენა ამ ეტაპზე შედეგის მისაღებად საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ მომავალშიც, ვფიქრობ, შეეცდება ფრთხილად იმოქმედოს და ზედმეტი პასუხისმგებლობა თავზე არ აიღოს, რაც დამოკიდებული იქნება ტრამპის პოზიციაზე რუსეთთან. არ გამოვრიცხავ, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თემა ძალიან გააქტიურდეს. არჩევნები რომც არ დაინიშნოს, ვფიქრობ, “ქართული ოცნებისთვის” საბედისწერო შეიძლება გახდეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მართლაც ქვეყნის მომავლის გადამწყვეტ რეფერენდუმად იქცევა”.
“აბა, ომი გინდათ?!” – შეეძლო თუ არა ოპოზიციას “ოცნების” მთავარი მესიჯის გადაფარვა და რას შეცვლიდა ეს
“ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებში ბოლო დროს აქტიურად მიდის კამათი და მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არაფერი დაუპირისპირა ოპოზიციამ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს – “აბა, ომი გინდათ?!” და როგორი იქნებოდა არჩევნების შედეგები, ყველაფერის სხვაგვარად რომ ყოფილიყო. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციამ, ბოლო 12 წელია, ჭორების და დეზინფორმაციის გაფანტვაზე “ოცნებას” ეფექტური მექანიზმი ვერ დაუპირისპირა. “ოცნება” კი მოქმედებს დევიზით – “რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო იჯებეს მას ხალხი”. “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიას მთავარ ხაზად გასდევდა მოსაზრება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში საქართველო რუსეთთან ომში იქნებოდა ჩათრეული. ხელისუფლების ოპონენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ შორის ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერიც აღიარებს, რომ ამ ხაზმა იმუშავა და “ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა. საუბარი სწორედ იმაზეა, თუ რატომ არ სცადა ოპოზიციამ ამ მოსაზრების გაბათილება და არაფერი დაუპირისპირა მას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აბა, ომი გინდათ?!” – შეეძლო თუ არა ოპოზიციას “ოცნების” მთავარი მესიჯის გადაფარვა და რას შეცვლიდა ეს.
“თავად ოპოზიციაში ამ დისკუსიას უადგილოდ და კონტრპროდუქტიულად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ოოპოზიციას სხვაგვარი კამპანია რომ ეწარმოებინდა და გაებათილებინა “ქართული ოცნების” ე.წ. ომის კამპანიას, ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგანაც არჩევნები გაყალბდა. ყველაზე საკამათო “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარი გახდა, სადაც ის ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ომის კამპანიას ვერ დაუპირისპირდნენ, რადგან ვერავინ მოიფიქრა მოკლე მესიჯით როგორ შეიძლებოდა ამაზე ეფექტური პასუხის გაცემა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ამაზე ბევრი მსჯელობა იყო პარტიებში, თუ როგორ დაპირისპირებოდნენ “ოცნების” ომის კამპანიას. “ამაზე იყო ბევრი მსჯელობა, მსჯელობა იყო პარტიებშიც, მათ შორის რამდენიმე პარტიას ჰყავდა კონსულტანტები, არსებობს კიდევ რამდენიმე სტრატკომი, ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორში შექმნილი. ბევრი დისკუსია იყო. საბოლოო ჯამში, ვერავინ მოიფიქრა, მოკლე მესიჯით როგორ შეიძლებოდა, ეფექტური პასუხი გაგეცა ამაზე”, – თქვა ჯაფარიძემ, რომლის განმარტებით, “თვითონ სიტყვა “ომს” რომ იმეორებდი, უკვე იმის მესიჯის მულტიპლიკაციას აკეთებდი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საბოლოო ჯამში, ყველა შეთანხმებული იყო, რომ სადღაც ეთერში თუ ზიხარ და გაქვს საშუალება ახსნა, შეგიძლია ახსნა, მაგრამ, კამპანიის თვალსაზრისით, იმას, რომ რაღაც მესიჯი დაუპირისპირო, სჯობს საერთოდ დააიგნორო, სხვა რაღაცებზე გააკეთო ფოკუსი. ეს გაცილებით ეფექტურია. ეგ არის და ეგ. მე საერთოდ არ ვზომავ ეგეთ რაღაცებს. არც მესიჯბოქსები მაქვს. რასაც მეკითხებიან, იმაზე ვლაპარაკობ. მართლა ვერ მოიფიქრეს ისეთი რაღაც, რაც შეიძლებოდა მოკლე, გასაგები და ეფექტური პასუხი ყოფილიყო. ბანერზე დიდ ტექსტს ხომ არ დაწერ და სატელევიზიო რეკლამაში დიდ ტექსტს ხომ ვერ გაუშვებ? ხომ მაგაზეა ლაპარაკი, რომ ეგეთი რამ არ არსებობდა?” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ “რადიო თავისუფლებასთან”. პარტიის “გახარიას საქართველოსთვის” წევრებსაც მიაჩნიათ, რომ ომის პროპაგანდამ იმუშავა”, – განაგრძობს გამოცემა.
“კი, ომის პროპაგანდამ იმუშავა. ვინც საპირისპიროს ამბობს, ნიშნავს, რომ ან იტყუება, ან წინასაარჩევნოდ ერთი დღეც არ ჩასულა რეგიონში. და საერთოდ, არ აქვს ამას კავშირი არჩევნების გაყალბებასთან. კი, არჩევნები გაყალბდა. ვმუშაობდით თუ არა ჩვენ ამ მიმართულებით? კი, ვმუშაობდით. ამას ვაკეთებდით მოქალაქეებთან თითოეული შეხვედრისას და არა მხოლოდ (გადახედეთ ჩვენს პოლიტიკურ მესიჯებს). საკმარისი იყო? რა თქმა უნდა, არა. მწირი რესურსი გვქონდა და მაინც, გაყალბებული არჩევნების პირობებში, დამოუკიდებლად ავიღეთ 8%. ვისაც ოლიგარქები, კორუფციული ფული ან მედია ჰქონდა, შეეძლო მეტი მოეხმარა ამ კეთილი საქმისთვის. ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ასეა, რომ ხალხი, ვისაც ამ პროპაგანდის სჯერა, მსხვერპლია და მსხვერპლს სჭირდება შველა, რისი რესურსიც ყველას ერთად გვაქვს, მით უმეტეს, საუბარია ამავდროულად რეჟიმის პროპაგანდის შესუსტებით მეტი ადამიანის ჩვენკენ გადმოყვანაზე. ამაზე მეტს არ ვიტყვი. ჯობს, ვისაც ეს აქამდე არ გაუკეთებია, ახლა იზრუნოს… P.S. კი, ანტი-ლგბტ პროპაგანდამაც იმუშავა”, – წერს ნათია მეზვრიშვილი. “ძლიერი საქართველოს” წევრი სალომე სამადაშვილის აზრით კი, თუ დასაშვებია ის, რომ “არჩევნების მოგების შანსი არსებობდა”, მაშინ ეს ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა”, – დასძენს გამოცემა.
“ერთ დღეს ვწერთ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა, მეორე დღეს კი ვწუხვართ – ომის შიშის ნარატივს ვერ დაუპირისპირდა პროპაგანდაო. თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა. თუ არჩევნები გაყალბდა, საარჩევნო გზავნილები რას ცვლის? ან მომავალში რა მნიშვნელობა ექნება, ხალხს რას ვეტყვით? არჩევნებს საქართველოში აზრი გაუუქმა გაყალბების სისტემამ. მსჯელობა იმაზე, უკეთესი საპასუხო გზავნილი ომის პროპაგანდაზე და სხვა თემაზე რას შეცვლიდა, არ მგონია რაიმე შედეგზე ორიენტირებული იყოს ამ ვითარებაში. დღეს აზრი აქვს ერთ დისკუსიას – როგორ და რა გზებით შექმნა ისეთი რეალობა, რომ ქვეყნის მართვა ვერ გააგრძელოს არალეგიტიმურმა მთავრობამ. სხვა ყველაფერზე დისკუსია, ვშიშობ, ამ კონტექსტში აღარაა არაფრის მომცემი”, – დაწერა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია კი წერს, რომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს – “ოცნებამ” ეფექტური მესიჯით მოიგო, თუ არჩევნები გაყალბდა. მელიას მიაჩნია, რომ არჩევნები „არნახული მასშტაბით” გაყალბდა”, – წერს სტატიის ავტორი.
“უნდა ჩამოვყალიბდეთ – “ოცნების” პროპაგანდას ვერ გაეცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს, თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები, რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა. არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა! ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია! “ოცნებამ” არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა! და დღეს იმაზე საუბარი, რომ ქოცების პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია! ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის – გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანია ახლა მოპარული! მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, 4 თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსად ამომრჩევლისგან არ გამიგია ოცნების ეს მესიჯი და თუ ვინმესგან გამიგია – ისევ გამგებლებისგან/ბიუროკრატებისგან და “ოცნების” აგიტატორებისგან” – წერს მელია. ნიკა ჩიტაძე კი თვლის, რომ ოპოზიციამ დეზინფორმაციის გაფანტვაზე “ოცნებას” ეფექტური მექანიზმი ვერ დაუპირისპირა”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ესაა შეცდომა, რომელსაც ოპოზიცია უშვებს ამ 12 წლის განმავლობაში და მანამდეც. სანამ ეს კოალიციები შეიქმნებოდა და მთავარი ოპოზიცია “ნაცმოძრაობა” იყო, მაშინაც კი არ მუშაობდნენ მთავარზე – ჭორების და დეზინფორმაციის გაფანტვაზე, რომელსაც ავრცელებდა და ავრცელებს “ქართული ოცნება”. “ოცნების” პროპაგანდის დაპირისპირებისთვის ძლიერი მექანიზმი არ არის შემუშავებული. “ოცნებას” ერთის მხრივ ისინი აძლევენ ხმას, ვისაც პირადი სარგებელი აქვს, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროპაგანდას იჯერებენ – რომ კი, შეიძლება “ქართული ოცნება” არ არის კარგი პოლიტიკური პარტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მშვიდობა რომ იყოს და ომს გადავრჩეთ, სჯობს მათ მივცეთ ხმაო. ზუსტად ამაზე არ იმუშავეს პარტიებმა და ამაზე პრეტენზია მეც მაქვს. საუბრები გვქონდა, რომ ამაზე ემუშავათ, მათ შორის ვუთხარით – ჩვენც გამოგვყვებით რეგიონებშიო, რომ თუნდაც ჭორების გაფანტვის თემებზე კოორდინაცია ყოფილიყო. არჩევნები კი გაყალბდა, მაგრამ “ქართულ ოცნებას” რაც უფრო ნაკლები ადამიანი მისცემდა ხმას, მით უფრო გაუჭირდებოდა ეს გაყალბების პროცესი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აყალბებ 5-10%-ით, თუ აყალბებ 20-25%-ით. ბუნებრივია, ოპოზიციის კარგი მუშაობის პირობებში გაცილებით რთულია გააყალბო 20-25%-ით. მაქსიმალურად უნდა გამოიყენო საკუთარი ბერკეტი და მაქსიმალურად იმუშაო საინფორმაციო ველზე. ჯერ კიდევ, როცა 2012 წელს “ოცნება” მოდიოდა ხელისუფლებაში, “ნაცმოძრაობა” აცხადებდა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით პროპაგანდას, რადგან გვეგონა, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური კულტურის დონე მაღალი იყო და არ დაიჯერებდაო. მაგრამ დაიჯერეს, ხომ?” – ამბობს ჩიტაძე და შეკითხვაზე – “რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი მაინცდამაინც ახლა?” – პასუხობს:
“ეტყობა შეცდომებს ახლა აღიარებენ, რომ დასკვნები გამოიტანონ, თუ რაზეა სამუშაო განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. თან ამას მუნიციპალური არჩევნებიც ემატება. უნდა გამოიტანონ დასკვნები და გამოასწორონ. თუ ახალი არჩევნები დაინიშნა, იქაც არაა გარანტია, რომ გაიმარჯვებენ, რადგან ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მიდის”…
რისთვის ემზადება “ქართული ოცნება”?! – ვახტანგ ძაბირაძე
“რომ გითხრათ, “ქართულ ოცნებას” მრავალფეროვანი არჩევანი აქვს-მეთქი, მთლად ასე არ არის და ცდილობენ ძველი ნარატივები გააცოცხლონ. ამ 12 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ გაიძახოდნენ, აი, “ნაციონალები” ბრუნდებიან ხელისუფლებაშიო და აშინებდნენ არა მარტო თავიანთ მხარდამჭერებს, ნეიტრალურ ამომრჩეველსაც, რომლისთვისაც “ნაცმოძრაობა” ისევე მიუღებელია, როგორც “ქართულიოცნება”. დღეს ძალზე რთული ვითარებაა და ეს მშვენივრად იციან “ოცნებაში” და ამიტომ დაიწყეს “ნაციონალების” ნარატივის თავიდან გამოყენება. ვფიქრობ, სწორედ ამას უკავშირდება კომისიის შექმნა, აი, “ნაციონალები” არიან დამნაშავეებიო და რაკი “ნაცმოძრაობას” მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორები, მათაც დამნაშავეება აცხადებენ და ამით ცდილობენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას”, – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რისთვის ემზადება “ქართული ოცნება”?!
“რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ იწყება უკვე ახალი ანტინაცების პროპაგანდა და, თუ ამან ნაყოფი გამოიღო, ალბათ, დაიწყება რეპრესიები _ ჩაატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს და დარწმუნებული ვარ, უკვე ატარებენ კიდეც, გაამართლებს თუ არა კომისიის შექმნა, პროპაგანდა კი მაინც რეპრესიებისკენ იქნება მიმართული. არ გამოვრიცხავ, სჭირდებოდეთ საზოგადოების შემზადება იმისთვისაც, რომ ახალი არჩევნების წინ იცოდნენ, რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს რეალურად “ქართულ ოცნებას”. თუ “ოცნებაში” ფიქრობენ, რომ იძულებული იქნებიან არჩევნები ხელმეორედ ჩაატარონ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე წინასაარჩევნო პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ პროპაგანდას “ოცნება” შეინარჩუნებს მაშინაც, თუ, დავუშვათ, გადაწყვეტილი აქვს არჩევნების ჩატარება. ერთი საათით ადრეც იგივე პროპაგანდა იქნება, ხოლო ერთი საათის შემდეგ კი შეიძლება არჩევნები დანიშნონ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რეალურია ასეთი ვარიანტი: ან ინიშნება ახალი არჩევნები, ან სანქციები გრძელდება, ხოლო სანქცირება რასაც ნიშნავს, კარგად ვიცით. ვიდრე დასასანქცირებელთა სია მაგიდაზე დევს და მსვლელობა არ მისცემია, ალბათ, რაღაც უნდა იღონონ, თორემ თუ ეს მიმართულება აქტიურად ამუშავდა, მერე ძალიან გაუჭირდება ივანიშვილს გუნდის შენარჩუნება… არის მეორე ვარიანტიც – ბოლომდე ასე წავიდნენ და მაშინ მიდიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რასაც არ გამოვრიცხავ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ივანიშვილი მთლად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, რბილად რომ ვთქვათ. ის რუსეთიდან იღებს მითითებებს – შესაძლოა არა პირდაპირ ტელეფონით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკით რუსეთი რომ აღფრთოვანებულია, მგონი, ამის უარყოფა არავის შეუძლია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არა მარტო რუსეთს, საზოგადოდ ავტორიტარულ სამყაროს ეშინია დემოკრატიის და ამიტომ ავტორიტარიზმი ყოველთვის ებრძვის დემოკრატიას, შესაძლოა აშკარად არა, მაგრამ რაღაც ფორმით. ასეთია დღევანდელი რეალობა. მართალია, ამას მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები არ უშველის, მაგრამ აუცილებელია, რომ შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა. ეს თუ შევძელით, დიდი გარღვევა იქნება არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი უშუალო და ცოტა შორეული მეზობლებისთვისაც. ამიტომაც რუსეთსაც და სხვებსაც ურჩევნიათ საქართველოში ავტოკრატია იყოს… რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” გაასამართლებას, შეიძლება რამდენიმე კაციც დაიჭირონ და “ნაცმოძრაობა” აღარ იყოს ამ ფორმით, აკრძალონ და ა.შ., მაგრამ ელექტორატს ხომ ვერ წაართმევენ? “ნაცმოძრაობას” ჯამურად 400 ათასი ამომრჩეველი ჰყავს. ვგულისხმობ მელიას ფრთასაც და თვითონ “ნაცმოძრაობას”. ამ ხალხს რა უნდა უყონ? ამიტომ გამოჩნდება ახალი ძალა, რომლისკენაც ის 400 ათასი კაცი გადავა”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ასე რომ, ამით “ოცნება” ბევრს ვერაფერს მოიგებს. რეპრესიები რამდენიმე პირზე პროპაგანდისტული იქნება და არა ის, რომ აკრძალავენ პარტიას. როგორც გითხარით, ავტორიტარიზმს “ნაცმოძრაობის” კი არა, დემოკრატიის ეშინია, თორემ გულწრფელად რომ ვთქვათ, მართლა სუფთა არჩევნები რომ ჩაატარონ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარეც კი პარტიებს შორის “ქართული ოცნება” მაინც პირველ ადგილს აიღებს. ეს განცხადებები თუ ქმედებები, ჩემი აზრით, მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება, რათა შუაშისტური ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დააშინონ და ამით შექმნან ვაკუუმი ოპოზიციაში. წარმოიდგინეთ, ახალი არჩევნები თუ დაინიშნა, რა უნდა უთხრას ახალი “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას? ერთადერთი თემაა, “ნაციონალებს” გავასამართლებთო და ა.შ. დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე – “ამ კვირაში სალომე ზურაბიშვილი მედიასთან ახალ ოფისში გამოჩნდა…” – პასუხობს:
“მოსალოდნელი იყო, რომ ამ მიმართულებით წავიდოდა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილი სწორად მოქმედებს. ის მუშაობს ორი მიმართულებით – საპროტესტო აქციებს მხარში უდგას, და მეორე – მუშაობს საგარეო ასპარეზზე. ვიზიტები ჩვენს პარტნიორებთან აუცილებელია, რადგან მას ძალიან ენდობიან ჩვენი პარტნიორები. ზურაბიშვილის საგარეო კავშირები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა რასაც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ორი წელია ხაზი გადაუსვა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და დავუბრუნდეთ ჩვენი განვითარების ვექტორს. ასე რომ, ეს ორი აპრიორი სწორი მიმართულებაა. რაც შეეხება მოლოდინს, თუ რა იქნება, ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ. ის, რომ ზურაბიშვილი ჯერ არაფერს ამბობს, ძალიან სწორია, რომც ფიქრობდეს პოლიტიკაში პარტიულ ჩართვას, საკუთარი პარტიის შექმნას თუ სხვა, დღეს ამაზე საუბარი წამგებიანია მისთვისაც და საერთოდ ოპოზიციური ფლანგისთვისაც”.