ქართული პრესის მიმოხილვა 08.09.2025

გია ხუხაშვილი – “ჩემი აზრით, რიგგარეშე ს 2026 წელს ჩატარება გარდაუვალია. ამისთვისაც უნდა ემზადებოდნენ ოპოზიციური ძალები”
რატომ გადაწყვიტა “ოცნებამ” ეუთო/ოდირის მისიის მაინც მოწვევა
არჩილ გამზარდია – “ქვეყანა ერთი დიდი რეალითი-შოუა”
ფასების ზრდის მიხედვით ერთ-ერთი პირველია, სერვისები მასობრივად გაძვირდა
ბიძინა ლებანიძე – “მსგავსი სამიტები პუტინის პოზიციებს, რა თქმა უნდა, განამტკიცებს”
* * *
– “ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნების 2026 წელს ჩატარება გარდაუვალია. ამისთვისაც უნდა ემზადებოდნენ ოპოზიციური ძალები”
“ამ შეწყალებას აქვს მხოლოდ პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ჰუმანიზმთან საერთო არაფერი აქვს. ეს რომ ჰუმანური აქტი იყოს, მაშინ უნდა გაეთავისუფლებინათ ყველა ის პირი, ვინც ამ მუხლით გაასამართლეს. ამ ნაბიჯით სცადეს ცეცხლზე ნავთის დასხმა და ოპოზიციაში დაპირისპირების გაძლიერება – ვიღაცამ შეიძლება თქვას, ხაზარაძე და ჯაფარიძე იმიტომ შეარჩიეს, რომ ისინი უფრო კონსტრუქციულები არიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენო, მაგრამ, ჩემი შეფასებით, ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის კონკურენტული ოპოზიციური პარტიების შეყვანა საარჩევნო პროცესში. პირიქით, ამათი მიზანია ე.წ. სუვერენული დემოკრატიული სისტემის დამყარება რუსული მოდელით, როდესაც ერთი დომინანტი პარტიაა, დანარჩენები კი მისი სატელიტები, ანუ ე.წ მართვადი ოპოზიცია. ეს გაცხადდა საპარლამენტო კომისიის დასკვნაშიც, როდესაც წულუკიანმა პირდაპირ თქვა, რომ მათი ამოცანაა რეალური ოპოზიციური პარტიებისგან პოლიტიკური სივრცის გათავისუფლება, იგივე გაიმეორა მაც. შესაბამისად, მათთვის ნამდვილად არაკომფორტულია ამ ორი პარტიის მონაწილეობა არჩევნებში”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ოპოზიცია ამისთვის უნდა ემზადებოდეს”.
“ამასთანავე, პარტია ხაზარაძე-ჯაფარიძის ციხეში ყოფნის დროსაც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ხელისუფლებას რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია მაინც სჭირდება, მასაც ვერ მიიღებდა, თუ არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერებს ციხეში დატოვებდა. ამიტომაც შეიქნენ იძულებული გამოეშვათ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ეს არის ის ორი მიზეზი, რატომაც გადადგა მმართველმა პარტიამ ეს ნაბიჯი. ოპოზიციაში თან ამბობენ, ხელისუფლება ამ ნაბიჯით ცდილობს ოპოზიციაში კიდევ მეტი განხეთქილების შეტანასო, თანაც ამ პროვოკაციაზე თვითონვე ეგებიან და სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ. და ბადრი ჯაფარიძე ციხეშიც წავიდნენ სწორედ უკომპრომისო ბრძოლის გამო და იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც ტიპის გარიგება დადეს ხელისუფლებასთან, უსაფუძვლო შეთქმულების თეორიაა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. ალბათ, ივანიშვილი ახლა ზის და გულიანად იცინის იმ არეულობასა და შეთქმულების თეორიებზე, რაც ოპოზიციაში ტრიალებს.…აგრესიის მიმართვა ამ ორი ადამიანისკენ იყო სრულიად არაადეკვატური და თან ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს. გათავისუფლება მათი თხოვნითა და სურვილით არ მომხდარა, ისინი ამის წინააღმდეგები იყვნენ. შესაბამისად, ამ აქტის გამოცემა პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“სინამდვილეში დღეს ოპოზიციაში გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება: არიან პარტიები, რომლებიც მიდიან არჩევნებზე; არიან პარტიები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ და ამასთანავე, პოსტსაარჩევნოდ ლამის აპოკალიფსს გვპირდებიან; და არიან პარტიები, რომლებიც ასევე ბოიკოტის რეჟიმში არიან, თუმცა მათი ამოცანაა პროცესის საყოველთაო დაუმორჩილებლობამდე მიყვანა. არსებულ მოცემულობაში არც ერთ ამ გზას არა აქვს მაინცდამაინც კარგი პერსპექტივა ამ დაქსაქსულობისა და ურთიერთბრალდებების გამო. არადა, რეალურად მათ შორის წინააღმდეგობა მხოლოდ ტაქტიკური ხასიათისაა, რადგან სტრატეგიული ამოცანა მათ ერთი აქვთ – ის შედგება სამი კომპონენტისგან. ესენია: ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამას ყველა იზიარებს. შესაბამისად, ოდნავ სიბრძნე და საღი აზრი რომ შემოიტანონ პოლიტიკაში, თან იმის გათვალისწინებით, რომ ლამის ყველა ამბობს, ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვაო, საფუძველი იმისა, რომ რაღაც მომენტში ეს სამი მიმართულება გაერთიანდეს და მოხდეს ოპოზიციური ენერგიის კონსოლიდაცია, შესაძლებელია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ვიმეორებ, ერთადერთი განსხვავებაა ტაქტიკაში. კი ბატონო, ჰქონდეთ ტაქტიკური განსხვავებები, მაგრამ ეს არ უნდა გამორიცხავდეს მათ კოორდინაციას ძირითადი მიზნებისთვის. თუ ახლა ისინი ურთიერთბრალდებებით გააგრძელებენ, არავის არაფერი გამოუვა! როგორ შეიძლება ეს არ ესმოდეთ?! მოკლედ, ყველას შეუძლია იაროს თავისი გზით, მაგრამ რაღაც ეტაპზე უნდა შეერთდნენ. ჩემი აზრით, პირობითად, ეს შეიძლება იყოს 5 ოქტომბერი. იმას, რომ კონსოლიდაცია მოახდინო და ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნა, სჭირდება გარკვეული ტრიგერი, კატალიზატორი, რადაც შეიძლება იქცეს არჩევნების დღე. იმისთვის, რომ ტრიგერი ძლიერი იყოს, საჭიროა ხელისუფლების ლუსტრირება, რაც შესაძლებელია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხელისუფლება კი არჩევნებს გააყალბებს იმ შემთხვევაში, თუ მას პრობლემები შეექმნება. თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ “ხალხის ძალა”, “გირჩი” და სხვა მსგავსი სატელიტები, ბუნებრივია, ხელისუფლება მოიგებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ჩიტების ჭიკჭიკის თანხლებით… დღეს ოპოზიცია დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ხელისუფლება იყოს დაძაბული და დაუშვას შეცდომები. ამას სჭირდება ძლიერი კონკურენტები, რომლებიც აიძულებენ მას დანაშაულის ჩადენას”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“როდესაც მეტოქის დასამარცხებლად კონსოლიდაციას ვერ ახდენ, ფრონტის ხაზი უნდა გაშალო. დღეს გაშლილია ფრონტის ხაზი, უბრალოდ, ამ ელემენტებს სჭირდება კონსოლიდაცია. ამიტომ არ არის საჭირო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ საარჩევნოდ ამომრჩევლის საბოტაჟი. მეტიც, ამომრჩევლის აქტიურობას შეუძლია დიდი პრობლემები შეუქმნას “ქართულ ოცნებას”, რომელიც იძულებული გახდება წავიდეს გაყალბებაზე, რაც იქნება დამატებითი მიზეზი იმისა, რომ 5 ოქტომბერს ქუჩაში გავიდეს ხალხი, რომელიც ჩათვლის, რომ მოატყუეს, და მოხდეს ის, რაც ვერ მოხერხდა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები… სხვათა შორის, რადიკალურ პარტიებში “ქართული ოცნება” “ლელოსაც” მოიაზრებს… ანუ მთელი არასასურველი ოპოზიციური სპექტრის აკრძალვა სურთ. ეს ხომ ამათი მოგონილი მოდელი არ არის. დღეს ჩვენ გავდივართ პროცესს, რაც თავის დროზე რუსეთმა გაიარა. ინსტრუქციები და შპარგალკები იქიდან არის ჩამოტანილი, მიმდინარეობს რეჟიმის დამკვიდრების პროცესი. რუსები ამგვარ რეჟიმს ეძახიან “სუვერენულ დემოკრატიას”, თუმცა ეს დიქტატურაა და დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ასე ხდება – უნდა მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი, სადაც დარჩებიან მხოლოდ ერთი დომინანტური პარტია და მისი სატელიტები. ვისაც მოათვინიერებენ და ამ ყველაფერზე დაითანხმებენ, მათ პატარა ბოსტანს მოუზომავენ…”, – განმარტავს გია ხუხაშვილი.
“სიმართლე გითხრათ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპისთვის მიწერილი წერილი ყაველაშვილს ბოლომდე ჰქონდეს წაკითხული, ის აშკარად სხვაგან არის დაწერილი. ჯერ ფორმაზე რომ ვილაპარაკოთ, სრული აბსურდია, საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი რამ ნამდვილი ნონსენსია, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ღია წერილით ესაუბრება. პუტინსა და კიმ ჩენ ინსაც კი აქვთ კულუარული საკომუნიკაციო არხები -სთან თუ ევროპასთან და გარკვეულ სტანდარტს იცავენ და ღია წერილებს არ სწერენ ერთმანეთს… ამიტომ მის შინაარსზე ლაპარაკიც არ ღირს. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მასში ტრამპის შეურაცხმყოფელი დეტალებიც არის… ზოგადად კი, ეს არის შიგა მოხმარებისთვის დაწერილი წერილი არა აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებისთვის, ის გარკვეულწილად პრევენციის სახესაც ატარებს. მალე ველი ჩვენი ხელისუფლებისგან მტკიცებას დუგინის სტილში, თუ როგორ დამარცხდა ტრამპი დიპ სტეიტთან”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ფაქტობრივად, ქართული სისტემის რუსულთან სრული სინქრონიზაცია ხდება. როცა საბოლოოდ დააყენებს საკითხს კრემლი ივანიშვილის წინაშე, რომ ამოიღოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დარწმუნებული ვარ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ჩემი ვარაუდით, მომავალ წელს. არჩევნები იმ შემთხვევაშიც დაინიშნება, თუ დასუსტდა და ივანიშვილმაც დაინახა რუსეთის გადაგდების აუცილებლობა. მას ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციის განახლება დასჭირდება… მოკლედ, როგორც არ უნდა განვითარდეს ეს გლობალური პროცესი, ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნების 2026 წელს ჩატარება გარდაუვალია. ამისთვისაც უნდა ემზადებოდნენ ოპოზიციური ძალები”, – დაასკვნის ხუხაშვილი და შეკითხვაზე – “ხაბეიშვილზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა: `კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია… ეს არის იმავე პირების დავალება, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა” და კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ღარიბაშვილს, განაცხადა, რომ გვარებს არ დაასახელებდა” – პასუხობს:
“ჩემი აზრით, კობახიძის პასუხი, ფაქტობრივად, დადასტურებას ნიშნავს. ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც გეკითხებიან რაღაცას და გისახელებენ გვარს, რომელსაც შენ არ გულისხმობ, პირველი რეაქცია უარყოფაა. შესაბამისად, კობახიძის პასუხი, რომ გვარებს არ დაასახელებს, ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედაც ღარიბაშვილს გულისხმობდა. ამგვარი განცხადებისთვის აქვს რეალური საფუძველი თუ არა, არ ვიცი, არც მაინტერესებს. თვითონ ხაბეიშვილიც არ არის ჩემთვის სერიოზული ფაქტორი. მისი ფეხის ბაკუნი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ის სცენარი, რასაც ხატავს, “მშვიდობიან დამხობას” რომ ეძახის, პროვოკაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, ნებისმიერი პროვოკაცია კი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძეს ენამ გაუსწრო წინ, როგორც წესი, სპეცსამსახურები ამგვარ კარტს ათამაშებენ ხოლმე ყველაზე საჭირო მომენტში. როგორც ჩანს, ხელისუფლების გეგმები ხაბეიშვილის კარტის გათამაშებასთან დაკავშირებით კობახიძეს დროზე ადრე წამოსცდა”.
რატომ გადაწყვიტა “ოცნებამ” ეუთო/ოდირის მისიის მაინც მოწვევა
“ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. პრემიერ-მინისტრი ადასტურებს მზაობას, მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეუქმნას. “ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო/ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ. ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო, ეუთო/ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის, ეუთო/ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს”, – განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით, “სამწუხაროდ, ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადაწყვიტა “ოცნებამ” ეუთო/ოდირის მისიის მაინც მოწვევა / პრემიერი: „რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით“.
“ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში – კოლექტიური “ნაცმოძრაობა” იმარჯვებს… ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო/ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთო/ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა. ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს”, – განაცხადა პრემიერმა, რომლის მტკიცებით, “საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ნიკა ჩიტაძის აზრით, “ოცნება” გამარჯვებაში დარწმუნებულია და უნდა აჩვენონ, რომ არ გაუყალბებიათ. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია გამარჯვებაში და უნდა ეუთო/ოდირმა დადოს დასკვნა, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და “ოცნებამ” მოიგო. მათ ახლა გაყალბება არ სჭირდებათ, მაინც იგებენ, თუ ამას მოგება ჰქვია. 2024 წელს ვიცით, რომ გაყალბებისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. მათი მიზანია, წინასწარ მოგებული შედეგი, როგორც თვითონ თვლიან, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან”. გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის მისიის ჩამოსვლის ალბათობა 50/50-ზეა”, – დასძენს გამოცემა.
“პრემიერის გადაწყვეტილება გახმოვანდა მას შემდეგ, რაც პარტიების რეგისტრაცია დასრულდა და კამპანიები დაიწყო. შესაბამისად, გაკეთდა ის არატრადიციული მიწვევა, რომელიც ასევე, ეუთო/ოდირისთვის არის არატრადიციული, რაც ნიშნავს ადგილობრივი არჩევნებზე დაკვირვებას ნებისმიერ ქვეყანაში. ეს იმიტომ, რომ ამ მთავარი საერთაშორისო არჩევნების დამკვრივებლის პრიორიტეტებში შედის მხოლოდ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაკვირვება. ჩამოვლენ თუ არა მათი წარმომადგენლები მცირე თუ დიდი დელეგაციებით, ეს მათზეა დამოკიდებული, თუმცა, გონივრული ვადა ნამდვილად აქვთ. შეუძლიათ მცირე ნაწილი მაინც გამოაგზავნონ, რომლებიც შეხვდებიან პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს. ეს არის სტრანდარტული სადამკვირებლო მექანიზმი გინდ საერთაშორისოებისთვის, გინდ ადგილობრივებისთვის. პირადად მე მგონია, რომ ეს ჩამოსვლის ამბავი 50/50-ზეა. 50% არ ჩამოსვლის ზუსტად იმას შეესაბამება, რასაც ჰქვია ადგილობრივი არჩევნების მიმართ უინტერესობა. თუმცაღა, საქართველოს ხელისუფლების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ არ ეშინია არავითარი დაკვირვებისა და შემოწმების”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
არჩილ გამზარდია – “ქვეყანა ერთი დიდი რეალითი-შოუა”
“ქართული ოცნების” ეს ნაბიჯები პროგნოზირებადი იყო. ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ველი დაშლილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს. ასეთ ვითარებაში ყველა მხარე საკუთარ ბენეფიტს ეძებს, ხოლო მმართველი ძალა სარგებლობს შექმნილი ქაოსით. ოპოზიციის ნაწილს არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ “ოცნებასა” და “ლელოს” შორის გარიგება არარეალურია, თუნდაც იმიტომ, რომ ივანიშვილს ისედაც შეუძლია სიტუაციის იმდაგვარად მოდიფიცირება, რომ ყველა მის სასარგებლოდ მოქმედებდეს. რაში სჭირდება ვინმესთან გარიგება და ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება? პროპაგანდაში არსებობს სიტუაციის გაბუნდოვნების მეთოდი, ამის მაგალითია სინდისის პატიმრების შემთხვევა: ერთი გაათავისუფლეს, მეორეს 2 წელი მისცეს, მესამეს _ 8 თვე და ა.შ. რატომ? იმიტომ, რომ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების გამო მსჯელობა უფრო რთულდება. ვეღარ ვიტყვით ცალსახად, რომ მხოლოდ ტირანული გადაწყვეტილებები მიიღება, რადგან იმავე დროს ვიღაცას ათავისუფლებენ. ამგვარი გაბუნდოვნება ოპოზიციისთვის გამოიყენება: ერთს ტოვებენ ციხეში, მეორეს აპატიებენ”, – აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქვეყანა ერთი დიდი რეალითი-შოუა”.
“შედეგად, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, თითქოს სიტუაცია არც ისეთი ერთმნიშვნელოვანია. ხომ ნახეთ, რა თქვა ყაველაშვილმა, ხაზარაძის და ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ არავის დარჩეს იმის თქმის საბაბი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდებაო. ეს არგუმენტი შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს დამაჯერებელი, მაგრამ ხელისუფლებისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მათ თქვეს და მორჩა, დგანან ახლა და უყურებენ სეირს ოპოზიციაში: როგორ ადანაშაულებენ ერთმანეთს შეთქმულებებში და ამით კიდევ უფრო დისკრედიტდებიან. თუკი ოპოზიციაში ვინმე რაიმე პერსპექტივას ინარჩუნებდა, ისიც კარგავს სახეს. როგორც გლეხს არ სურს ყანაში სარეველას გაზრდა და წინასწარ მარგლავს, ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება – როგორც კი თეორიული რისკი იჩენს თავს, მაშინვე ანეიტრალებს. პროპაგანდის ამ სტრატეგიის კიდევ უფრო ეფექტიანობას ხელს უწყობს ოპოზიცია. უფრო მეტიც, თვითონ ასრულებს “ქართული ოცნების” სამუშაოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ ისწავლეს ერთმანეთის განსხვავებული სტრატეგიების პატივისცემა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება სინამდვილეში ბლეფია. ამ დროს “ქართული ოცნება” დგას და “ამღვრეულ წყალში თევზს იჭერს”. ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ოპოზიცია მასზე უარესია. ამ გზავნილს ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებსაც აწვდის. ახლა “ქართული ოცნება” ცდილობს აჩვენოს, თითქოს ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ყველაფერს მარტივად იღებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებენ. მათ შესანიშნავად იციან, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების გასახანგრძლივებლად. შეიძლება არჩევნებამდე კიდევ ვინმე გამოუშვან, მაგრამ შეიძლება ეს არც გააკეთონ. ძალაუფლება უკვე იმდენად მტკიცედ აქვთ ხელში, რომ ასეთი ნაბიჯი დიდად აღარაფერს ცვლის. მთავრობა ოპოზიციას ისე ექცევა, როგორც კატა ეთამაშება თაგვს – თითქოს თავისუფლებას აძლევს, მაგრამ ბოლოს მაინც თავის ნებაზე აცეკვებს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ზოგადად, “ოცნების” ქმედებები პოლიტიკურ ლოგიკას იშვიათად ეფუძნება. უფრო ხშირად მათ უკან დგას კონკრეტული პირების შიში, პირადი განწყობები ან ირონია. ხანდახან მეც ვბრაზდები საკუთარ თავზე, როდესაც ვცდილობ მათ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ახსნა და ლოგიკა ვუპოვო. სინამდვილეში საქმე გვაქვს ერთი ან რამდენიმე კონკრეტული პირის პირად ემოციებთან, შიშთან, ირონიასთან ან აზარტთან. მგონი, ახლაც სწორედ ასეთ ირონიულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ადამიანმა თქვა: “მოდი, ციხიდან გამოვუშვათ ჯაფარიძე და ხაზარაძე და ვნახოთ, როგორ ეჩხუბებიან ოპოზიციაში”. დიახ, ქვეყანა ერთი დიდი რეალითი-შოუა. თუ ადრე მონარქები გლადიატორების ბრძოლებით ერთობოდნენ, ახლა ტოტალიტარული ძალა პოლიტიკოსებით ერთობა”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“მართლაც საინტერესოა, რატომ შეიძლება იყოს ახლა მომგებიანი ხაზარაძისთვის, ჯაფარიძისა და გახარიასთვის არჩევნებში მონაწილეობა. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებს იმდენად მნიშვნელოვან მოვლენად თვლიან, რომ მთელ თავიანთ ძალას სწორედ ამაში დახარჯავენ, ან ამ არჩევნების მოგების იმედი ჰქონდეთ. ვფიქრობ, სულ სხვა გათვლა აქვთ. თვითმმართველობის არჩევნები ასეთ დაპირისპირებაში შესვლად ხომ უნდა ღირდეს, მით უფრო მაშინ, როცა საინფორმაციო ბრძოლა ამ ველზე უკვე წაგებული აქვთ? ამიტომ ვფიქრობ, “ლელოს” სულ სხვა მიზანი აქვს. ჩემი ვარაუდით, ისინი ახლა ყურადღებას ამახვილებენ არა იმდენად 4 ოქტომბრის არჩევნებზე, არამედ მომავალში მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის მოპოვებაზე. თუ რეალურად ფიქრობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება მართლა კანონით აკრძალოს ე.წ. კოლექტიური “ნაცმოძრაობა” (და მათგან გამორიცხული მართლაც არაფერია), მაშინ “ლელო” და გახარიას პარტია თავისთავად აღმოჩნდებიან კანონით დაშვებულ სივრცეში, ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად მანამდე, სანამ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ”, – განმარტავს არჩილ გამზარდია.
“ხაზარაძე და გახარია, ალბათ, ფიქრობენ, რომ სულ რამდენიმე თვეში ბოიკოტისტები საბოლოოდ გამარგინალდებიან, ან კანონით აიკრძალებიან და ოპოზიციური ელექტორატი იძულებული გახდება ვიღაცას მაინც დაუჭიროს მხარი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ასეა, გასაგებია, რატომ არ ცვლიან არჩევანს და რატომ იტანენ ამდენ ტალახსა და შეურაცხყოფას. თუ ასე არ არის, მაშინ გამოდის, საერთოდ არა აქვთ პოლიტიკური მიზანი. აბა, მე ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამ ყველაფრის ფონზე მათ მართლა სჯერათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების… სხვათა შორის, 4 ოქტომბრის იდეა ყველაზე ლოგიკურია ყველა დანარჩენთან შედარებით. თუ არჩევნებს პროტესტს უცხადებ, თუ ბოიკოტის რეჟიმში ხარ, თუ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობ და თუ არჩევნების სამართლიანობას არ ენდობი, მაშინ ორი გზა რჩება: ან შენი პროტესტი უნდა იქცეს ზეწოლად, ან უნდა მიმართო ბევრად მძლავრ ძალისხმევას. ჩვენ უკვე ვნახეთ საქართველოში მასშტაბური გამოსვლები და ისიც, რომ პროტესტმა ზეწოლა ვერ მოახდინა ხელისუფლებაზე”, – ამბობს ანალიტიკოსი.
“იმისთვის, რომ პროტესტმა ხელისუფლებაზე რეალური გავლენა მოახდინოს, ასეთ დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ლიდერების არსებობა. გავიხსენოთ ოთხმოციანების ბოლო: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა – განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ხედვა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, მაშინდელი ხელისუფლება ყველა გზით ცდილობდა მათ განადგურებას, მათ იდეური ძალა არ დაუკარგავთ. შემდეგ იყო , ნინო ბურჯანაძე, რომლებიც ასევე გამოირჩეოდნენ ძლიერი იდეოლოგიითა და რესურსებით. ახლა საკითხავია, ექნებათ ასეთივე შესაძლებლობები ლევან ხაბეიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს? თვითონაც კარგად იციან, რომ ასეთი მასშტაბის ლიდერული რესურსი ნაკლებად აქვთ, ამიტომ უფრო მოქალაქეობრივ თვითორგანიზებაზე აკეთებენ აქცენტს, ეს კი ცალკე რისკის მატარებელია. დიახ, მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სიმართლის წილი, მაგრამ მაინც მკვეთრად არიან დამოკიდებული ლიდერებზე. თუ 4 ოქტომბერი იქცევა ისეთ რიგით აქციად, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებთან დესტრუქციაში შევიდა, და თუ ეს ისევ დაძაბულობის კერად დარჩება, რომელიც ბოლოს უშედეგოდ დასრულდება, მაშინ მივიღებთ მხოლოდ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებს. ამიტომ ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ გონიერებასა და გააზრებულობას”, – დასძენს გამზარდია.
ფასების ზრდის მიხედვით ჯანდაცვა ერთ-ერთი პირველია, სერვისები მასობრივად გაძვირდა
“სურსათის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორი გაძვირდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ჯანდაცვის ჯგუფში ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში 9,3% შეადგინა. სპეციალისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ სამედიცინო ხარჯი ძირითადად თვითნებურად არის გაზრდილი, რაც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და მოსახლეობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მეტად – 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება არის გაძვირებული, ასევე გაძვირებულია მედიკამენტები, თერაპევტის კონსულტაცია, ქირურგიული მომსახურება და სტომატოლოგიური სერვისები. საქართველოში ინფლაციის ტენდენცია მზარდია, აგვისტოში ინფლაციამ 4.6% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. გაძვირება ყველაზე მტკივნეულად აისახა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძვირად ღირებული მომსახურება სჭირდებათ ან კლინიკებში ხშირად უწევთ სიარული. ამ მხრივ განსაკუთრებით ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს აქვთ პრობლემა…”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფასების ზრდის მიხედვით ჯანდაცვა ერთ-ერთი პირველია, სერვისები მასობრივად გაძვირდა / ჯანდაცვის ექსპერტი: “კლინიკები მასობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ – რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც”.
“მარტო ფსიქიატრის კონსულტაცია 120 ლარზე იაფი თითქმის არსადაა. თანაც, ვიზიტი პაციენტებს ლამის ყოველთვიურად უწევთ, რასაც წამლების ასევე გაზრდილი ფასი ემატება. ჯამში, ყოველთვიური ხარჯი 250 ლარს აჭარბებს, რაც ნებისმიერი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაცია “გახსოვდეს ჰიპოკრატეს ფიცი” დამფუძნებელი მარინა ბერაძე აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებებში ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს და გარკვეული სახის დარღვევებზეც მიგვანიშნებს. “ერთიანი სტანდარტი ვერ იქნება, მაგრამ არც ის მდგომარეობაა სახარბიელო, რაც დღეს კლინიკებთან დაკავშირებით არსებობს ფასების კუთხით. მარტო ექიმის კონსულტაციის ფასი კლინიკებში 100-დან 200 ლარამდე არის გაზრდილი და ტენდენცია კიდევ გრძელდება. კერძო სექტორი დაინტერესებულია მაღალი გადასახადი დაწესდეს”, – ამბობს ბერაძე, რომლის თქმით “ყველა სფერო პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ მკურნალობა – მედიკამენტის მიღება და ექიმის კონსულტაცია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რამდენად ხშირად ისარგებლებენ ამ სერვისით, მით მეტი იქნება გასაწევი ხარჯი, თუ არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველის, ომის ვეტერანის ან პედაგოგის კატეგორიას. დანარჩენი, ე. წ. შუალედური ფენა მნიშვნელოვანწილად შეღავათის მიღმაა და თავად უწევს სამედიცინო მომსახურების ხარჯთან გამკლავება. კლინიკები მასობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ – რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც. კლინიკების მონიტორინგით პრობლემა არ გადაწყდება. მიზეზი საკმაოდ კომპლექსურია, იფლანგება ფული და მომხმარებელს უწევს გადახდა. დროა, მთავრობა ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე გადაერთოს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ბერაძე.
“აშკარაა, რომ ძვირდება როგორც კლინიკების მომსახურების სერვისი, ასევე მედიკამენტები, რასაც რეაგულაციების გამკაცრებაც ვერ შველის. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სერვისის გაძვირების მიზეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს, განსაკუთრებით, წამლების შემთხვევაში, რომელიმე კონკრეტული ფაქტი კარტელურ გარიგებას ხომ არ უკავშირდება და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. “ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა, შეფასება გამიჭირდება, სანამ არ ვიცი რეალური მიზეზი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. მედიკამენტების შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომ რეგულაციის აღსრულებას არ შეექმნას რისკი, ეს საკითხი საგანგებოდ არის შესასწავლი, ყველაფერი გასარკვევია. ბიზნესი არსებობს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს არაეთიკური გზით და მოსახლეობის ინტერესების ზიანის ხარჯზე. ჯანდაცვის ხარჯი რეალურად დიდი გამოწვევაა ჩვენი მოსახლეობისთვის, ხოლო სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას” – განმარტავს ვატო სურგულაძე, რომლის აზრით, “ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ რეგულაციებით შეუძლებელია”, – განაგრძობს გამოცემა.
“არ შეიძლ;ება, ერთი სუბიექტის ხელში არსებობდეს ერთდროულად ადგილობრივი წარმოება, იმპორტი, წამლების საბითუმო და საცალო ვაჭრობა, სადაზღვევო კომპანიები და კლინიკები, რაც განვითარებულ ქვეყნებში კანონით იკრძალება. ყველა ეს პრობლემა მოსაგვარებელია, რაც კანონით უნდა იყოს განმტკიცებული”, – თვლის სურგულაძე. რაც შეეხება ფასებს, ყველაზე მეტად, 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება გაძვირდა. მეორე ადგილს ამ ამჩვენებლით იკავებს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მ იმართულება, სადაც 22%-იანი გაძვირებაა. თერაპევტის კონსულტაციაზე ფასმა 15%-ით მოიმატა, ხოლო სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ჯგუფში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. სტომატოლოგის მომსახურების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს”, – დასძენს გამოცემა.
ბიძინა ლებანიძე – “მსგავსი სამიტები პუტინის პოზიციებს, რა თქმა უნდა, განამტკიცებს”
“საკითხი, რაზეც ფოკუსირდებოდნენ ექსპერტები, იყო ინდოეთის როლი. ჩინეთთან ინდოეთს დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს და ინდოეთის პრემიერი რომ ჩინეთში ჩავიდა, იყო კითხვები, ხომ არ ჩაეყრებოდა საფუძველი ახალ, ალტერნატიულ ბლოკს რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის მონაწილეობით, რასაც შეუერთდებიან ე.წ. გლობალური სამხრეთის სხვა სახელმწიფოები. ეს დაახლოებით “ბრიკსის” მცდელობებს ჰგავს, რომ შექმნან დასავლეთის ალტერნატიული ბლოკი, მაგრამ თვითონ “ბრიკსშიც” და “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაშიც” წევრებს შორის სხვადასხვა საკითხზე უთანხმოებაა. ამერიკამ 50%-იანი ტარიფი დაუწესა ინდოეთს იმპორტზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდოეთი მთლიანად შეიცვლის კურსს და ჩამოშორდება ამერიკას, შევა ალტერნატიულ ბლოკში, სადაც ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი ერთად წავლენ ამერიკის წინააღმდეგ. ინდოეთს სურს ბალანსირება, რათა მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მსგავსი სამიტები პუტინის პოზიციებს, რა თქმა უნდა, განამტკიცებს”.
“პრინციპში, ეს იყო ინდოეთის პოლიტიკა “ცივი ომის” დროსაც. ის მიუმხრობელი მოძრაობის ლიდერი იყო და დღესაც იმავეს ცდილობს. იგივე ითქმის სხვა ქვეყნებზეც, ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა. ჩინეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამერიკის წინააღმდეგ ბლოკის შექმნით. ამიტომ იყენებს ამ დისკურსებს – ამერიკული ჰეგემონია, დასავლური ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ., რაც პოპულარულია გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, ანუ იმ ნაწილში, რომელიც არ ეკუთვნის დასავლეთს. ასევე, პოპულარულია დასავლური ეკონომიკის დომინანტობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომაც იყო ლაპარაკი შანხაის დამოუკიდებელი ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც იქნება, მაგალითად, “მსოფლიო ბანკის” ალტერნატივა. ასეთი ბანკი ერთხელ უკვე შექმნა ჩინეთმა – აზიის განვითარების ბანკი, რომელშიც, სხვათა შორის, დამფუძნებელ წევრებად ევროპული ქვეყნებიც შევიდნენ, ამერიკის ყველაზე მჭიდრო პარტნიორები, მაგრამ ბანკმა ვერ ჩაანაცვლა ვერც “მსოფლიო ბანკი”, ვერც “სავალუტო ფონდი” და ვერც სხვა ინსტიტუტები, სადაც წამყვანი ამერიკაა. გარდა ამისა, ჩინეთს სურს დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლება ჩინური იუანით. ეს პროცესიც ნაწილობრივ მიმდინარეობს, მაგრამ სამიტში მონაწილე სხვა ქვეყნებს ამის დიდი ინტერესი არა აქვთ. დოლარის ჩანაცვლება ისედაც მიდის, ევრო ნაწილობრივ ანაცვლებს…”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა ლებანიძე.
“შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმება რუსეთსა და ჩინეთს შორის. თუ ეს პროექტი განხორციელდება, წელიწადში 50 მილიარდ კუბმეტრს გაატარებს, რაც ცოტა არ არის, ეს დაეხმარება რუსეთს, დასავლეთის დაკარგული ბაზარი ნაწილობრივ ჩაანაცვლოს. ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი და რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა და მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტი ნაწილობრივ შემცირდება ამ გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული ფინანსებით. ეს რუსეთისთვის შვება­ იქნება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მხოლოდ გაზის გაყიდვაზე არ არის დამოკიდებული, რუსეთს სტრუქტურულ-ეკონომიკური პრობლემები აქვს, მათ შორის დასავლური სანქციების გამო, რაც მხოლოდ ენერგომატარებლებს არ ეხება. რუსეთს აქვს სტრუქტურული სანქციები, მათ შორის ტექნოლოგიებზე, სერიოზული პრობლემები აქვს ავიასფეროში, პანტაპუნტით ცვივა მისი თვითმფრინავები. ამ ყველაფერს ერთი გაზსადენი­ ვერ მოაგვარებს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მეორე მხრივ, ისეც არ არის, რომ რუსეთის ენერგომატარებლები ბოლომდე იზოლაციაში იყოს. თვითონ ევროპელებიც ყიდულობენ გაზს და რუსეთი საკმაოდ დიდ თანხასაც იღებს ამით, მათ შორის, წელსაც. თხევადი გაზიც ევროპაში რუსეთიდან სხვა ქვეყნების გავლით მიდის… ის, რაც უნდოდა დასავლეთს, რომ რუსეთის საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური იზოლირება მოეხდინა, რეალურად არ გამოვიდა. დანარჩენი სამყარო პუტინთან ჩვეულებრივად არის პოლიტიკურ კომუნიკაციასა და ვაჭრობაში და ეს სამიტი ამისი ერთ-ერთი დადასტურება იყო. დასავლური სამყაროს გარდა, დანარჩენი მსოფლიო ეკონტაქტება რუსეთს. მის ტრადიციულ მოკავშირეებთან დიპლომატიურ პოდიუმზე გამოსვლა იყო პუტინის პოზიციების გამყარება იგივე ჩინეთთან. ჩვენ ჩრდილოეთ კორეას ხშირად ირონიულად ვუყურებთ, მაგრამ ისიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მათ შორის, უკრაინის ომში ჯარის საზარბაზნე ხორცად გაგზავნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა პუტინისთვის, რომელსაც ქვეყანაში მობილიზაციის პრობლემები აქვს”, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.
“გარდა ამისა, გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან ჩვეულებრივად თანამშრომლობს, მათ შორის, ინდოეთთან და ამით უმტკიცებს დასავლეთს, რომ რუსეთს მოკავშირეები ეხმარებიან და ეს მის პოზიციებს ამტკიცებს. ის ახალი ენერგოპროექტებიც, რაც დაიგეგმა ჩინეთთან ერთად, გრძელვადიან პერსპექტივაში გაამყარებს პუტინის პოზიციებს. ცხადია, ეს დაუყოვნებლივ არ აისახება ფრონტზე, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა. თუმცა პერსპექტივაში მსგავსი სამიტები და თანამშრომლობის რეჟიმები პუტინის პოზიციებს, რა თქმა უნდა, განამტკიცებს. სამიტს ომის დამთავრებაზე პირდაპირი და უშუალო გავლენა ამწუთას არ ექნება. ჯერ რუსეთი და უნდა შეთანხმდნენ და მერე ჩაერთონ ამერიკა და ევროკავშირი. ამერიკამ ბევრჯერ სცადა ზავზე შეთანხმება, მაგრამ ტრამპს არ გამოუვიდა, როგორც უნდოდა, რადგან უკრაინა წავიდა წინააღმდეგი და მას ევროპამ მხარი დაუჭირა. მეორე მხრივ, ევროპელები კი ცდილობენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების მიცემა უკრაინისთვის ამერიკის გარეშე არ სურთ. მზად არ არიან, რომ უკრაინაში თავიანთი კონტინგენტი ჩააყენონ, მით უმეტეს, რომ ამას არ ეყოფა თუნდაც რამდენიმეათასიანი კონტინგენტი”, – ამტკიცებს ბიძინა ლებანიძე.
“სერბეთის ომი რომ დამთავრდა, 50-ათასიანი ჯარი ჩააყენა ნატომ კოსოვოში, რომელიც უკრაინაზე, მგონი, 60-ჯერ პატარაა. ამასთან, პუტინმა ხომ განაცხადა, რომ უკრაინაში უცხო ჯარების ჩაყენება მათთვის მიუღებელი იქნება და მათი სამიზნე გახდება. ამიტომაც, ალბათ, პუტინი გააგრძელებს უკრაინაში ომს და საბოლოოდ საკითხი მიდის იქამდე, თუ რაზე შეთანხმდებიან. ერთია ტერიტორიული დათმობები, რაც, ალბათ, ვერ ასცდება უკრაინას, ის ოკუპირებულ ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებს, მაგრამ მთავარი ის არის, რა ბედი ეწევა დანარჩენ უკრაინას. რუსეთს უნდა დემილიტარიზებული, ნეიტრალური უკრაინა, რომელიც იქნება საკმარისად სუსტი იმისათვის, რომ მომავლში, როდესაც მოუნდება რუსეთს, ხელახლა შეიჭრას. ევროპელებს კი ეს, რა თქმა უნდა, არ სურთ. ევროპელებს უნდათ დანარჩენი უკრაინა მაინც ხელუხლებელი იყოს, სადაც გავრცელდება უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი, შემდეგ კი გააძლიერონ იმ დონემდე, რომ უკრაინამ დამოუკიდებლად შეაკავოს რუსეთი. სავარაუდოდ, ეს არის ის ცენტრალური საკითხები, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმებულან. ნატოში უკრაინის გაწევრება ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. ამიტომაც მსჯელობენ, როგორ შეიძლება ისეთი ზავი დაიდოს, რომ იყოს ხანგრძლივი და ორი თვის შემდეგ არ განახლდეს საომარი მოქმედებები”, – დასძენს ლებანიძე და შეკითხვაზე – “აზერბაიჯანის შესაძლო გაწევრებას “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში” რა გავლენა ექნება საქართველოზე?”, – პასუხობს:
“ნამდვილად საინტერესოა, რომ აზერბაიჯანს სურს ამ ორგანიზაციაში გაწევრება, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება. როგორც ჩანს, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ინდოეთმაც, ოღონდ რუსეთის გავლენით, დაბლოკა ეს საკითხი. იმ კონფლიქტის გამო, რაც ბოლო პერიოდში წარმოიშვა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთი ბლოკავს აზერბაიჯანის ინტერესებს, სადაც შეუძლია. თუმცა აზერბაიჯანი მომავალ წელსაც აპირებს ამ განაცხადის გაკეთებას. სავარაუდოდ, რაღაც პერიოდის შემდეგ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გადაწყდება და, თუკი აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ირიბად შეეხება. შესაძლოა საქართველოზეც გაიზარდოს წნეხი ან მოტივაცია, რომ საქართველოც დაუახლოვდეს “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას”, რაც ჩვენი ევროინტეგრაციისთვის კარგი არ იქნება. ვნახოთ, რა მოხდება”.