ქართული პრესის მიმოხილვა 06.01.2025

გია ხუხაშვილი – “რუსეთმა მოახდინა საქართველოს ხელისუფლების სრულად ოკუპირება და დააწესა მასზე კონტროლი”
დავით ზურაბიშვილი – “დასავლეთი “ოცნების” საპირწონეს ჯერ ვერ ხედავს”
ვახტანგ ძაბირაძე – “მხოლოდ და მხოლოდ , სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს“
მირიან მირიანაშვილი – “ივანიშვილი ელოდება ტრამპის პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობის ჩამოყალიბებას და მისი როლის გარკვევას”
* * *
– “რუსეთმა მოახდინა საქართველოს ხელისუფლების სრულად ოკუპირება და დააწესა მასზე კონტროლი”
“რადგან სადღესასწაულო დღეები გვიდგას, ნება მომეცით მილოცვით დავიწყო და თქვენი გაზეთის მკითხველსა და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ულევი სიხარული, ასევე ვუსურვებ, რომ ქვეყანა ამ მირაჟების შემდეგ დაუბრუნდეს ნორმალურ, ევროპული განვითარების გზაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიყალბესა და ბოროტებას მალე ბოლო მოეღება და ახალ წელიწადთან ერთად დაიბადება ის ახალი საქართველო, რომელიც ყველას გვეიმედება. ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი, ხელისუფლება ცდილობს ვითარების ასე წარმოჩენას, მაგრამ გასული წლის ბოლოს აშკარად სხვა რამ ვნახეთ – ერთ მუშტად შეკრული და ერთ აზრზე მყოფი ქვეყანა. თუ რამ გაყოფა არსებობს, ეს ხალხსა და უზურპატორ ხელისუფლებას შორის ხდება, მე სხვა წყალგამყოფს ვერ ვხედავ”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი”.
“რაც შეეხება იმას, აქამდე როგორ მივედით, ამას, სამწუხაროდ, ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელიც ძალაუფლებას ეპოტინება და სხვა ფასეულობა აღარ შერჩა. ის ცდილობს მსახურების ნაცვლად იბატონოს საზოგადოებაზე და ეს ძალადობრივი გზით უწევს. სხვა ინსტრუმენტი მას აღარ დარჩა, რადგან ხალხთან მისასვლელი ყველა ხიდი ჩატეხა. გარდა ამისა, ბევრი სხვა განზომილებაც აქვს სახელმწიფოებრივი დეგრადაციის იმ პროცესს, რომელიც დაიწყო ში ს შეჭრის შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა ფატალურად არასწორი ანალიზის შედეგად გაკეთა არასწორი პროგნოზი, მან მიიჩნია, რომ რუსეთი ამ ომს ძალიან მალე მოიგებდა და შემდეგი სამიზნე ჩვენ ვიქნებოდით, რადგან რუსეთის სტრატეგიული გეგმა მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის აღდგენა იყო. ის დაფრთხა და დაიწყო რუსეთის მიმართ ლოიალურობის დემონსტრირება. როდესაც იმპერიას ასე ექცევი, ამას კეთილ ნებად კი არ გითვლის, არამედ სისუსტედ მიიჩნევს და კიდევ უფრო მეტი აგრესიით გიტევს, ლოიალურობის გარანტიებს ითხოვს. ამის შემდეგ დაიწყო ექსპანსიის მცდელობა, რაც დასრულდა საქართველოს ხელისუფლების ოკუპაციით”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“დიახ, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ხელისუფლების სრულად ოკუპირება, დააწესა მასზე კონტროლი. ბოლო ხანს ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ ეხსნებოდა აქ რუსეთს ყველა კარი, როგორ მიმდინარეობდა მიგრაციული, ეკონომიკური, კულტურული თუ საინფორმაციო ექსპანსია და ამას არათუ ხელს არ უშლიდნენ, არამედ ახალისებდნენ კიდეც, თან ისე, რომ რუსული გავლენით ყველაფერი დასავლეთის დემონიზაციისთვის კეთდებოდა, მიდიოდა ანტიდასავლური განწყობის კულტივირება და პოლიტიკაში ინტეგრირება, ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მოქმედება იმ ინსტრუქციებით, იმ შპარგალკებით, რაც კრემლიდან მოდიოდა. ხელისუფლების მოქმედების, პროპაგანდის თუ რიტორიკის შინაარსი ერთი ერთზე იმეორებდა რუსულ თუ ბელარუსულ გამოცდილებას. ჩვენი საზოგადოებისთვის წყალგამყოფი სწორედ ეს გახდა. ვიღაც ამას აკეთებდა ანგაჟირებით, სხვა იმიტომ, რომ ამაში ხედავდა ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალებას”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩვენს საზოგადოებას აღმოაჩნდა პოლიტიკური კულტურა და გადაწყვიტა, კვანძი გახსნილიყო არჩევნების გზით, ანუ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გზა დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ გადაწყვეტილიყო სწორედ არჩევნებით, თუმცა ამის პარალელურად ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძალაუფლების სხვადასხვა მეთოდით უზურპაცია. ბევრს ვლაპარაკობთ არჩევნების გაყალბებაზე, რისი ერთ-ერთი ელემენტიც, შეიძლება პარადოქსია, მაგრამ იყო ოპოზიციის მიზანმიმართული დასუსტება. ჩვენ, ფაქტობრივად, გვქონდა არჩევნები, რომელშიც ამომრჩევლის უმრავლესობა ირჩევდა ევროპას, მაგრამ მას ამ მიმართულებით არ ჰყავდა პოლიტიკური ლიდერი. ასეთი ლიდერი იყო , მაგრამ მისი ლიდერობის კაპიტალიზაცია არჩევნებზე შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ ინსტრუმენტების მეშვეობით, რასაც არჩევნებში მონაწილე პარტიები წარმოადგენდნენ, ოპოზიციამ კი დაუშვეს დიდი შეცდომა, როდესაც გადაჰყვნენ საკუთარ ამბიციებს და არ აღიარეს ზურაბიშვილი ლიდერად, რამაც პროცესში მორალური სიცხადის შეტანას ხელი შეუშალა, ეს კი პრობლემად იქცა”, – ამბობს ექსპერტი.
“ხელისუფლებამ მანიპულაციებით მოახერხა, რომ ცხადი არჩევანიც კი ბუნდოვანი გაეხადა. ამას დაემატა ძალაუფლების სხვადასხვა რესურსის ბოროტად გამოყენება, საბოლოოდ კი დაიწერეს ის პროცენტი, რაც აწყობდათ. დღევანდელ ვითარებაში მთავარი დამნაშავეა სწორედ ხელისუფლება, მაგრამ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე აქვს ოპოზიციასაც. ისინი ვერ იქცნენ რეალურ ლიდერებად და დღემდე ასეა – ეს უპრეცედენტო პროტესტი, რისი მომსწრენიც ვართ, არ აღიარებს ოპოზიციას ლიდერად, მეტიც, ამ პროცესში პოლიტიკური ლიდერები, გარდა სალომე ზურაბიშვილისა, ნორმალურ, ეფექტიან ინტეგრაციასაც ვერ ახერხებენ. რაც მთავარია, მათ თითქმის არაფერი შეუცვლიათ, ისევ მორალს გვიკითხავენ, რომ არ უნდა ვაკრიტიკოთ ისინი, რადგან თურმე ამით პროცესი ზიანდება. კი ბატონო, მზად ვართ არ ვაკრიტიკოთ, მაგრამ რაღაც ხომ თვითონაც უნდა გააკეთონ. არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილი რომ ეღიარებინათ ლიდერად და გაჰყოლოდნენ მის გეგმას, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს სულ ყურებზე რომ გაევლო, ვერაფერს იზამდა, რადგან ძალიან დიდი სხვაობით წააგებდა არჩევნებს”, – ამტკიცებს გია ხუხაშვილი.
“რაღა დაგიმალოთ და, საერთოდ არ ველი რაიმეს დათმობას. ხელისუფლებას არა აქვს ამის რესურსი, ის ახლა თავს გრძნობს კედელთან მიყენებულად და რაღაც პირობითი სტაბილურობის დემონსტრირებას ცდილობს. სხვა გზაც არა აქვს, იძულებულია ასე მოიქცეს – გაათავისუფლოს განსხვავებული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეები, ღირსების ორდენებით დააჯილდოს დასანქცირებული პირები და ა.შ. ეს არის ერთგვარი ისტერიკა, იმის დემონსტრირების ცდა, თუ მიერთგულებთ, არ მიგატოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაგსჯითო… ხელისუფლების დათმობაზე აღარც არის უკვე საქმე, საზოგადოებაზე ივანიშვილი პირადად არ ძალადობს, არსად დარბის და არც არავის ეხმალავება. ის ეყრდნობა სისტემას, მის საშუალო და ქვედა რგოლებს. აქ კი ის ხალხია, ვინც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და ახლა ამ რგოლებში, ჩემი აზრით, სერიოზული რყევებია დაწყებული. სისტემა არ არის უჭკუო, მასზე არ მოქმედებს ხელისუფლების პროპაგანდა და მის შიგნით უკვე გაჩნდა სერიოზული კითხვები”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ბიძინა რას აკეთებს? ის ეუბნება სისტემას, მაცალეთ 2 კვირა და დავალაგებ ყველაფერსო. გრძელვადიანად უკვე ვეღარავის ვერაფერს ჰპირდება და ცდილობს მოკლე ვადით როგორმე შეაკავოს სისტემაში დაწყებული პროცესები, რადგან მშვენივრად იცის, რომ თუ სისტემა ჩამოეშალა, მისი საქმე დასრულებულია. ამიტომაც ახლა ცდილობს ტყუილებით, მოკლევადიანი დაპირებებით ამ პროცესს შეუშალოს ხელი. არადა, მშვენივრად იცის, რომ მის თავზე კიდია ერთი მისთვის ძალიან მძიმე კითხვა – სხვისი პრობლემები როგორ უნდა გადაწყვიტოს, როდესაც საკუთარი ვერ მოუგვარებია?! ბიძინას უძლეველობის, მისი სიბრძნის მითის ნგრევა მიდის. ეს არ არის დასრულებული, რყევები გაგრძელდება და ჩემი აზრით, სისტემა 2-3 თვეში ჩამოიშლება. ბიძინამ ამას როგორ უნდა შეუშალოს ხელი, არ ვიცი, მით უფრო, რომ ეს სისტემა უმრავლესობით მაინც პროდასავლურია. რა თქმა უნდა, იქ არიან პრორუსები, მაგრამ უმცირესობაში, რაც მშვენივრად იციან “ოცნების” ლიდერებმა და ამიტომაც ცდილობენ ისევ ამოეფარონ ევროკავშირის დროშას, დასანქცირებული პირები გაიძახიან, ევროპისკენ მივდივართო, ამაზე დიდი უტიფრობა და ტყუილი არ გაგონილა!” – დასძენს ექსპერტი.
“რაღაც გამოგონილ იმედებს ქმნიან, მაგალითად, ტრამპის ინაუგურაციაზე გაუთავებელი ლაპარაკი გავიხსენოთ, თუმცა ამ ბოლო დროს აშკარად მოუკლეს, რიხი აღარ უვარგათ. ამ ილუზიების შეიძლება ვიღაცას სჯერა, მაგრამ სისტემა ჭკვიანი, თუმცა კონფორმისტია და საბოლოო, კონსოლიდირებულ საბოტაჟს დაიწყებს მაშინ, როდესაც საბოლოოდ მიიჩნევს, რომ ამათი საქმე დამთავრებულია. ამას დიდი კი არაფერი სჭირდება, საჭიროა სისტემამ დაიწყოს პოლიტიკური დავალებების საბოტირება, ანუ კანონის თანახმად იმოქმედოს და პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე უარი თქვას. როგორც უკვე ვთქვი, 2-3 თვე სჭირდება ამ ყველაფერს. ამ პროცესს აქვს 3 კომპონენტი: 1. პოლიტიკური კომპონენტი, რასაც განსაზღვრავს ხალხის ნება; 2. ეკონომიკური კომპონენტი, რაც გადაიზრდება სოციალურ პრობლემებში, ეს კი 15 იანვრის შემდეგ უკვე შესამჩნევი გახდება. როგორც კი საიმპორტო აქტივობა გაიზრდება, სერიოზული დეფიციტი იქნება სავალუტო ბირჟაზე – სამწუხაროდ, უკვე აღარ ჩანს ვალუტაზე მოთხოვნის დაბალანსების წყაროები. ერთ-ერთი პირველი სფერო, რასაც ეს შეეხება, იქნება უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც ისედაც ძალიან გაბერილია, ლამის ფინანსურ პირამიდად არის ქცეული. უპირველესად, სწორედ ამ სფეროში იქნება პრობლემები…” – განმარტავს გია ხუხაშვილი.
“ერთპიროვნული რეჟიმები არსებობს, მაგრამ ასეთი რეჟიმის გამოკვებას სჭირდება რესურსები – ნავთობი, წიაღისეული და ა.შ. გარდა ამისა, ასეთ რეჟიმებს სჭირდებათ იდეა, რომლისთვისაც საზოგადოება მზად იქნება იშიმშილოს. აბა, “ქართულ ოცნებას” რა იდეა აქვს? ის მედროვეების დაჯგუფებაა! მაგალითად რუსეთი ავიღოთ, სადაც არის რესურსებიც, რითაც იკვებება რეჟიმი, მაგრამ ამასთანავე აქვთ რუსული ველიკოდერჟავული იმპერიული იდეა, ამისთვის რუსები მზად არიან უკიდურეს გაჭირვებაში იცხოვრონ. სისტემის ჩამოშლის პროცესში ეს მე-3 კომპონენტი გახლავთ… მოკლედ, დღეს საქართველოში უფრო რეჟიმის პაროდიაა. რასაც ვამბობ სასაცილო ნამდვილად არ არის, რადგან მძევლები ჰყავთ აყვანილი და როგორც ტერორისტები, ბავშვებით ვაჭრობენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ ვიცი, როგორ აპირებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ერთადერთი გზა რჩებათ – პირდაპირ ორჯონიკიძის მანტია მოირგონ და რუსულ ტანკები დაგვიყენონ რუსთაველზე”, – დაასკვნის ხუხაშვილი და შეკითხვაზე” – “დავუშვათ მივედით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, რა პოლიტიკური გადაჯგუფებები შეიძლება მოხდეს ან მოესწრება? თქვენი აზრით, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარშემო ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება?” – პასუხობს:
“დღეს პოლიტიკურ ამინდს ქმნის ახალი თაობა, რომელიც ქუჩაშია და ბრძოლით არ იღლება. ისტორიული კანონზომიერება გვაჩვენებს, რომ ფაქტობრივად, დადგა დრო დაბერებულმა პოლიტიკურმა კლასმა გადააბაროს ქვეყანა ახალ თაობას, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვენზე ჭკვიანიც არის, ჩვენზე პატრიოტიც, უფრო შემართული და ბრძოლისუნარიანიც, რაც მთავარია, მათ პროცესის მართვაც იციან. ძალიან ბევრი პროფესიული და სოციალური ჯგუფი ვნახეთ ქუჩაში. მათ ჰყავთ ლიდერები, რომლებიც სულ უფრო გამოიკვეთებიან. ამ ხალხის შემოკრება შეიძლება სწორედ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ მოხდეს და ვფიქრობ, ამას სულაც არ დასჭირდება დიდი დრო. შეიძლება სტრუქტურულად ეს იდეალური არ იყოს, მაგრამ თანდათან დაიხვეწება. ეს გარდაუვალი და აუცილებელიც არის. როცა მოქმედი პოლიტიკოსების ინტეგრირება ვერ ხერხდება წინააღმდეგობის პროცესში, მაშინ პროცესმა უნდა გამოკვეთოს თავისი ლიდერები. იმ პოლიტიკური კლასით, რაც ჩვენ გვყავს, ძალიან გაგვიჭირდება წინ წასვლა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. განსაკუთრებით ახალი წლის ღამის შემდეგ, რუსთაველზე ყოფნისას განცდა მქონდა, რომ ჩემ თვალწინ ახალი, ჯანსაღი, ძალიან ჭკვიანი, სიყვარულით სავსე საქართველო იბადებოდა. ამას ყოველდღიურად შეიძლება ვერ ვგრძნობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს ახალი საქართველოს დაბადების მომსწრენი ვართ და ის ძალიან მალე, აუცილებლად დაიბადება!”
დავით ზურაბიშვილი – “დასავლეთი “ოცნების” საპირწონეს ჯერ ვერ ხედავს”
“შეიძლება ითქვას, ხელისუფლებაც უპრეცედენტო მდგომარეობაშია, სირაქლემის პოზაში, არ იმჩნევს, რომ ლეგიტიმურობა არც ქვეყანაში აქვს და არც მის გარეთ. იმდენად ცუდად აქვს საქმე, ვინმე ს პრემიერს, ხოლო ყაველაშვილს პრეზიდენტს თუ დაუძახებს, ისე უხარიათ, აღარ იციან, რა ქნან. წესით, მმართველი გუნდი გამოსავალს უნდა ეძებდეს, მაგრამ ისევ ვითარების გადაგორებაზეა ორიენტირებული, ცდილობს ისე მიიღოს ლეგიტიმაცია, არაფერი შეცვალოს. თავდაპირველად ხალხის ნების დათრგუნვა ძალადობით სცადა, შემდეგ მომიტინგეების დარბევაზე ხელი აიღო, მაგრამ მიიღო ისეთი არადემოკრატიული კანონები, რომელთა მეშვეობითაც საპროტესტო აქციებზე შემჩნეული ხალხის სამსახურებიდან მასობრივად გამოყრა დაიწყეს. ხელისუფლება ცდილობს ხალხის დაშინებით სისტემა შეინარჩუნოს, იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში აქციები მიილევა და ამასობაში უცხოეთიდანაც მიიღებს ლეგიტიმაციას”, – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთი “ოცნების” საპირწონეს ჯერ ვერ ხედავს”.
“ვფიქრობ, ეს პროცესი არჩევნებით დამთავრდება – სხვაგვარად შეუძლებელია. მომიტინგეების სიჯიუტეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა, ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა. სანქციების გამკაცრება ძალიან ცუდად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელისუფლება ვეღარ შეინარჩუნებს ვერტიკალს და თავზე ჩამოემხობა ყველაფერი… ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში თუ რამე პრობლემაა, ის არის, რომ არ არსებობს ისეთი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პროტესტს სათავეში ჩაუდგება. ყველა ოპოზიციური პარტია არაპოპულარულია, რაც არჩევნების შემდეგ უფრო გაძლიერდა. აუცილებელია ახალი ძალის გამოჩენა, ოღონდ არ არის აუცილებელი შემადგენლობა იყოს ახალი. რაღაც ტიპის კონფიგურაციაა საჭირო. გამოსავალი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიას ან რაიმე ტიპის მოძრაობას ჩამოაყალიბებს. ის არის ახლა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაც აღიარებს და გარე ლეგიტიმაციაც აქვს. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ამას, თუმცა შანსი აქვს. სხვა ლიდერი, რომელიც საპროტესტო მუხტის გაერთიანებასა და ერთ კალაპოტში მოქცევას შეძლებს, არ ჩანს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ვფიქრობ, საპროტესტო ელექტორატის ნაწილს ძალიან დიდი გართულება აქვს ლეგიტიმაციის თემაზე. არადა, ეს საკითხი გარკვეულია, ლეგიტიმაცია არა აქვს ხელისუფლებას და აქვს სალომე ზურაბიშვილს. ამაზე ზედმეტი აქცენტირება, სამართლებრივი ჩაკირკიტება აღარ არის საჭირო. ახლა აქცენტი ისეთი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს, რომელიც დასავლეთისთვის ალტერნატივა იქნება. ვფიქრობ, დასავლეთი “ქართული ოცნების” საპირწონეს ჯერ ვერ ხედავს. არის ოთხი ბარიერგადალახული პარტია, რომლებიც პროცესშიც მონაწილეობენ, მაგრამ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ახლა ალტერნატივაა გამოსაკვეთი და სულაც არ არის მნიშვნელოვანი ზურაბიშვილი სასახლეში დარჩებოდა თუ არა, ან პრეზიდენტს დავუძახებთ თუ არა ყაველაშვილს. ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ამ პროტესტის მასშტაბს უფრო გაზრდის. არის ხალხი, რომელსაც სურს დაინახოს კონკრეტული ალტერნატივა, თუ ბიძინა არა, მაშინ ვინ? ასეთი ვითარება იყო 90-იან წლებში, როდესაც ამბობდნენ, არ გვინდა ზვიადიო, მაშინ ვინ გინდათო, ისმოდა კითხვა, პასუხი კი არ იყო. მერე რაც მოხდა, გახსოვთ…” – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ალტერნატივა. თუ ალტერნატივა არ მოიძებნა, დასავლეთსაც გაუჭირდება მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, ვიღაცასთან ხომ უნდა ილაპარაკოს. პოლიტიკური ურთიერთობები ვერ ჩაკვდება, არჩევნებიც ხომ უნდა ჩაატაროს ვინმემ. დავუშვათ, გადადგა კობახიძე და დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. არ მივიღოთ მონაწილეობა? ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა “მრგვალმა მაგიდამ”, შეიცვალა ხელისუფლება და ასე გამოცხადდა დამოუკიდებლობა. რაც შეეხება კოალიციური მთავრობას, სად არის? კი ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გთავაზობთ პოლიტიკურ მთავრობასო, მაგრამ სინამდვილეში არ გვთავაზობენ. ასე რომ იყოს, ოპოზიციას უკვე წარმოდგენილი უნდა ჰყავდეს კონკრეტული პირები, რომლებიც ამ მთავრობას შეადგენენ. სხვათა შორის, ზურაბიშვილს ჰქონდა ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა, მისი ინიციატივა იყო, დაესახელებინათ პრემიერი და მინისტრები, რომლებიც მოამზადებდნენ არჩევნებს. ეს სწორი იყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ არ გაიზიარა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო იმისა, რომ არჩევნებში უკეთესი შედეგი ვერ მიიღეს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“არ ვამბობ, რომ არჩევნები არ გაყალბდა, მაგრამ ოპოზიციას გამოკვეთილი ალტერნატიული ძალა რომ ჰქონოდა წინასაარჩევნო პერიოდში, აღარ იქნებოდა მიშა სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბარი. როდესაც ალტერნატივაზე საუბრობ, კონკრეტულ პერსონებში უნდა იყოს გამოხატული! მეეჭვება, იმ ოთხმა პარტიამ შეთანხმება შეძლოს, მათი გამაერთიანებელი შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს. ახლა მხოლოდ მას აქვს შანსი ლიდერიც თავად იყოს და პოლიტიკური მოთამაშეებიც თავად შეარჩიოს. სხვა პერსონა, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარდაჭერა ექნება, ჯერ არ ჩანს”, – დასძენს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე – “რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს “ქართული ოცნების” მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაც და ივანიშვილის დასანქცირებაც ბაიდენის ადმინისტრაციის კუდის მოქნევაა?” – პასუხობს:
“მე მგონია, რომ მაინცდამაინც იმედიანად არ არიან განწყობილი. უბრალოდ, საკუთარ ელექტორატს არ უმხელენ, უფრო სწორად, ცდილობენ ნელ-ნელა შეაპარონ სიმართლე. აქამდე დაზუსტებულად ამბობდნენ, 20 იანვრიდან, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებაო, მერე განცხადებებში ყოყმანი შეეპარათ, მთლად სხვის იმედზე კი არ უნდა ვიყოთო, ბოლოს უკვე რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაზე დაიწყეს აქცენტების გაკეთება. ესე იგი, მშვენივრად იციან, ტრამპთან დალაგდებიან კი არა, შეიძლება ბაიდენი მოენატროთ…”
ვახტანგ ძაბირაძე – “მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს“
“სამწუხაროდ, დიდი იმედი, რომ ყველაფერი კარგად და მშვიდად იქნება, არა მაქვს. მძიმე პერიოდი გველის, დაძაბული და ხიფათიანი. ყველა ჩვენგანს, ალბათ, მოუწევს, უფრო მეტი სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინოს, რათა პრობლემა ისე გადავჭრათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ… სალომე ზურაბიშვილის პრობლემა სწორედ ის იქნება, როგორ გაუკეთოს ორგანიზება არსებულ პროცესს, ქვეყნის გარეთ მას არ ექნება პრობლემები ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყანაში. დიდი ალბათობით, უნდა გაიხსნას ოფისი, თუმცა საკითხავია, ფინანსურად ამას ვინ უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია, მუხტი იქნეს შენარჩუნებული, გავიდეს რეგიონებში, შეხვდეს პროტესტის მონაწილეებს იმ ქალაქებში, სადაც თბილისის მსგავსად უწყვეტი პროტესტია. აუცილებელია ყველა იმ ქმედების კოორდინირება, რაც ამ პროტესტს უკავშირდება. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ შეიქმნება რამდენიმე საკონსულტაციო საბჭო, ცალკე პოლიტიკური, ექსპერტული, საქველმოქმედო”, – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს“ / “ფართომასშტაბიან რეპრესიებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იქნება გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და არა დიქტატურისკენ”.
“როდესაც ვამბობ, რომ საკოორდინაციო პოლიტიკური ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვგულისხმობ არა მარტო ოთხ ოპოზიციურ პარტიას. ვფიქრობ, პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც გაცხადებული აქვს ევროპული მიმართულება და რომელიც 1%-იან ზღვარს მაინც არის გაცდენილი, თუ მოისურვებს, ამ საკოორდინაციო ჯგუფში უნდა გაერთიანდეს. ჯერჯერობით პოლიტიკოსების, გნებავთ, ამ ოთხი პარტიიდან, გნებავთ, სხვების, პროტესტში მონაწილეობა არ უნდა იყოს ისეთივე, როგორიც აქამდე იყო – ანუ გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება დრო, როდესაც ლაპარაკი იქნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, რაშიც უკვე წამყვანი პოლიტიკური ძალები იქნებიან. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, ალბათ, ექსპერტებთან თუ ცალკე, უნდა მოამზადოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი და ა.შ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების კოორდინაცია. პოლიტიკური ჯგუფები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორი არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც მისაღები იქნება ყველა არჩევნებში. გასათვალისწინებელია ყველა ის ფაქტორიც, რითაც ყველა ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს და მოსაძებნია გზა, როგორ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ არჩევნები ვეღარ გაყალბდეს და შედეგები ეჭვს არ იწვევდეს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ეს კი უნდა გაკეთდეს არა მარტო პოლიტიკოსებთან, არამედ ექსპერტებთან ერთად, ვისაც პირადი ინტერესი არ გააჩნია, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და რაც მთავარია, ამ საკითხის მცოდნენი არიან. დღეს ასე ვხედავ პოლიტიკური პარტიების სამოქმედო არეალს. ხვალ რა იქნება, ვნახოთ. რა თქმა უნდა, “ოცნება” ამაზე არ წავა არც დღეს და არც ხვალ, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს ზეგაც, მაზეგაც და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოუწევს ამაზე წასვლა, და როცა წავა, იმ დროისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს. დღეს მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ გვინდა არჩევნები, უნდა ჩატარდეს ისე, რომ შედეგებზე არ გვექნება პრეტენზია, ამის ორგანიზება, ალბათ, სწორედ ზურაბიშვილს მოუწევს. დღეს ხშირად გაიგონებთ, ვის ელაპარაკონ, არ იციანო, უნდა ელაპარაკონ ზურაბიშვილს. მისი ფუნქცია ის იქნება, რომ სათავეში ჩაუდგეს ამ დოკუმენტის მომზადებას და ვიცოდეთ, ვინ რაზეა წამსვლელი”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მეც ვფიქრობ, რომ დღეს “ქართული ოცნება” ამას არ დათანხმდება, მაგრამ პროცესი თუ ასე წავიდა, იძულებული იქნება, გაზაფხულისთვის დათმობაზე წავიდეს. თუ იმ დროისთვის კოდექსში შესატანი ცვლილებები მზად არ იქნება, ჩატარდება ისე, როგორც გაიმართა ცოტა ხნის წინ. დღეს ძალიან ბევრი საკითხია დასმული, თუნდაც სახალხო დამცველის გადადგომა, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ არჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის ეს არის აუცილებელი თუ სხვა საკითხებია უფრო მნიშვნელოვანი? არც ხელისუფლებას და არც რიგით მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ოპოზიციამ რაღაც დოკუმენტი დადო. თავის დროზე ზურაბიშვილმა რაღაც დოკუმენტები გააკეთა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მთლად დახვეწილი არ იყო. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს. რთული სამუშაოა, მაგრამ გაუკეთებელი არაფერია. ხალხი დღედაღამ ქუჩაში დგას, არ იღლება და ახლა პოლიტიკურმა ძალებმა და მათ, ვისაც ქვეყნის მომავალი აინტერესებს, დრო უნდა გამონახონ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ, რათა ხვალ-ზეგ იმავე პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“არ გამოვრიცხავ, რომ რეპრესიები უფრო მასშტაბურად განმეორდეს, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იქნება, როგორი რეაგირება ექნება საზოგადოებას და რა შედეგს მოიტანს, რთული სათქმელია. არა მგონია, საქართველოში შესაძლებელი იყოს იმის ორგანიზება, რაც გაკეთდა ბელარუსში ან თუნდაც ყაზახეთში. საქართველოში ძალიან რთული იქნება ადგილობრივი ძალებით დიქტატორული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ფართომასშტაბიან რეპრესიებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იქნება გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და არა დიქტატურისკენ, თუ, რა თქმა უნდა, არ შემოიყვანენ რუსულ სამხედრო შენაერთებს. ეს უკვე სხვა თემაა, ამას მე არც ველოდები. რეპრესიებს ნამდვილად არ გამოვრიცხავ, თუმცა ივანიშვილს მაინც მოუწევს წასვლა დათმობაზე. ხელისუფლების კომპრომისად ჩაითვლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს!” – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემასა და ისეთ გარემოზე, რომ არჩევნებამდე თქვან, კი ბატონო, არჩევნებს ვაღიარებთო – ეს იქნება გადამწყვეტი. ოპოზიციამ უნდა თქვას, რას ითხოვს და რა შემთხვევაში აღიარებს არჩევნების შედეგებს, ხელისუფლება კი უნდა დათანხმდეს. ამის შემდეგ თუ მოსახლეობის ისევ ორი მესამედი იტყვის, რომ “ქართული ოცნება” ურჩევნია ყველას, მაშინ ვერავინ ვერაფერს იტყვის, ყველამ უნდა აღიაროს. მანიპულირება, რომ ვიღაცას გადააყენებენ, შედეგს არ მოიტანს. შედეგს მოიტანს ახალი არჩევნები, იმ პირობით, რომ წინასწარ იქნეს შეთანხმებული ყველა სადავო საკითხი. მშვიდობიანად და ნაკლები დანაკარგით რომ გავაგრძელოთ ცხოვრება, ეს უპირველესია, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ჯერ ამისთვის მზად არ არის”, – დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე – “რა შემთხვევაში იქნება მზად??” – პასუხობს:
“ვფიქრობ, როდესაც ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები რეალურად დაიწყებს მოქმედებას და უმრავლესობას შეეხება, მაშინ ივანიშვილი იძულებული გახდება დათმოს”.
მირიან მირიანაშვილი – “ივანიშვილი ელოდება ტრამპის პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობის ჩამოყალიბებას და მისი როლის გარკვევას”
“ეს არ არის მხოლოდ ჯო უილსონის განცხადებები, მას ყველა ეთანხმება, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც. “მეგობარი აქტის” განხილვისას მკაფიოდ ითქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. საქართველოსთან ურთიერთობის გადახვევას ამერიკული პოლიტიკური ელიტა არ გეგმავს მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე… ინაუგურაციამდე ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ივანიშვილი ელოდება ტრამპის პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობის ჩამოყალიბებას და მისი როლის გარკვევას. როცა ივანიშვილის უკან დახევაზეა ლაპარაკი, ერთბაშად რამდენიმე ფრონტი გვაქვს გასათვალისწინებელი: პირველი – შიდაპოლიტიკური კონტექსტი, მეორე – საგარეო კონტურზე მისი პოზიციები, მესამე – მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ფინანსური ფრონტია. როდესაც ის დაასანქცირეს, ძველი ფინანსების დაბრუნებისა და წვდომის საკითხი კი აღარ დგას, არამედ დანარჩენი საფინანსო ინსტრუმენტების დანგრევის…” – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპის ადმინისტრაციის ფოკუსი საქართველოს ქეისზე შეუძლებელია სერიოზული არ იყოს”.
“ივანიშვილს ეშინია, რომ ერთი პატარა დათმობით ყველა მხრიდან შემოუტევენ. ამ შეუპოვრობით მას უნდა სიგნალი გაუგზავნოს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ისე აქაურ პროტესტანტ ელექტორატს, რომ მისი პოზიცია ძლიერია და მარტივად არაფერს დათმობს. სამივე ფრონტზე კი მის ოპერირებას ართულებს ის გარემოება, რომ დასავლეთში ფეხმოკიდებულია ვარაუდი, რომ ის დიდი დოზით არის რუსებზე დამოკიდებული. მოკლედ, ვაჭრობა მიმდინარეობს… ივანიშვილის მისწრაფება კი ასე იკვეთება: რუსეთმა და ამერიკამ მოლაპარაკებით გაარკვიონ საქართველოს ბედი და როგორც არ უნდა დამთავრდეს პროცესი, თანახმაა, რაც იქნება, ის რეალობა მიიღოს, მთავარია, იქ ჩამოყალიბდეს მისი პოლიტიკური და ფინანსური გარანტიები”, – აღნიშNავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“მსოფლიო პროტესტების ისტორიაში არ მეგულება მსგავსი ფაქტი, როდესაც ოპოზიციური ელექტორატი არ აღიარებს არც ერთ ოპოზიციურ ძალას. ოპოზიციური ელექტორატი ასე დაშორებული იყოს ოპოზიციური პარტიებისგან, წმინდა ქართული ფენომენია. მათ ხალხი არ ენდობა. ამიტომაც არ დაუშვეს ამ მიტინგების მაორგანიზებელ ძალად ეს პარტიები. ეს არის მძიმე და საყოველთაო ვერდიქტი, რომელიც არ გადაიხედება. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საპროტესტო ტალღების განელებას საზოგადოება სწორედ ამ პარტიებს აბრალებს. მიიჩნევენ, რომ ისინი იყვნენ ივანიშვილის ინსტრუმენტები პოლიტიკურ ველზე. შესაბამისად, სტიქიური მიტინგების ორგანიზებასა და გაგრძელებას ალტერნატივა არა აქვს. ეს პოზიტიური მოვლენაა, რადგან ხალხის თვითორგანიზება ძალიან საინტერესო ფორმებს იძენს. ასეთი მასშტაბის საპროტესტო აქციები მშვენიერი გზავნილია დასავლეთისთვის, რათა დაინახონ, რომ ქართველი ერი ამ რეალობაში ცხოვრებას აღარ გეგმავს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა პრეზიდენტის სასახლეზე, ფიგურირებს ძალიან სერიოზული ვარაუდი, რომ შედგა ფრანგულ-რუსული შეთანხმების მსგავსი აქტი იმის სანაცვლოდ, რომ სალომე დატოვებდა პრეზიდენტის სასახლეს. ზურაბიშვილი დასავლეთიდან მხარდაჭერას ელოდებოდა, რათა რადიკალური ნაბიჯები გადაედგა, როგორიც არის სტატუსის არდათმობა და ორხელისუფლებიანობის დაფიქსირება, რევოლუციური მოდელი, მაგრამ, როგორც ამბობენ, მაკრონი ელაპარაკა გერმანიაში შოლცს, ასევე იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრებს და მათ რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავეს. გადაწყვიტეს, რომ დაელოდონ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან შეთანხმდეს ყველაფერი. მაკრონს სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ რუსეთთან დროებითი აქტი გაეფორმებინა. ივანიშვილი დათანხმდა, სალომე გააფორმოს ოპოზიციის ლიდერის როლზე, სალომე კი, თავის მხრივ, არ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს და არ დაიწყებს ორხელისუფლებიანობის იდეის ქადაგებას”, – ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “ანუ როდესაც ზურაბიშვილმა ივანიშვილს მოლაპარაკების დაწყების დრო მისცა, მას დასავლეთიდან გარანტიები ჰქონდა?” – პასუხობს:
“უსათუოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქმედება არის ავანტიურა, რაშიც სალომე არ არის შემჩნეული. სალომეზე დასავლეთის ფსონის დადების მთელი ხიბლი იმაშია, რომ ის პროგნოზირებადი პოლიტიკოსია. ავანტიურა იქნებოდა, რომ დასავლეთის ზურგის გარეშე ხელისუფლებისთვის შეეტია და ქართველი მომიტინგეებისთვის დარტყმის საფრთხე შეექმნა”.
“მაკრონი რომ საქართველოს შესახებ რუსეთში ესაუბრა, მე ეს ვიცი უკრაინელი ტრამპისტების ბანაკიდან, რომლებიც იქ ზელენსკის ჩაჩოჩებასა და ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ. სავარაუდოდ, ფიგურირებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხები. მათ სურთ შემოდგომაზე, უკრაინაში ჩატარდეს გადადებული საპრეზიდენტო არჩევნები. ტრამპისგან ელოდებიან გარანტიებს, რომ არჩევნები ჩატარდება. ამ კონტექსტში ევროატლანტიკური პოლიტიკური ელიტის იდეაა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების ქეისში ჩადონ საქართველოშიც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. როგორც ამბობენ, მარკო რუბიომ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე გაიმართოს… მანამდე კი თუ ამომრჩეველთა სიები არ გასწორდა, თუ არ ჩატარდა მეტ-ნაკლებად პატიოსანი არჩევნები, აზრი არა აქვს. არჩევნების სანდოობა ნიშნავს, რომ გამარჯვებულიც და დამარცხებულიც შედეგზე თანახმაა”, – ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.
“2025 წელს თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები­ უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, იგივე არ განმეორდება, ეს ხელისუფლების ინტერესებშიც არ არის, იმიტომ, რომ ამას აუცილებლად რევოლუცია მოჰყვება, რომელიც დაანგრევს ყველაფერს. ცვლილება თუ არ მოხდა, დღევანდელი პროტესტი ტკბილი სიზმარი იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება შემოდგომაზე ვიხილოთ. მე ერთი შეკითხვა მაქვს – რატომ მინელდა ლაპარაკი ოპოზიციის მიერ სიის განულების შესახებ? ჩანს, ეს საკითხი მორიგებით გადაწყვიტეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. დიდი ალბათობით, ისინი შევლენ პარლამენტში, რადგან ეს საკითხი დისკუსიის საგანი აღარ არის. აღარც განულებაზეა საუბარი, პოტენციურად ისინი დეპუტატები არიან, უბრალოდ, მიტინგების მინელებას ელოდებიან. ეს იქნება ღალატის ღალატი, მაგრამ ეს პირველია?! რომელი არჩევნები არ იყო ასე? _ 2020 წლის საპარლამენტო თუ 2021 წლის ადგილობრივი?! ყველაფერი მთავრდებოდა იმით, რომ ოპოზიცია აცხადებდა, პარლამენტი არ უნდა დავთმოთო. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო სიების გასწორებაზე, მეორე მოთხოვნა უნდა იყოს ახალი პოლიტიკური სუბიექტების დაბადება. ამ ორი წინა პირობის გარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს”, – დაასკვნის მირიანაშვილი.