ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025

“2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” – ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა
სოფლები მოსახლეობისგან იცლება – რა არის საჭირო ხალხის ნაკადის შესაჩერებლად?
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის სექტემბრის N3 (295) ნომრის მიმოხილვა
* * *
“2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” – ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა
“მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბოლო რამდენიმე ხანია 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე საუბრობს და ეროვნულ შეკრებას აანონსებს. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების დასამხობად ორი მილიონი მოსაწვევი უკვე შეკვეთილია. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ იქამდე ოპოზიციას სამუშაო აქვს. “მე საერთოდ არ მიკვირს, რასაც პაატა ბურჭულაძე ლაპარაკოს. აბა მეტი რა დარჩენიათ, როცა კუთხეში არიან მიმწყვდეულები?” – კითხულობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია ბევრი ადამიანის შეკრება, თუმცა იქამდე ოპოზიციას სამუშაო აქვს: “მინიმუმ 200 ათასი კაცი, შესაძლოა ამაზე მეტი ადამიანიც მოვიდეს, გამორიცხული ნამდვილად არ არის. თუმცაღა იქამდე სამუშაოებია ჩასატარებელი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” – ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა.
“ბურჭულაძის თქმით, მოსაწვევი მოქალაქეებს დაურიგდებათ. “4 ოქტომბერს არ არის აქცია, 4 ქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას, სადაც იქნება უამრავი ადამიანი რაიონებიდან და თბილისიდან. იმდენი იქნება, რომ ალბათ თბილისში ქუჩაში არ გამოსულა. ჩვენ ახლა ვუკვეთავთ ორ მილიონ მოსაწვევს, უკვე შეკვეთილია. მოსაწვევი თან იქნება მანდატი, რომლითაც უნდა მისცენ ხმა კრებაზე. მანდატი დარიგდება ხელზე, ასევე კარზე მიიღებენ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, – “4 ოქტომბერს ორ მილიონ ადამიანს ელოდებით?” – ბურჭულაძემ უპასუხა: “ორ მილიონ მოსაწვევს ვარიგებთ და რამდენი მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია. ორი მილიონი მოსაწვევი უნდა დავარიგოთ, აქედან ბევრი მოხვდება “ქოცების” ხელში და მათ ისე სძულთ ეს ყველაფერი, შეიძლება, გაანადგურონ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მივიდეს ყველა ადმიანამდე, ვისაც სურს მოსვლა. პოლიტიკოსი როდესაც გეუბნებათ, მოდით, მაგრამ დავიშალოთ და შემდეგ ისევ მოდით, ხვალისთვის, ზეგისთვის გადავიტანოთო, მაგის დრო აღარ არის. ეს დრო უკვე წავიდა. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ, უნდა მოვრჩეთ. ეს აუტანლობა უნდა მორჩეს საქართველოში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ნიკა ჩიტაძის აზრით, 4 ოქტომბრამდე ოპოზიციამ ხალხთან შეხვედრები უნდა ჩაატაროს. “ჩემი აზრით, 4 ოქტომბრისთვის მოსალოდნელია ძალიან ბევრი ადამიანის შეკრება – მინიმუმ 200 ათასი კაცი. შესაძლოა ამაზე მეტი ადამიანიც მოვიდეს, გამორიცხული ნამდვილად არ არის. თუმცაღა იქამდე სამუშაოა ჩასატარებელი – მოსახლეობასთან შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში და სოციალური ქსელებში აქტიურობა, რათა ხალხს აუხსნან, რა საფრთხეს უქმნის “ქართული ოცნების” პოლიტიკა საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს. ასევე, რა შეიცვლება, თუ ისინი ხელისუფლებიდან წავლენ და რას სთავაზობს ოპოზიცია. ეს აუცილებელია, რადგან შესაძლოა ბევრ ადამიანს მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს და კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ამაზე იმუშავებს. საბოლოო ჯამში, მე ასე მგონია, რომ 4 ოქტომბერი სერიოზულ დღედ უნდა იქცეს, მაგრამ როგორც ვთქვი, იქამდე გარკვეული სამუშაოები კიდევ ჩასატარებელია”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.”, – განაგრძობს გამოცემა.
“ედიშერ გვენეტაძე ბურჭულაძის განცხადებას სერიოზულად ვერ აღიქვამს და ამბობს, რომ განსაცდელში მყოფ ოპოზიციას მეტი არაფერი დარჩენია. “რა უნდა ვთქვათ ახლა ამაზე გარდა იმისა, რომ გიჟი თავისუფალია. პრინციპში, ამ ძალებს, ანუ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მეტი აღარაფერი დარჩენიათ, რადგან აღსასრულის დღე დაუდგათ. მეტი საშველი ამათთვის არაფერი არსებობს. ეს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ კუთხეში არიან მიმწყვდეულები როგორც თავიანთი გარე პატრონების, ისე ქართვველი ხალხის მხრიდან. ამიტომ საერთოდ არ მიკვირს, რასაც ლაპარაკობს პაატა ბურჭულაძე. მომსახურეობის სფეროდან გასულია და მე მას ვურჩევდი, რომ დაუბრუნდეს იმ საქმეს, რომელიც ეხერხება და ეს არის რუსული ბანი – უმღეროს პუტინს და დაატკბოს. ჯობია რაც მიქარა, როცა პოლიტიკაში შევიდა, ამით დაასრულოს”, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ “რეზონანსთან”, – დასძენს გამოცემა.
სოფლები მოსახლეობისგან იცლება – რა არის საჭირო ხალხის ნაკადის შესაჩერებლად?
“სოფლებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყანა დატოვა. ასეთი რეალობა სოფლებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. 2014-წლიდან 2024-წლამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგი. თუ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს ეს რაოდენობა 1 490 900-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სოფლები მოსახლეობისგან იცლება – რა არის საჭირო ხალხის ნაკადის შესაჩერებლად? / სოფელში, სადაც არ არის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები, რთულია მოსახლეობის დამაგრება.
“ბოლო წლების ტენდენცია ძალიან საყურადღებოა, ამიტომ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, ისეთი, როგორიც მოსახლეობას სოფლად დაამაგრებს. მოსახლეობის ქალაქად და საზღვარგარეთ მიგრირებაზე და სოფლებში ხალხის დამაგრებაზე ისაუბრა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ და განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობაში აუცილებელია იმ სტანდარტების მიღწევა, რითაც ქალაქად მცხოვრებლები სარგებლობენ. “ის, რომ ადგილი აქვს სოფლიდან მიგრაციას, როგორც მსხვილ ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ, ეს არ არის წმინდა ქართული ნოუ ჰაუ, რადგან გლობალური პროცესისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და აქ საქართველოს ეწერება. 90-იან წლებში გართულებულმა ვითარებამ, როდესაც ეკონომიკური კოლაფსს ჰქონდა ადგილი, წინა პლანზე წამოსწია სწორედ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თვითგადარჩენის და თვითშენახვის ეგზისტენციური აუცილებლობა და ამით მოხდა, როგორც სოფლად, ისე ქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, ადგილი ჰქონდა ქალაქად დეინდუსტრიალიზაციას, ხოლო სოფლად აგრარული წარმოების ეკონომიკური ფუნქციის დაკნინებას“, – ამბობს სოსო არჩვაძე, რომლის აზრით, “ახლა მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავზარდოთ და მკვეთრად შემოვაბრუნოთ ტალღა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სოფლად დარჩენილი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის აუცილებელია იმ სოციალური და საყოფაცხოვრებო სტანდარტების მიღწევა და დაცვა, რითაც სარგებლობენ ქალაქად მაცხოვრებლები ან კიდევ მოწინავე საბაზრო ეკონომისი ქვეყნები. საყოფაცხოვრებო პირობების ადგილზე გაუმჯობესების ნაცვლად, ბევრი ადამიანი ცდილობს, იმ ქვეყნებს მიაშუროს, სადაც ცხოვრების დონე და შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია და ეს განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს შეეხება. ემიგრაციას ყველაზე მეტად დაექვემდებარა სოფლის მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში და თუ ავიღებთ ოფიციალურ სტატისტიკას, აღმოჩნდება, რომ მართალია, ქალაქის მოსახლეობაც მცირდებოდა, მაგრამ კლების მასშტაბი ორჯერ უფრო უსწრებდა სოფლად ქალაქის ანალოგიურ მაჩვენებელს. დღეისათვის, სოფლად ძალიან ბევრი ადგილია გაუკაცრიელებული, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მოსახლოების მედიანური ასაკი გადასცდა ქალთა ზედა ფერტილური ასაკის დონეს, ანუ 49 წელს. ფაქტიურად, ასეთ რეგიონებში იბადება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იღუპება და ამისათვის საჭიროა აქტიური ღონისძიებების გატარება”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.
“ასეთი მდგომარეობა მეურნეობას ძალიან დიდ პრობლემას უქმნის, რადგან ზოგიერთ სოფელში მიწა ფაქტიურად არ მუშავდება, მოსახლეობის სიმწირის გამო. პრობლემაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტმა ჯუმბერ ფანჩულიძემ და განაცხადა, რომ საქმე იმდენად მძიმეა, ძალიან რთულია ქართველი მუშახელის მოძიებაც. “არაფრით არ შეიძლება ამ საკითხის მოუგვარებლობა. ადრე, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში პროდუქციაზე ბაჟი მოხსნა და შედეგად შემოიტანეს დაბალი ხარისხის, იაფიანი და შხამქიმიკატებით სავსე საკვები, რამაც ადგილობრივი ფასები დააგდო, გლეხმა კი მოწეული პროდუქცია ვეღარ გაყიდა, ამიტომ მიატოვა მიწა, წავიდა ქალაქში ანდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღეს კი გაბატონებული არის დისტრიბუციის მაფია, იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე, რაც სახელწმიფომ ვერ დაარეგულირა. სოფლის მეურნეობა მისახედია, რისთვისაც ხალხია საჭირო, მაგრამ მოსახლეობამ რა ქნას, არსებობა უნდა, ცხოვრება უნდა და მიდიან ქალაქებში ან საზღვარგარეთ ემიგრაციაში. შედეგად მუშა ხელი აღარ გვყავს და იმდენად ნაკლებობაა, რომ მშენებლობაზეც კი უცხოელები მუშაობენ”, – განაცხადა ჯუმბერ ფანჩულიძემ, რომლის თქმით, “ქართველებს მუშაობა არასოდეს არ ეზარებოდათ, მაგრამ ანაზღაურება აღარ არის”, – დასძენს გამოცემა.
კვარტალური სამხედრო-ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის სექტემბრის N3 (295) ნომრის მიმოხილვა
რამდენად შეიძლება ს “სამშვიდობო შეთანხმებების“ ნდობა, თუკი მან საქართველო და უკრაინა უკვე არაერთხელ მოატყუა?! / “ხელოვნურინტელექტიანი ჯორ-დრონი პენტაგონმა ქართულ პოლიგონზე გამოცადა… / რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი / დოლიძეების სამხედრო დინასტია / თბილისი: მზის, ვარდებისა და… ტერორის ქალაქი? / შეტევაზეა რობოტიზებული კომპლექსები / B-2A Spirit- სტრატეგიული ბომბდამშენი უნიკალური მახასიათებლებით / რუსეთის “ჰიბრიდული ომი“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ (გაგრძელება) / ის გაეპარა ოჯახს, მაგრამ ბრძოლის ველს არასოდეს გაჰპარვია / როგორ ეცემოდა სოხუმი (32 წლის წინანდელი ჟურნალისტური ჩანაწერები) / ბირთვულ იარაღიანი ორი ქვეყნის კონფლიქტი / მრავალმიზნობრივი სწავლება ჩაქვში / იმპერიის ბოლო ქართველი გარდემარინები / უახლესი გერმანული ავტომატური ყუმბარსატყორცნი Rheinmetall SSW40, რომლითაც იერიშებში მალე ავტომატებს ჩაანაცვლებენ…
“დროებით შეჩერდება თუ შეწყდება რუსეთ-უკრაინის 3.5 წელზე მეტხანს მიმდინარე ეს საშინელი ომი? – ეს კითხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინელებისთვის, რომლებიც ყოველღამ საჰაერო განგაშით იღვიძებენ და რუსული კამიკაძე-დრონების თავდასხმას ელოდებიან, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც, რადგან, თუ როგორ დამთავრდება რუსეთის წამოწყებული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, განსაზღვრავს როგორც ევროპის, ისე მთელი მსოფლიოს უახლოეს მომავალს და, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას მოახდენს საქართველოზეც. თუკი დავუჯერებთ -ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ითავა რუსეთისა და უკრაინის “დაზავება“, საქმე ძალიან კარგად მიდის და ოფიციალური ვაშინგტონის მოლაპარაკება როგორც რუსებთან, ისე უკრაინელებთან, მალე ნაყოფს გამოიღებს და ომი შეწყდება“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ 2025 წლის სექტემბრის N3 (295) ნომერში, სათაურით რამდენად შეიძლება რუსეთის “სამშვიდობო შეთანხმებების“ ნდობა, თუკი მან საქართველო და უკრაინა უკვე არაერთხელ მოატყუა?!
“ღმერთმა ქნას, ტრამპის იმედი გამართლდეს (თუმცა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მთელ თავის ბიზნესურ თუ პოლიტიკურ კარიერაში არაერთ უნებლიე თუ გამიზნულ სიცრუეშია გამოჭერილი), მაგრამ რამდენად სანდო იქნება კრემლის ხელმოწერილი დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტაზე? ისე ხომ არ მოხდება, რომ დასვენებული, გადაჯგუფებული, გადაიარაღებული პუტინის არმია ერთ არცთუ მშვენიერ დღეს ისევ მუხანათურად დაესხმება თავს უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიას და მთელი უკრაინის გადაყლაპვას შეეცდება?… რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს “მშვიდობა“ მას შემდეგაც, თუკი უკრაინა გარკვეულ ტერიტორიულ დათმობებზეც კი წავიდა ამ, მისთვის ასე მძიმე ომის შესაჩერებლად და რამდენად სანდო იქნება აგრესორი ქვეყნის – რუსეთის დაპირება ცეცხლის გაუხსნელობაზე? სწორედ ასეთ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიებისთვის, რათა “სამშვიდობო შეთანხმების“ რაიმე საბაბით დარღვევისა და რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში არსებობდეს სერიოზული ძალა, რომელიც პუტინის ამ მორიგ შესაძლო ვერაგულ ჩანაფიქრს დასაწყისშივე შეაჩერებს“,- აღნიშნავს გამოცემა.
“ასეთი გარანტიის მიცემა უკრაინისთვის კი ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპასა და აშშ-ს თუ შეუძლიათ, თუმცა ისინი ჯერ თავად ვერ გარკვეულან, რამდენად ღრმად შეუძლიათ “შეტოპვა“ უკრაინის გამო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. “პუტინის ნდობა არ შეიძლება, რომ დაიცავს რაიმე პირობას ან ვალდებულებას. შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა რუსეთი გადაჯგუფებისა და ხელახლა დარტყმისგან შეაკავოს“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და მას კვერს უკრავს საფრანგეთის პრეზიდენტი : “ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა. ეს იყო საქართველო 2008 წელს. ეს იყო 2014 წელს. სრულიად ნათელია, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი თავის სიტყვასა და ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს უკრაინისთვის და ევროპისთვის ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“… – განაგრძობს გამოცემა.
“17 წლის წინ აგვისტოს ხუთდღიან ომში რუს ოკუპანტებსა და სეპარატისტებთან ბრძოლებში ქართული არმიის 170 მებრძოლი, ასევე შსს-ს 14 თანამშრომელი დაიღუპა, 1 045 სამხედრო კი დაიჭრა. დაღუპულების ნაწილის გადმოსვენება მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ხოლო ბრძოლის ველიდან დაჭრილთა დროულად გამოყვანა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, რადგან მოწინააღმდეგე “სასწრაფო დახმარების“ მანქანებსაც არ ინდობდა, შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანები (როგორც დღეს “დიდგორის“ ბაზაზე აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებს) კი მაშინ არ გვყავდა და დაჭრილების საევაკუაციოდ შეჯავშნულ “კობრებს“ ვიყენებდით – ტყვიებით საბურავდახეთქილ “კობრას“ დაჭრილები ისე მოჰყავდა გორის ჰოსპიტლისკენ, რომ მისი ბორბლების დისკები ასფალტზე სულ ნაპერწკლებს ყრიდა”, – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით ხელოვნურინტელექტიანი ჯორ-დრონი პენტაგონმა ქართულ პოლიგონზე გამოცადა…“
“ბრძოლის ველიდან დაღუპულებისა და დაჭრილების ევაკუაცია, მაშინ როდესაც ეს ადგილი მოწინააღმდეგის ცეცხლშია მოქცეული, ყველა ომის პრობლემა გახლდათ და ასეა დღემდე – სნაიპერები ერთ სამხედრო ეშმაკობასაც მიმართავენ ხშირად, ისინი სპეციალურად არ კლავენ მოწინააღმდეგეს, მას დაჭრიან და ელოდებიან, როდესაც დაჭრილის ხმამაღალ მუდარაზე, რომ გადაარჩინონ, მისკენ ორი ან ოთხი თანამებრძოლი როდის მიჩოჩდება, რათა საკაცით გამოარიდონ დაჭრილი ცეცხლის არეალს… და სწორედ ამ დროს სნაიპერი ერთგვარ სატყუარად ქცეულ დაჭრილთან დასახმარებლად მისულ მის თანამებრძოლებზეც იწყებს ნადირობას. მაგრამ შეიძლება კი დაჭრილის ბრძოლის ველიდან დროულად და შედარებით უსაფრთხოდ ისე ევაკუაცია, რომ მის დასახმარებლად მისული თანამებრძოლებიც მტრის სამიზნედ არ იქცნენ? როგორც ირკვევა, შეიძლება და ამ მეთოდების პრაქტიკული დახვეწა რამდენიმე დღის წინ გაიმართა… საქართველოში, ვაზიანის პოლიგონზე, სადაც მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “მტკიცე გული-2025“ ჩატარდა“,- აღნიშნავს გამოცემა.
“აშშ-ის არმიის პრესსამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა Agile Spirit 2025 მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისას საქართველოს ვაზიანის პოლიგონზე ჩაატარა Overland AI ULTRA ტიპის ხელოვნურინტელექტიანი სრულიად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების საველე გამოცდა, რომლის დანიშნულება ბრძოლის ველიდან დაჭრილების ოპერატიულად და უსაფრთხოდ გამოყვანა და წინა ხაზზე პირადი შემადგენლობისთვის რისკის გარეშე საბრძოლო მასალის დროულად მიწოდება იყო. უეკიპაჟო დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალებების ეპიზოდურად გამოყენება უკვე დაწყებულია რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა მას ჯერ არ მიუღია ფართო მასშტაბი, მაგრამ უდავოდ ძალიან პერსპექტიულია. ასეთ უეკიპაჟო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც მძღოლი არ სჭირდებათ, ჯორ-დრონებსაც კი ეძახიან, რადგან მათზე, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ვირებსა თუ ჯორებზე, ბევრი ტვირთის აკიდება შეიძლება“… – განაგრძობს გამოცემა.
“სანქცირებული ქვეყნები: ირანი, ჩრდილო კორეა, ვენესეულა, ხოლო 2022 წლიდან რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად ჩრდილოვანი ფლოტის, ძირითადად, ენერგორესურსების გადამზიდავი გემების მომსახურებით სარგებლობენ. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის ექსპორტი, შემოსავლები კი უკრაინასთან ომს ხმარდება. 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა და დიდმა შვიდეულმა (G7) რუსეთს ნავთობზე ზღვრული ფასი – ბარელზე (158.988 ლ) 60 დოლარი დაუწესეს. დასავლეთის სანაოსნო და სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალათ რუსეთიდან დაწესებულ ზღვარზე მეტი ღირებულების ნავთობის გადაზიდვა და დაზღვევა. ამიტომ მოსკოვმა გამოსავალი მოძებნა ჩრდილოვან ფლოტში, რომლის შექმნაზე, სხვადასხვა მონაცემით, 10 მლრდ დოლარზე მეტია დახარჯული“, – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი“.
“საზღვაო გადაზიდვების მონიტორინგის კომპანია Windward-ი ჩრდილოვან ფლოტში “მუქ “ და “რუხ “ გემებს გამოყოფს. პირველს მიეკუთვნებიან გემები, რომელთა ნამდვილი გემთმფლობელი სხვადასხვა საეჭვო სტრუქტურებსაა ამოფარებული; გემები სახელებსა და რეგისტრაციას ხშირად იცვლიან, დაცურავენ გამორთული ტრანსპონდერებით (გემის საინდეტიფიკაციო, კურსისა და სხვა მონაცემების ავტომატური მიმღებ-გადამცემი მოწყობილობა) ან გადასცემენ ცრუ ინფორმაციას და სხვ. ხშირია ასეთი ტანკერების არამიზნობრივი შეჩერებები ხმელთაშუა და არაბეთის ზღვების საერთაშორისო წყლებში, ხოლო მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან გემების საკონტროლო ციფრული სისტემის ტრანსპონდერის გათიშვები გახშირდა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე შემთხვევაში ტვირთის წარმომავლობის დასამალავად ნავთობი ერთი გემიდან მეორეზე იტვირთება. “რუხი“ გემები სანქციების დაცვის ილუზიებს ქმნიან და ნამდვილი გემთმფლობელები მოგონილ იურიდიულ პირებს არიან ამოფარებული“, – აღნიშნავს გამოცემა.
ჩრდილოვანი ფლოტი იყენებს ძველ გემებს, რომლებიც რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას არ გადიან და არც სტანდარტული დაზღვევა აქვთ. 2023 წლის ოქტომბრისთვის ჩრდილოვანი ფლოტის გემების ორი მესამედი უცნობ სადაზღვევო კომპანიებში იყო დაზღვეული. თუკი გემი არასათანადოდაა დაზღვეული, მაშინ ამ გემის მიზეზით გარემოს დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებს ფარავს ის ქვეყანა, რომლის წყლებში ინციდენტი მოხდა. კომპანია Dryad Global-ის კვლევებით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი 100 ტანკერიდან 2022 წლის დამდეგს 2025 წლისთვის 300-დან 600-მდე გაიზარდა, ხოლო გემების 40% ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არის ნაყიდი. უკრაინული მონაცემებით, ჩრდილოვანი ფლოტი 600-დან 1000-მდე გემს ითვლის. სინგაპურის სატრეიდერო კომპანია Trafigura კიდევ უფრო დიდ ციფრს – 1400 გემს ასახელებს, რომლებიც ლიბერიის, პალაუს, გამბიის, კომორის კუნძულების, კამერუნის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების დროშებით დაცურავენ“… – განაგრძობს გამოცემა.
“ლუკა დოლიძე თავისი “ოჯახური პროფესიის“ რიგით მესამე და ღირსეული გამგრძელებელია. მან ახლახან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა და ფიცი მიიღო… მამამისი, მაიორი შალვა დოლიძე, ერთ-ერთი ოფიცერი იყო, ვინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაეცა. შალვა დოლიძე ქ. ჩიტაში დაიბადა – მამა, ზაურ დოლიძე, იმხანად იქ ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსად მსახურობდა. შალვა 6 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, რის გამოც მამა თბილისში გადმოიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ 1995 წელს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. რამდენიმე წელი მუშაობდა გაერთიანებულ შტაბში, იყო თურქეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ერაყში. მიღებული ჰქონდა 2003 წელს მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის, 2008 წელს უმწიკვლო სამსახურის III ხარისხის მედალი და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2008 წლის 15 აპრილს შალვა დოლიძე ბატალიონის მეთაურად დაინიშნა… მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს, ხოლო სახლზე, სადაც შალვა დოლიძე ცხოვრობდა, დღეს მისი მემორიალური დაფაა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით დოლიძეების სამხედრო დინასტია“.
“სამხედრო პროფესია და ცხოვრების წესი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უცხო არ ყოფილა. დავიბადე სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, მამაჩემი, მაიორი შალვა დოლიძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური იყო და გმირულად დაეცა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი სწორედ მისი თავგანწირვა იყო, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სამხედრო საქმით დაინტერესება და სიყვარული სწორედ მან ჩამინერგა, მისი დაღუპვის შემდეგ კი ეს გრძნობა უფრო და უფრო გამიმძაფრდა. დროის სვლასთან ერთად, ვაცნობიერებდი იმ გამოწვევებს, რაც სამხედრო ფორმის ჩაცმას ახლდა თან, თუმცა ყველანაირი სირთულის მიუხედავად, გადავწყვიტე თავდაცვის ძალების რიგებში მემსახურა და ჩემი ოჯახის მხედრული ტრადიციები ღირსეულად გამეგრძელებინა… ჩავაბარე ფიზიკური ნორმატივები და ტესტირებები, ამჟამად კი უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსზე ვირიცხები, რომლის დასრულების შემდეგაც გავხდები ოფიცერი და მომენიჭება წოდება ლეიტენანტი“, – აცხადებს გამოცემისკორესპონდენთთან საუბრისას ლუკა დოლიძე.
„შალვა დოლიძე შეიარაღებული ძალების მართლაც გამორჩეული ოფიცერი იყო… იმხანად ბატალიონი ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და საერთაშორისო მისიის ნაცვლად, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლა მოუხდათ. მოგეხსენებათ, ქაოსი ყველა ომის განუყოფელი ნაწილია, პირად შემადგენლობას კი აუცილებლად სჭირდება უშიშარი და გამოცდილი მეთაური, რომელიც ტყვიების წვიმაში გაუძღვება მათ და პირად მაგალითს უჩვენებს. რა თქმა უნდა, მას შეეძლო დარჩენილიყო უკან და იქიდან ემართა ბატალიონი, თუმცა იმ პირობებში გადაწყვიტა წინ წასულიყო და გასძღოლოდა თავის მეომრებს. დაიღუპა 9 აგვისტოს, როცა მისი ქვედანაყოფი რუსულ ე. წ. სამშვიდობოების კოლონას შეეჯახა. როგორც წესი, სამშვიდობო ქვედანაყოფისთვის ცეცხლის გახსნა არ შეიძლება, შესაბამისად, მაიორმა დოლიძემ ბრძანება გასცა, რომ არ ესროლათ მათთვის, თუმცა მოწინააღმდეგემ მოულოდნელად გახსნა ცეცხლი და ახლო ბრძოლა გაიმართა, სადაც ის რუსების მიერ გადმოგდებული ხელყუმბარით დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპნენ ბატალიონის შტაბის უფროსი, შტაბის სამსახურების ოფიცრები, ასეულის სერჟანტი და ჯარისკაცები. საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე სწორედ ამ შეტაკების დროს აიყვანეს ტყვედ…“ – განაგრძობს ლუკა დოლიძე.
“2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის“ თავდასხმამ ისრაელზე და ამის შემდეგ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ ღაზაში, ამ რამდენიმე თვის წინ კი სა და აშშ-ის მიერ ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვამ ახალი უარყოფითი მუხტი შეიტანა ირან-ისრაელის ისედაც უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობაში. ვფიქრობ, მათი დაპირისპირების, როგორც ისტორიული, ასევე დღევანდელი მიზეზები კარგადაა ცნობილი. დღეს იმ საფრთხეებზე ვისაუბროთ, რაც ამ ორი, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნის: ირანისა და ისრაელის დაპირისპირების საზღვრების გაფართოებამ შეიძლება შეგვიქმნას. სავსებით შესაძლებელია ისრაელისა და ირანის დაპირისპირებამ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, სადაც მას ფარული ბრძოლის – ტერორისტული აქტების ფორმა ექნება. სამწუხაროდ, თუ ტერორიზმის “პანდორას ყუთი“ გაიხსნა, მას უკვე ვერაფერი შეაკავებს და დაპირისპირებული მხარეების გარდა, ამ პროცესში, პირდაპირ თუ ირიბად, სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდებიან ჩართული და მათი მოქალაქეებიც დაზარალდებიან“, – წერსჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით თბილისი: მზის, ვარდებისა და… ტერორის ქალაქი?“
“ისრაელსა და ირანს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ფარული ოპერაციების ჩატარების „“მდიდარი“ გამოცდილება აქვთ. ეს ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ საქართველო ამ ორი ქვეყნის ფარული დაპირისპირების არენად გადაიქცეს. თანამედროვე ეტაპზე საქართველო-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები ძალზე სპეციფიკურია: ირანის მთავარ მოწინააღმდეგეებს (აშშ და ისრაელი) საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის სტატუსი აქვთ (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ჰქონდათ). მოსკოვი-თეირანის კოალიცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და მათი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ოფიციალურად გაცხადებული თანხვედრა ფიქსირდება. რუსეთ-ირანის კოალიცია გამოდის დასავლური ინიციატივებისა და განსაკუთრებით, აშშ-ისა და ნატოს წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ირანი კი არ შეუერთდა ან თუნდაც ნეიტრალური პოზიცია კი არ დაიკავა, არამედ აშკარად დაუჭირა მხარი აგრესორს და ახლაც ეხმარება“, – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოსა და ირანს მრავალსაუკუნოვანი მტერ-მეგობრობა აკავშირებს. იმედია, მტრობა წარსულს ჩაჰბარდა თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. 2010 წლის დამდეგს საქართველო და ირანი შეთანხმდნენ გაეუქმებინათ სავიზო რეჟიმი. ჩემი აზრით, ეს იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების “ჩუმი პროტესტი“ ობამას ადმინისტრაციის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის იგნორირებისა და “დისტანცირების პოლიტიკის“ საპასუხოდ. საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ცალმხრივად დააწესა ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2016 წელს ისევ გააუქმა, ასევე დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად “დიპლომატიურ რევერანსებს“ აკეთებს და აცხადებს, რომ თეირანისა და თბილისის ურთიერთობების დათბობა თბილისისა და ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორობაზე არ იმოქმედებს…“ – განაგრძობს გამოცემა.
“თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის უკრაინა უპილოტო აპარატების ტექნოლოგიათა გამოყენებაში პიონერია. ინოვაციურ სიახლეთა რეალიზაცია იდეიდან სერიულ წარმოებამდე და ფრონტამდე გზას უსწრაფესად გადის. პროგრესიის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ზოგჯერ დასაფიქრებელია, ღირს კი მრავალმილიონ დოლარად შეფასებული იარაღის გამოყენება, თუკი მას რამდენიმე ასეულ დოლარად ნაყიდი დრონი მოუღებს ბოლოს. შედეგიც სახეზეა – უკრაინამ საჰაერო და საზღვაო დრონებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტს იმდენად მტკივნეული დარტყმები მიაყენა, რომ ახლა რუსული ხომალდები ბაზებს იშვიათად ტოვებენ და ზღვაში მცირე ხნით გადიან. უკრაინულ უეკიპაჟო საზღვაო აპარატებზე მონადირე რუსული ავიაციაც არ აღმოჩნდა უსაფრთხოდ. საზენიტო რაკეტებით შეიარაღებულმა “ მაგურებმა“ რამდენიმე რუსულ საფრენ აპარატს ადგილი ზღვაში მიუჩინეს“, – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით შეტევაზეა რობოტიზებული კომპლექსები.
„შთამბეჭდავია სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსებით შესასრულებელი ამოცანები: შეტევებში მონაწილეობა, საცეცხლე მხარდაჭერა, დაზვერვა, დანაღმვა-განაღმვა, დაჭრილთა ევაკუაცია, ლოჯისტიკური დავალებები და სხვ. ამ ჩამონათვალს უკრაინელმა სამხედროებმა დაუმატეს ერთი უცნაური ფუნქცია, რომელმაც იმდენად გაამართლა, რომ შედეგმა თავად შემსრულებლები გააოცა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 მოიერიშე ბრიგადა “აზოვის“ საბრძოლო რობოტების ექსპერიმენტულმა ასეულმა Deux ex machine-მ ხარკოვის ოლქში სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსებისა და საჰაერო დრონი-კამიკაძეების გამოყენებით ოპერაცია ჩაატარა. ბრიგადის ოფიციალური განცხადების თანახმად, რუსების პოზიციებს მიუახლოვდა ბორბლებიანი რობოტი-კამიკაძე, რომელმაც ბლინდაჟი ააფეთქა. დანგრეულ ბლინდაჟს მეორე რობოტი მიადგა და გადარჩენილმა რუსმა ჯარისკაცებმა რობოტის ტყვედ ჩაბარება ამჯობინეს. დატყვევებულებს უკრაინელთა პოზიციებისკენ გზას საჰაერო დრონები უჩვენებდნენ და თან მიაცილებდნენ. რუსების ეს პოზიცია მანამდე მიუდგომლად ითვლებოდა, ხოლო ოპერაცია უკრაინელი ჯარისკაცების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
“პოლკოვნიკი ვადიმ სუხარევსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემათა ჯარების პირველი სარდალი: “უკრაინის სტრატეგიაა “რობოტები პირველ ადგილზე“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძიმე არტილერია და სხვა შორსმსროლელი იარაღი კვლავინდებურად აუცილებელი არ იქნება მრავალი მიზეზის გამო – ჯარების დასაცავად, მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებზე ან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმების მისაყენებლად“. უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კოსტენკოს თქმით, უკრაინისა და რუსეთის დანაკარგის დაახლოებით 70% დრონების მოქმედების შედეგია, ხოლო ზოგიერთ ოპერაციაში ეს მაჩვენებელი 80%-მდე მატულობს. საარტილერიო დაბომბვისგან შეიძლება თავშესაფარში დაიმალო, ხოლო უპილოტოს ვერ დაემალები – ის საიდან ან როდის მოფრინდება, განსაზღვრა შეუძლებელია. უკრაინელი სამხედროებისა და ჩინოვნიკების მტკიცებით, ომის ამჟამინდელ ეტაპზე უპილოტოები ბევრად მეტ ჯარისკაცს კლავენ და ჯავშანტექნიკას ანადგურებენ, ვიდრე ისეთი ტრადიციული საბრძოლო საშუალებები, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკები, ჰაუბიცები და ნაღმსატყორცნები…“ – განაგრძობს გამოცემა.
“2025 წლის 25 ივნისს სამხედრო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და უნიკალური საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. მის უნიკალურობაზე არა მასში ჩართული საფრენი აპარატების საერთო რაოდენობა (მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების მიერ გერმანიაზე საჰაერო რეიდებში საშუალოდ 300-400 ბომბდამშენი მონაწილეობდა), არამედ მისი საერთო ხანგრძლივობა – 37 სთ მეტყველებს. ამ დროის განმავლობაში ოპერაციაში მონაწილე 125-მა თვითმფრინავმა ჰაერში საწვავი ტანკერებისგან 52-ჯერ შეივსო. ოპერაცია “შუაღამის უროს“ მთავარი ფიგურანტი კი ავიაციის ისტორიაში აგებული ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ფორმისა და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე თვითმფრინავი – სტრატეგიული ბომბდამშენი B-2A Spirit -ი იყო. “ცივი ომის“ ჟამს საბჭოეთის საჰაერო სივრცეში მალულად შეჭრისთვის შექმნილი თვითმფრინავი დღესაც მწყობრშია და დროდადრო სხვადასხვა სამხედრო კამპანიის მონაწილეა,“ – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით B-2A Spirit- სტრატეგიული ბომბდამშენი უნიკალური მახასიათებლებით“.
“B-2-ის აეროდინამიკური სქემის ფუძემდებელი გერმანელი ავიაკონსტრუქტორი ჰიუგო იუნკერსია. 1915 წელს მან პირველი ექსპერიმენტული მოდელი ააგო. 1930-იანი წლების დამდეგს მისი იდეები ძმებმა ჰორნეტებმა განავრცეს. მალევე ექსპერიმენტული ნიმუშებით სამხედრო ავიაციის ხელმძღვანელობაც დაინტერესდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ძმებ ჰორნეტებს 1944 წელს Go.229 ტიპის 20 “მფრინავი ფრთა“ დაუკვეთეს. სერიულ ნიმუშებს ოთხი 30 მმ-იანი ქვემეხი და 1000 კგ-იანი ბომბური დატვირთვა ჰქონდა. გამოცდაზე ორი რეაქტიული ძრავით Go.229 -მ 795 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. “მფრინავ ფრთას“ თანამოაზრეები ამერიკაშიც ჰყავდა, სადაც ახალგაზრდა ინჟინერი ჯეკ ნორტროპი ამ ერთობ უჩვეულო კონსტრუქციაში დიდ პოტენციალს ხედავდა. ნორტროპი თამამი იდეებით გამოირჩეოდა და ექსპერიმენტულ ნიმუშებზე მუშაობასთან ერთად 1941 წელს სამხედროებს სტრატეგიული ბომბდამშენის პროექტი წარუდგინა. ერთი წლისთავზე დამკვეთისთვის ნაჩვენებ 4-ძრავიან XB-35-ს 52 მ-იანი გაქანის ფრთა ჰქონდა და 9-კაციანი ეკიპაჟი ემსახურებოდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
“მართვის თავისებურების მიუხედავად, “მფრინავი ფრთის“ აეროდინამიკური სქემა საუკეთესო გარსშემოდინებითა და აეროდინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. ფაქტობრივად, ამ სქემით აგებულ თვითმფრინავს ცალკე ფრთა, ფიუზელაჟი და კუდის ფრთასხმულობა არა აქვს და ყველაფერი ერთ დიდ კორპუსშია გაერთიანებული. გიგანტ XB-35-ის ბომბური დატვირთვა 23 ტ-ს აღემატებოდა, რაც იმდროინდელ ყველაზე მძლავრ ამერიკულ ბომბდამშენ B-29-ის ანალოგიურ პარამეტრზე თითქმის სამჯერ მეტი იყო. თავდაცვითი შეიარაღება ოც 12.7 მმ-იან ტყვიამფრქვევს ითვლიდა. ნორტროპის ფუტურისტულ ბომბდამშენს მეორე მსოფლიო ომში დაუგვიანდა – ჰაერში პირველად 1946 წლის ზაფხულში აფრინდა და სამხედროების დაინტერესება უკვე განელებული იყო, თანაც რეაქტიული ძრავების ხანა იწყებოდა და შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავები უპერსპექტივოდ ითვლებოდა…“ – განაგრძობს გამოცემა.
“დღეისთვის რუსეთის სპეცსამსახურებში დიდი ყურადღება ეთმობა “რბილი ძალის“ კონცეფციის ახლებურ გააზრებასა და ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მომზადებას. მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთის ყველა სპეცსამსახურს ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აქვს, სადაც სხვადასხვა მრავალფეროვან კვლევით თემატიკას შორის ჰიბრიდული ომის წარმოების თანამედროვე სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებიც მუშავდება. რუსი “სამხრეებიანი მეცნიერები“ ამჟამად რუსული “რბილი ძალის“ ძირითად ინსტრუმენტებად მიიჩნევენ რუსულ ენას, კულტურას (კლასიკურსა და თანამედროვეს), მეცნიერებასა და განათლებას, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას (სხვა ქვეყნებში, თორემ რუსეთში მხოლოდ ხელისუფლების დაფინანსებული “ჯიბის არასამთავრობოღა“ დარჩა), ახალგაზრდული პროგრამების ამოქმედებას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებებს (პრორუსული ტელევიზიები, პროპაგანდისტული ელექტრონული მედია და ა. შ.), ტურიზმსა და ასევე მიგრაციას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთხელ განაცხადა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას ოდნავ მაინც ესმის რუსული ენაო“, – წერს ჟურნალი “არსენალი “ სტატიაში, სათაურით რუსეთის “ჰიბრიდული ომი“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ (გაგრძელება).
“პუტინის ლექსიკაში “აქტივობა“, მგონი, ყველასთვის გასაგებია. “რბილი ძალის“ გამოყენებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სამიზნე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედებას, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებას, რუსეთზე დადებითი იმიჯის შექმნით იმპერიული აგრესიის გამართლებას და სხვ. რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს საწადელს ფარული გზებითა და ბიზანტიური პოლიტიკით მიაღწიოს. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობით მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელიგენციის თუ უბრალო “მუშა-მუჟიკი“, ყველა მიიჩნევს, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობით (მათი აზრით, “ნებაყოფლობითი შემოერთებით“) ისინი “მისიონერულ გმირობას“ სჩადიან: აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ხალხებში, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ერებში. პუტინს ერთი “დიდი მიღწევა“ ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ: მან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის სტრატეგია და ტაქტიკა ახალი, საკუთარი მეთოდებით გაამდიდრა. ნამდვილად არ ვაჭარბებ და თქვენც მალე დარწმუნდებით ამაში“, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაკონტროლებაა, ეს კი მარტივი არ არის და დიდ ადამიანურ და ფულად რესურსებს მოითხოვს. დანახარჯი მით უფრო დიდია, თუ პუტინივით ათეულობით ქვეყანას “ეპოტინები “ და იქ არსებული ხელისუფლების გაკონტროლება-შეცვლას ცდილობს. პუტინის “ნოუ-ჰაუ “ სამიზნე ქვეყანაში ჰიბრიდული ომის დაფინანსებას ეხება: თუ ადრე, ელცინის პერიოდში, რუსეთის სპეცსამსახურები ანუ იგივე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებდა ახალი სახელით პატრიოტულ, სინამდვილეში კი პრორუსული პარტიების შექმნას, აგრეთვე უკვე არსებულ სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ამჟამად ეს დიდი ფინანსური ხარჯები “კრემლმა “ ამ სამიზნე ქვეყნის პრორუს ბიზნესმენებს დააკისრა. დღეს მოლდოვის მაგალითზე ვნახოთ, თუ როგორ ებრძვის “დავითი “ “გოლიათს “. თუ აშშ-სა და საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონა, ძირითადად, ფარულად მოქმედებს, მოლდოვაში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკური პარტიები, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია, რომლებიც დაუფარავად ასრულებენ მოსკოვის დავალებებს…“, – განაგრძობს გამოცემა.
“არტილერისტი, პოლკოვნიკი თემურ ლომთათიძე 1949 წლის 18 მარტს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში დაიბადა.1966 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის საარტილერიო სასწავლებელში. ქართველი არტილერისტი ქალაქ ნოვოსიბირსკში გაანაწილეს, სადაც შვიდი წელი იმსახურა, შემდეგ კი უნგრეთში გაემგზავრა ხუთი წლით. 1984-89 წლებში ბრესტში საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად მსახურობდა. ამასობაში ეროვნულმა მოძრაობამაც მოუსწრო, სამშობლოში დაბრუნდა და ყოფილი ლენინგორის (ახლანდელი ახალგორის) სამხედრო კომისრად დაინიშნა. ს ომში პირველი დღეებიდანვე ჩაება. იყო ს/ნ 16453-ის მეთაური. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს რუსულ დესანტთან ბრძოლაში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით ის გაეპარა ოჯახს, მაგრამ ბრძოლის ველს არასოდეს გაჰპარვია.
„სხვადასხვა ქვეყანაში სამსახურის დროს თემურ ლომთათიძეს მუდამ თან ახლდა ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე, ქალბატონი ნათელა რობაქიძე. ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე არასოდეს უცხოვრია, თუ არ ჩავთვლით აფხაზეთის ომის წლებს. ასე მოევლინა სამყაროს უცხო ქვეყანაში მათი ერთადერთი ქალიშვილი, შორენა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები შვილს ქართულად ესაუბრებოდნენ, პატარა გოგონასათვის მშობლიური ენა უცხო გახდა, რის გამოც მამამ ქალიშვილის საქართველოში გადმოყვანა გადაწყვიტა. “დედა სულ მამაჩემის გვერდით იყო. მე ციმბირში დავიბადე. ექვს წლამდე იქ ვიცხოვრე. ქართულად ლაპარაკს ვერ ვიგებდი. შვილს ვერ გავარუსებო, თქვა მამაჩემმა და მკითხა, ბებიასა და ბაბუასთან თუ დარჩებიო? ახალგაზრდა ბებია და ბაბუა მყავდნენ, თბილისში, თემქაზე ცხოვრობდნენ. კი-მეთქი, ვუპასუხე და საქართველოში გადმომიყვანეს. ჩემზე მასწავლებელიც ზრუნავდა, გაკვეთილების შემდეგ მტოვებდა და დამატებით მამეცადინებდა… მამას დღესასწაულები არასოდეს გამორჩებოდა, ხან საჩუქრებს მიგზავნიდა, ხანაც ვინმეს ყვავილებს მოატანინებდა. მალე საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქართული ჯარი შეიქმნა“, – ამბობს შორენა ლომთათიძე, რომლის თქმით, „როდესაც სამხედრო გადატრიალება დაიწყო, თემურ ლომთათიძე ახალგორიდან თბილისში დაბრუნდა და მთავრობის სახლში, ეროვნულ ხელისუფლებას მიაშურა“, – აღნიშნავს გამოცემა.
“ბოლო წუთებამდე ზვიად გამსახურდიას გვერდით იყო. მამამ ძალიან კარგად იცოდა ისტორია, კარგად აანალიზებდა ისტორიულ მოვლენებს, გამოკვეთილი ზვიადისტი არ ყოფილა, მაგრამ როდესაც დაპირისპირება დაიწყო, სულ ამბობდა, არჩეული მთავრობის გადაგდება არ შეიძლება, ეს საქართველოს განვითარებას ოცდაათი წლით შეაფერხებსო. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მამა არ შემცდარა. თბილისში სახელმწიფო გადატრიალებას მალევე მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში, რომელიც ომში გადაიზარდა და აფხაზეთის ომის სახელით შევიდა საქართველოს ისტორიაში. თუმცა მე ამ საკითხზე იმთავითვე მქონდა ჩემი აზრი, ვამბობდი, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რადგან მეორე მხარეს სწორედ რუსული ქვედანაყოფები წარმოადგენდნენ. საბჭოთა ჯარის ოფიცერს მალე მათ წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლაში ჩართვა, თუმცა ეს მისთვის არავის დაუძალებია. ჩათვალა, რომ მისი გამოცდილებითა და უნარით ახლა სამშობლოს უნდა გამოსდგომოდა…“ – განაგრძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შორენა ლომთათიძე.
“ცოტა ხნის წინ, როდესაც მედიააკადემიის თხოვნით ჟურნალისტურ მასტერკლასებს ვამზადებდი ომისა და კონფლიქტების გაშუქების თემაზე, საკუთარ არქივში 1993 წელს აფხაზეთში მივლინების დროს გაკეთებულ რამდენიმე ჩანაწერს წავაწყდი. აქვე ვიტყვი, რომ ქართულ-აფხაზური (1992-93) ომის დროს აფხაზეთში ორჯერ ვიყავი – ერთხელ 1992 წლის ნოემბრის მიწურულს, როგორც დამოუკიდებელი გაზეთ “საქართველოს“ კორესპონდენტი, და შემდგომ, 1993 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი სამხედრო კორესპონდენტის რანგში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში ჩემი სამუშაო გამოცდილება 1993 წლის გაზაფხულიდან იწყება, მაგრამ უწყების სამხედრო კორესპონდენტის ამპლუაში ფრონტის ხაზზე წასვლა საკმაოდ გაიწელა. სამხედრო საქმეში, მოგეხსენებათ, ყველაფერი ბრძანებით ხდება და რაკი ეს გზა ავირჩიე, შესაბამისად, ველოდებოდი სოხუმიდან გამოძახებას“, – აღნიშნავს ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე, რომლის თქმით, სწორედ აფხაზეთის დედაქალაქში იყო განთავსებული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრი, საიდანაც ვრცელდებოდა ფრონტის ამბები ქართულ ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში“, – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით როგორ ეცემოდა სოხუმი (32 წლის წინანდელი ჟურნალისტური ჩანაწერები).
„არ მოგბეზრდა თბილისში კოტრიალი და პრესრელიზების წერა? ჩამოდი სოხუმში, ქართველი ბიზნესმენების ჯგუფი ჩამოაცილე და ერთი-ორი კვირა ცოტა დაისვენე ზღვის პირას“, – ხუმრობით მითხრა ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პრესცენტრის უფროსმა, მაიორმა სოსო მარგიშვილმა. ის კომუტატორით მირეკავდა სოხუმიდან, სადაც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის მოქმედებას უწევდა კოორდინაციას… 2 ივლისს, სატელეფონო საუბრის ბოლოს, სოსომ დამავალა გავცნობოდი და პრესრელიზში შემეტანა იმდღევანდელი ცნობა. როგორც კი კითხვას მოვრჩი, მივხვდი, სოხუმში “დასვენება“ ფრონტისთვის დამახასიათებელი მწარე იუმორი იყო. “2 ივლისს დილის 5 საათზე (!) მოწინააღმდეგემ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან სადესანტო გემიდან გადმოსხა დესანტი, მიმდინარეობს ბრძოლები. დილის 7 საათისათვის მოწინააღმდეგემ დაიწყო ქალაქ სოხუმისა და მისი შემოგარენის, გულრიფშის რაიონის აგუძერისა და მაჭარის მოსახლეობის დაბომბვა“… რამდენიმე საათში, როდესაც სამხედრო პრესცენტრის ცნობა ქართულ საინფორმაციო სააგენტოებსა და ბეჭდურ მედიაში გავრცელდა, ტამიშთან გადასხმულ დაახლოებით 500-კაციან დესანტს უკვე განადგურებული ჰყავდა სიფხიზლედაკარგული ქართული საჯარისო ფორმირებების საგუშაგოები და აფართოებდა პლაცდარმს“ – იხსენებს ჟურნალისტი“ , – აღნიშნავს გამოცემა.
„3 ივლისის, პირადი ჩანაწერი: “დავრეკე სოხუმში ჩვენებთან, პრესცენტრში. მათთან საუბარში გაირკვა, რომ აფხაზები და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ცდილობენ ერთმანეთს მოსწყვიტონ ოჩამჩირე და სოხუმი და ხელთ იგდონ დედაქალაქი სოხუმი“. პარალელურად, სეპარატისტების შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო იერიშების თანხლებით შეტევა წამოიწყეს სოხუმზე, შრომა-ახალშენის მიმართულებით. “ღამის 2 საათიდან მოწინააღმდეგემ გახსნა მასირებული ცეცხლი “გრადის“ ტიპის რეაქტიული დანადგარებიდან და მის ხელთ არსებული ყველა სხვა საშუალებებიდან. 200-მდე ჭურვი აფეთქდა სოხუმის ცენტრალურ რაიონსა და მის შემოგარენში. წინასწარი მონაცემებით იყო ნგრევა და მსხვერპლი:. (2 ივლისის “საქართველოს რესპუბლიკა“) ეს იყო მოულოდნელად თავსდატეხილი უბედურება, რომელზეც თავდაპირველად დანარჩენ საქართველოში წარმოდგენაც არ ჰქონდათ…“ – განაგრძობს გამოცემა.
“ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფამ 1947 წელს მსოფლიოს, სა და ინდოეთის დამოუკიდებლობასთან ერთად, ქვეყნებს ტერიტორიული თუ რელიგიური პრობლემები მოუტანა, რომელთა მოგვარების მშვიდობიან გზებს, ჯერჯერობით, იარაღი ძალავს. ინდოეთმა და პაკისტანმა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ერთმანეთში ოთხჯერ იომეს (1947-1948, 1965, 1971, 1999), 1984-2006 წლებში იყო ე. წ. სიაჩენის კონფლიქტი, ხოლო მცირე მასშტაბის სასაზღვრო შეტაკებებსა თუ ინციდენტებს დასასრული არა აქვს. 2025 წლის 22 აპრილს ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე ქალაქ პაჰალგამის მახლობლად ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ინდოელ ტურისტებს. თავდასხმას 26 მათგანის სიცოცხლე შეეწირა, არანაკლებ 20 დაიჭრა. ინდოეთმა პასუხისმგებლობა მაშინვე პაკისტანს დააკისრა და საპასუხო მოქმედებებით დაემუქრა, ხოლო ისლამაბადმა ტერორისტებთან ყოველგვარი კავშირი უარყო“, – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში სათაურით ბირთვულ იარაღიანი ორი ქვეყნის კონფლიქტი.
„ტურისტთა დახოცვას საზღვარზე გახშირებული ორმხრივი სროლები და საარტილერიო დაბომბვები მოჰყვა. 7 მაისს პაკისტანმა ნაღმსატყორცნების ცეცხლით დაამუშავა ჯამუს ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო პუნქტი პუჩი. ინდოელთა მონაცემებით, დაიღუპა 1 ჯარისკაცი და 16 მშვიდობიანი მოსახლე, 43 დაიჭრა. ესკალაცია თანდათან გამწვავდა. ინდოეთმა მრავალი ათეული წლის შემდეგ პირველად გამოაცხადა რეზერვისტთა მობილიზაცია, ხოლო პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქებისა და დასახლებების მოსახლეობამ შუქშენიღბვის ბრძანება მიიღო. განიხილებოდა პაკისტანის მოსაზღვრე გუჯარათის შტატის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება. 7 მაისს ნიუ-დელიმ ოპერაცია Sindoor-ის დაწყება გამოაცხადა. არაბეთის ზღვის ჩრდილო რაიონში გაშლილი ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება ავიამზიდის, წყალზედა და წყალქვეშა ხომალდების შემადგენლობით სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო პაკისტანის საზღვაო მიზნებისა და სახმელეთო ობიექტების, მათ შორის პორტ ყარაჩის დასაბომბად“, – აღნიშნავს გამოცემა.
“ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა 6-7 მაისის ღამით ინდოეთის ავიაციის მიერ 72 თვითმფრინავით პაკისტანზე განხორციელებული დარტყმა. ოპერაციის მიზანი პაკისტანის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონაში არსებული ტერორისტთა ბაზების განადგურება და ქვეყნის სამხედრო ძლიერების დემონსტრირება იყო. პაკისტანის ავიაციასთან დაპირისპირების ასაცილებლად ინდოელმა მფრინავებმა საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრციდან დარტყმების მიყენების ბრძანება მიიღეს. ინდოელთა განკარგულებაში იყო ფრანგული Rafale-სა და რუსული Су-30МКИ ტიპის გამანადგურებლები. პირველის შეიარაღებაში SCALP-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები და Hammer-ის ტიპის პლანირებადი ბომბები შედიოდა, ხოლო მეორე “ჰაერი-მიწა“ კლასის BrahMos-A ტიპის რაკეტებით იყო აღჭურვილი. თვითმფრინავებს ჰაერში კოორდინაციას შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის ERJ-145 ან A-50E ტიპის თვითმფრინავები უწევდნენ…“ – განაგრძობს გამოცემა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჩაქვში საავიაციო ძებნა-შველის სიმულაციური სწავლება ჩაატარა. სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული სცენარით სწავლების დაწყებისთანავე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თვითმფრინავი ზღვის სანაპიროსთან ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც სიმულაციური სწავლების სცენარით გათვალისწინებული სამაშველო მოქმედებები დაიწყო. სწავლების მიზანი იყო საავიაციო ძებნა-შველის სისტემაში ჩართულ უწყებათა თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, ინფორმაცია-შეტყობინებათა მიღების პროცედურების სრულყოფა და საავიაციო შემთხვევების დროს წყალსა და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებებისას ძებნა-შველის ოპერაციების დახვეწა. მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი“, – წერს ჟურნალი “არსენალი “ სტატიაში, სათაურით მრავალმიზნობრივი სწავლება ჩაქვში.
„სიმულაციური სწავლების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის თანამშრომლებმა, ასევე ღონისძიებაში ჩართულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და “წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციის დროს აუცილებელი ყველა კომპონენტის დემონსტრირება. “შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პირველად ჩატარდა სწავლება “საავიაციო ინციდენტის“ თემატიკით, რომელიც მასშტაბურობით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ სწავლება ჩატარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული “საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის“ შესაბამისად და მიზანი რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ამ გეგმის პრაქტიკაში გამოცდა იყო“,- განმარტავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი ვახტანგ ბოლქვაძე“, – აღნიშნავს გამოცემა.
„სცენარის მიხედვით, თვითმფრინავი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ავარიულად დაეშვა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გაიგზავნა ყველა შესაბამის უწყებაში. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ყველა ზემოხსენებული უწყება და დანაყოფი იყო ჩართული. ჩატარდა ერთობლივი სამაშველო ოპერაციები როგორც წყალზე, ისე ხმელეთზე. ამასთან ერთად შემოწმდა და შეფასდა უწყებებს შორის ინფორმაციისა და შეტყობინების გაცვლის პროცედურები. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან რეალურ შემთხვევებში კომუნიკაციის სისწრაფე და სიზუსტე გადამწყვეტია. “ინციდენტის“ ადგილზე მოეწყო საველე ოპერაციების მართვის შტაბი, საიდანაც იმართებოდა სამაშველო სამუშაოები. ასევე, მოვაწყვეთ სამედიცინო დახმარების პუნქტები და სხვადასხვა ლოჯისტიკური თუ ოპერაციული ცენტრი, რომლებიც აუცილებელია მსგავსი შემთხვევების სწრაფი და ეფექტური მართვისთვის“… – განაგრძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ბოლქვაძე.
“ცნობილი ქართველი ნოფთალმოლოგის გიორგი ტარსაიძის ვაჟი, ალექსანდრე ტარსაიძე, ბავშვობიდან საზღვაო ოფიცრობაზე ოცნებობდა და 1915 წელს პეტერბურგის საზღვაო კორპუსში ჩაირიცხა. 1917 წელს რუსეთში მონარქიის დემონტაჟის ტალღა საზღვაო კორპუსსაც გადასწვდა და 1918 წლის მარტში ალექსანდრემ დაჩქარებულად დაამთავრა სახელშეცვლილი საზღვაო კორპუსი – პეტროგრადის საზღვაო სასწავლებლის საერთო კლასები და თბილისში დაბრუნდა. მცირე ხანს ქართულ ფლოტში იმსახურა, ხოლო 1921 წლიდან ემიგრაციაში წავიდა – ორი წელი კონსტატინოპოლში მუშაობდა და შემდეგ აშშ-ში გადავიდა. იყო რუს ყოფილ საზღვაო ოფიცერთა ისტორიული კომისიის წევრი, იბეჭდებოდა რუსული ემიგრაციის საზღვაო პერიოდულ გამოცემებში; გამოსცა რამდენიმე წიგნი რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეხებოდა რუსეთის ისტორიას და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს – “საზღვაო კორპუსი საუკუნის მეოთხედში 1901-1925 წწ“. (1944 წელი, ნიუ-იორკი); “მეფეები და პრეზიდენტები, დავიწყებული მეგობრობის ისტორია“ (1958 წელი, ნიუ-იორკი); “ოთხი მითი მსოფლიო ომზე“ (1969 წელი, ნიუ-იორკი) და სხვ. გარდაიცვალა 1978 წლის 25 თებერვალს ნიუ-იორკში. ალექსანდრე ტარსაიძემ ერთი პატარა სტატია მიუძღვნა რუსეთის საიმპერატორო ფლოტში მომსახურე ქართველ ოფიცრებს“, – წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით იმპერიის ბოლო ქართველი გარდემარინები.
„სხვადასხვა წყაროზე მუშაობისას მან ერთ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება – ოფიცერთა სიებში ქართული გვარები მას იშვიათად ხვდებოდა. სია მოიცავს 1771-დან 1924 წლამდე პერიოდს და მასში სულ 30-მდე პირია მოყვანილი. მათგან ერთი საზღვაო მფრინავი, ხუთი კი ფლოტის სანაპირო სამსახურთან იყო დაკავშირებული, შვიდმა კი სამხედრო-საზღვაო განათლება დაჩქარებულად ან არასრულად მიიღო და ზოგიერთს მიჩმანის – საზღვაო ოფიცრის პირველი წოდება მიენიჭა. სტატიის შესავალში ტარსაიძე წერდა: “1915 წელს საზღვაო კორპუსის კადეტთა მე-6 ასეულში სამსახურის დროს მონდომებით ვსწავლობდი გეოგრაფიას. თურქეთთან დაკავშირებულ თავში ვნახე ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საინტერესო შენიშვნა – თურქეთის ფლოტი მრავალრიცხოვანი არ არის… საუკეთესო მეზღვაურებს ლაზებიდან ქირაობენ. ლაზები – ს ოლქის გათურქებული ქრისტიანი ქართველები არიან. მათი ენა თურქულთან შერეული ქართულია… ბათუმის რუსეთთან მიერთების შემდეგ თურქეთის მიწაზე დარჩენილი ლაზები ფლოტის სამსახურში ჩადგნენ“, – წერს ტარსაიძე, რომლის აზრით, რუსეთის ფლოტში რომ ერთეული ქართველი ოფიცრები მსახურობდნენ ეს იმით აიხსნებოდა, რომ ქართველების უმრავლესობა მიდიოდა არმიაში, განსაკუთრებით კავალერიაში“, – აღნიშნავს გამოცემა.
“ალექსანდრე ტარსაიძის შედგენილ სიაში პირველი ქართველი საზღვაო ოფიცერი ყოფილა თავადი პეტრე რატიევი – 1766 წლის 7 ნოემბრიდან საზღვაო კადეტთა კორპუსის კადეტი, 1767 წლის 20 ივლისიდან გარდემარინი და 1771 წლის 12 მარტიდან მიჩმანის წოდებით ბალტიის ფლოტში მსახურობდა. 1767-1775 წლებში დაცურავდა ბალტიის ზღვაში. 1775 წლის 20 აგვისტოს ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1780-1784 წლებში დაცურავდა შავ და აზოვის ზღვებში. 1784 წლის 2 იანვრიდან კაპიტან-ლეიტენანტია. გარდაიცვალა 1786 წელს. რუსეთის იმპერიის ბოლო ქართველი გარდემარინები იყვნენ: ნიკოლოზ კორინთელი, პეტრე ოდიშარია, მიხეილ რატიანი, ალექსანდრე ქავთარაძე, გიორგი ქაჯაია, ნიკოლოზ ერისთავი, მიხეილ ქორქაშვილი და ვიქტორ ჩაჩუა. საინტერესო ბიოგრაფიის მქონე აღმოჩნდა ნიკოლოზ კორინთელი. 1899 წელს ბათუმში დაბადებულმა ნიკოლოზმა სამხედრო-საზღვაო განათლების მისაღებად პეტერბურგს მიაშურა. 1918 წლის მარტში საზღვაო კორპუსი გაუქმდა, მაგრამ სამხედრო-საზღვაო ოფიცრობით დაინტერესებულმა გარდემარინებმა საზღვაო პრაქტიკისთვის რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ვლადივოსტოკისკენ გასწიეს“… – განაგრძობს გამოცემა.
“XXI საუკუნის ომებში ყველა თავმოყვარე ქვეყნის არმიის მებრძოლები უკვე სრულიად აღჭურვილი არიან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით – ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვეულებრივი კალიბრის (5.45 მმ, 5.56 მმ, 7.62 მმ) ტყვიებისა და მცირე ზომის ნამსხვრევებისგან დაცვას. შესაბამისად, მიმდინარეობს მეიარაღე კონსტრუქტორების აქტიური მუშაობა, რათა აჯობონ ჯავშანჟილეტების შემქმნელ კოლეგებს და ისეთი ცეცხლსასროლი იარაღი შექმნან, რომლის ცეცხლი დაჭრის ან სულაც მოკლავს ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღჭურვილ მოწინააღმდეგეს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის კალიბრის გაზრდა, რათა ერთი ტყვიის ნაცვლად, მოწინააღმდეგეს რამდენიმე დამაზიანებელი ელემენტი მოხვდეს“, – წერს “ჟურნალი“ არსენალი სტატიაში სათაურით შეტევაზე… მხარზე გადებული ავტომატური ყუმბარსატყორცნით… / “უახლესი გერმანული ავტომატური ყუმბარსატყორცნი Rheinmetall SSW40, რომლითაც იერიშებში მალე ავტომატებს ჩაანაცვლებენ…
„ასეთი ტიპის იარაღი, პრინციპში, უკვე დიდი ხანია ცნობილია და მას ეწოდება ყუმბარსატყორცნი, რომლის ევოლუცია მეორე მსოფლიო ომიდან დაიწყო – ჯერ იყო და, შაშხანის ლულის თავზე ამაგრებდნენ ყუმბარას და მას ფუჭი ან საბრძოლო ვაზნის გამოყენებით ისროდნენ რამდენიმე ათეულ მეტრზე (თუმცა ამ მეთოდს თავისი დიდი უარყოფითი მხარეც ჰქონდა – ლულის თავზე წამოცმული ყუმბარის სატყორცნი მოწყობილობა ტყვიების მიზანში სროლის საშუალებას აღარ იძლეოდა), შემდეგ გამოიგონეს ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნები, როდესაც ავტომატის ლულის ქვეშ დამაგრებული მორტირიდან ერთი ყუმბარის ტყორცნა იყო შესაძლებელი. მოგვიანებით შეიარაღებაში მიიღეს რევოლვერის სქემით აწყობილი დოლურიანი ყუმბარსატყორცნები, რომელთა გამოყენება ერთ მებრძოლს შეეძლო. მაგრამ ყველა ამ ინდივიდუალურ ყუმბარსატყორცნს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა – ყუმბარის ტყორცნისას უკუცემის ძალა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ტყვიების გასროლისას წარმოქმნილ მხარზე დარტყმის ძალას, რაც ცუდად აისახებოდა მსროლელზეც და თავად იარაღზეც“, – აღნიშნავს გამოცემა
“მაგალითად, “კალაშნიკოვის“ ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნის გასროლისას ავტომატის კონდახის ბოლოზე აუცილებლად ჩამოცმული უნდა იყოს რეზინის ამორტიზატორი. მით უმეტეს, წარმოუდგენელი გახლდათ ავტომატური ყუმბარსატყორცნით მებრძოლის აღჭურვა, ავტომატური ყუმბარსატყორცნების გამოყენება მხოლოდ სპეციალური დაზგიდან ხდებოდა. წელს ცნობილმა გერმანულმა საიარაღო კომპანიამ Rheinmetall Defence-მ წარადგინა პირველი ავტომატური ყუმბარსატყორცნი SSW40, რომლითაც როგორც სათითაოდ, ისე ავტომატური ჯერით სროლა ერთ კაცს შეუძლია ყოველგვარი დაზგის გამოყენების გარეშე. ეს კი ცვლის ახლო დისტანციაზე ბრძოლის არსს, როდესაც შეტევაზე გადასულ მებრძოლს შეუძლია არა 5.56 მმ ან 7.62 მმ კალიბრის ტყვიების, არამედ 40 მმ კალიბრის ყუმბარების ერთიმეორეზე ტყორცნით სირბილით გაიკვლიოს წინ გზა. ასეთი შედეგი გერმანელმა მეიარაღეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალ ავტომატურ ყუმბარსატყორცნს დაუყენეს ჰიდროპნევმატური უკან დამაბრუნებელი მექანიზმი, რომელიც ყუმბარის გასროლის შემდეგ სალულე კოლოფში უკან გადაადგილებულ მასიური საკეტის უკუცემის იმპულსს მნიშვნელოვნად ანელებს და ამასთანავე, მჭიდიდან ახალ ყუმბარას გადატენის“, – განაგრძობს გამოცემა.
“ამასთან, Rheinmetall Defence-მ თავისი კონსტრუქციის ახალი 40 მმ კალიბრის ყუმბარების გამოყენებასაც აპირებს, რომელშიც შემცირებულია გასასროლი დენთის მასა, სამაგიეროდ, გაზრდილია დამაზიანებელი ელემენტების რაოდენობა – მართალია, ეს ამცირებს ყუმბარის სროლის მაქსიმალურ მანძილს, მაგრამ იერიშის დროს ასეთი ყუმბარების 300-500 მ-ზე სროლა სრულიად საკმარისია. მჭიდში ხუთი ცალი 40X46 მმ კალიბრის ყუმბარა ეტევა. ასეთივე ყუმბარები გამოიყენება დასავლეთის წარმოების უმრავლეს დაზგის ავტომატურ ყუმბარსატყორცნებშიც, მათ შორის ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულების, რომლებიც “დიდგორის“ ტიპის ჯავშანმანქანების ტურელებზეც მაგრდება. ამ ყუმბარების უდიდესი პლუსი ის არის, რომ მდიდარი ნომენკლატურა აქვთ ფუგასური, მსხვრევად-ფუგასური და სხვა დანიშნულების სახით. ხელით სასროლი ახალი გერმანული ავტომატური ყუმბარსატყორცნის SSW40 გამოყენება არა მარტო სახმელეთო თუ საზღვაო, არამედ საჰაერო მიზნების, უპირველესად კი მცირე ზომის FPV-დრონების მოსაგერიებლადაც შეიძლება, თუკი გასროლა მოხდება კარტეჩის შემცველი ყუმბარებით, რომლებიც ისე დაპროგრამდებიან, რომ 30-40 მეტრამდე მოფრენილი დრონის სიახლოვეს აფეთქდნენ – ხუთი ასეთი ყუმბარის ავტომატურ რეჟიმში გასროლა კი ძალზე ზრდის შანსებს მცირე ზომის დრონების ჩამოსაგდებად“,- დასძენს გამოცემა.