„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა სადავო პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად აირჩია. ახალ თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კომუნიკაციების კომისიის წევრობა კიდევ ორ ადამიანს სურდა:
· აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორ ვლადიმერ ტატიშვილს (19 მომხრე);
· შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსის“ დამფუძნებელ და დირექტორ ილია მიქელაიშვილს (36 მომხრე).
გიგა გულორდავა, რომელიც 2016-2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა მე-9 მოწვევის პარლამენტში, სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიაში – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შიდა აუდიტის დირექტორად მუშაობს 2025 წლის 1 ივნისიდან. ამავდროულად (2023 წლის 1 აგვისტოდან) არის პროსახელისუფლებო „იმედის“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომელი.
კომისიის წევრობა საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სამსახურია. წევრები ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ლარს გამოიმუშავებენ, რაც თვეში საშუალოდ 16 000 ლარია.
გულორდავა 2026 წლის იანვრიდან კომუნიკაციების კომისიაში მილიონერ კახი ბექაურს შეცვლის, რომელიც წევრის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.
კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა. მანამდე ის იყო ამავე პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის, „მეცხრე არხის“ დირექტორი.




