„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეიტანა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებს ამცირებს, მაჟორიტარებს კი ზრდის. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
გასული არჩევნები აჩვენებს, რომ სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, უადვილდება მაჟორიტარული წესით გამარჯვება, პროპორციული წესით მანდატების გადანაწილება კი საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების მოხვედრის შანსებს ზრდის.
მაგალითად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით გადასანაწილებელი მაჟორიტარული მანდატების 89,5% „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, როცა პროპორციული წესით მანდატების მხოლოდ 55,6% მიღება შეძლო.
· კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.