„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა ს წინააღმდეგ და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.
ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა.
მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლიბის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.
ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.
როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.
არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.