„ქართული ოცნება“ პარლამენტის რეგლამენტს ცვლის. ოფიციალური მიზეზი „პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების“ გასწორება და „ახლებური სისტემატიზაცია და გაუმჯობესებაა“.
ახალი რეგლამენტით მცირდება პრეზიდენტის როლი პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის დროს. თუკი აქამდე პირველ სხდომას ხსნიდა ქვეყნის პრეზიდენტი, ახლა მის ნაცვლად ამ საქმეს უხუცესი პარლამენტარი შეასრულებს.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო უმრავლესობის არმქონე „ქართული ოცნება“ (რომლის გამარჯვებასაც ამ დრომდე არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანზიაციები, პარტნიორებს კი კითხვები აქვთ) ახალ რეგლამენტში განავრცობს ამ დრომდე მხოლოდ კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს – პირველი სხდომის მოწვევის შესახებ.
· კონსტიტუციაში (მუხლი 38) წერია, რომ პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და არ განმარტავს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის უარს ამბობს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე;
· ახალ რეგლამენტში კი „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველი სხდომის ჩასატარებლად იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს“.
„დაზუსტდა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები“, – ასე განმარტავს „ქართული ოცნება“ პირველი სხდომის გამართვაში პრეზიდენტის როლის შემცირების საკითხს.
სწორედ პირველი სხდომის მოწვევის საკითხი განიხილებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა სხდომის დანიშვნაზე. მაშინ აზრი ორად გაიყო: „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ სხდომის მოწვევით კონსტიტუცია არ დარღვეულა, საპირისპიროს ამტკიცებდნენ მისი მოწინააღმდეგეები.
