დღეს, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“ გაიხსნება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენებასა და გაცნობიერებას ისახავს მიზნად, რამაც ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა განსაზღვრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა მიერ შემუშავდა სამწლიანი (2024-2026) პროგრამა.
„საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე პროგრამით გათვალისწინებული ლექციები და შემოქმედებითი საღამოები ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლექციაზე დისტანციურად დასწრების საშუალება მიეცემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს და წარმოშობით ქართველს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. ლექციას თემაზე ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ წაიკითხავს, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. შეხვედრაზე საუბარი ქართული ანბანის სამივე სახეობის ისტორიულად უწყვეტი, დღესაც ცოცხალი და სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხს შეეხება. ასევე, ანბანის სამი ნაირსახეობის თანამედროვე პრაქტიკულ გამოყენებას, მათ „პრაქტიცირებას“ ეროვნულ საგანმანათლებლო სივრცეში, განსაკუთრებით, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, სადაც სწავლება ანბანის სამივე სახეობით მიმდინარეობს.
შემდგომი ლექციების თემატიკა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება, შემდეგია: ,,ქართველთა ეთნოგენეზი“, ,,დარბაზული ხუროთმოძღვრება, როგორც ქართული კულტურის კონსტანტურობის გამოხატულება“, ,,ქართული ეთნოსის თვითმყოფადობის ჩამოყალიბება“, ,,ფოლკლორის სათავეებთან”; ,,მტკვარ-არაქსის კულტურა”, ,,ქეთევან წამებულის ცხოვრება“, ,,ენობრივი პრობლემები თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებში” და სხვა. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის კულმინაცია იქნება 2026 წელი – საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.