ქართული დაფნის ექსპორტი განახევრდა
ქართული დაფნის ექსპორტი თითქმის განახევრდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის შვიდ თვეში წლიურად 51%-ით შემცირდა დაფნის ექსპორტი.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 3 529 ტონა ქართული წარმოების დაფნა (ჯამში 14.824 მილიონი აშშ დოლარის). შარშან იმავე პერიოდში კი საექსპორტო ბაზრებზე გატანილია 7 184 ტონა დაფნა (სულ 27.532 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების).
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, 1 კგ. დაფნის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე წელს 4.2 დოლარია, შარშან კი 3.8 დოლარი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ დაფნის საექსპორტო ფასი 40 ცენტით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, ასევე წელს ქართული დაფნის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, თუმცა ჩინეთში 2025 წლის იანვარ-ივლისში წლიურად 60%-ით არის შემცირებული ექსპორტი. კერძოდ, შარშან ექსპორტირებულია 5 669 ტონა დაფნა (22.4 მილიონი დოლარის), წელს კი 2 244 ტონა (ჯამში 9.6 მილიონი დოლარის).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში კი ქართული დაფნის 5 ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურებოდა:
· ჩინეთი – 9.68 მილიონი აშშ დოლარის 2 244 ტონა;
· რუსეთი – 3.56 მილიონი აშშ დოლარის 653 ტონა;
· უკრაინა – 764.8 ათასი აშშ დოლარის 195 ტონა;
· უზბეკეთი – 222.9 ათასი აშშ დოლარის 262 ტონა;
· მოლდოვა – 78 ათასი აშშ დოლარის 20 ტონა.
