“თბილისიდან მოსული შეტყობინებებით თუ ვიმსჯელებთ, არჩევნები საქართველოში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა,” – ამბობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი.
მისი შეფასებით, მაღალი ჩართულობა – დაახლოებით 58%, სამოქალაქო აქტივობის კიდევ ერთი მაჩვენებელია.
“ის 53% რომელიც მიიღო მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ, ისევე როგორც 4 ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ვთვლით, რომ ეს პერიოდი პროგნოზირებადი იქნება და ცივილურად ჩაივლის. ამით დაინტერესებულია როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი,” – რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს საპარალამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ სუვერენისტები მოდიან. ისინი სულაც არ არიან პრორუსები, მაგრამ არც დასავლელი ყმები გახლავთ, – ამის შესახებ კი რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი წერს.
“აი რას ნიშნავს კარგი გაგებით ნაციონალიზმი – შეინარჩუნო სამშობლო, წესრიგი, გააძლიერო ყველასგან დამოუკიდებლობა, თავი არავის დაუხარო. ქართულ ოცნებასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება. მაგრამ სოროსის მარიონეტებს, გარყვნილებსა და ექსტრემისტებს, რომ გაემარჯვათ, მათთან გაცილებით მეტი პრობლემა შეგვექმნებოდა. მაგრამ ყველაზე ცუდ დღეში თავად ქართველები იქნებოდნენ. სხვა საქმეა, რომ ოპოზიციამ იმაზე მეტი ხმა მიიღო ვიდრე სუვერენისტები ფიქრობდნენ და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ იქნება. მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობაც არ არის ცუდი. ველური არეულობის საბაბი არ არის. მაგრამ ქართულ ოცნებას უნდა გააჩნდეს სტრატეგია. ჯერჯერობით ისინი საკმაოდ წარმატებულად ლავირებენ, მაგრამ ეს რესურსი უსასრულო არ არის. უნდა ეცადონ საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ამჯერად ტრადიციულ, არალიბერალურ საფუძველზე. და შეიყვანონ (საქართველო) BRICS-ში. იქ მალე საკუთარი ვალუტა იქნება ნათელი და მიმზიდველი კუპიურით. ახლა კი საჭიროა სააკაშისტებისა და სოროსელი გარყვნილების რეაქციის მოგერიება და გამარჯვების გამყარება. ასევე დროა დავემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველოფობ პრეზიდენტს. დროა წავიდეს სახლში, პარიზში,” – წერს კრემლის იდეოლოგი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი.
“ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ! – წერს Telegram-ში კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი.
“ეს დღეებია, ბევრი ადამიანი საქართველოზეა ფოკუსირებული. ჩვეულებრივი არჩევნების ნაცვლად, ისინი ამ არჩევნებს “ცივილიზაციურ არჩევანს” უწოდებენ, თუმცა, როგორც მე მესახება, ქვეყანამ არჩევანი რამდენიმე წლის წინ უკვე გააკეთა,” – ასე აფასებს აჩევნების შედეგებს კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე.
“ჩემ ხალხს მათი ანტიკური ისტორია, ტრადიციები და კულტურა ახსოვს. ეგრეთ წოდებული “ევროპული გზა” ჩვეულებრივი კოლონიზაციაა და უარყოფაა ყველაფრისა, რასაც ისინი ფლობენ. რა აზრი ჰქონდა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუ ორივე, ვაშინგტონიც და ბრიუსელიც აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვენ?
თქვენ იცით, რომ მე მდიდარ და კარგად დაპურებულ საბჭოთა საქართველოში დავიბადე. მახსოვს 90-იანების რთული დრო და სიღარიბე, მახსოვს უსაფუძვლო იმედები სააკაშვილზე, რომ “უცხო ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ”. არ ვიცი, რამდენად გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ 2024-ისთვის კეთილი ამერიკელი და ევროპელი ბიძის ჩამოსვლას დალოდებოდა, რომელიც მას ფულით სავსე ჩემოდანს ჰპირდებოდა.
ერთადერთი რამ, რაც მათ შეუძლიათ მოგიტანონ, არის იარაღი რუსეთთან საომრად და ამისთვის თქვენ თქვენი ფულით, სისხლით და შუა საუკუნეებში დაბრუნებით გადაიხდით. თანამედროვე უკრაინა ამის ნათელი მაგალითია.
ქართველებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. თქვენ დამოუკიდებლობას, ტრადიციებს, მშვიდობასა და მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ. და თქვენთვის ეს 21-ე საუკუნის უდიდესი გამარჯვება იქნება,” – არიგებს ქართველ ამომრჩეველს კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე.
“დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
„შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა – საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა.დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს გადაქცევა თავის ნახევრად კოლონიად და ქვეყანას ევროპული ერების მრავალგენდერულ ოჯახთან შეერთებას ჰპირდებოდა. თუმცა, რატომღაც ამან ვერ მიიზიდა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა“, – აღნიშნა პუშკოვმა.
მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.
„ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.
წყარო: ტაბულა, ინტერპრესნიუსი