ქართული აგროწარმოება მზარდია – მინისტრი სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთის მხარეში იმყოფებოდა. მინისტრმა კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან და ტყის მცველებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
„დღეს თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გავხსენით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. პროფესიონალიზმთან ერთად, სათანადო სამუშაო პირობები, ასევე სოციალური გარანტიები და დაცულობის ხარისხი არის ის, რაც ჩვენი თანამშრომლების საქმიანობას ხდის გაცილებით ეფექტიანს. შესაბამისად ვიღებთ შედეგსაც. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შევხვდე თანამშრომლებს. ადგილზე მოვისმინო საჭიროებების შესახებ – რა გამოწვევები აქვთ, სად ესაჭიროებათ გაძლიერება და მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, დღეს კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან და ტყის მცველებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა აგრარული მიმართულების განვითარების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე სახელმწიფო პროექტების, ასევე, მეწარმეებთან და ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია მეწარმეებისა და ფერმერებისგან მოვისმინოთ შეფასებები ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სამინისტრო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახორციელებს; სამომავლოდ, სწორედ ამ ინფორმაციის შეჯერებით ვიმოქმედებთ. ასე ვიქნებით გაცილებით მოქნილები და შედეგზე ორიენტირებული. მოგეხსენებათ, ქართული აგროწარმოება მზარდია. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აქტიურად გადის ექსპორტზე, რაც ჩვენი მთავარი მიზნის – ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საფუძველია. ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების განხორციელებას, რითაც მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
კახეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების თანამშრომლებთან.
დავით სონღულაშვილმა კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები: „ცივის ყველი“, „მეღვინეობა ვინე პონტო“ და „ბაბანეურის მარანი“ დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.