ქართლის მთები რუს ოლიგარქს, რომელიც ანძებზე მიყურადების სისტემების დაყენებაშია დადანაშაულებული – ვინ დაუდგა რუსულ ფულს გარანტორად საქართველოში? – მედია
ტვ პირველის ინფორმაციით, ზღვის დონიდან 2320 მეტრზე, წიფლის ტყეებით დაფარული ჯანჯამას მთა, რუსეთში გამდიდრებული კაცის საკუთრება გახდა, კერძოდ, 7 მილიონ 500 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია ქართლის მთებში, ჯამჯამას ორივე ფერდზე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ჭუმბურიძის საკუთრება გახდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის მაისში, ჯამჯამას მთის ტერიტორიაზე მდებარე 14 ნაკვეთი, ჯამში 5 781 055 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რუსული ბიზნესის ელიტის წარმომადგენლის საკუთრებად დარეგისტრირდა.
მედიის ცნობით, გიორგი ჭუმბურიძემ ამავე პერიოდში, მთასთან მისვლამდე არსებულ, ბოლო სოფელში, კიდევ 1 768 400 კვადრატული მეტრი ტერიტორია გადაიფორმა – სოფელ ლევიტანასა და ჯამჯამას მთაზე დაკანონებული მიწის ფართობების საერთო რაოდენობა 7 549 455 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქართლის მთები გიორგი ჭუმბურიძემ მის ორ თანამფლობელთან ლიანა გაფრინდაშვილთან და ანა სანთელაძესთან ერთად შეიძინა, თუმცა, მედია, გამომდინარე იქედან, რომ ამ ორიდან არც ერთ თანამფლობელს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა, გამოთქვამს ეჭვი, რომ ეს ორი პირი ფიქტიური თანამფლობელია.
რუსული მედიას წერს, რომ ის არ კონტაქტობს ჟურნალისტებთან და გააჩნია დიდი გავლენები რუსულ პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტაში. იგი პუტინის ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ოფიციალური პარტნიორია. ჭუმბურიძე რუსეთში კომპანია ვერტიკალის ერთ-ერთი მფლობელია. ვერტიკალი რუსეთის ტერიტორიაზე 3500-ზე მეტ სატელეკომუნიკაციო ანძას ფლობს, ამ ანძების საშუალებით ვრცელდება რუსეთში მობილური კავშირგაბმულობა. ჭუმბურიძის კომპანია ემსახურება რუსი ოლიგარქების ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს და რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსტელეკომის” შვილობილ ფირმასაც.
ქართლის მთების მფლობელი და კავშირგაბმულობის სფეროში, რუსული ბაზრის ერთ-ერთი მონოპოლისტი, არაერთ სკანდალშია გახვეული – ჭუმბურიძის კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიქცა, თქვა, რომ კომპანია ვერტიკალი ანძებზე, მიყურადების სისტემებს აყენებდა, რაც მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს აძლევდა საშუალებას, რუსეთის მოქალაქეების პირადი საუბრებისთვის მოესმინათ.
გარდა ჯანჯამას მთისა გიორგი ჭუმბურიძემ ქართული ოცნების წევრისგან, გიორგი ბარვენაშვილისგან 14 ათასი კვადრატული მეტრის სასტუმრო შეიძინა. ბარვენაშვილი კალაძისა და არჩილ თალაკვაძის მეგობარია.
ქართლის მთების ახალი მფლობელი შაბათის ეთერის ინფორმაციით, კალაძესთან პირდაპირ კავშირზეა და საქართველოში მისი მილიონების გარანტორი სწორედ თბილისის მერი იყო.