ქართველ ბიზნესმენებსაც [ახალ საქმეში ფულის ჩადების] გადაწყვეტილება შეჩერებული აქვთ – ზურაბ ერისთავი

„ნაკლებად გამოგვდის ბიზნესზე ფიქრი, რადგან ქვეყნის მომავლის რისკებმა ყველაფერი უკანა პლანზე გადასწია“, – ეს განცხადება უძრავი ქონების კომპანიების RENTALS-ის და Eristavi Estates-ის დამფუძნებელმა ზურაბ ერისთავმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გააკეთა. ბიზნესმენი ამბობს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე, არამედ ადგილობრივი ბიზნესმენების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც.
– რეალობას, რომელშიც ახლა ვართ, ერთი წლის წინ ვერავინ ვივარაუდებდით. ახლა, ძირითადად, ფოკუსირებული ვართ ქვეყნის მომავალზე და ნაკლებად გამოგვდის ბიზნესზე ფიქრი, რადგან ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით გაჩენილმა რისკებმა ყველაფერი უკანა პლანზე გადასწია. რაც შეეხება ბიზნესში არსებულ მოლოდინებს, ბევრი ქვედინება შეიძლება განვიხილოთ და იმის მიხედვით ვისაუბროთ, რა სცენარით წარიმართება ქვეყნის მომავალი.
– შექმნილ ვითარებაში, ვის მოუნდება ასეთ ქვეყანაში ფულის ჩადება?
– საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპასთან ინტეგრაცია და დასავლეთის ცივილიზაციასთან კავშირი. ახლანდელ სიტუაციაში, ჩვენ უბრალოდ აღარ ვიცით, საით მივდივართ. ის ხალხი, ვისაც ბიზნესში ყოფნის 17 წლის განმავლობაში შევხვედრივარ, ზუსტად ვიცი, საქართველოში რატომ მოდიოდა და რას ეძებდა… ამ ახალ რეალობაში კი, თუ [ევროკავშირისკენ] არ მივდივართ, სადაც მთელი ქვეყანა მივდიოდით, კითხვებს პასუხს ვერ ვცემ. ვისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და 180 გრადუსით შეცვალა [მიმართულება]; თან გვეუბნებიან, რომ არაფერი შეცვლილა და ისევ ევროპისკენ მივდივართ.
– რატომ არ გჯერათ ან რა დაგაჯერებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის გზიდან არ გადაუხვევია?
– იცით, მინდა, რომ დავიჯერო… ეს ეკონომიკური ზრდაც მინდა დავიჯერო; ყველაფერი პოზიტიური რაც მესმის, მინდა დავიჯერო, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, ჩემს ბიზნესში ისევ მქონდეს წარმატებები. კარგი, დავანებოთ თავი მე ან თქვენ რას ვფიქრობთ. მოდი, შევხედოთ ცივილიზებული სამყარო როგორ უყურებს ამ მოვლენებს – როგორ შუქდება საქართველოს შესახებ ამბები მსოფლიო მედიის მიერ; რამდენიმე დღის წინ ენტონი ბლინკენს დაუსვეს კითხვა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ა.შ. ეს ყველაფერი რეალობაა, რომელიც არ ვიცით. თუ ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდა, ვფიქრობ, დიდი ხანი ფიქრი მოუწევთ იმ ახალ ადამიანებს, ვისაც საქართველოში რამის გაკეთება მოუნდება….
– ალბათ ადგილობრივი ბიზნესმენებიც, მიუხედავად ემოციური ბმისა, უფრო მეტად დაფიქრდებიან საქართველოში ახალი ინვესტიციების ჩადებაზე…
– ბუნებრივია. ნებისმიერი რყევა მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის აჩენს კითხვას, რამდენად არის სწორი დრო ახალ საქმეში ფულის ჩადებისთვის. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ უცხოელ ინვესტორებს, მაგრამ თუნდაც ქართველი ბიზნესმენები, ვისაც მე ვიცნობ და ძალიან ბევრს ვიცნობ, პრაქტიკულად, ყველას ეს გადაწყვეტილება [ახალ საქმეში ფულის ჩადება] რაღაც დროით შეჩერებული აქვს, რადგან მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია.