რუსეთში, ვლადიკავკაზში, ჭიდაობის „საერთაშორისო ტურნირზე“, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთიც ასპარეზობდნენ, ქართველი მოჭიდავეები გამოვიდნენ.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ამბობენ, რომ ამ ტურნირზე ფედერაციისა და შესაბამისად, საქართველოს სახელით არავინ გაუშვიათ და ამოწმებენ და სწავლობენ ინფორმაციასა და დეტალებს მონაწილე სპორტსმენებზე. ფედერაციის თანახმად, ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს გაიმართა „მახარბეკ და ასლან ხადარცევების სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში“.
„დაღესტნის ჭიდაობის“ ვებგვერდსა და ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირში მონაწილეობა მიიღო „20 ქვეყნის 166-მა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ“.
მათ შორის იყვნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის წარმომადგენლები.
ყველა ამ რეგიონს რუსეთი „დამოუკიდებელ ქვეყანას“ უწოდებს და სწორედ ასე, “დამოუკიდებელ ქვეყნებად”, იყვნენ ისინი წარდგენილი ჩემპიონატზეც.
ამავე წყაროს თანახმად, ტურნირში მონაწილეობდნენ შემდეგი ქართველი სპორტსმენები:
· საბა კობახიძე;
· რეზო მარსაგიშვილი;
· ნიკოლოზ ბეშიძე;
· დიმიტრი ჯიოევი;
· გიორგი ელბაქიძე;
· გიორგი გოგრიჭიანი;
· ალექსანდრე მელაძე;
· ლევან ბაზაძე.
ერთი მათგანი საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს, ოთხი – მერვედფინალში, ორი – მეოთხედფინალში, ერთი კი მესამე ადგილისათვის ბრძოლაში დამარცხდა.
„დაღესტნის ჭიდაობის“ ფეისბუკგვერდის თანახმად,მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გიორგი ელბაქიძემ დაღესტნელ იმამ განიშოვთან წააგო.
24 წლის გიორგი ელბაქიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავეა; ის არის საქართველოს ჩემპიონი 23-წლამდელებს შორის, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჭაბუკებს შორის, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ამბობენ, რომ მათაც ცოტა ხნის წინ გაიგეს ეს ამბავი და ამოწმებენ ინფორმაციას, ვინ იმყოფებოდა ამ ჩემპიონატზე.
„ჩვენგან ოფიციალურად არავინ ყოფილა გაშვებული“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას ჭიდაობის ფედერაციაში, სადაც ხაზს უსვამენ, რომ ფედერაციის სახელით ამ ჩემპიონატზე მათ არავინ გაუშვიათ და ვლადიკავკაზში ნაკრების წევრები არ ყოფილან.
მათივე ცნობით, ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს, – თუმცა სხდომის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.
ფედერაციაში ასევე ამბობენ, რომ კომიტეტზე მსჯელობისას განიხილება არა მხოლოდ სპორტსმენების საკითხი, არამედ, სავარაუდოდ, იმ მწვრთნელებისაც, რომლებმაც ფედერაციისგან გვერდის ავლით მიიღეს სპორტსმენების აღნიშნულ ტურნირზე წაყვანის გადაწყვეტილება.
ეს არ არის რუსეთში მოჭიდავეთა ასპარეზობის პირველი შემთხვევა, თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი ასპარეზობენ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების გვერდით.
2024 წლის ივნისში, „ბრიკსის თამაშების“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ჩემპიონატში, რომელიც ყაზანში იმართებოდა და რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები „დამოუკიდებელი ქვეყნების“ წარმომადგენლების სტატუსით მონაწილეობდნენ, საქართველოდან შეჯიბრებაში უნდა ჩართულიყვნენ სამბისტები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე. თუმცა საქართველოს სამბოს ფედერაციაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ოძელაშვილი და ქებაძე რუსეთში არ წასულან.
სკანდალით დასრულდა 2018 წელს ქართველი მოჭიდავეების ჩასვლა რუსეთში. ნაკრების მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ და მოჭიდავეებმა, ზურაბ იაკობიშვილმა და გენო პეტრიაშვილმა, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული მაისურები ჩაიცვეს.
„ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ“, – განმარტა მაშინ გენო პეტრიაშვილმა. ამჟამად ის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.