ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს
ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებაზე. მდინარაძის თქმით, გარე დავალების შემსრულებელი ხელისუფლებაში ვეღარ უნდა მოვიდეს.
„ხელისუფლებაზე გავლენაში ვერავის დავეთანხმები – როგორც იქნა, ამ გავლენებისგან თითქმის, ბოლომდე გავთავისუფლდით. ჩვენ რაღაცებს ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არსებული ორგანიზაციებიდან. დღემდე ვცდილობთ, რომ რაღაც წითელი ხაზები არ გადავკვეთოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვლაპარაკობთ ღიად და კულისებიდან ეს ამბავი გამოვიტანეთ, რომ ჩვენ მოგვიწოდებდნენ ომისკენ; მივუთითეთ საჯაროდ განცხადებებზე, რომლითაც ომისკენ მოგვიწოდებდნენ. ვამბობთ, რომ კულისებში ამის შესახებ საუბრები იყო, მაგრამ დეტალებსა და პერსონებზე ბოლომდე საუბრისგან მაინც თავს ვიკავებთ. ბუნებრივია, გათვალისწინება მიდის – სხვადასხვა ქვეყნის, განსაკუთრებით, დასავლეთიდან, მაგრამ დღეს საქართველო ისე დამოუკიდებელია ამ გავლენებისგან, როგორც არასდროს და ეს ჩვენ გვაძლევს სითამამის საფუძველს, თამამად საუბრის საფუძველს, რომ ჩვენს გარეშე საქართველოში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს – ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. შეიძლება, გავიდეს დრო, ამ ქვეყანაში ბევრი ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ე.წ. ტრენდი; ეს უნდა იყოს აპრიორში განსახილველი საკითხი და ამას ვეღარავინ უნდა გადაუხვიოს, რომ გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს. შესაბამისად, გადაწყვეტილებები ქართველმა უნდა მიიღოს საქართველოში – თავისი ქვეყნისა და ხალხის შესახებ.
რა თქმა უნდა, იყო მცდელობები, იყო დამხობის მცდელობები, ბევრი მცდელობა რევოლუციის – ვეღარ ვითვლით, ბოლო პერიოდში რამდენი ასეთი გამოხტომა ჰქონდათ მათ, მაგრამ ქართული სახელმწიფო დადგა იმ სიმაღლეზე, რომ ვერ მოგვერივნენ. შესაძლოა, ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ამხელა დარტყმას გავუძლებდით. ერთი მხრივ, ჩვვენ გვშველის სიმართლე, გუნდის სიძლიერე, ხალხის სიბრძნე და ხალხის სიყვარული თავისი სამშობლოს მიმართ. მეორე მხრივ, ესეც უნდა ვაღიაროთ, გვშველის ოპოზიციის უკიდეგანო უნიათობა – ასობით მილიონი დოლარი, ნახევარი მსოფლიოს მხარდაჭერა და ამ ხალხმა ამ ქვეყანაში ვერაფერი გააწყო. ასეთი უნიათოები არიან. ალბათ, ესეც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მეორე მხარესაა სიმართლე, ხალხის სიბრძნე, სამშობლოს სიყვარული, გუნდის ერთიანობა, ჩვენი მყარად დგომა. ჩვენი ქვეყანა დღეს არც ომშია, არც ეკონომიკური კრიზისი აქვს და ეკონომიკური ზრდა აქვს იმდაგვარი, რომ ვტრაბახობთ და ეს ასეც არის. მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი აღიარებენ, რომ ჩვენ ევროპაში პირველები ვართ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და არც არაფერი ემუქრება ჩვენს მშვიდობას, ჩვენს განვითარებას, თუკი ასე ორ ფეხზე მყარად დგომას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს. მათ შორისაა IRI-ი, NED-ი და დემოკრატიის დაცვის ფონდი. ის აღიარებს, რომ საქართველოში იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ.
Previous: ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ
