მოსწავლეთა შეფასების სისტემის [PISA] 2022 წლის კვლევაში ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და კითხვა/წაკითხულის გააზრებაში 8 და 6 ქულით გაუარესდა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 1 ქულით გაუმჯობესდა.
კერძოდ, მათემატიკის უნარ-ჩვევებში ქართველმა მოსწავლეებმა 390 ქულა მიიღეს. ეს 2018 წლის კვლევასთან შედარებით 8 პუნქტით დაბალი მაჩვენებელია. მათემატიკაში გოგოებმა უფრო კარგი შედეგი აჩვენეს [393], ვიდრე ბიჭებმა [387]. 81 ქვეყნიდან, საქართველომ მათემატიკაში მხოლოდ 19-ს გაუსწრო და 62-ე პოზიცია დაიკავა.
წაკითხულის გააზრების მხრივ ქართველი მოსწავლეების მაჩვენებელი 374 ქულაა, 2018 წელთან შედარებით 6 პუნქტით ნაკლები. წაკითხულის გააზრებაში გოგოებსა და ბიჭებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა – თუკი გოგოების საშუალო შეფასებამ შეადგინა 392 ქულა, ბიჭების საშუალო შეფასება იყო 357. 81 ქვეყნიდან, საქართველომ მხოლოდ 14-ს გაუსწრო და 67-ე პოზიცია დაიკავა.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, 2018 წელთან შედარებით საქართველომ ერთი პუნქტით წაიწია წინ და 384 ქულა დააგროვა. გენდერული განსხვავება აქაც არის – გოგოების საშუალო ქულაა 391, ბიჭების კი 377. აქაც, 81 ქვეყნიდან, საქართველომ მხოლოდ 14-ს გაუსწრო და 67-ე პოზიცია დაიკავა.
რაც შეეხება ყველაზე კარგი მოსწრების მოსწავლეების კატეგორიას, იქ მოსწავლეთა მხოლოდ 1,3%-ია, ხოლო ბოლო ორ, ანუ ყველაზე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეების კატეგორიაში – ნახევარზე მეტი, 51,1%.
საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფ სხვა რესპუბლიკებთან შედარებისას, საქართველო სამივე კატეგორიაში ჩამორჩა უკრაინის იმ ტერიტორიებს, სადაც მოხერხდა კვლევის ჩატარებას [27-დან 18 ოლქი], მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აჯობა აზერბაიჯანს, სამივე კატეგორიაში ჩამორჩა მოლდოვას, ყაზახეთს, ლიეტუვასა და ესტონეთს.
PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 15 წლის მოსწავლეები და ტესტს აბარებენ სამ კატეგორიაში –წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
PISA-ს 2023 წლის კვლევაში 81-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.