ბოლო წლებში, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ სწრაფად განვითარდა, რაც გამოიხატება არამხოლოდ დეველოპერული პროექტების რაოდენობით, არამედ იმ სეგმენტაციით, რომელიც სამშენებლო კომპანიებმა გააჩინეს. ამასთან, განსაკუთრებით თვალსაჩინო არის პრემიუმ-სეგმენტის დეველოპერული პროექტები, რომლებიც მომრავლდა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
დეველოპერული კომპანია “ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე ამ ტენდენციას ქართველი მომხმარებლის გემოვნების ჩამოყალიბებას, მის გაზრდას მიაწერს. როგორც ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, უძრავი ქონებით დაინტერესებული ქართველებისთვის, ბოლო დროს, მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ხარისხი, ასევე ბრენდი და ფუნქციონალი, რომელსაც მას საცხოვრებელი კომპლექსი სთავაზობს.
“ჩვენი პირველი პროექტი “საკენი” ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარეობს, ყოფილი სასტუმრო “აფხაზეთის” ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. აქ, “ბიოგრაფი ლივინგი” უნიკალურ მულტიფუნქციურ კომპლექსს ქმნის, სადაც განთავსდება, როგორც სპორტული დარბაზი, ასევე რესტორნები, კაფე-ბარები, ღია და “ოქტოპუსის” 25-მეტრიანი დახურული აუზი და “გასტრონომის” ჰიპერმარკეტი. ჩვენი კონცეფცია – მცხოვრებისთვის მაქსიმალური კომფორტის მინიჭებას გულისხმობს, რათა მას მაქსიმალურად ახლოს ჰქონდეს ყველა ის პროდუქტი და სერვისი, რომელიც მას ყოველდღიურად სჭირდება.
ამავე კონცეფციით კეთდება პროექტი “მატიანი” , რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს, სადაც მცხოვრებლებს იმავე ბრენდებს შევთავაზებთ, რასაც “საკენში”. ეს ბრენდები, რასაკვირველია, პრემიუმ-ბრენდები არიან – ჩვენი მიზანი უბრალოდ ფიტნეს-დარბაზის ან სუპერმარკეტის მოწყობა არ არის, რადგან პრემიუმ-ბრენდებს ვეძებთ. ამ ბრენდებს პროექტის საწყის ეტაპზევე დავუკავშირდით, დაგეგმარების საკითხები გავიარეთ და ხელშეკრულებებიც გავაფორმეთ, ანუ ჩვენი ფართები მათ მოთხოვნებს არის მორგებული.
გვჯერა, რომ დღეს, ქართველ მომხმარებელს სწორედ ასეთი საცხოვრებელი სჭირდება, რადგან ის გაიზარდა – მისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ბრენდი და ფუნქციონალი და გვჯერა, რომ სწორედ “ბიოგრაფი ლივინგი” არის ის კომპანია, რომელიც ამ მოთხოვნას უპასუხებს და თბილისის დეველოპერული ბაზრის გამოწვევებს გაუმკლავდება”, – განაცხადა ვასილ ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” და დასძინა, რომ “ბიოგრაფი ლივინგის” ბრენდი გრძელვადიან ხედვას ეფუძნება, რომლის ქვაკუთხედი, სწორედ – ხარისხია.
“მომხმარებელი უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ხარისხსა და უპირატესობებს, რომელსაც მას საცხოვრებელი კომპლექსი სთავაზობს, რასაც დეველოპერული ბაზარი მოერგო. ეს ლოგიკური, გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო პროდუქტი დაიხვეწება და, შესაძლოა, ის სტანდარტი, რომელსაც დღეს პრემიუმს ვუწოდებთ, ხუთ ან ათ წელიწადში შეიცვალოს. ჩვენც, რასაკვირველია, ის გვინდა, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებელი მეტად გაიზარდოს”, – აღნიშნა ვასილ ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” და დასძინა, რომ “ბიოგრაფი ლივინგი” პრემიუმ-სეგმენტით თავს არ შეიზღუდავს და დეველოპერულ პროექტებს სხვა სეგმენტებსაც მოარგებს, როგორც თბილისში, ასევე მის გარეთ.