ქალმა პოლიტიკოსებმა ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

ქალმა პოლიტიკოსებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
როგორც პროკურატურასთან შეკრებილი ქალი პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან შეხვედრას და ამისთვის მათ დღეს, 26 დეკემბრის 18:00 საათამდე დაელოდებიან.
„ჩვენ ქალი პოლიტიკოსები, ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს, მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია.
ჩვენ როგორც ქალები, დედები და პოლიტიკოსები, ვიაზრებთ დედა-შვილის მდგომარეობას და მოვითხოვთ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი.
ამიტომ მოვითხოვთ გენერალურ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან და მის მოადგილეებთან ზურაბ ბელთაძესთან, გიგა ძნელაძესთან, ავთანდილ კოჭლამაზაშვილთან და ამირან გულუაშვილთან შეხვედრას. ჩვენ ვრჩებით დღეს 18 საათამდე პროკურატურაში და ველოდებით პასუხს.
აქვე მოვუწოდებთ ევას და მისი შვილის გულშემატკივრებს მოვიდნენ საქართველოს პროკურატურასთან ორთაჭალაში, (გორგასლის 24) და გამოხატონ სოლიდარობა და მხარდაჭერა, შეუერთდნენ ჩვენს მოთხოვნას. თავისუფლება ევა შაშიაშვილს!“, – აცხადებენ ქალი პოლიტიკოსები.
„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს