ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ 3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველზე დაკავებული ნანა ტომარაძე.
ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმებმა მას შემდეგ შეითრიეს კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები:
„თავს ნორმალურად გრძნობს. ამბობს, რომ მისთვის სპეცრაზმელებს ხელი არ დაუკავებიათ. მხოლოდ ვიდეოებს მიღებდნენ და რაღაცებს მეკითხებოდნენ, მაგრამ იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ არც მახსოვს, რას მეკითხებოდნენო. ამბობს, რომ სახლში 11 წლის შვილი ელოდება და ითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე გაიმართოს მისი სასამართლო სხდომა“, – ეუბნება ლაშა ტყეშელაძე რადიო თავისუფლებას.
ნანა ტომარაძეს სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობის, როდის ჩატარდება ნანა ტომარაძის სასამართლო სხდომა.
3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 36 დემონსტრანტია დაკავებული. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, 260 დემონსტრანტია დაკავებული. მათ ნაწილს უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა.