პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე კაცი დააკავა. 33, 37 და 38 წლის კაცებს ბრალად ედებათ 19 წლის გოგოს გატაცება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, 1-ელ დეკემბერს სამართალდამცავებს საქართველოს მოქალაქე კაცმა შეატყობინა, რომ სამმა კაცმა მისი 19 წლის შვილი გაიტაცა ქალაქ სკერნევიცედან, თავისივე სახლიდან.
როგორც პოლიცია იტყობინება, ადგილობრივმა პოლიციელებმა საქმეში ჩართეს სხვა ქალაქების სამართალდამცავები, მოახერხეს ავტომობილის დადგენა, რომლითაც გოგო გაიტაცეს. საბოლოოდ, გამატაცებლებსა და გატაცებულს 5 საათის შემდეგ, გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ვერუშუვში მიაკვლიეს.
პოლიციის ცნობით, გოგო შეშინებული იყო, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები მომდევნო 3 თვეს წინასწარ პატიმრობაში გაატარებენ. მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
