საქართველოს მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქალაქო სასამართლოში “ვივამედიდან” ჩართვის დროს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. როგორც სააკაშვილი ამბობს, პრეზიდენტს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს, აქტიური ქმედებების განსახორციელებლად, “არც გამბედაობა აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს”.
“მინდა, სალომე ზურაბიშვილს მივულოცო, რომ მან ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. ამავე დროს, Le Monde-ი თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა შეწყალების უფლება. ამისკენ მოუწოდებდა მას, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ის, ბოლო თვეების განმავლობაში, შეხვდა. არ მინდა განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინც ამისკენ მოუწოდებს, ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო. ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ ვარ უკეთესად ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ მხნედ, საბოლოდ ვირწმუნე, რომ ჩვენს ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძლევს მეტ ძალას. მინდა ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება, ამიტომ, რა თქმა უნდა, სულიერად უფრო მხნედ ვარ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მე არ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე ისაა, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს, შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქიდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიასო. მე და ქალბატონი სალომე, ორივე, ვსწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტში, არა მგონია, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში მისთვის ვინმეს ესწავლებინა, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთ-ერთი ფორმაა გალიიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება. როცა ის ამბობს, რომ კიდევ ორი სხვა საქმეა და მე რა ვქნა… ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე. დანარჩენები ორ საქმესაც აღძრავენ და 30-საც, მაგრამ ეს უკვე იყოს რუსი ოლიგარქის და რუსეთში მისი პატრონების პასუხისმგებლობა. რატომ იღებთ თქვენ თავზე ამის პასუხისმგებლობას, მითუმეტეს, რომ გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ. გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა,” – აღნიშნა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.