“ქალბატონო ეკა, თქვენი დამოკიდებულება არის მაგალითი, რისი გაკეთება გსურთ – გააჩუმოთ, ვინც არ გეთანხმებათ, მათ შორის ასამბლეის წევრები” – დებატები PACE-ის კომიტეტში

ვილნიუსში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე იმსჯელეს.

მუდმივმოქმედ კომიტეტზე, რომელიც ბიუროსა და ეროვნული დელეგაციების თავმჯდომარეებისგან შედგება, დეპუტატებმა მოითხოვეს საქართველოს საკითხზე დებატების გამართვა ივნისის პლენარულ სესიაზე, ასევე, პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტით ჩასვლისკენ მოუწოდეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა ედით ესტრელამ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი „უჩვეულოდ ნაჩქარევად“ მიიღო. მან შეშფოთება გამოხატა ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და გენდერული კვოტირება გაუქმდა. ესტრელამ ასევე ისაუბრა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ცნობებზე.

„რამდენიმე წლის წინ საქართველო ხშირად მოიხსენიებოდა როგორც მოდელი რეგიონში, მისი რეფორმების გატარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან კონსტრუქციულ დიალოგში ღიაობის გამო. დღეს უკვე ასე აღარ არის. ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვისაუბროთ პროგრესზე, არამედ — გაუარესებაზე და უკუსვლაზე. ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს“, — განაცხადა ესტრელამ.

მომხსენებელი საქართველოს საკითხზე გამოვიდა წინადადებებით, პარლამენტმა არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, უზრუნველყოფილ იყოს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო მისია საქართველოში და გაგრძელდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.

მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც შიდა და გარე აქტორები დაადანაშაულა „კანონის სტიგმატიზებაში“ და სწრაფი დასკვნის გამოტანის ტენდენციაში. მან თქვა, რომ უცხოურ ჩარევას ებრძვის ყველა ქვეყანა და საქართველო არ არის გამონაკლისი.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის მაგალითად მოიყვანა პრეზიდენტის ს სისხლისსამართლებრივი დევნაზე კრიტიკა და თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაასრულა სპეკულაციები ექს-პრეზიდენტის „პოლიტიკურ პატიმრობასთან“ დაკავშირებით.

„სწორად ამ მიზეზების გამოა, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ბოლო-ბოლო, გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა არადემოკრატიული ან არაევროპული. შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს. საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება ჩვენთვის ახალი არ არის… დრომ ნათლად აჩვენა, რომ აგრესიული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუტები ძლიერდება დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის ყველა მსგავსი კამპანიის მსგავსად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება“, — განაცხადა პაპუაშვილმა და ამავდროულად, მზაობა გამოთქვა „ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგისთვის და კრიტიკული შეფასებების მოსმენისთვის“.

პაპუაშვილის მონაწილეობა სხდომაში მოხსენებით შემოიფარგლა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვებზე პასუხის სურვილი არ აქვს. ასამბლეის პრეზიდენტი გამოეხმაურა პაპუაშვილის განცხადებას და თქვა, რომ სტიგმატიზაცია კრიტიკისგან უნდა განვასხვაოთ.

„ჩვენ ვაკრიტიკებთ და არა სტიგმატიზაციას ვეწევით. ეს ორგანიზაცია უფლებამოსილია გააკრიტიკოს მისი წევრები, როდესაც ასამბლეას სჯერა, რომ ჩვენს პრინციპებს საფრთხე ექმნება“, — თქვა თეოდოროს რუსოპულოსმა.

სხდომაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერონიკა ბილკოვამაც. მან განმარტა, რა განსხვავებაა „უცხოური აგენტების“ ორი ტიპის კანონმდებლობას შორის და რატომ განეკუთვნება ქართული კანონი რუსულ ჯგუფს. ბილკოვამ გაიმეორა ვენეციის კომისიის დასკვნის რეკომენდაცია კანონის გაუქმების შესახებ. თუ საქართველოს აქვს მონაცემები, რომ მართლაც არიან სუბიექტები, რომლებიც უცხოური ძალის დირექტივით მოქმედებენ და ლობიზმის ქართული კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი, ბილკოვას თქმით, ვენეციის კომისიას შეუძლია, საქართველოს უკვე არსებული კანონმდებლობის დახვეწაში დაეხმაროს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა მოუწოდეს საქართველოს, გააუქმოს რუსული კანონი და დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას.

„ევროპის საბჭო წევრობა არ არის უფლება, ეს არის პრივილეგია. ამ პრივილეგიას მოჰყვება კონკრეტული ვალდებულებები წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის ვალდებულება საბჭოს წევრი ორგანიზაციების პატივისცემისა. ასეთი პატივისცემის ნაკლებობას ვხედავთ“, — განაცხადა ლორდმა რიჩარდ კინმა და ამ კონტექსტში მან დაასახელა საქართველოს მმართველი ძალის გადაწყვეტილება, არ ეკითხა აზრი და არ დალოდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას.

ირლანდიელმა დეპუტატმა ALDE-დან ფიონა ოლოკლინმა ისაუბრა როგორც კანონის ნაკლოვანებებზე, ისე ცნობებზე ძალადობის შესახებ.

„ეს არის დაცინვა და სრული უპატივცემულობა ევროპული ფასეულობების და დემოკრატიული სტანდარტების, რომლის დაცვაც ევალება ჩვენს ორგანიზაციას. ამიტომ მე ვამბობ, არა, ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ, რომ ქვეყნის მომავალს მისი ხელისუფლება ძირს უთხრის ასეთი უპასუხისმგებლო გზით. ეს ხდება საპარლამენტო არჩევნების წინ. თქვენ ყველამ იცით, რომ ჩვენ პატივს ვცემთ დაუწერელ წესს, რომ არ გავიხილავთ ქვეყანას არჩევნებამდე 6 თვით ადრე. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ცენზურას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დემოკრატიები ყველაზე მოწყვლადი წინასაარჩევნო პერიოდში არიან. თუ არ გადაიდგმება სწორი ნაბიჯები, ევროპის საბჭო მზად უნდა იყოს, ჩაერიოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ერთობლივი პროცედურის ჩათვლით“, — განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვილნიუსში მიმდინარე სხდომაზე იცავდა დეპუტატი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი.

„როცა დაფინანსება მოდის უცხოეთიდან, ეს ყოველთვის შეიცავს უცხოურ გავლენას. კანონის მიზანია მეტი გამჭვირვალობა. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ დგას არასამთავრობო ორგანიზაციების უკან და რა ტიპის აქტივობებს აფინანსებენ ისინი. არის შემთხვევები, როდესაც ამ ტიპის უცხოური დაფინანსება არასწორი გზით მიდის პოლიტიკურ პარტიებთან და ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაში. გვაქვს შემთხვევები როდესაც პოლიტიკური პარტიები ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებენ და უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ. ჩვენ გვინდა ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება“, — განაცხადა სეფაშვილმა.

მან თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 81% („ოცნება“ არ ამბობს, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა ეს კვლევა).

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართველ დეპუტატს ჰკითხა, გამოკითხვა ზოგადად გამჭვირვალობის შესახებ იყო თუ კონკრეტულად არსებულ კანონზე. ეკა სეფაშვილმა უპასუხა, რომ კანონის შესახებ იყო.

„თქვენ თქვით, რომ 81% არის გამჭვირვალობის მომხრე? მხოლოდ 81%? მე ვიტყოდი, მოსახლეობის 100% უნდა იყოს გამჭვირვალობის მომხრე, მაგრამ თქვენ არ გულისხმობთ გამჭვირვალობას. თქვენ გულისხმობთ იარლიყის მიკვრას. გინდათ, იარლიყი მიაწებოთ ორგანიზაციებს და ხალხს უთხრათ, რომ ესენი არიან უცხოეთის ინტერესების გამტარებლები“, — მიმართა სეფაშვილს PACE-ს „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ფრენკ შვაბმა.

სეფაშვილმა თქვა, რომ რუსული და ამერიკული კანონებისგან განსხვავებით, ქართული არ აწებებს იარლიყებს.

გერმანელი დეპუტატი ასევე დაინტერესდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გულისხმობდა თუ არა, რომ ევროპელი მეგობრები უთხრიან ძირს და საფრთხეს უქმნიან საქართველოს.

„და დეზინფორმაციის აგრესიულ კამპანიას ვინ აწარმოებს? — ჩვენ? ევროპის საბჭო? ვენეციის კომისია? ჩვენ ჩვენს საქმე ვაკეთებთ. ჩვენ ვართ, ვინც თვალყური უნდა ვადევნოთ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. თქვენი გადასაწყვეტი არ არის, როგორი იქნება ვენეციის კომისიის პოზიცია. ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე სანდო ორგანიზაციაა მთელ მსოფლიოში და მათ თქვენ შანსი მოგცეს, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყავით… თქვენ ტოვებთ ევროპულ გზას. ეს არის სიმართლე. თუ ევროპაში ყველა ამბობს, რომ უხვევთ ევროპული გზიდან, თქვენ ვერ იტყვით, რომ არ უხვევთ. კრიტიკა მხოლოდ ოპოზიციისგან არ არის. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კანონის წინააღმდეგია, პრეზიდენტი წინააღმდეგია. თქვენ დაკარგეთ არაერთი წევრი შარშან ამ კანონის გამო, მაგრამ ყოველთვის არის შანსი, დაბრუნდეთ სწორ გზაზე და მოგიწოდებთ ეს გააკეთოთ“, — დასძინა შვაბმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ აქტიურ კომუნიკაციაშია გერმანიის კანცლერთანაც და ღრმად შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული პროცესებით.

საქართველოს ბელარუსიზაცია ხდება უკრაინელი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს შეფასებით:

„შემდეგი ნაბიჯი იქნება ს მიერ საქართველოს ოკუპაცია, როგორც ეს ხდება ბელარუსის შემთხვევაში. ჩვენ ვართ 25 კილომეტრში ბელარუსიდან. თუ ჩვენ გვინდა ვნახოთ კიდევ ერთი ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც იარლიყებს აკრავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აყალბებს არჩვენებს, მერე კლავს ოპოზიციონერებს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კიდევ ერთი ქვეყანა აღარ დგას ევროპულ გზაზე და ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, — განაცხადა გონჩარენკომ.

გონჩარენკომ PACE-ის დეპუტატებს გაახსენა ს (რომელიც, მისი თქმით, საქართველოს „რეალური მფლობელია“) გაკეთებული განცხადება, რომლითაც „ოცნების“ ლიდერმა 2008 წლის საქართველოს და 2014 და 2022 წლებში უკრაინის ომში – არა რუსეთი, არამედ გლობალური ომის პარტია დაადანაშაულა. გლობალურ ომის პარტიაში, გონჩარეკოს თანახმად, იგულისხმებიან საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის ჩათვლით, რამეთუ „პუტინი ივანიშვილისთვის ნამდვილი მეგობარია”.

უკრაინელი დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქართველოში უნდა ჩავიდნენ მუდმივმოქმედი კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, შემდეგი ნაბიჯები კი უნდა აიყოს სანქციები და ძალის დემონსტრირება.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილს და ე.წ. „ქართულ ოცნებას“ — ის უფრო უფრო რუსულ ოცნებას ჰგავს — რომ რასაც ისინი სჩადიან, მიუღებელი და აუტანელია და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“, — განაცხადა გონჩარენკომ.

გამოსვლის ბოლოს, გონჩარენკომ ქართულ ენაზე მიმართა საქართველოს მოსახლეობას: „ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, საქართველოს გაუმარჯოს! ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის“, — თქვა მან.

დებატების ბოლოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა ედით ესტრელამ განაცხადა, რომ გაოცებული და ცოტა დამწუხრებულია საქართველოს წარმომადგენლების რეაქციით.

„მე ვისაუბრე კონსტრუქციულ დიალოგზე და რა იყო რეაქცია? ქალბატონო ეკა, (სეფაშვილი) თქვენი დამოკიდებულება არის მაგალითი, რისი გაკეთება გსურთ — გააჩუმოთ, ვინც არ გეთანხმებათ, მათ შორის ასამბლეის წევრები. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ რასაც ვეწინააღმდეგებით, ესაა გამოხატვის და გაერთიანების ნაკლები თავისუფლება, ნაკლები პოლიტიკური პლურალიზმს და მეტი ძალადობა. ჩვენ არ ვაწარმოებთ დეზინფორმაციის კამპანიას. -მა გუშინ გამოაცხადა სანქციების და საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვის შესახებ. ვწუხვარ, რომ საქართველო თვითიზოლაციას ახდენს. ჩვენ ვართ მეგობრები და გვინდა, საქართველო იყოს ევროპის საბჭოს სრულფასოვანი წევრი, ევროკავშირის წევრი და აჩვენოს ძალისხმევა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად“, — განაცხადა ესტრელამ.

მომხსენებელმა მზადყოფნა გამოთქვა, უახლოეს პერიოდში მოამზადოს ანგარიში საქართველოს შესახებ.

წყარო