ჰოლივუდური ფილმები და წვიმა… მეგობრები ან შეყვარებული წყვილი ბავშვობას იხსენებენ, წვიმაში დარბიან და ხალისობენ — ეს ყველაფერი ეკრანზე მხიარულად და რომანტიკულად ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე სულაც არ არის.
თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ თავსხმა წვიმაში, იქნება ეს თბილისის ცენტრში თუ გარეუბანში, მაშინ კარგად იცით, რომ ამ ყველაფერში არც სასიხარულოა რამე და არც რომანტიკული. წვიმას, როგორც წესი, თბილისში ყველაზე ხშირად მხოლოდ დისკომფორტი, დატბორილი ქუჩები, საცობები და გადაადგილების სირთულეები მოაქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, თბილისისთვის წვიმა მხოლოდ მიამიტური სტიქიური მოვლენა არ არის და ჩვენი თანამედროვე ქალაქისთვის ხშირად საგანგაშო ვითარებაში გადაიზრდება ხოლმე.
პრობლემაა ინფრასტრუქტურული მოუმზადებლობა, გაუმართავი ტროტუარები, დატბორილი გზები და შეზღუდული მობილობა, ანუ ამინდი გამოცდას ყოველ ჯერზე გვიტარებს და შედეგები აჩვენებს, რომ ქალაქი არასაკმარისად ადაპტირებულია ყველაზე ელემენტარული კლიმატური ცვლილებების მიმართაც კი.
წვიმის დროს თბილისის ბევრი ქუჩა რამდენიმე წუთში წყლით იფარება და პრობლემა გადაჭარბებული ნალექი კი არა მოძველებული ან ახალი და გაუმართავი სანიაღვრე სისტემები, არასწორად დაგებული ასფალტი და ფილაქნებია.
ფეხით მოსიარულემ დისკომფორტის გამო, ტაქსით გადაადგილება რომ გადაწყვიტოს, თავს მარტივად ვერც ამ შემთხვევაში გადაირჩენს, რადგან უამინდობის დროს მგზავრობა 2-3-ჯერ ძვირი ღირს და დანიშნულების ადგილას დროულად მიღწევა წარმოუდგენელია, უფრო მეტიც, შესაძლოა, საცობში საათობით მოგიწიოთ ყოფნა. ამას ემატება სავსე ტრანსპორტი და ხანგრძლივად ლოდინი გაჩერებებზე.
პრობლემები ხშირია გლდანსა თუ დიდ დიღომში, ისეთ უბნებში, სადაც ბოლო წლებში ახალი მშენებლობების ბუმია და სანიაღვრე არხები თითქმის არ არსებობს; დატბორვისგან თავისუფალი არც ახლად გარემონტებული ცენტრალური ქუჩებია.
პრობლემები ექმნებათ კომერციული ობიექტების მფლობელებსაც. მაღაზიები, ოფისები და ბაზრობები, რომლებიც ქუჩასთან ახლოს ან მეტროსადგურებთან მდებარეობს, ხშირად იტბორება და საკმაოდ დიდი ზიანიც ადგება.
წვიმით გამოწვეული პრობლემები უცხო მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის ნამდვილად არ არის და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეუცვლელი სტანდარტი პრობლემის იდენტიფიცირება და კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბებაა. მნიშვნელოვანია არსებული ქსელების მუდმივი გაწმენდა და გაფართოება, სწრაფად მზარდ უბნებში ახალი სანიაღვრე არხების (ხარისხიანი) მშენებლობა, ჭების რაოდენობისა და განლაგების გათვლა ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა ახალი მშენებლობების პროცესში სანიაღვრე სისტემების სწორად დაგეგმვა. პრობლემის მოგვარების კარგ შესაძლებლობას კი ჭკვიანი სისტემების დანერგვა იძლევა.
კოპენჰაგენი 2011 წლის წყალდიდობის შემდეგ დიდი საფიქრალის წინაშე აღმოჩნდა და პროექტი Climate Resilient Neighbourhoods განახორციელა. შედეგად ქუჩები ისე დაპროექტდა, რომ წვიმის წყალი სპეციალურ სკვერებში გროვდება და ნელა მიედინება საკანალიზაციო არხისკენ.
ზაგრებში ბიოლოგიური ფილტრაციები და მწვანე ზოლები გამოიყენება, ვუჰანში 2000-იანი წლებიდან მოქმედებს Sponge City სისტემა, რაც წყლის შენახვის შესაძლებლობას იძლევა და ქალაქს დატბორვისგან იცავს. იგივე მიდგომებია შანხაისა და კარდიფში. პრობლემასთან გასამკლავებლად დუბაიში ჭკვიან, ბანგკოკში კი მიწისქვეშა სადრენაჟე სისტემებს იყენებენ. ატლანტაში (აშშ) ამ ფუნქციას ასრულებს საზოგადოებრივი პარკები, სადაც წყალშემკრები სივრცეები და სპეციალური ორმოები წვიმის წყლის დაგროვების შესაძლებლობას იძლევა, წყალი ნელა გაედინება და სანიაღვრე არხებს გადატვირთვისგან, საცხოვრებელ უბნებს კი დატბორვისგან იცავს.
მსოფლიოში ეს საკმაოდ ძვირადღირებულ პროექტებად მიიჩნევა, მაგრამ სარგებელი გრძელვადიანი და მდგრადია.
წვიმა თავისთავად სასარგებლო ბუნებრივი მოვლენაა გარემოსთვის. ასეთ დროს ნიადაგი ბუნებრივი გზით მარაგდება წყლით, ივსება მდინარეები და ტბები, სუფთავდება ატმოსფერო, მცირდება ჰაერის ტემპერატურა… ამ ჩამონათვალს კიდევ სხვა დადებითი ფაქტორებიც შეიძლება დაემატოს, მაგრამ ეს ყველაფერი იქ, სადაც ქალაქი „ამ სარგებლის“ მისაღებად არის მზად. თბილისმა კი უნდა ისწავლოს (მოემზადოს) არა წვიმის შიში, არამედ მისი მართვა.
წყარო: UM.GE
