ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. გვირაბი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გახსნა.
ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა – თითო ზოლი თითოეული მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე LED სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს. ვაკისა და საბურთალოს რაიონების დაკავშირება თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტების შესაბამისი გვირაბითა და განახლებული ქუჩით, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს და საგზაო დატვირთვას, ასევე, უზრუნველყოფს ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბის მიმდებარედ ხორციელდება უკუშევსების სამუშაოები, რის შემდეგაც გვირაბის თავზე მოეწყობა ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და ტერიტორია აღდგება პირვანდელი სახით. აღნიშნული სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება. ახლად გახსნილი გვირაბი დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეებმა – ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
