ფხაკაძე ხელისუფლებას ურჩევს, ვეტოს განხილვა ან კანონის ამოქმედება გადადოს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი და „ვისოლის“ თანადამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ხელისუფლებას ურჩევს, ვეტოს განხილვა ან კანონის ამოქმედება გადადოს.
„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. კვლავ ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ“, — წერს ფხაკაძე Linkedin-ზე.
ვინაიდან ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ფხაკაძის აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა ქვემოთ მოცემული ორი შესაძლებლონიდან ერთ-ერთის არჩევა:
„პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა. ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი. ან მეორე ოფცია — არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ლი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის“. ფხაკაძე იმედოვნებს, რომ მისი „გულწრფელი მოსაზრებები“ გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ.
„აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი“, — წერს ბიზნესმენი.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს რუსულ კანონზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ, 28 მაისს უნდა გავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ