მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ქსელი მინიმუმ 22 საინფორმაციო სააგენტოს მოიცავს, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. ორგანიზებული ფინანსური მხარდაჭერა სააგენტოებს ორი არხით მიეწოდება: პარტიის პირდაპირი დაფინანსებითა და სახელმწიფო საბიუჯეტით – ამის შესახებ ISFED კვლევას აქვეყნებს.
ანტიკორუფციული ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019–2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ 22 კომპანიას ჯამში 1.5 მლნ ლარზე მეტი გადაუხადა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თანხების გადახდა თითქმის ყოველთვიურად ხდებოდა, რაც გრძელვადიან, სტაბილურ თანამშრომლობას უჩვენებს.
„სამართლიანი არჩევნების” თანახმად
„ეს მედიები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: „ქართული ოცნების“ პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინმედიები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ.2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა. ამ კომპანიების/ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა.დაფინანსებული მედიების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან.
ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონრენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.დამოუკიდებელი ონლაინმედიის შეზღუდვის პირობებში ლოიალური მედიების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინმედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა” – წერია კვლევაში.
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის მფლობელი კომპანიების მიერ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების უწყებებთან დადებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები:
წლების მიხედვით:
პარტიისგან ყველაზე დიდი შემოსავალი 222,612 ლარი – შპს „პრაიმ თაიმმა“ მიიღო. დაფინანსებულმა სააგენტოებმა ძირითადად სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების საშუალებით მიიღეს რესურსები. 2019–2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ჯამურმა ღირებულება კი 4.3 მლნ ლარს მიაღწია.
კვლევის მიხევით, ასევე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბმა“ სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, საერთო ღირებულებით 2.6 მლნ ლარი.
კვლევა ასახავს, რომ დაფინანსებული მედია თანმიმდევრულად ავრცელებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს, მონაწილეობს ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებში და იყენებს პოლიტიკურ რეკლამას. მაგალითად, ნიუსჰაბის ფეისბუქგვერდზე 2020–2025 წლებში 1,721 პოლიტიკური რეკლამა განთავსდა, 25.4 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულებით.
კვლევის მიხედვით, ლოიალური მედიის დაფინანსების სქემა წარმოადგენს ხელისუფლების მიზანს, დამოუკიდებელი ონლაინ მედიის ჩანაცვლებას პარტიასთან დაკავშირებული სააგენტოებით.
ნიუსჰაბის მფლობელი შპს პირველი განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ მისმა შემოსავლებმა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ პირდაპირი პარტიული გადახდებისა და საბიუჯეტო გამარტივებული შესყიდვების, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერების გზით მიღებული თანხების ხარჯზეც მნიშვნელოვნად იმატა. 2024-2025 წლებში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე და გასულ წლებში (2024-2025) კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,617,744 ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი უფიქსირდება.
“მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პარტიულ-სამთავრობო მედიის დაფინანსების ინსტიტუციონალიზებული სქემა, რომლის ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოფილია როგორც „ქართული ოცნების“, ისე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული რესურსებით. აღნიშნული მოდელი ქმნის ორმაგ დამოკიდებულებას: ერთი მხრივ, მედიასაშუალებები პირდაპირ დამოკიდებულნი არიან მმართველი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაზე, მეორე მხრივ კი საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ დაფინანსების პიკი ემთხვევა საარჩევნო პერიოდებს, რაც მიუთითებს, რომ ეს რესურსები პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური კომუნიკაციის, პიარისა და პროპაგანდის გასაძლიერებლად. „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მოდელი წარმოადგენს სტრატეგიული ჩანაცვლების პოლიტიკას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის თანდათანობითი განდევნა და მისი პროსამთავრობო, პარტიულ ნარატივებზე მორგებული მედიასაშუალებებით ჩანაცვლებაა. ეს კი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში მედიაპლურალიზმსა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, – წერს ISFED
