ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილია – „TV პირველი“

„TV პირველის“ ინფორმაციით, დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია „ფინის“ დირექტორი კახა კოტორაშვილია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოძიება კახა კოტორაშვილისგან ცდილობს იმ პირების დასახელებას, ვინც მას ფულის გათეთრება დაავალა.
„ფორმულას“ კახა კოტორაშვილის მამამ დაუდასტურა, რომ მისი შვილი გუშინ დააკავეს, თუმცა ამბობს, რომ მიზეზი არ იცის.
„ჩვენ საქმის კურსში არ ვართ. დიახ [ვალუტის გადამცვლელი ჯიხური აქვს]. მე რა გითხრათ? მეტყობა რამე 625 მილიონი მაქვს?“, – აცხადებს კახა კოტორაშვილის მამა.
მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ოდენობით ფული ამოიღეს.
„სახლში იყვნენ, მაგრამ ფული არ გვქონდა და რას წაიღებდნენ? იქიდან [სამსახურიდან] თუ ამოიღეს, არ ვიცი. მოვიდნენ, გაჩხრიკეს სახლი, ერთი რაღაც საბუთი ნახეს და ის წაიღეს. სამსახურიდან აიყვანეს“, – აცხადებს კახა კოტორაშვილის მამა.
გუშინ, 16 სექტემბერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. თუმცა პროკურატურას დაკავებული პირის ინიციალები არ გაუვრცელებია და შესაბამისად, ამ დროისთვის მისი ვინაობა უცნობია.
პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არაა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, – აცხადებენ პროკურატურაში.