ფსოუს საზღვარზე აფხაზი ჟურნალისტი ემა ხოჯავა დააკავეს

ფსოუს საზღვარზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს, აფხაზი ჟურნალისტი ემა ხოჯავა დააკავეს. ის რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დაახლოებით საათ-ნახევრით დააკავეს და საქმიანობის შესახებ დეტალურად გამოჰკითხეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც ხოჯავა წერს, ბოლო დროს ფსოუს საზღვარზე სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა დაკავებები გახშირდა. მისი აზრით, ამას სოხუმზე ზეწოლისთვის იყენებს.

ემა ხოჯავა მოუწოდებს სოხუმის დე ფაქტო მთავრობას, რომ მოსახლეობას „მიანიშნოს“, თუ მოსკოვი მასზე ზეწოლას ახორციელებს, ანუ პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს. „დაელაპარაკეთ თქვენს ხალხს, ნუ აკერებთ მას უცხოეთის აგენტების იარლიყს. უნდა მივიღოთ ერთობლივი კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, თუ როგორ გადავრჩეთ ამ რთულ პერიოდში. უბრალოდ გაგვაგებინეთ ამის შესახებ და ჩვენ გვეცოდინება ვის დავუდგეთ გვერდზე“, – წერს ჟურნალისტი საკუთარ ბლოგში.

ასევე ხოჯავა ს ოპოზიციასაც მიმართავს, რომელიც „დროდადრო იატაკქვეშეთში გადადის და შემდეგ ჩვენს ძვლებზე ხელისუფლებაში მოსვლას ოცნებობს, რათა ბჟანიას სავარძელი დაიკავოს და იგივე პოლიტიკა გააგრძელოს“.

ასევე ჟურნალისტი წერს, რომ უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ის არ თანამშრომლობს.

„საერთაშორისო ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არ მაქვს, არ მაქვს სავალუტო ანგარიშები, გრანტები და პროექტები. დიახ, ვიყავი პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, რომში, ში, ვენაში. მოვიარე მთელი „დამპალი“ დასავლეთი. და ეს მხოლოდ ჩემი ფულით გავაკეთე და არა დასავლელი სპონსორების ფულით“, – წერს ემა ხოჯავა.

ბოლო დროს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აფხაზი ჟურნალისტების და აქტივისტების დაკავებები გახშირდა. 30 იანვარს ჯერ ფსოუს საზღვარზე, შემდეგ კი სოჭის აეროპორტში აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი დააკავეს, რომელთანაც „საუბარი“ გამართეს. ორი დღით ადრე კი ფსოუზე აფხაზი საზოგადო მოღვაწე ლევან მიქაია დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ